უნიკალური ყელსაბამის თავგადასავალი - ქართული ოქრომჭედლობის რამდენიმე ნიმუში საქართველოსა და ბრიტანეთის მუზეუმებში - კვირის პალიტრა

უნიკალური ყელსაბამის თავგადასავალი - ქართული ოქრომჭედლობის რამდენიმე ნიმუში საქართველოსა და ბრიტანეთის მუზეუმებში

უცხოეთის მუზეუმებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ბრწყინვალე ნიმუშია დაცული. არცთუ იშვიათად, ქართული ხელოვნების ნიმუშები აუქციონებზეც ხვდება.

მაგალითად, 2014 წლის 9 ივლისს "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა ძვირფასი თვლებით შემკული და მინანქრით გაფორმებული, ქართული წარმომავლობის გულსაკიდი ჯვარი ვარდულებიანი ყელსაბამით (გვიანი XVII საუკუნე). აუქციონის კატალოგში ის ამგვარად არის აღწერილი:

"ოქროს გულსაკიდი ჯვარი სამყურა დაბოლოებებით, შემკული ზურმუხტით, ლალითა და საფირონით, ჯვრის ცენტრის ირგვლივ დამაგრებული მარგალიტებით. მწვანე მინანქრით დაფარული და ლალით გაფორმებული ვარდულებისგან აწყობილი ყელსაბამი".

ყელსაბამის მშრალი აღწერილობის უკან ხელოვნების ნამდვილი ნიმუში დგას. მისი თავისებურებებისა და წარმომავლობის შესახებ ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი გვესაუბრება.

- საბედნიეროდ, აუქციონის მომწყობნი, ზრუნავენ რა "სოთბის" პრესტიჟზე, გასაყიდად გატანილი ხელოვნების ნიმუშების ნამდვილობასა და წარმომავლობას განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ. ამის წყალობით, აუქციონზე გაყიდული ყელსაბამის თავდაპირველი მფლობელის სახელი ცნობილია. ეს გახლავთ სოფიო ნაკაშიძე-დადიანისა, რომელიც 1860-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს სოფიო ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. 1924 წელს მისი ვაჟი დაქორწინდა და სოფიო ნაკაშიძემ რძალს საქორწინო საჩუქრად თავისი ყელსაბამი უსახსოვრა. ოქრომჭედლობის ეს ბრწყინვალე ნიმუში "სოთბის" აუქციონზე სოფიოს მემკვიდრეებმა გაიტანეს.

"სოთბის" აუქციონზე გაყიდული გულსაკიდი ჯვარი

- რით არის ეს ყელსაბამი გამორჩეული?

- ეს ნაკეთობა გვიანი XVII საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია, რომელშიც შესრულებისა და ხელოსნობის ქართულ ტრადიციებთან ერთად, აღმოსავლური და დასავლური გავლენები აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საოქრომჭედლო ხელოვნება საქართველოში დაკნინებული იყო, ყელსაბამი მეტად დახვეწილია და ის თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკეთობაა. სხვათა შორის, "სოთბის" აუქციონზე გაყიდული ყელსაბამი იმავე სახელოსნოში უნდა იყოს დამზადებული, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ორი მსგავსი ყელსაბამი და გულსაკიდი ჯვარი დამზადდა. ამათგან ერთ-ერთი სამკაულების ნაკრების შემადგენელი ნაწილია.

საქართველოში დაცული ერთ-ერთი ყელსაბამის რგოლებს არა ვარდულების, არამედ სწორკუთხა ფირფიტების ფორმა აქვს. თავად ჯვარი და მისი ყელსაბამზე დამამაგრებელი რგოლი ორთავიანი არწივის გამოსახულებით, სამივე ყელსაბამში თითქმის იდენტურია. საინტერესოა, რომ კიდევ ერთი მსგავსი ყელსაბამი ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. მის შესამკობად, დანარჩენი სამი ყელსაბამისგან განსხვავებით, სხვა ძვირფას ქვებთან ერთად, ბრილიანტებიც არის გამოყენებული. ამასთან, ორთავიანი არწივი ჩანაცვლებულია მტრედით, რომელსაც ჯვრის საკიდი ნისკარტით უჭირავს. ბრიტანეთის მუზეუმში შედგენილი აღწერილობის თანახმად, ჯვარი სანაწილეს წარმოადგენს. მასში ჩაბრძანებული წმიდა ნაწილი დღეისთვის დაკარგულია.

