საქართველოს უცნობი ელჩი იერუსალიმში - "სიმონ მდივანი" და მისი საგვარეულოს საიდუმლოება - კვირის პალიტრა

საქართველოს უცნობი ელჩი იერუსალიმში - "სიმონ მდივანი" და მისი საგვარეულოს საიდუმლოება

გრიგოლ ფერაძე, ჯვრის მონასტერი და "ბატონი სიკსეკის" უცნობი ქართველი წინაპრები

გრიგოლ ფერაძის დღიური სახელწოდებით: "იერიქონის ვარდები", დაწერილი თავის დროზე პოლონურ ენაზე, მხოლოდ 2016 წლიდან გახდა ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. დღიურში მოთხრობილია 1936 წელს წმინდა მიწაზე გრიგოლ ფერაძის მოგზაურობის შესახებ. ბევრ სხვა საინტერესო ამბავთან ერთად, გრიგოლ ფერაძე თავის დღიურში მოგვითხრობს ერთ ადგილობრივ ქრისტიანთან ეპიზოდური შეხვედრების შესახებაც.

პირველ შეხვედრაზე, რომელიც 1936 წლის 28 ივლისის დილას შედგა, დღიურის ავტორი წერს: "ჩემთან ერთი არაბი მამაკაცი მოვიდა. მითხრა, სიკსეკი მქვია, წარმოშობით ქართველი ვარო. მისი ერთი წინაპარი ხუთასი თუ ექვსასი წლის წინ ქართველი მეფის ელჩობას იერუსალიმში მდივნად ჩამოჰყოლია. სახელად სიმონი რქმევია, გვარი კი აღარ იცოდნენ და "სიკსეკს" - მისი თანამდებობის, მდივნობის აღმნიშვნელ სიტყვას – უწოდებდნენ... მამამისს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩენია, რომელშიც იმდროინდელი საბუთებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამამისის გარდაცვალების შემდეგ დედამისს ყველაფერი გაუყიდია. თუმცა მას ჯერ კიდევ ჰქონია არაბული ხელნაწერი, რომელშიც წმინდა მიწის ქართული მონასტრები ყოფილა აღწერილი". ამის შემდეგ გრიგოლ ფერაძე კიდევ ორჯერ შეხვედრია ბატონ სიკსეკს, მეორედ - იმავე დღის საღამო ხანს და უკანასკნელად - 26 აგვისტოს. სამი დღის შემდეგ გრიგოლ ფერაძემ პალესტინა დატოვა და სირიას მიაშურა.

ვინ იყო "ბატონი სიკსეკი"

იერუსალიმიდან

გრიგოლ ფერაძის დღიურში იერუსალიმელი სიკსეკის სახელი ან ხნოვანება მითითებული არ არის. თუმცა ის, რომ გრიგოლ ფერაძე მას "ბატონ სიკსეკად" მოიხსენიებს, ირიბად მიგვანიშნებს, რომ ეს პირი დაახლოებით შუა ხნის მამაკაცი იყო. დღიურიდან ისიც ჩანს, რომ ბატონ სიკსეკს ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოსთან და პალესტინა-იორდანიის მართლმადიდებლური სკოლების ქსელთან. ამ პიროვნების იდენტიფიცირების გზაზე კიდევ ერთ ხელმოსაჭიდ ნიუანსად მოჩანდა მისი შორეული წინაპრის სახელი - "სიმონი", რომელიც, ალბათ, მის გვარში ხშირად მეორდებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ეს სახელი რქმეოდა ბატონი სიკსეკის რომელიმე შთამომავალსაც.

ეს ნიუანსები სავსებით საკმარისი აღმოჩნდა აღნიშნული პირის ვინაობის დასადგენად. ის ვინმე გიორგი სიკსეკი აღმოჩნდა. მოკლე ხანში მოვახერხეთ საბერძნეთში მცხოვრებ მის შვილიშვილთან, რანდა სიკსეკთან დაკავშირება. სიკსეკების ოჯახის წევრებმა გრიგოლ ფერაძის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, მის ჩანაწერებში შვილიშვილმა ადვილად ამოიცნო თავისი ბაბუა - გიორგი სიკსეკი.

