ქართველი და ბალტიელი წარჩინებულების ქორწინებათა ისტორიიდან
ქართველი და ბალტიელი წარჩინებულების ქორწინებათა ისტორიიდან
XVIII საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნები, ხოლო XIX საუკუნეში - ქართული სამეფო-სამთავროები. ასე აღმოჩნდა ერთმანეთისგან გეოგრაფიულად დაშორებულ ბალტიისა და კავკასიის რეგიონებში მდებარე პატარა სახელმწიფოები ერთი უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში.

სწორედ ამ დროიდან დაიწყო ინტენსიური ურთიერთობანი ქართველ და ბალტიელ ხალხებს შორის. ქართულ წარჩინებულ საგვარეულოთა არაერთი წარმომადგენელი დაუნათესავდა ბალტიისპირეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე არისტოკრატიულ გვარებს. წინამდებარე სტატიაში მოგითხრობთ ქართველ და ბალტიელ არისტოკრატთა შორის ქორწინებების შესახებ, XVIII საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე.

ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის არაერთმა
შთამომავალმა იქორწინა ლიტვური წარმომავლობის წარჩინებული რუსი თავადების - გოლიცინების საგვარეულოს წარმომადგენლებზე. გოლიცინი იყო რუსეთის იმპერიის არისტოკრატიული ზედაფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გვარი, რომელიც სათავეს იღებს გედიმინოვიჩების დინასტიის დამფუძნებელი ლიტვის მთავრის გედიმინისგან (მთავრობდა 1316-1341 წლებში).

ვახტანგ VI-ის შვილიშვილი - ანა გიორგის ასული გრუზინსკაია (1754-1779) ცოლად გაჰყვა მოსკოვის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გენერალ-მაიორ ალექსი ბორისის ძე გოლიცინს (1732-1792). იგი იყო ვაჟი ბორის ვასილის ძე გოლიცინისა (1705-1768), რომელიც გახლდათ რუსეთის ადმირალი, არტილერიის გენერალ-ფელდცეიხმაისტერი, ბოლოს კი სამხედრო საზღვაო ფლოტის გენერალ-კრიგს-კომისარი.

მეფე ბაქარის შვილიშვილი, ალექსანდრე ბაქარის ძე გრუზინსკის (1726-1791) ასული ანა (1760-1842)
დაქორწინდა ჯერ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გოლიცინზე (1760-1792), ხოლო შემდეგ - ბორის ანდრიას ძე გოლიცინზე (1766-1822).
თავად ალექსანდრე ლევანის ძე დადიანოვის მეუღლე ბარონესა ლიდია, ასული კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-ადიუტანტ გრიგოლ როზენისა
ანა ალექსანდრეს ასული გრუზინსკაიას მეორე ქმარი - ბორის ანდრიას ძე გოლიცინი იყო გენერალ-ადიუტანტი, ცხენოსანი გვარდიის მეთაური (1798-1800 წლებში), წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენის კავალერი. მისი მამა - ანდრია მიხეილის ძე გოლიცინი (1729-1770) იყო გენერალ-მაიორი, ხოლო პაპა - მიხეილ მიხეილის ძე გოლიცინი (1675-1730) - გენერალ-ფელდმარშალი, რომელიც 1728 წლიდან დანიშნეს სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტად და უმაღლესი საიდუმლო საბჭოს წევრად.

ანა გრუზინსკაიასა და ბორის გოლიცინის შვილები იყვნენ: გენერალ-მაიორი ანდრია ბორისის ძე (1791-1861), ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი ალექსანდრე ბორისის ძე (1792-1865) და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ბორისის ძე (1794-1866) გოლიცინები.

ანდრია ბორისის ძე გოლიცინის შვილიშვილი - ალექსანდრე ბორისის ძე გოლიცინი (1855-1916) იყო ქალაქ ვლადიმირის თავადაზნაურობის წინამძღოლი.
პოლკოვნიკი ნიკოლოზ გოლიცინის ვაჟი იური (1823-1872) იყო კამერჰერი, ტამბოვის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მან საკუთარი ყმებისგან შექმნა მომღერალთა გუნდი, რომელსაც თვითონვე დირიჟორობდა. მისი ძმა - ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1836-1893) იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პოდოლსკის ვიცე-გუბერნატორი. 1892 წელს გამოიცა მისი ნაშრომი "თავად გოლიცინთა საგვარეულო".

