გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია - კვირის პალიტრა

გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია

გრემის, როგორც ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როცა იგი კახეთის პირველმა მეფემ გიორგიმ (1466-1476 წწ.) კახეთის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ეს სტატუსი გრემმა ორი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. აქ მიმდინარეობდა აქტიური მწიგნობრული საქმიანობა, აქ გადიოდა საქარავნო გზები. სწორედ ამიტომ იგი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად.

ქალაქ გრემის შესახებ მწირი ისტორიული ცნობებია შემონახული, რამდენადაც იგი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე გაჩნდა და სხვა ქალაქებთან შედარებით, მალევე გაუჩინარდა.

გრემის მთელი ისტორია კახეთის მეფეების სახელს უკავშირდება. თუმცა არქეოლოგიური სამუშაოების მიხედვით, რომლებიც აქ ფრაგმენტულად მიმდინარეობდა (1939-1949 წლები - ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი და 1963-1967 წლები - ხელმძღვანელი პარმენ ზაქარაია), ირკვევა, რომ ადამიანის ნამოსახლარის კვალი თავდაპირველად ადრე რკინის ხანაში, ხოლო მოგვიანებით XIII-XIV საუკუნეებში ჩნდება. სავარაუდოა, რომ აქ იყო მცირე დასახლება, რომელიც XV საუკუნეში ქალაქად აქციეს. სრულიად ქართლ-კახეთის მსგავსად, გრემისთვისაც ურთულესი აღმოჩნდა XVII საუკუნეში შაჰ-აბასის ლაშქრობები, რომლებმაც იგი ნანგრევებად აქცია.

გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება. აქ არის გუმბათოვანი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე-სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობანი, გალავანი, მდინარე ინწობისკენ საიდუმლო გასასვლელი. აქვეა აბანოები, ბაზარი და ქარვასლა.

გრემის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია ე.წ. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელიც კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა წამომართული და შედგება მაღალ გალავანშემორტყმული გუმბათოვანი ეკლესიისა და სასახლე-სამრეკლოსგან.

გუმბათოვანი ტაძარი მთავარანგელოზთა სახელზეა ნაკურთხი. იგი გეგმით კვადრატში ჩახაზული ჯვარია და არქიტექტურული თვალსაზრისით მიეკუთვნება ცენტრალურგუმბათოვან ტაძართა გვიან შუასაუკუნეობრივ ტიპს. თუმცა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხე სასახლე-სამრეკლოს ესაზღვრება, რომელიც ჩამოჭრილია, რადგან, როგორც ჩანს, აგებულია ამ უკანასკნელის შემდგომ და მშენებლებმა ორ ნაგებობას შორის გასასვლელი დატოვეს.

ტაძარს უფრო ადრეული ძეგლებისგან, პირველ რიგში, სამშენებლო მასალა გამოარჩევს. იგი მთლიანად აგურით არის ნაგები და მხატვრულ ეფექტს მისი ფერი და სხვადასხვა სიბრტყეზე ფიგურათა განთავსება ქმნის. გარდა ამისა, გრემის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის კორპუსის სიმაღლე სიგანესთან შედარებით საგრძნობლად მეტია, რაც შეხედვისას ზესწრაფვის შთაბეჭდილებას აძლიერებს. ტაძარს შესასვლელი სამი მხრიდან აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან.

ტაძრის ინტერიერს ანათებს გუმბათსა და ფასადებში გაჭრილი სარკმლები (რვა სარკმელი გუმბათში და ორ-ორი - ფასადებზე), რის წყალობითაც მოხატულობა ძალდაუტანებლად აღიქმება. მხატვრობის თავდაპირველი ფენა შესრულებულია ლევან კახთა მეფის დროს, სადაც, როგორც დამკვეთი, თავად მეფეც არის გამოსახული. ეს მოხატულობა XVII საუკუნის დასაწყისში არცთუ ხარისხიანად გადაუკეთებიათ მოსკოვიდან ჩამოსულ რუს მხატვრებს.