პირველივე წერილში იგრძნობოდა ის დიდი მღელვარება, რაც ამ გულისხმიერ ქალბატონს დაეუფლა მას შემდეგ, რაც ჩვენი დაინტერესების მიზეზი შეიტყო. "პაპა იმდენად იყო გატაცებული თავისი ქართული ფესვების გამოძიებით, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად პირადად შეგხვდებოდათო", გვწერდა ათენიდან ქალბატონი რანდა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ გიორგი სიკსეკის ბიოგრაფიას:

გიორგი (ჯორჯ) სიკსეკი დაიბადა 1887 წლის 12 ივლისს ძველი იერუსალიმის ქრისტიანულ უბანში მდებარე ძველ, მამაპაპეულ სახლში. 2 წლის ასაკში მყოფი გიორგი მამით დაობლდა. მას ჰყავდა ერთადერთი და - ჰილანე. გიორგი სწავლობდა ჯერ ბერძნულ მართლმადიდებლურ დაწყებით სკოლაში, შემდეგ კი წმინდა დიმიტრის სახელობის სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1905 წელს. იმავე წელს მასწავლებლად იწყებს მუშაობას რამლას მართლმადიდებლურ სკოლაში; შემდეგ უკვე არაბულის მასწავლებლად საპატრიარქოს გიმნაზიაში იერუსალიმში.

1909-1914 წლებში გიორგი მუშაობდა აღდგომის ტაძრის ტიპოგრაფიის სახლში არაბულად ნაბეჭდი პუბლიკაციების ინსპექტორად. 1910 წლის 7 ნოემბერს 23 წლის გიორგი სიკსეკი დაქორწინდა გაზეთისა და ტიპოგრაფიის მფლობელის, გიორგი ჰანანიას 16 წლის ასულ ეკატერინეზე. მათ სამი შვილი შეეძინათ: ჰანნა (იოანე), ლატიფა (ჰენრიეტა) და სამაანი (სიმონი). 1919 წელს გიორგი გახდა უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის წევრი იერუსალიმში.

გიორგი სიკსეკი 1920-იანი წლების მიწურულს

1921 წელს ის ხელმძღვანელობდა აბრეშუმის ხარისხის დამდგენ ექსპერტებს სერ ენტონი ბირამის საკონსულტაციო ჯგუფში, მომდევნო წელს კი დაინიშნა ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს სკოლების გენერალურ ინსპექტორად პალესტინა-იორდანიაში, სადაც ერთდროულად 32 სკოლას კურირებდა. 1926 წელს გახდა იერუსალიმის საარჩევნო შტაბის წევრი, 1931 წელს კი იერუსალიმის საქალაქო სასამართლოში საპატიო მოსამართლედ აირჩიეს. იმავე წლის 25 ნოემბერს გიორგი სიკსეკი დაინიშნა ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე, სერ ჰერბერტ სემიუელის ნაცვლად და ამ მოვალეობას იგი სასამართლოების დახურვამდე, რვა წლის განმავლობაში უძღვებოდა. 1948 წელს ის ასრულებდა იერუსალიმის პატრიარქის არაბი მდივნის მოვალეობას.

გიორგი სიკსეკი მეტწილად არაბულ ენაზე წერდა და ბევრი არაბი მკითხველიც ჰყავდა. მან ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბიზანტიური საოჯახო სამართალი, რომელიც 1930 წლის შემდეგ ხუთჯერ გამოიცა. ბერძნულიდანვე თარგმნა 695-გვერდიანი ლოცვანის წიგნი, რომელიც ორჯერ, 1914 და 1940 წლებში დაიბეჭდა. არაბულის გარდა, გიორგი ფლობდა ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებსაც.