ხსენებული იური ნიკოლოზის ძე გოლიცინის ვაჟი - ევგენი (1845-1885) იყო საზღვაო ფლოტის II რანგის კაპიტანი, პენზის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.
რუსეთის იმპერიის ლეგენდარული სარდალი პეტრე ბაგრატიონი და მისი მეუღლე, ეკატერინე სკავრონსკაია-ბაგრატიონისა
რუსეთის საიმპერიო არმიის პოდპოლკოვნიკმა, თავადმა ნიკოლოზ ეგორის (გიორგის) ძე დადიანოვმა (1712-1752) ცოლად შეირთო დარია ვასილის ასული გოლიცინა (1709-1762). მის პაპას - სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს დადიანთა პირველი დინასტიიდან ლევან IV-ს (მთავრობდა 1681-1691 წლებში) ცოლად ჰყავდა თინათინ ბატონიშვილი, ასული იმერთა მეფისა ბაგრატ IV-ისა, ხოლო მის მამას - გენერალ-მაიორ ეგორ (გიორგი) ლევანის ძე დადიანოვს (1683-1765) ცოლად ჰყავდა სოფიო იმერეტინსკაია (1691-1747) - ასული უფლისწულ ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკისა (1674-1711), რომელიც იყო ვაჟი მეფე-პოეტ არჩილისა.

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იყო პეტრე დიდის უახლოესი მეგობარი, რუსეთის არტილერიის გენერალ-ფელდცეიხმაისტერი და ბაგრატიონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ბალტიისპირეთში ჩავიდა. იგი ამ რეგიონს ეწვია 1697 წელს, "დიდი ელჩობის" შემადგენლობაში.

* * *
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეული ბალტიისპირეთის, განსაკუთრებით კი თანამედროვე ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიაზე, ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის გარდა, ცხოვრობდნენ გერმანელებიც. მათი მეურნეობა, სამართალი, კულტურა და საქალაქო თვითმმართველობა ბევრი რამით ჰგავდა ჩრდილოგერმანულს. ბალტიისპირელ გერმანელთა შორის იყვნენ: არისტოკრატები (გრაფები და ბარონები), მემამულენი, სასულიერო წოდების წარმომადგენელნი და ვაჭარ-ხელოსნები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5%-ს შეადგენდნენ.
ლიტვის დიდი სამთავროს გერბი (XVI ს.)
მიუხედავად ასეთი სიმცირისა, მათ წამყვანი პოზიციები ეკავათ. გერმანული კულტურა განსაკუთრებით მძლავრად იგრძნობოდა რიგაში. ყოველივე ამის გამო, ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ელიტის ძირითადი ნაწილი გაგერმანელდა, წარმართ ბალტიისპირელ ბელადთა შთამომავალნი კი ლივონიის ორდენისა და გერმანელ ეპისკოპოსთა ვასალებად იქცნენ. მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთი რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ადგილობრივი გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენლები მუდმივად ავლენდნენ ერთგულებას რუს იმპერატორთა მიმართ. სანაცვლოდ, მათ შეინარჩუნეს ძველი პრივილეგიები და რუსეთის იმპერიაში მოიპოვეს სტაბილური მდგომარეობა - XIX საუკუნის 70-იანი წლების რუსიფიკატორულ რეფორმებამდე.

ქართულ წარჩინებულ საგვარეულოთა არაერთი წარმომადგენელი დაუნათესავდა ბალტიისპირეთში მცხოვრებ როგორც ლიტვური (რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ), ასევე, გერმანული და სხვა ეთნიკური წარმომავლობის არისტოკრატიულ გვარებს.

ქართლის მეფე იესე I-ის პირდაპირმა შთამომავალმა, სახელგანთქმულმა გენერალმა პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონმა (1765-1812) 1800 წლის 2 სექტემბერს, ცოლად შეირთო სეფექალი, გრაფინია ეკატერინე სკავრონსკაია (1782-1857), ასული საიდუმლო მრჩევლისა, გრაფ პავლე მარტინის ძე სკავრონსკისა და ეკატერინე ვასილის ასული ენგელგარდტისა.

