ქართველი მოდილიანის დაბრუნება
06-02-2018
ქართველი მოდილიანის დაბრუნება
სვიმონ დადიანი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი ქართველია, ვინც ამერიკული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა

მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე:
"ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე".

ამ განწყობით გაზარდა შვილები, რომელთა შორისაც ნაბოლარა იყო სვიმონ დადიანი. ის სიმონიკა, ისეთი მხატვარი რომ გახდა, ამერიკელებმა თავისი სტილიზაციით დიდ ხელოვანს, მოდილიანის რომ შეადარეს, თავისმა სამშობლომ კი ახლახან გაიცნო...

ეპიტაფია, რომელიც ტექსტს წავუმძღვარეთ, სვიმონის მამის, კოკი (ნიკოლოზ) დადიანის
განსასვენებელს აწერია, პარიზთან ახლოს, ლევილის სასაფლაოზე.
"მჩუქებლები არიან მფლობელები ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების, ნამუშევრებისა მხატვარ სვიმონ დადიანისა, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნამუშევრები ერთ დღეს გადასცემოდა საქართველოს, როდესაც ის დაიბრუნებდა დამოუკიდებლობას, რათა ნამუშევრები გამოფენილ და გაცნობილ ყოფილიყო ქართული საზოგადოების მიერ...

სვიმონ დადიანი იყო
შვილი თავადიშვილ ნიკოლოზ დადიანისა და თავადის ასულ მერი წერეთლისა, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ 1921 წელს რუსეთის ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის შემდეგ. თავადიშვილი ნიკოლოზ დადიანი იყო მჩუქებლის დიდი ბებიის, თავადის ასულ სოფიო დადიანის ძმა. დღეს საქართველო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო..."
სვიმონ დადიანი სამხედრო ფორმით
ეს გახლავთ 42 წლის შემდეგ სვიმონ დადიანის სურვილის შესაბამისად შედგენილი შეთანხმების ტექსტი, რომელსაც ხელი მოეწერა პარიზში მხატვრის მემკვიდრეებს მიხეილ და ლია ვოდე-მდივნებსა და ხელოვნების სასახლეს შორის. სიმბოლური იყო ხელმოწერის ცერემონიაც: პარიზში, საქართველოს საელჩოში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს თანდასწრებით, საქართველოს რუკისა და დროშის ფონზე.
ხელმოწერის შემდეგ მიხეილ ვოდე-მდივანმა ცრემლი ვერ შეიკავა, მისმა დამ, ქალბატონმა ლიამ კი ხელი მიიდო გულზე, სადაც სვიმონ დადიანის ჯვარი ეკიდა და წარმოთქვა: "სვიმონი დღეს აქ არის! ვიცი, რომ ის ამ ყველაფერს ხედავს".

საქართველომ თავისი 25-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში დაიბრუნა ყველაზე დიდი ფერწერული კოლექცია, განძი, რომელიც მრავალი თაობის ხელოვანთა და ქვეყნის რიგით მოქალაქეთა ოცნების ასრულების სიმბოლოდ იქცა.

"...ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე... იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ... შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი... და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება... სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა..." - სწერდა სვიმონ დადიანი შორეული ამერიკიდან თბილისში, საკუთარ დას ბაბო დადიანს. იქვე, თავის ერთ სანუკვარ სურვილსაც დასძენდა: "ოცნებაში გადავედი: ჩემი ყოველი ნამუშევარი, იქნებ ერთ დღეს, ერთად ჩემი მამის ან ბაბუის სოხუმის ზღვისპირა სახლში მოვათავსო".

სვიმონ დადიანი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წლის 23 ივლისს იმერეთის სოფელ წირქვალში დაიბადა. ომივით მშფოთვარე ცხოვრება მის ოჯახს თითქოს ბედისწერად ერგო.
"1921 წლის 25 თებერვალს, ღამით, ყველანი გავიქეცით ბათუმში, - იგონებდა სვიმონის და ბაბო დადიანი, - დავტოვეთ ყველაფერი, ულამაზესად და მდიდრულად მორთული ბინა. გაუხსნელი ყუთები - საქორწინო საჩუქრები... ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით... ასევე ყველაფერი დაკარგეს ჩემმა მშობლებმა. სიჩქარით გამოვიდნენ რტიშევის ქუჩიდან.