- როგორ აღმოჩნდა ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში ბრიტანეთის მუზეუმში?

- ამ ჯვრიან ყელსაბამს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მუზეუმის კატალოგის თანახმად, ყელსაბამი მუზეუმისთვის ნინო უორდროპს შეუწირავს. ნინო ოლივერ უორდროპის ქალიშვილია, რომელიც 1919-1921 წლებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იყო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, თუმცა საქართველოში მანამდეც არაერთხელ ყოფილა. ოლივერს თავის დასთან - მარჯორისთან ერთად დიდი როლი მიუძღვის ქართული კულტურის უცხოეთში პოპულარიზაციის საქმეში. მისი დაწერილია წიგნი "საქართველოს სამეფო". მანვე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", "სიბრძნე სიცრუისა" და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები ინგლისურად.

მარჯორი უორდროპი ქართულ სამოსში

ოლივერ უორდროპის დიდი ბრიტანეთის მისიაში მუშაობის დროს, კერძოდ, 1920 წლის 12 იანვარს, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ საქართველო დე ფაქტო აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მოვლენით გახარებულმა ქართველმა დიდგვაროვანმა ქალებმა გადაწყვიტეს, ოლივერ უორდროპისთვის, მადლიერების ნიშნად, საჩუქარი მიეძღვნათ და ამ მიზნით ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, 130 ათასი მანეთის ღირებულების ჯვრის საკიდიანი ყელსაბამი შეარჩიეს. იმის გამო, რომ უცხოელ დიპლომატს ასეთ ძვირფას საჩუქარს პირდაპირ ვერ შესთავაზებდნენ, გამოსავლად ის მიიჩნიეს, რომ რადგან 14 იანვარს ნინოობა იყო, ხოლო ოლივერის მცირეწლოვან ქალიშვილს ნინო ერქვა (დაიბადა 1916 წელს), საჩუქრის მირთმევა ნინოობას დაამთხვიეს და მიმღებად პატარა გოგონა გამოაცხადეს.

სახელდახელოდ დააარსეს ქალთა საზოგადოება, რათა ყელსაბამის საყიდლად შემოწირულობები შეეგროვებინათ. საზოგადოების თავმჯდომარედ ელისაბედ ორბელიანი აირჩიეს. ეს ქალბატონი თბილისში 1919-1920 წლებში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის, The Georgian Messenger-ის გამომცემელი და რედაქტორი იყო.

"სოთბის" აუქციონზე გაყიდული გულსაკიდი ჯვარი (უკანა მხარე)

მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ოლივერ უორდროპსა და დიდი ბრიტანეთის მისიის სხვა თანამშრომლებთან. განსაზღვრული დროის შემდეგ ქალთა საზოგადოებამ თანხა შეაგროვა, ჯვრის საკიდიანი ყელსაბამი შეიძინა და ოლივერ უორდროპს მიართვა მისი გოგონასთვის გადასაცემად. სწორედ ეს ვერსიაა ხაზგასმული ელისაბედ ორბელიანის გაზეთის 1920 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ მოკლე ცნობაში, რომელშიც საჩუქარი "წმინდა ნინოს ძველებურ ჯვრად" იწოდება.

ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული გულსაკიდი ჯვარი

შეწირულობათა მოსაზიდად გავრცელებულ წერილებში კი ელისაბედ ორბელიანი ჯვარსა და ყელსაბამს მეფე გიორგი XII-ის (ადრე მიღებული ნუმერაციით - გიორგი XIII-ის) ნაქონ ჯვარს უწოდებს, რაც საჩუქრის მნიშვნელობის გაზრდისკენ მიმართული ხერხი უნდა ყოფილიყო: ხელოვნებათმცოდნეთა დასკვნით, ამ ტიპის ოთხივე ცნობილი ყელსაბამი არა XVIII, არამედ XVII საუკუნის ბოლოთი თარიღდება. ამავე თარიღს "სოთბის" ექსპერტებიც იზიარებენ.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#85