პეტრესა და ეკატერინეს შეუღლებას ხელი შეუწყო თვით იმპერატორმა პავლე I-მა. აქვე დავძენთ, რომ სკავრონსკებმა, რომლებიც იყვნენ პეტრე I-ის მეუღლის, იმპერატრიცა ეკატერინე I-ის ძმის - ლიფლანდიელი გლეხის შთამომავლები, რუსეთის გრაფის ტიტული მიიღეს. პეტრემ და ეკატერინემ ჯვარი დაიწერეს გატჩინაში, სამეფო კარზე, თუმცა ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა. თავნება ეკატერინე ქმარს მალე დაშორდა და 1805 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

* * *
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გრიგოლ I-ის ვაჟმა, სამეფო ტახტის ლეგიტიმურმა მემკვიდრემ და ხსენებული სამეფო სახლის მეთაურმა, უგანათლებულესმა თავადმა იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკიმ (1826-1880) 1850 წლის 15 სექტემბერს ცოლად შეირთო გრაფინია ეკატერინე პავლეს ასული პალენი.

პალენები იყვნენ გერმანული წარმომავლობის არისტოკრატები, რომელთა საგვარეულო ისტორიაში XV საუკუნიდან ჩანს. ამ გვარის წარმომადგენელთა იმ ნაწილს, რომელიც შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალ ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე მკვიდრობდა, 1679 წელს ბარონის წოდება მიენიჭა. პალენები კიდევ უფრო დაწინაურდნენ ბალტიისპირეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ. ამ გვარის წარმომადგენელთა ერთ ნაწილს რუსმა იმპერატორებმა გრაფის ტიტული მიანიჭეს და სახელმწიფოს ხელისუფლების სათავისკენ გზა გაუხსნეს.

იოანე გრუზინსკის სიმამრი იყო კავალერიის გენერალი, გრაფი პავლე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1775-1834), - შვილი ასევე კავალერიის გენერლისა, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალრისა, გრაფ პეტრე ალექსის ძე ფონ დერ პალენისა (1745-1826), რომელსაც იმპერატორმა პავლე I-მა 1799 წელს რუსეთის შთამომავლობითი გრაფის ტიტული მიანიჭა. იგი 1792 წლიდან ხელმძღვანელობდა რიგის სამეფისნაცვლოს და წარმართავდა მოლაპარაკებებს კურლანდიის რუსეთთან შეერთების მიზნით. 1795 წელს მას უბოძეს გენერალ-პორუჩიკის წოდება, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, კურლანდიის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა და რიგასთან მდებარე მამული ეკაუ (ამჟამად - იეცავა).

ასევე გავლენიანი პიროვნებები იყვნენ იოანე გრუზინსკის სიმამრის ძმები: რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, გრაფი თევდორე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1780-1863) და კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, უმაღლესი საიმპერიო ჯილდოებისა და მათ შორის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი, გრაფი პეტრე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1778-1864). 1835-1841 წლებში იგი მსახურობდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში, სადაც საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა.

ამავე გვარის წარმომადგენლები იყვნენ: კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, ბარონი მათე ივანეს ძე ფონ დერ პალენი (1779-1863) და რუსეთის იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საიმპერატორო კარის ობერ-კამერჰერი, ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი, გრაფი კონსტანტინე ივანეს ძე ფონ დერ პალენი (1830-1912). დაკრძალულია თავის მამულ გროს-აუცში, რომელიც კურლანდიის გუბერნიაში მდებარეობდა.

იოანე გრუზინსკის ქვისლი იყო გენერალ-მაიორი, თავადი გრიგოლ (გიორგი) გრიგოლის ძე დადიან-მინგრელსკი (1798-1851), უმცროსი ვაჟი სამეგრელოს მთავრის გრიგოლ კაციას ძე დადიანისა (1770-1804). 1839 წელს მან ცოლად მოიყვანა ელისაბედ პავლეს ასული ფონ დერ პალენი.
მეფე ვახტანგ VI
პალენების სიძე იოანე გრუზინსკი პეტერბურგის არისტოკრატიულ წრეებში ცნობილი იყო მეტსახელით - "მეფე იოანე" (Царь Иван). იგი გახლდათ თავისი დროის უგანათლებულესი პიროვნება და იმავდროულად, გამბედავი, მხიარული და გართობის მოყვარული ადამიანი. ჰქონდა ახლობელ-მეგობართა ფართო და გავლენიანი წრე. მას, თავისი ერთ-ერთი თანამედროვის შეფასებით, "ბევრი კარგი ზნე სჭირდა... ნათესავებისთვის არაფერს იშურებდა და რითაც შეიძლებოდა, ხელს უმართავდა. გარდა ამისა, ვინც კი საქართველოდგან აქ მოვიდოდა, ცდილობდა ყოველისფრით პატივი ეცა. ბევრჯელ ვყოფილვარ მოწამეთ, ღარიბ და საწყალ ქართველ სტუდენტებისთვის ხელი გაუმართავს".

