დიმიტრი ყიფიანის იშვიათი რელიკვია
25-01-2018
დიმიტრი ყიფიანის იშვიათი რელიკვია
დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, კოტე ყიფიანის არქივის დამუშავებისას სპეციალისტებმა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის მიერ შესრულებული ნახატი აღმოაჩინეს.

როგორც ირკვევა, ფანქრით შესრულებულ გრაფიკულ ნახატზე დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი, ბაბალეა გამოსახული.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ძირითადად ხელნაწერები და ფოტოდოკუმენტებია შემორჩენილი.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კი მისი მხოლოდ ორი პირადი ნივთია დაცული: ვერცხლის თავსახურიანი სამგზავრო ჭიქაა, რომელსაც სპილოს ძვლის ტარი აქვს და გამორჩეული ორნამენტებით არის შემკული:
ხისგან დამზადებული ნესესერი, ანუ პირადი ჰიგიენისა და მაკიაჟის საგნებისთვის გან­კუთვნილი ყუთი, რომელიც შავად არის შეღებილი. ყუთი შიგნიდან დატიხრულია, ხოლო გარედან ზამბახის ფორმის ლითონის სალტეებით არის გაფორმებული.
ხისგან დამზადებული ნესესერი
როგორ მოხვდა ეს ორი ნივთი მუზეუმში, უცნობია. საინვენტარო წიგნში ორივე ექსპონატი 1961 წელს გაუტარებიათ. თუმცა, სპეციალისტთა განმარტებით, იმის თქმა,
რომ ორივე ნივთი დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა, დანამდვილებით შეიძლება.

ამას ნესესერსა და ჭიქაზე დატანილი მონოგრამებიც ადასტურებს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: მთავარი დეტალი სპილენძის გვირგვინია, მის ქვემოთ კი ლითონის ასოებით შესრულებული საზოგადო მოღვაწის ინიციალებია.
ვერცხლის თავსახურიანი სამგზავრო ჭიქა
წარწერა ერთსტრიქონიანია, ცენტრალური ადგილი გვარს უკავია, სახელის აღნიშვნის დროს კი საზედაოდ გამოყვანილია ასომთავრული "დ", რომლის სფეროშიც ჩაწერილია "დიმიტრი".

ნინო ჯაფარიძე
ჟურნალი "ისტორიანი",#10
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!