მიდიოდნენ ფეხით სადგურამდე. სასახლესთან ვიღაც, ეტყობოდა ვაჭარი იყო, ჩემოდნებით დატვირთულ მანქანაში იჯდა. ბუჭუ, ჩემი ძმა, რომელიც მივიდა, რომ დედას დახმარებოდა, ამ პირს სთხოვდა წაეყვანა ქალი, სამი შვილით სადგურამდე. მან უარი უთხრა. ბუჭუმ იარაღი ამოიღო და დაემუქრა. ამ დროს პაოლო იაშვილი გამოჩნდა. ეს კაცი მისი ნაცნობი გამოდგა და ძალით ჩასვეს მერი, მია, გიორგი და სიმონიკა მანქანაში. ასე მივიდნენ სადგურში".
ეპიტაფია კოკი დადიანის საფლავზე ლევილის ქართველთა სასაფლაოზე
კონსტანტინოპოლში რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ოჯახი გაიყო, სიმონიკას ერთ-ერთი და ბაბო დადიანი მეუღლესთან, ალექსანდრე მასხარაშვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. თავად სიმონიკა კი დარჩენილ და-ძმასა და მშობლებთან ერთად, მარსელის გავლით, პარიზის გზას დაადგა. "ძალიან ბევრმა გაგვაცილა: ნათესავებმა, მეგობრებმა... მამა საოცრად ნაღვლიანი გვემშვიდობებოდა", - დაწერს მოგვიანებით ბაბო დადიანი.

ნაღველი კოკი დადიანს მთელი ცხოვრება გაჰყვა - ზედმიწევნით განათლებულ ინტელიგენტს, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს, მარშალს, ეროვნულ მოღვაწეს, საფრანგეთში მოძრაობა "ქართლოსის" დამაარსებელს, ძლიერსა და წარმოსადეგს. ვიქტორ ნოზაძე ამბობდა, ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდა კოკი დადიანსო. ჩანს, ნაბოლარა შვილს, ცუცნას (ასე ეძახდნენ სვიმონს და-ძმები ბავშვობაში) ეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. ერთ-ერთ წერილში სვიმონი იხსენებდა: "მამას მოგონებების დაწერა ვთხოვე, დაიწყო და მიატოვა.

ვინ იცის, რამდენად ძნელი იყო მისთვის წერა. ცხადია, დროზე არ იყო დამოკიდებული, ეს უფრო ფსიხოლოგიური მომენტი იყო. ვინ იცის, რა განცდას, რა მოგონებას გააცოცხლებდა ასეთი წერა?! მართალია არას ამბობდა, მაგრამ კარგად ვიცი, რამდენად იტანჯებოდა კოკი. ტანჯვა სამშობლოდან და ნათესავებთან დაშორება იყო. რამდენჯერ მინახავს მარტო, თავის ოთახში, თავისსავე ფიქრებში დაკარგული, წიგნი მუხლებზე, თუმცა კითხვის თავი არ ჰქონდა. ჩუმად მივეპარებოდი... ვიცოდი, რასაც განიცდიდა და თვითონაც ხვდებოდა, რომ მე მისი ბევრი რამ მესმოდა... თუმცა ერთურთს ერთ სიტყვასაც არ გავუცვლიდით. ის შემომხედავდა და იტყოდა "აფსუს"... სხვას არაფერს. ამ სიტყვის წარმოთქმისას ხშირად ცრემლი მოსდგომია თვალზედ".