პროფესორი დიმიტრი ობოლენსკი (1844-1931) იგონებდა: "კავკასიის დაპყრობისა და შამილის დატყვევების შემდეგ, როცა თავადი ბარიატინსკი პეტერბურგში ტრიუმფატორად დაბრუნდა, გარდა სხვა პატივისცემისა, ახალ ფელდმარშალს ბანკეტი ინგლისურმა კლუბმაც გაუმართა. სხვებთან ერთად, სადილს დაესწრო თავადი იოანე გრუზინსკი, სინამდვილეში ქართველი უფლისწული, კავკასიის მფლობელთა შთამომავალი, მთელი პეტერბურგისთვის ცნობილი ბონ-ვივანი, იახტკლუბის მხიარული წევრი, რომელსაც მეტსახელად "ცარ ივანს" ეძახდნენ. სადილზე ბევრი სადღეგრძელო წარმოითქვა.
ვახტანგ VI-ის გერბი
ბოლოს, ბარიატინსკის სიტყვით მიმართა ცნობილმა ნიკოლაი გრეჩმა, რომლის სიტყვაც გრძელი და მოსაწყენი იყო. მას საუბარი შეაწყვეტინა გრუზინსკიმ და ბარიატინსკის შესახებ აღნიშნა, რომ მან გაიმარჯვა არა რუსული იარაღის ძალით, არამედ პირადი მომხიბვლელობით, გონიერებით, დიდსულოვნებითა და სიმართლით... თავის მხრივ, გრეჩმაც შეაწყვეტინა გრუზინსკის: - "ნება მიბოძეთ, დავამთავრო!" "ცარ ივანმა" იგი ხელის მბრძანებლური ჟესტით შეაჩერა და დამსწრე საზოგადოების გასაგონად, ხმამაღლა განაცხადა: - "როცა არწივები ლაპარაკობენ, ფუტკრები არ უნდა ბზუოდნენ"... ეს სცენა ფრიად ეფექტური გამოდგა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იოანე გრუზინსკის ორიგინალურ, თეატრალურ გარეგნობას: მის მაღალ შუბლს, არწივისებურ ცხვირს და წაწვეტებულ წვერს, რომლითაც იგი ნაპოლეონ III-ს ჩამოჰგავდა".

* * *
გერმანული წარმომავლობის კურლანდიელმა ბარონმა მიხაილ ფონ ეკელნ-ჰიულსენმა ცოლად შეირთო ანა დადიანოვა (1785-1842). მისი მამა იყო პოდოლსკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, თავადი ალექსანდრე პეტრეს ასული დადიანოვი (1753-1811). მის პაპას - გენერალ-მაიორ ეგორ ლევანის ძე დადიანოვს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ცოლად ჰყავდა სოფიო იმერეტინსკაია - ასული გენერალ-ფელდცეიხმაისტერ ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკისა, ხოლო დიდ პაპას - სამეგრელოს მთავარ ლევან IV-ს ცოლად ჰყავდა თინათინი, ასული იმერთმეფე ბაგრატ IV-ისა.

* * *
1831-1837 წლებში კავკასიის მთავარმართებელი და კავკასიური საარმიო კორპუსის სარდალი იყო ინფანტერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ვლადიმირის ძე როზენი (1782-1841) - შთამომავალი გერმანული წარმომავლობის ესტლანდიელი ბარონებისა. მისი ასული, ბარონესა, სეფექალი ლიდია როზენი (1817-1866) 1836 წლის 19 იანვარს ცოლად გაჰყვა თავად ალექსანდრე ლევანის ძე დადიანოვს (1800-1865), რომელიც იყო ფლიგელ-ადიუტანტი, პოლკოვნიკი, ერევნის კარაბინერთა (მოგვიანებით - ლაიბ-გრენადერთა) პოლკისა და შთამომავალი სამეგრელოს მთავრებისა დადიანთა პირველი დინასტიიდან. მისი ბებია (მამის დედა) - ანა ლეონის ასული გრუზინსკაია (1753-1812) იყო შვილთაშვილი მეფე ვახტანგ VI-ისა.
ამდენად, ქართულ და ბალტიურ წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის ქორწინებანი ინტენსიურ ხასიათს ატარებდა XVIII საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან - XIX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#85
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა