ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან -
17-01-2018
ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან -
ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ გვეღირსა ჭიათურის რკინის-გზის კურთხევა 15 მაისს. კვირას დილის შვიდი საათი იყო, როცა დ. ყვირილიდან შორაპანში გაემგზავრა საქონლის მატარებელი ორი სახალხო ვაგონებით, რომლებშიაც ისხდენ: სამღვდელოება, მგალობელთა გუნდი, რამდენიმე ინჟინერი და სხვა-და-სხვა პირები, უფრო ის პირები, რომელთაც აქვთ დ. ყვირილაში ქვა-გუნდის განყოფილებები.

ყველა მიმავალს ჭიათურაში დიდი მხიარულობა ეტყობოდა და სულ ჭიათურის გზაზე ჰქონდათ ბაასი. ცხრა საათზე პარაკლისი გადიხადეს და შორაპნის სადგური აკურთხეს. შემდეგ გავემგზავრენით ჭიათურაში.
სახალხო ვაგონეტკები შვენივრათ იყვენ მოწყობილი, რამოდენი გადახურულიც იყო, რომლებშიაც ისხდენ: დეკ. დ. ღამბაშიძე კრებულით, მგალობელთა გუნდი, ინჟინრები, რკინის-გზის სადგურის უფროსები და ბევრი სხვები. მატარებელი ძლიერ ჩქარა მიდიოდა, ოღონდ სადგურებზე გვაგვიანდებოდა, ჯერ იმიტომ რომ სადგურების კურთხევას მოუნდენ დიდხანს და მერე ორთქლ-მატარებლის წყლის მიმატებას უნდებოდენ, რადგან არ
ჰყოფნიდა წყალი ერთი სადგურიდან მეორემდის.

გზა შორაპნიდან ჭიათურამდის ძლიერ საშიშ ადგილებზე მიდის, ამისთვის თუ პირველად მოგზაურობს კაცი, ძლიერ შეშინდება; მაგრამ ამ შიშთან დატკბება ბუნების სიმშვენიერით და სილამაზით: მაღალ-მაღალი მთები დაბურული ტყეებით, სოფელში ამწვანებული ვენახები ამწვანებულივე ბაღებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. ყოველ ახალ სადგურზე ხალხი თანდათან გვემატებოდა.

აი, მიუხლოვდით ჭიათურას, გამოჩნდენ მაღალი შავი ქვით დაფენილი მთები, მასთანავე გამოჩნდნენ შენობები. ვისაც არ ენახა ჭიათურა, დიდი დაკვირვებით ადევნებდა თვალს იქაურობას: ჰკითხულობდა, აბა, სად არის შავი ქვაო, ან სად უფრო ბევრიაო.

ხალხმა, რომლის რიცხვი აუარებელი იყო, დაინახა თუ არა მატარებელი, მორთო "ურას" ყვირილი. იმათ სიხარულს ბოლო არ ჰქონდა. გაჩერდა მატარებელი სადგურთან. ჩვენ წინ წარმოგვიდგა შვენიერი დიდი მინდორი ნიგვზის (კაკლის) ხეებით დაბურვილი, გარშემო ამ დიდი მინდვრის მაღალი გაშავებული მთები, მოსახლეები და ბევრი დუქნები. პარაკლისსა და შენობების კურთხევას შემდეგ იყო გამართული სადილი მიპატიჟებულ სტუმართათვის, რომელთაც რიცხვი აუარებელი იყო. მუშა ხალხი და დაპატიჟებულნი დასხდენ სადილათ მინდორში კაკლის ხეების ძირში, მიპატიჟებულნი კი სადგურის წინ ისევ მინდორზე.
რეიმონდ დიტმარსი
ყოველი მხრიდან გაისმოდა კიჟინა და ყვირილი "მრავალ-ჟამიერისა". ასეთმა სტოლზე მხიარულებამ გაატანა ორი საათი, თუ მეტი არა. მერმეთ გაიმართა ცეკვა-თამაში და ბურთაობა. საღამოს შვიდ საათზე მატარებლით ყველა უკან დავბრუნდით, ყოველ სადგურზე მხიარულათ გვხვდებოდა ხალხი. უკან რომ დავბრუნდით, იმათ "ურას" ყვირილს და კიჟინას ბოლო არ ჰქონდა და ბევრი შუშხუნებიც აუშვეს ყველგან. ღამის თორმეტი საათი იყო სწორეთ, როცა ყვირილის სადგურზე გავჩერდით.
ს.ჯ-ლი
"კვალი", 1894 წ. #22

