უძველესი ქართული პალიმფსესტი მსოფლიო მეხსიერების ნუსხაში - კვირის პალიტრა

უძველესი ქართული პალიმფსესტი მსოფლიო მეხსიერების ნუსხაში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს.

გადაწყვეტილება პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა.

იშვიათ ქართულ ხელნაწერში, რომელიც ეროვნულ არქივში თორტიზის მონასტრიდან 1924 წელს მიიტანეს, ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულით არის შესრულებული, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს.) -− ნუსხურით, XIII-XVIII ანდერძ-მინაწერები კი მხედრულით.

ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატიურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი ვინმე გიორგი, მომგებელი კი ბერი ესტატეა.

პალიმფსესტის ახალი აღწერილობა 2015 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მისი შესწავლა დასრულდა. მანამდე კი ხელნაწერზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ იგი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს, რომლებშიც სულ მცირე ოთხი ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით.

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა, შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" - 2013 წელს და ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი: ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის სიგელი, დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წლების პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წლის პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წლის პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV საუკუნეების პალიმფსესტი. ისინი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში 2015 წელს შეიტანეს.

ჟურნალი"ისტორიანი",#85