თავდაპირველად სვიმონი სასწავლებლად მიაბარეს ლიცეუმ "ლაკანალში", დედაქალაქის გარეუბანში. იმ დროს პარიზის გარეუბნის ამ პატარა ქალაქ სოში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. შემდეგ სწავლა პასტერის სახელობის ლიცეუმში განაგრძო, რომლის დამთავრებისთანავე ბაკალავრის ხარისხით იტალიაში გაემგზავრა, პეროზის ხელოვნების სკოლაში.

1939 წელს, მამის გარდაცვალებისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სვიმონმა საფრანგეთი დატოვა. 1940 წლის მარტში ის აშშ-ში გაემგზავრა და ამერიკულ ჯარში ჩაეწერა. მონაწილეობდა გერმანიის წინააღმდეგ სადესანტო ოპერაციებში. იბრძოდა კასაბლანკაში, შემდეგ სიცილიაში. სვიმონ დადიანი ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ქართველია, ვინც ამერიკული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა...

სვიმონ დადიანის დის შვილიშვილმა, მხატვრის კოლექციის სამშობლოში დაბრუნების ინიციატორმა მია ღვინიაშვილმა არაერთი წინააღმდეგობა თუ ხელის შემშლელი ბარიერი დაძლია ღირსეული წინაპრის სამშობლოში "დასაბრუნებლად". მან საქართველოს ხელოვნების სასახლეს სვიმონ დადიანის უნიკალური არქივი გადასცა.

ძვირფას წერილებსა და დოკუმენტებს შორის არის ამერიკულ ჯარში გადაღებული სიმონიკას ფოტოები. გამხდარ, მაგრამ წარმოსადეგ ახალგაზრდას ჯარისკაცის სამხედრო ფორმა უხდება. ამ სურათის დანახვისას ძალაუნებურად გახსენდება ერთი საბრძოლო ისტორია: 1944 წლის 17 იანვრიდან 18 მარტამდე მიმდინარეობდა მონტე კასინოს სისხლისმღვრელი ბრძოლა მოკავშირეთა ძალებსა და ჰიტლერელებს შორის. სვიმონი ამ "ხალხთა ბრძოლაში" ამერიკული ბატალიონის შემადგენლობაში მონაწილეობდა.
სვიმონ დადიანი მუშაობისას
საბედნიეროდ, იმ ამერიკელ შვიდ მებრძოლს შორის აღმოჩნდა, ვინც მტრის ტყვიას სასწაულებრივად გადაურჩა.
ომის დასრულების შემდეგ, როგორც ვეტერანს, აშშ-ის მთავრობამ ფულადი დახმარება დაუნიშნა. საყურადღებოა სვიმონ დადიანის არქივში შემორჩენილი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, თუ როგორი პატივისცემით გამოაცილეს ქართველი მეომარი ამერიკული არმიიდან:
ღირსეული გადადგომის მოწმობა
ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ პირველი კლასის რიგითი სვიმონ დადიანი - ნომრით 32863701, კროუდერის ბანაკი, მისური - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულია მადლიერებით, დასტურად იმისა, რომ პატიოსნად და ერთგულად ემსახურა ამ ქვეყანას.
სამხედრო სამსახურისთვის დანიშნული ფულადი დახმარებით სიმონიკამ სწავლა განაგრძო ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილის ხელოვნების სკოლაში.

შემოქმედებითი აღმასვლა მხატვარმა დამაჯერებლად დაიწყო. მის წარმატებას დიდი შრომა განაპირობებდა. ამის დასტურია ბაბო დადიანისთვის გაგზავნილი წერილების ფრაგმენტები, სადაც სიმონიკა საკუთარ ხელოვნებაზე საუბრობს. საილუსტრაციოდ რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ: "გეხვევი მაგრად, ჩემო სანატრელო ბაბოშკა! ჩემი რა მოგწერო - ეს ოთხი თვეა ბევრს ვმუშაობ, ნახატებიც ნელ-ნელა იყიდება, თუმცა ჩემი ოცნებაა, ბევრი მოვაგროვო და პარიზში გამოფენა მოვაწყო. ერთ-ერთი სურათი დავამთავრე და ცალკე გადავდე შენთვის. სულ იასამანის ფერებია, რაც სხვათა შორის ძალიან ძნელი დასახატია...