ტაძრის ოთხივე ფასადი ერთნაირი პრინციპით არის აგებული - ნახევარსვეტებით დაყოფილია სამ მონაკვეთად და ბოლოვდება შეისრული თაღებით, რომლებიც სწორკუთხედებშია ჩასმული. გამოყენებულია ასევე აგურების კბილანა წყობა და საფასადო სიბრტყეებზე იარუსებად შემოყოლილი თაღედები. გამორჩეულ მხატვრულ ეფექტს ქმნის აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი მოზრდილი ჯვრები. როგორც ყოველთვის, ხაზგასმულად არის გაფორმებული აღმოსავლეთის ფასადი, თუმცა გრემის ეკლესიის მხატვრული ღირებულება სწორედ სისადავე და ცალკეული დეტალების მრავალფეროვნად გადათამაშებაა.

როგორც უკვე ვთქვით, სასახლე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარზე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც გრემი გახდა კახეთის მეფეთა რეზიდენცია - ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ის, ანუ კახეთის პირველი მეფის, გიორგი I-ის დროს (1466-1471 წწ.). სამრეკლოს ფუნქცია კი სასახლეს მოგვიანებით, ტაძრის აგებასთან ერთად უნდა შეეძინა, XVI საუკუნის 60-იან წლებში.

აღსანიშნავია, რომ სასახლე აგებულია თავდასაცავად ადვილ ადგილას და წარმოადგენს ერთგვარ სინთეზს სამეფო სასახლისა და ამ პერიოდისთვის სახასიათო თავდაცვითი ნაგებობისა. გარდა ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მიშენებული აქვს კუთხის კოშკი, სათოფურებითა და სართულშორისი დამაკავშირებელი ღიობებით.

როგორც ტაძრის, ისე სასახლის ესთეტიკაშიც ჩანს გვიან შუასაუკუნეებისთვის სახასიათო არქტიტექტურული მხატვრული გემოვნება. ამ პერიოდის კახეთის ძეგლების უმეტესობის მსგავსად, აგებულია ქართული აგურით. აგურითვე იქმნება ფიგურები მორთულობის დეტალებით და ადგილ-ადგილ წყობის შეღრმავებით, თაღებიც აღმოსავლურ სტილშია შეისრული.

სასახლესა და ტაძარს გარს მაღალი გალავანი შემოსდევს. იგი თავდაპირველად აიგო სასახლის მშენებლობასთან ერთად და ყოველ მომდევნო პერიოდში გაახლდებოდა. ცნობილია, რომ იგი მოგვიანებით მეფე ერეკლე მეორესაც შეუკეთებია. გალავანი სათოფურებით არის აღჭურვილი და გამაგრებულია კოშკებით. ნაწილობრივ არის შემორჩენილი სამხრეთ-დასავლეთის კოშკი. მთლიანი გალავანი თანაბარ მანძილებზე კონტრფორსებითაა გამაგრებული. გალავნის სამხრეთ კუთხესთან შემორჩენილია მდინარე ინწობისკენ გასასვლელი საიდუმლო გვირაბის დასაწყისი.

ციხე-ქალაქის ნაწილი იყო გალავნის გარეთ მდებარე შენობებიც. მათ შორის სამეფო რეზიდენცია, სადაც იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვ. ვრცელი ტერიტორია ეკავა სავაჭრო უბანს, რომლის ცენტრშიც მდებარეობდა ქულბაქები ანუ დახურული ბაზარი (30 დუქანი, თითოეული 10 კვმ ფართობით) და ქარვასლა. აქვე აღმოჩნდა აღმოსავლური სტილის აბანო, ცხელი და ცივი წყალმომარაგების სისტემითა და შესაბამისი დანიშნულების ოთახებით (ქვედა სართულზე ორთქლის ღუმელი, ზედა სართულზე გასახდელები და საკუთრივ აბანოები).

ისტორიული გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს. სასახლე-სამრეკლოში გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების ნაწილი: ბრინჯაოს ხანის იარაღი, სამკაული, მცირე ზომის ცხოველთა ქანდაკებები, რკინის ცულები (XII-XIII სს.); კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები (XV ს.); შუასაუკუნეების საბრძოლო იარაღი (ზარბაზანი და მშვილდ-ისარი XVI ს.).

მუზეუმში სულ დაცულია 2 056 ექსპონატი. გრემში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მუზეუმ-ნაკრძალში ასევე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრების სერია - მეფეთა პორტრეტები (ავტორი ლევან ჭოღოშვილი. 1985 წელი). გრემის ბოლო რესტავრაცია 2011 წელს დასრულდა, რის შემდეგაც გალავნის გარეთ მუზეუმის ახალი შენობა გაიხსნა.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი

ჟურნალი "ისტორიანი",#84