ნაყოფიერი საგანმანათლებლო საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სამღვდელო ჯვრის ორდენითა და სიგელებით, აგრეთვე ლიბანისა და საბერძნეთის მთავრობების საპატიო ჯილდოებით. იერუსალიმში სიკსეკების ძველი და მყუდრო ბინის კედლებს დღემდე ამშვენებს გიორგი სიკსეკის შექმნილი ფერწერული ტილოები. მას, როგორც წიგნის დიდ მოტრფიალეს, შინ მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა ჰქონდა. გიორგი სიკსეკი 1971 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე მეუღლესთან, უფროს ვაჟსა და ასულთან ერთად.

გიორგი სიკსეკის მეუღლის, ეკატერინე ჰანანიას სახელს უკავშირდება პალესტინაში პირველი საექთანო სახლის, დედათა ჰოსპიტლის, ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა, დავრდომილთა, ახალბედა და მარტოხელა დედათა სახლების დაარსება იერუსალიმში, ბეთლემში, ბეთ საჰურსა თუ ბეით ჯალაში. 1961 წელს მან ბეთანიაში დააარსა "მოწყალების ოთხი სახლი", რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ შვილი - ჰენრიეტა სიკსეკი ჩაუდგა სათავეში.

გიორგი და ეკატერინე სიკსეკების უფროსი ვაჟი იოანე იყო იურისტი, უმცროსი სიმონი კი სამართლისა და ეკონომიკის სპეციალისტი. მათი და - ჰენრიეტა (ლატიფა) სიკსეკ-ფარაჯი, ქველმოქმედების გარდა, მისდევდა პედაგოგიურ, ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობასაც; იყო საბავშვო მწერალი და რადიოპროგრამების ავტორი. გიორგი სიკსეკის სამივე შვილმა განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღო.

საგვარეულო ტრადიციის

ლაბირინთებში

მღვდლობის ტრადიცია სიკსეკის გვარს, როგორც ჩანს, ძველთაგან მოსდევდა. ოჯახში შემორჩენილა ხსოვნა 1643 წელს ჯვრის მონასტერში მათი რომელიღაც წინაპრის მღვდლად ყოფნის თაობაზე. გიორგის მამა - ჰანნა (იოანე) სიკსეკი (1834-1889) და პაპა - ჯირჯი (გიორგი) სიკსეკი (1788-1836) ასევე მღვდლები იყვნენ. მართალია, გიორგი ვერ მოესწრო პაპამისს და მამითაც ადრეულ ასაკში დაობლდა, მაგრამ, შთამომავალთა მტკიცებით, მან სწორედ მათი ნაწერებიდან შეიტყო თავისი ქართული ფესვების შესახებ. რა ძველ საბუთებს ფლობდა ეს ოჯახი გიორგის მამის გარდაცვალებამდე, უცნობია. გაჭირვების გამო გიორგის დაქვრივებულ დედას, ლატიფა ჰანნა ნახლე სიკსეკს, საოჯახო ბიბლიოთეკის გაყიდვა მოუხდა.

წმინდა მამა გრიგოლ ფერაძე

გიორგი სიკსეკი გრიგოლ ფერაძეს ესაუბრებოდა ოჯახში შენახულ ერთ არაბულ ხელნაწერზე, სადაც მისივე სიტყვით, იერუსალიმში ქართველთა კუთვნილი მონასტრების აღწერილობა იყო მოცემული. ჩვენც პირველ რიგში ეს საბუთი მოვიკითხეთ სიკსეკების ოჯახში. რანდა სიკსეკმა, სხვა მასალასთან ერთად, საოჯახო არქივიდან პაპისეული ხელნაწერიც მოგვაწოდა. იგი ასეა დასათაურებული: "სიტყვა სიკსეკის გვარის შესახებ". ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს მოკლე მონათხრობი დაიწერა 1912 წლის აპრილის ბოლოს, ქალაქ იერუსალიმში, მღვდელ ჰანნა ილ ხური ჯირჯი სიკსეკის ერთადერთი ვაჟის, გიორგი სიკსეკის მიერ.