ყურმოკრული საუბარი
_ გიორგი, შენიჭირიმე, ყური მათხოვე და ასეთ მდგომარეობიდან როგორმე გამომიყვანე, _ სიცრუეს დაჩვეული ვარ და როდესაც შემატყო სიცრუეს ვლაპარაკობდე, ჩოხის კალთა მომიწი სხვების შეუმჩნევლადო.
_ დიდის სიამოვნებით! უთხრა გიორგიმ.
ეს ორი მეგობარი ერთს საღამოს თავადიშვილს ეწვივნენ ჩაიზე.

სხვა-და-სხვა ამბების შემდეგ საუბარი ჩამოვარდა ნადირობაზე. გიორგის ამხანაგმაც დაიწყო:
_ "მე, ბატონებო, ერთხელ ისეთი მელა მოვკალი, რომ განცვიფრებაში მოვედი, საჟენ-ნახევარი კუდი ჰქონდა, არა ნაკლებიო. (ამ დროს გიორგიმ ჩოხის კალთა მოუწია).
_ სწორედ დიდი კუდი ჰქონდა, შეიძლება საჟენ-ნახევარი არ ყოფილიყო, მაგრამ საჟენი მაინც... (გიორგიმ ჩოხა კიდევ მოუწია).
_ სწორედ დიდი კუდი ჰქონდა, ორი არშინი მაინც იქნებოდა. (გიორგიმ კიდევ მოუწია ჩოხა).
გიორგის ამხანაგი ფეხზე წამოვარდა და ცოტა გულ-მოსულად უთხრა გიორგის:
_ კაცო, სულ უკუდო ხომ არ გინდა მათქმევინოვო?!
"ცნობის ფურცელი", 1898 წ. #628

წვრილი ამბავი
არაჩვეულებრივი ქორწინებანი
ერთ გერმანულ ჟურნალს შეუკრებია არაჩვეულებრივ ქორწინებათა ამბები მთელ დედამიწის ზურგზე. საინტერესო ყოფილა ნიუ-იორკის ზოოლოგიურ ბაღის დირექტორის ბეიმან დიტმარსის ჯვარისწერა. მას გაგიჟებით ჰყვარებია გველები, ამიტომ თავის საცოლედ ამნაირივე გემოვნების ქალი ამოურჩევია. მათი ჯვარის-წერის დროს ეკლესია მორთული ყოფილა გველების ტყავებით და ცოცხალ გველებით და ქვე-მძრომელებით.
ცნობა რეიმონდ და კლარა დიტმარსების ქორწილის შესახებ "ნიუ-იორკ უორლდში" 1903 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა
თვითონ წესი ჯვრის წერისა მომხდარა ბალდახინის ქვეშ, რომელიც აგრეთვე გველებით ყოფილა მორთული. პატარძლის კისერს კი ერთ საჟენიანი გველი ამშვენებდა. ყოფილან ისეთი ქალებიც, რომელთაც თავიანთი საყვარელი ძაღლები ჯვრის წერის დროსაც კი არ მოუშორებიათ და ქორწილში სტუმრებთან ერთად ძაღლებიც სუფრაზე დაუსხამთ.

კუნძულ იავაზე ერთ ქალს ჯვარი დაუწერია... თავის საქმროს ქუდზე. თვითონ საქმროს სხვა-და-სხვა მიზეზით არ შეეძლო თურმე დასწრებოდა ქორწინებას. მაგრამ, რადგან ადგილობრივ ჩვეულებათა მიხედვით, ქუდი კაცის მოადგილეთ ითვლება, ამითი უსარგებლნია ჯვრის-წერის დროს. ამერიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ახალგაზრდებს ქუჩაში დაუწერიათ ჯვარი. ამასთან ეკლესიის მაგიერობას ურემი სწევდა თურმე. ამერიკელმა არტისტ ქალმა ვიოლეტა ვასკოტიმ საოპერო თეატრის დარბაზში დაიწერა ჯვარი.
"დროება", 1909 წ. #3

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა
ჟურნალი "ისტორიანი",#84
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!