"ზეციური" ხანჯლები ბრინჯაოს ეპოქიდან - კვირის პალიტრა

"ზეციური" ხანჯლები ბრინჯაოს ეპოქიდან

რკინის დამუშავება გაცილებით ძნელია, ვიდრე სპილენძისა და ბრინჯაოსი. სწორედ ამიტომ, რკინის დამუშავება ადამიანმა გაცილებით გვიან დაიწყო, ვიდრე რბილი ლითონებისა.

კაცობრიობის ისტორიაში რკინის ხანა კავკასიასა და ანატოლიაში იწყება ძვ.წ. XIII საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მადნისგან რკინის გადადნობა ისწავლეს და გაარკვიეს, როგორ მიეღოთ მის გამოსადნობად საჭირო მაღალი ტემპერატურა. მაგრამ რკინის პირველი ნივთები გაცილებით ძველია, დაახლოებით 2000 წლით უფრო ძველი. ეს იშვიათი ნაკეთობები ბრინჯაოს ხანაში საკმაოდ ძვირად ღირებული უნდა ყოფილიყო. მკვლევრებისთვისაც თავსატეხს წარმოადგენდა კითხვა - საიდან მოჰქონდათ ბრინჯაოს ხანაში ადამიანებს მათ დასამზადებლად საჭირო რკინა?

დედამიწაზე რკინის მადანი უხვად მოიპოვება. ზოგჯერ მიწის ზედაპირზეც კი. თუმცა არსებობს სხვა წარმოშობის - მეტეორიტული რკინაც. კვლევების შედეგად, რომელიც ახლახან დასრულდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბრინჯაოს ხანის რკინის იარაღების ნაწილი სწორედ მეტეორიტული რკინისგან არის დამზადებული. მაგალითად, ხანჯლები, რომლებიც ტუტანხამონის სამარხში ნახეს.

ფარაონ ტუტანხამონის სამარხში ნანახი ხანჯლები მეტეორიტული რკინისგან არის დამზადებული

ამის შემდეგ სპეციალისტები შეეცადნენ გარკვევას, ბრინჯაოს ხანაში რკინის ყველა ნივთს "ციდან ჩამოვარდნილი" ლითონისგან ამზადებდნენ თუ მხოლოდ მათ ნაწილს. მეტეორიტულ რკინას განსაკუთრებული კრისტალური სტრუქტურა აქვს და მასში მაღალია ნიკელისა და კობალტის შემცველობა. საფრანგეთის ნაციონალური მუზეუმის მკვლევარი ალბერტ ჟამბონი სწავლობდა სამუზეუმო არტეფაქტებს ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სირიასა და ჩინეთიდან.

რენტგენული გამოსხივების ფლუორესცენციული სპექტრომეტრით გაანალიზების შემდეგ კი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა მათგანს აქვს რაღაც საერთო და ისინი მეტეორიტული რკინისგან არის დამზადებული.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მეტეორიტის ნამსხვრევებისგან რკინის გამოცალკევება რთული არ იყო და დასამუშავებლად გადადნობა არ სჭირდებოდა. სწორედ ასე გაჩნდა რკინის პირველი ნივთები ბრინჯაოს ეპოქაში - ზეციდან.

მომზადებულია sciencedirect-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#85