ტექსტის შინაარსთან გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ გიორგი სიკსეკს საკუთარი ფესვების კვლევა-ძიებისას უსარგებლია ლიტერატურითაც. რანდა სიკსეკის ცნობით, მისი ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროს იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს გაზეთ Nea Zion-ში 1905 წელს გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენდა. ამ მასალის დანარჩენი ტექსტიდან გამოყოფის შემდეგ გვრჩება ის ორიგინალური ინფორმაცია, რომელიც საგვარეულო მეხსიერებას უნდა ეყრდნობოდეს. ქვემოთ სრულად მოგვყავს გიორგი სიკსეკის ხელნაწერის ქართულად თარგმნილი ტექსტი:

"სიკსეკის გვარი სათავეს იღებს იმ წარჩინებული გვარის ქართველიდან, ვინც იერუსალიმში ექვსასი წლის წინ, დაახლოებით 1300-იან წლებში დასახლებულა. ის იყო სეკრეტარიოსი, რაც მწერალსაც გულისხმობს. ამ მრავალბგერიანი სიტყვის წარმოთქმა ადგილობრივებისთვის იმ დროს რთული იყო და ამიტომ საწყისი ბგერების "სეკ" გადანაცვლება-გამეორებით გაჩნდა "სიკსეკ". ამ მდივანს სახელად ერქვა სიმონი (არაბ. სამაან). ის იყო ამ გვარის ფუძემდებელი.

იგი იერუსალიმში საქართველოდან ჩამოვიდა. ის იყო ქართველი მეფის მდივანი და ნდობით აღჭურვილი პირი. ქართველები მაშინ იერუსალიმსა და მის შემოგარენში ფლობდნენ ბევრ მონასტერს, ისეთებს როგორიცაა გოლგოთის მონასტერი, აგრეთვე ჯვრის მონასტერი (ალ მუსალლაბე), ისევე როგორც წმინდა იაკობის მონასტერი, რომელიც დღეს სომხური საპატრიარქოა; წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი, რომელიც დღეს ფრანციკანელთა მონასტერია;

წმინდა დიმიტრის მონასტერი, წმინდა თეოდორეს მონასტერი, და წმინდა ეკატერინეს მონასტერი მათ შორის. მამლუქთა სულთან ალ-ნასერ ბინ ქალაუნის (1293-1341) მმართველობისას, სოფლის მცხოვრებლებმა ჯვრის მონასტერი დაიპყრეს და მისი მეჩეთად გადაქცევის მიზნით, ქართველი ბერები იქიდან გააძევეს. ქართველმა მეფემ და ბიზანტიის კეისარმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა (1281-1333) სიმონ მდივნის მეთაურობით, ერთობლივად გაგზავნეს ელჩობა სულთან ალ-ნასერთან მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნების თხოვნით.

1305 წლის ივლისში სიმონი მეუღლე თამართან და ორ ვაჟიშვილთან - იოსებსა და იოანესთან ერთად, ჩრდილოეთი საქართველოდან იერუსალიმში ჩამოვიდა. მას ხელთ ჰქონდა ქართველი პრინცის საბუთები და დავალება, გაეთავისუფლებინა ჯვრის მონასტერი და იქ ქართველები დაებრუნებინა. ჯვრის მონასტრის დახსნის შემდეგ, სიმონი ოჯახთან ერთად მონასტერში დარჩა. ის ხელს უწყობდა მონასტრის წინამძღვარს ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებაში, ზრუნავდა მონასტრის ირგვლივ მიმოფანტულ ქართველ მიწათმოქმედებზეც. მონასტრის გარშემო, სოფელ მალხასა და კატამონის დასახლებაში, 100-ზე მეტი ქართველი მიწათმოქმედის ოჯახი მკვიდრობდა. ამის შემდეგ სიმონ მდივნის ვაჟები და მათი შვილები ცხოვრობდნენ ჯვრის მონასტერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ჩრდილოეთით, დაახლოებით საუკუნის განმავლობაში".

