ჩინური ფაიფურის უდიდესი განძი ისტორიაში - კვირის პალიტრა

ჩინური ფაიფურის უდიდესი განძი ისტორიაში

ინდონეზიის კუნძულ იავას სანაპიროზე, ჩაძირული გემის ბორტზე, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება, ისტორიაში მინების დინასტიის ფაიფურის ყველაზე მსხვილ პარტიას მიაკვლიეს.

ნაპოვნი ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი ამერიკული დოლარია. განცხადება აღმოჩენის შესახებ პორტუგალიურმა კომპანია Arqueonautas Worldwide-მა გააკეთა.

გამოცემა Business Wire-ი წერს, რომ ჩინური სავაჭრო გემი ვან ლის იმპერატორობის პერიოდში, 1580 წელს ჩაიძირა. მეცნიერებმა მას იავის სანაპიროდან 150 კილომეტრის მოშორებით, 50 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს.

კომპანია Arqueonautas Worldwide-ის ხელმძღვანელის, გრაფ ნიკოლას ფონ სანდიზელის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით ბორტზე ფაიფურის 700 ათასამდე ნაკეთობაა. ტვირთის ამოღებას კომპანია უახლოეს თვეებში გეგმავს. სააგენტო "ფრანს პრესის" მონაცემებით, ჩაძირული ხომალდი 2009 წელს მეთევზეებმა აღმოაჩინეს. ინდონეზიის მთავრობამ კომპანია Arqueonautas Worldwide-ს დახმარებისთვის სწორედ ამის შემდეგ მიმართა.

მარადიორობის ფაქტების თავიდან ასარიდებლად ხომალდს მუდმივი დაცვა მიუჩინეს. "ვან ლის ტვირთის" აღმოჩენას ინტერნეტში საგანგებო გვერდიც კი მიეძღვნა.

Arqueonautas Worldwide-ი გრაფმა ნიკოლას ფონ სანდიზელიმ 1995 წელს პორტუგალიაში დააფუძნა. კომპანიამ დაარსების დღიდან აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში 300-მდე ჩაძირულ ხომალდს მიაკვლია.

მოამზადა ნინო ჯაფარიძემ

ჟურნალი "ისტორიანი",#9