ბრინჯაოს კალამი 1800 წლისაა - კვირის პალიტრა

ბრინჯაოს კალამი 1800 წლისაა

თურქეთის ტერიტორიაზე, ძველბერძნული ქალაქ ასოსის ნანგრევებში უძველესი კალამი აღმოაჩინეს. ასოსი, რომელსაც ბეჰრამკალეს სახელითაც იცნობენ, რომაული ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. ანტიკური თეატრით, აგორათი, ნეკროპოლისითა და რომაული კედლებით.

კანაკალეს უნივერსიტეტის პროფესორმა ნურეტინ არსლანმა განაცხადა, რომ ბრინჯაოსგან დამზადებულ კალამს ქვიშისა და კერამიკის იატაკზე, ასევე სპეციალურ დაფებზე შენიშვნების, ფინანსური ანგარიშების ჩასაწერად და კალკულაციისთვის იყენებდნენ.

მეცნიერთა აღწერით, კალმის ერთი მხარე წამახვილებულია და როგორც ჩანს, მისი გამოყენებით გამოჰყავდათ ასოები, ხოლო მეორე მხარე გლუვია და მისი დანიშნულება ტექსტის რედაქტირება ან უკვე დაწერილის წაშლა იყო.

კალმის წამახვილებული მხრიდან ასო-ნიშნები გამოჰყავდათ, ხოლო გლუვ მხარეს ასწორებდნენ ან შლიდნენ

ნურეტინ არსლანი: `სტუდენტები, რომელთაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრინჯაოს კალმით ცვილის ფირფიტებზე წერდნენ, რათა წერა-კითხვა ესწავლათ და კალიგრაფიაც დაეხვეწათ. მდიდრები და ვაჭრები კი მას ფინანსური ანგარიშების შესადგენად იყენებდნენ~.

ვინაიდან ამ პერიოდში ჩანაწერები ძირითადად სანთლის ფირფიტებზე კეთდებოდა, საჭირო იყო კალამი მყარი მასალისგან - ძვლისგან ან ბრინჯაოსგან დაემზადებინათ, თუმცა უპირატესობას, ჩანს, ბრინჯაოს ანიჭებდნენ.

სპეციალისტების აზრით, ბრინჯაოს კალმით განათლებული მონებიც სარგებლობდნენ, რომლებიც საკუთარი მფლობელების ანგარიშებს ადგენდნენ ან მათთვის ჩანაწერებს აკეთებდნენ.

მომზადებულია trtworld-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#85