* * *

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაჰმადიანთაგან დატყვევების, მეჩეთად გადაქცევისა და შემდეგ მისი გამოხსნისთვის ქართველთა დაუცხრომელი ბრძოლის ამბავი მოთხრობილია ქართულ (ჟამთააღმწერელი, ძეგლი ერისთავთა, ვახუშტი ბატონიშვილი) და არაბულ (ალ-ყალყაშანდი, ალ-მუჰიბი, ალ-მაქრიზი, ალ-აინი, მუჯირ ად-დინ ალ-უმარი, აბულ-ფადაილი) წყაროებში. ჩანს, იმ ლიტერატურაში, რომლითაც გიორგი სიკსეკმა ისარგებლა, ელჩობის (ან ჯვარის გამოხსნის) თარიღად 1305 წელი იყო მოცემული.

გიორგი სიკსეკის ცოლ-შვილი

ეს თარიღი კი მხოლოდ ალ-მაქრიზთან (1364-1442) და მუჯირ ად-დინ ალ-უმართან (+1522) გვხვდება (სხვებთან 1310 წელია მითითებული). არაბი ავტორების ცნობებით, მაჰმადიანებს ჯვრის მონასტერი ქართველებისთვის სულთან ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი აბუ ალ-ფუტუხის (1260-1277) დროს ჩამოურთმევიათ, ხოლო მისი ტყვეობიდან დახსნა სულთან ნასირ ად-დინ მუჰამედ იბნ ქალაუნის (1293-1294, 1299-1309, 1310-1341) მმართველობის დროს მომხდარა. იმავე ავტორებთან მოვლენების თანამედროვედ დასახელებულ ბიზანტიის კეისრის ვინაობა ეჭვს არ იწვევს. ეს არის ანდრონიკე II პალეოლოგოსი (1282-1328).

თვით მოლაპარაკებები ეგვიპტის სულთანთან, წყაროთა ცნობებით, რამდენჯერმე გამართულა და ჯვრის მონასტრის დაბრუნებაც საკმაოდ გაჭიანურებულა. ეგვიპტის სულთანთან 1305 და 1310 წლების ელჩობებს მოგვიანებით, გიორგი VI მცირესა და გიორგი V ბრწყინვალეს დროს, 1316 და 1320 წლებშიც მოჰყვა მსგავსი ელჩობანი. ისტორიკოსთა აზრით, მონასტერი ხელიდან ხელში გადადიოდა და საჭირო გამხდარა მისი რამდენჯერმე გამოხსნა. ალ-მაქრიზის ცნობით, 1305 წელს "ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის იმპერატორის დესპანი და მასთან ერთად ქართველთა დესპანი საჩუქრებითა და წერილით, რომელიც შეიცავდა თხოვნას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გახსნის შესახებ, რათა ქართველებს მოეხილათ იგი. ქართველები იქნებოდნენ სულთნის მორჩილი და დაეხმარებოდნენ მას საჭიროების შემთხვევაში.

გაიცა ბრძანება ეკლესიის გახსნის შესახებ და გაიხსნა. დესპანები გაბრუნდნენ სათანადო პასუხით". მსგავსია ალ-მუფად-დალის ცნობაც, რომლითაც არა 1305, არამედ 1310 წელს ალ ლაშქარის (ლასკარის) ელჩები ქართველ დესპანთა თანხლებით ეწვივნენ სულთნის "მაღალ კარს" ჯვრის მონასტრის დაბრუნების თხოვნით. მონასტერი მიტაცებული და მეჩეთად გადაქცეული იყო შეიხ ხიდრის მიერ. ჯვრის მონასტრის #295/288 აღაპის მიხედვით, სავანე მეფე დავით VIII-ს (1293-1311) გამოუხსნია: "წირვაი და აღაპი საუკუნოი დავით მეფეთ-მეფისაი და მეორედ აღმაშენებლისაი წმიდისა მონასტრისაი, რომელმან სარკინოზთაგან წარტყუენული მონასტერი და ეკლესიაი მიზგითად შეცვალებული ეკლესიადვე სალოცველად შეცვალა და კუალად აგო ნათესავსა ქართველთასა, რომლისა საუკუნომცა არს სახსენებელი".