მხატვარმა მუდამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, ყოველი განვითარების პერიოდში როგორც ხელოსანმა, ისე უნდა ეძებოს საკუთარ სათქმელის გადმოცემის ფორმა და გზა. მანამ ამას მიაღწევს, ბევრი რამ უნდა სცადოს, ამით კი ვითარდება საკუთარი სტილი ანუ ხელწერა".
მერი წერეთლის პორტრეტი
საკუთარი სტილის შესამუშავებლად სიმონიკამ ბევრი იმუშავა თავის თავზე, თუ მისი ბავშვობის ნახატებში გულუბრყვილო მონასმები ჭარბობს, სიყმაწვილეში აშკარად განიცდის სალვადორ დალის გავლენას. ტილოზე შესრულებული ამ პერიოდის ნახატები, კერძოდ "უდაბნო" და "ყავისფერი კლდეების სილუეტები" სიურრეალიზმის კლასიკურ ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სალვადორ დალის შემდეგ სვიმონ დადიანზე პიკასოს შემოქმედებამაც განსაკუთრებულად იმოქმედა, რაზეც მოწმობს მისი ორი ნამუშევარი: "ლურჯი ჩიტი" და "პიკის ქალი". ამ ტილოებზე გადმოცემული ფერადი გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი გამოსახულებები აშკარად საზრდოობენ პიკასოს ტილოების ფერთა პალიტრითა და კომპოზიციური წყობით.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ ნახატზე, პირობითი სახელწოდებით "გოგონა და ხილი", რომლის სიუჟეტი და კომპოზიცია თითქოს ძალიან ჰგავს ვალენტინ სეროვის ცნობილ ნამუშევარს "გოგონა ატმებით", თუმცა აქ ყველაზე კარგად ჩანს დადიანის შემოქმედებითი ძიების პროცესი, დიდი მხატვრების გავლენები და ამ გავლენებქვეშ საკუთარი, ორიგინალური და გამორჩეული ხელწერის ჩამოყალიბების პროცესი. ამ უკანასკნელის საუკეთესო ილუსტრაციაა სვიმონ დადიანის აბსტრაქციული ნამუშევრები. ქართულ მხატვრობას ალბათ არც ჰყავს სიმონიკას მსგავსი დიდოსტატი აბსტრაქციული ფიგურების ტილოებზე გადმოტანის ხელოვნებაში. ის სიბრტყეზე ქმნის ყველაზე ეფექტურ, მოცულობით და მეტყველ ფორმებს, რომლებიც შეხედვისთანავე გატყვევებს.

სამართლიანად შენიშნავს ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბრამიშვილი: "შეუძლებელია არ მოიხიბლო მხატვრის ძალიან ძუნწი და ამასთანავე ექსპრესიული გამომსახველობით, რომელიც დამახასიათებელია მთელი მისი შემოქმედებისთვის. მის ნახატებში ერთი შეხედვით წამყვანი თეთრი და შავი ფერებია, თუმცა იმავდროულად მოწმე ხდები იმ გასაოცარი ფერწერული გრადაციისა, რომელიც ამ ორ ფერს გააჩნია სვიმონ დადიანის შემოქმედებაში. აქვე შეგიძლია აღმოაჩინო ორი უმნიშვნელო ფერადოვანი მონასმი - ხან წითელი, ხან კი ყვითელი ფერის სახით. ისინი თითქოს შეყუჟულან დომინანტი შავი ფერის ქვეშ და ცდილობენ, თავი დააღწიონ ამ შავ საფარს. ხატვის ეს სტილი გარკვეულწილად გადმოგვცემს მხატვრის სურვილს, ოცნებასა და იმედს იმისას, რომ ერთხელაც იგი თავისი ხელოვნებით სამშობლოს დაუბრუნდებოდა".
1950 წლიდან სვიმონ დადიანი აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ სხვადასხვა გამოფენაში.
(დასასრული მომდევნო ნომერში)

გიორგი კალანდია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#85
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!