სიკსეკთა გადმოცემის

ორიგინალური პლასტები

იმისგან დამოუკიდებლად, ისარგებლა თუ არა გიორგი სიკსეკმა რომელიმე ზემოაღნიშნული ცნობით ქართველთა ელჩობაზე, მისი საგვარეულო გადმოცემა ზოგიერთ ისეთ დეტალს შეიცავს, რომლებსაც დასახელებულ არაბ ავტორებთან ვერ ვხვდებით. ესენია: 1. ქართველთა ელჩისა და მისი ოჯახის წევრთა სახელები (სიმონ, თამარ, იოსებ, იოანე); 2. მათი ჩრდილოეთ საქართველოდან წარმომავლობა; 3. ჯვრის მონასტრის წინამძღვრის თანაშემწეობა; 4. მონასტრის ირგვლივ მოსახლე ქართველ გლეხებზე ზრუნვა; 5. ჯვრის მონასტერში წმინდა ბარბარეს ეკლესიის არსებობა.

მართალია, იერუსალიმში წმინდა ბარბარეს ეკლესიის არსებობის კვალი არ ჩანს, თუმცა მისი სახელობის სამწირველო გვაქვს წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში. გარდა ამისა, 1483-1484 წლებში დომინიკანელ თეოლოგ ფელიქს ფაბრისა და გრაფ ფილიპ ლუდვიგ ფონ ჰანიკს ადგილზე უნახავთ წმინდანის სხეულის ნაწილი. ფონ ჰანიკის სიტყვით: "ჯვრის ეკლესია ეკუთვნით ქართველებს. აქ ნახავთ წმინდა ბარბარეს ხელს". ამდენად, შეიძლება, სიკსეკთა საგვარეულო ტრადიცია არ ცდებოდეს და უწინ მონასტრის ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს სამლოცველო მართლაც არსებულიყო.

სიკსეკის ოჯახს ახსოვს იერუსალიმის ქრისტიანულ უბანში დამკვიდრების ზუსტი დრო. მონა ჰაჯჯარ ჰალაბის ცნობით, ჰენრიეტა სიკსეკი ნაცნობებთან საუბარში ხშირად ახსენებდა თარიღს - 1432 წელს, რა დროიდანაც სიკსეკების ოჯახი მათ მამაპაპეულ სახლში დამკვიდრებულა. საოჯახო გადმოცემით, სიმონ მდივნის შთამომავლებს თითქოს მანამდე საუკუნის განმავლობაში ჯვრის მონასტერში უცხოვრიათ. ფელიქს ფაბრის ის ცნობა, რომ მის დროს ჯვრის მონასტერში ქართველი ბერები ცოლებთან ერთად იმყოფებოდნენ, გიორგი სიკსეკის მონათხრობისადმი ნდობით განგვაწყობს.

უბანი ძველ იერუსალიმში, სადაც სიკსეკების ოჯახი 1432 წლიდან დამკვიდრდა

სიკსეკების წინაპარი იერუსალიმში იმ დროს ჩასულა, როცა ჯვრის მონასტერი ჯერ კიდევ მაჰმადიანთა ტყვეობაში იყო. მისი დახსნის შემდეგ ის მონასტერში დარჩენილა წინამძღვრის თანაშემწედ. XIV საუკუნის პირველ ოცწლეულში ეგვიპტის სულთნის კარზე ქართველთაგან მოწყობილი ელჩობების მეთაურთა ვინაობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვიცით. "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით, 1320 წლის ელჩობას პიპა შალვას ძე ქვენიფნეველი ხელმძღვანელობდა, თანმხლები პირი კი მღვდელი იოანე ბანდაის ძე იყო. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ქართველი ელჩების ვინაობა უცნობია. მსგავსი ელჩობა კი მანამდე, სულ მცირე, კიდევ სამია ცნობილი წყაროების მიხედვით.

სიკსეკის წინაპრის კვალი

ჯვრის მონასტრის აღაპებში

სიკსეკების საგვარეულო ტრადიცია წინაპრის იერუსალიმში გამოჩენას ჯვრის მონასტრის გარშემო დატრიალებულ ამბებს უკავშირებს. აღაპთა დავთარში კარგად იკითხება მოვლენების თანამიმდევრობა ჯვარის მაჰმადიანთაგან დატყვევების დღიდან მის გამოხსნამდე. აღაპებიდან ჩანს, რომ 1273-1320 წლების პერიოდში პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ხელმწიფე ზრუნავდა მონასტრის გათავისუფლებაზე.

ჯვრის მონასტრის აღაპების მონაცემებით მეტ-ნაკლებად დადგენილია წინამძღვრების ვინაობა და თანმიმდევრობა. ჩვენთვის საინტერესო პერიოდისთვის "ჯვარის მამებს" შორის სახელით "სიმონ" (სვიმონ, სვიმეონ) სულ ორად ორი პირია აღაპებში ნახსენები: სვიმონ (სვიმეონ) ელმელიქის ძე და სიმონა ციდაშვილი. პირველი, ქრონოლოგიური და ბევრი სხვა ნიშნით, მიესადაგება სიკსეკების იმ შორეულ წინაპარს, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იყო წარჩინებული გვარის; იერუსალიმში იმყოფებოდა მონასტრის მაჰმადიანთა ტყვეობიდან გამოხსნამდეც და მის შემდეგაც; იყო ჯვრის მონასტრის წინამძღვრის თანამოღვაწე. სვიმონ ელმელიქის ძის სახელი სამ აღაპში გვხვდება.

ერთი, #84/81 აღაპი დაუწესებიათ სვიმონის გარდაცვალების შემდეგ. აქ ის მოიხსენება როგორც "წმიდა მამა". ჯვარის წინამძღვართა შორის კი აღაპებში მის გარდა "წმიდა" ეწოდებათ მხოლოდ პროხორე შავთელსა (მონასტრის აღმშენებელს) და ლუკა მუხაის ძეს (ჯვრის მონასტრის დატყვევებისას მოწამეობრივად აღსრულებულს). სვიმონის მათ მსგავსად მოხსენიება მონასტრის წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების ნიშანი უნდა იყოს.

#65/63 აღაპიდან, რომელიც ერთობლივად დაუწესებიათ ჯვარის მამად მყოფ სვიმონ ელმელიქის ძეს, აღდგომის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზსა და იერუსალიმის ქართველ ბერთა ძმობას - რუსუდან დემეტრე II-ის ასულისა და მისი მეუღლე თაყა ფანასკერტელის მხრიდან "დაჭირებასა შიგან" მონასტრისთვის გაწეული მატერიალური დახმარების მიზეზით. ჩანს, რომ სვიმონ ელმელიქის ძე იმ დროს იერუსალიმის ქართული კოლონიის აღიარებული თავკაცი იყო (აღაპში სახელით მხოლოდ ის არის ნახსენები). მართალია, აღაპი დავთარში ჩაწერილია მონასტრის ტყვეობიდან დახსნის შემდეგ, მაგრამ მასში მოყვანილი ფაქტი იმ დროისაა, როცა ჯვარი მაჰმადიანებს ეპყრათ, ქართველი ბერები კი მეტოქს იყვნენ შეხიზნული.

#206/203 აღაპში მოცემული ინფორმაცია სიკსეკთა წინაპრის ვინაობის დადგენაში გვეხმარება: "დღესა დიდებულსა ხარებისასა აღაპი და პანაშვიდი…მეფეთა მეფისა ვახტანგისთვის და მეუღლისა მისისა რიფსიმესთვის. მას ჟამსა ოდეს ჯუარისა მონასტერი 26 წელსა სპარსთა წაეღო, მაშინ რვაი თავი ლაჰრი და ათასი თეთრი ჩუენ მამამან სოლომონ და სვიმეონ მოვახმარეთ მონასტერსა..." აღაპი ეძღვნება მეფე ვახტანგ III-სა (1297-1299 და 1302-1308 წწ.) და მის უკვე მონაზვნად შემდგარ მეუღლეს.

ის ვახტანგის გარდაცვალებისა და ჯვარის გამოხსნის შემდეგ არის შედგენილი, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბავი მონასტრის ტყვეობის დროინდელია. აღაპში მითითებულია, რომ იმ დროს მონასტრის დატყვევებიდან 26 წელი იყო გასული. ფიქრობენ, რომ აქ 1299/1300 წლის თარიღზეა მითითებული. ზუსტად ამ დროს, 1299 წლის ნოემბრიდან 1300 წლის მარტამდე, ვახტანგი მონღოლთა ჯარის შემადგენლობაში მონაწილეობდა სირია-პალესტინაში ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ ბრძოლებში. ყაზან ყაენის ლაშქარმა მაშინ დამასკოსთან ერთად იერუსალიმიც აიღო. არის ვარაუდი, რომ ჯვარი ამ დროს დროებით დაიბრუნეს ქართველებმა და მონასტრისთვის შესაწირიც თითქოს იმ დროსვე გაიღო ვახტანგმა.

ყმაწვილი გიორგი სიკსეკი დედასთან ერთად (1899 წ.)

შეიძლება ასეც იყო სინამდვილეში. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ მანამდე, 1297-1299 წლების პერიოდშიც იყო ჩასული სულთნის კარზე ჩვენთვის ჯერ უცნობი ქართული ელჩობა?! ყოველ შემთხვევაში, აღაპის მიხედვით, XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე სვიმონ ელმელიქის ძე უკვე იერუსალიმში ჩანს და მეტოქში შეხიზნული ჯვარის მამა სოლომონთან ერთად ზრუნავს დატყვევებული მონასტრის ბედზე. სვიმონი ამ აღაპში სასულიერო წოდების გარეშეა ნახსენები. მოკლედ რომ ვთქვათ, სიკსეკთა ლეგენდარული წინაპარი - სიმონ მდივანი, დიდი ალბათობით, იგივე სვიმონ ელმელიქის ძეა.

გვარი ელმელიქისძე ქართულ ისტორიულ ანალებში სხვაგან არ გვხვდება. თუ აქ გვარის ნაცვლად მამის სახელთან გვაქვს საქმე, მაშინ ყურადღებას იპყრობს XV საუკუნით დათარიღებული ერთი მინაწერი ლარგვისის სახარებაზე (XIV ს.): "ღმერთო მეოხ ექმენ ელმელიქს და დედოფალსა და მათთა ძეთა გიორგის და დათუნას". მინაწერი ქვენიფნეველ ერისთავთა საგვარეულოს ეკუთვნის. მასში ნახსენები ელმელიქი დროის მიხედვით (XIV ს-ის ბოლო მეოთხედი) შეიძლება სვიმონის მამის შთამომავალთაგანი იყოს. სვიმონ ელმელიქის ძის წარმომავლობით ქსნის ხეობასთან დაკავშირება თითქოს სიკსეკთა იმ საგვარეულო გადმოცემასაც ამართლებს, რომ მათი წინაპარი ჩრდილოეთ საქართველოს რომელიღაც წარჩინებულ გვარს მიეკუთვნებოდა.

მოგვიანებით, გიორგი V-მ ეგვიპტის სულთანთან ელჩობის (1320 წ.) თავკაცობა რომ ქსნის ხეობის მკვიდრებს, პიპა ქვენიფნეველსა და იოანე ბანდაისძეს დააკისრა, თითქოს იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ელჩების შერჩევისას მან ქვენიფნეველთა საგვარეულოს წევრთა წარსულ გამოცდილებას გაუწია ანგარიში.

გრიგოლ ფერაძისა და გიორგი სიკსეკის გზები 1936 წლის შემდეგ აღარასოდეს გადაკვეთილა. ამ უკანასკნელმა ვერ შეიტყო მამა გრიგოლის მოწამეობრივი აღსასრულის ამბავი. თავის მხრივ, გრიგოლ ფერაძისთვისაც უცნობი დარჩა, ვის შთამომავალს გადაეყარა მაშინ იქ, იერუსალიმში...

ბესიკ ხურცილავა

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#85