ფრთოსანი პეგასიდან გურულ მხედრებამდე - კვირის პალიტრა

ფრთოსანი პეგასიდან გურულ მხედრებამდე

...ცხენზე ჯდომა, ჯირითობა,

მზევ, შინ შემოდიო,

ყაბახს სროლა, ბურთაობა,

მზევ, შინ შემოდიო...

ხალხური

ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა ცხენის აღმნიშვნელიცა და შესამკობიც: ჰუნე, მერანი, რაში, ბედაური, ტაიჭი, იაბო, ფაშატი, ოჩანი, გაქირი, მარქაფა, სასაპალნე, საფერხე, ნისლა, ტრედანა, ქურანი, თაფლა, შავრა...

ცხენისა და ადამიანის ურთიერთობაზე საუბრისას თავს აუცილებლად გაგვახსენებს მუზათა საყვარელი ფრთოსანი პეგასი ძველბერძნული მითებიდან. არცთუ იშვიათად, მატიანეებში ისევე აღწერენ ცხენებს, როგორც ღირსეულ მეომრებს, რომელთა სახელებიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში.

ბუცეფალი

ბუცეფალი (ბერძნულიდან "ხარისთავი") ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი ცხენი იყო. ლეგენდის თანახმად, ის 10 წლის უფლისწულმა ალექსანდრემ მოათვინიერა და ამის შემდეგ ბუცეფალი მხოლოდ მას ისვამდა ზურგზე. ცხენი მუდამ ყალყზე დგებოდა, როცა პატრონთან მიიყვანდნენ. ალექსანდრეს უსაზღვროდ უყვარდა ბუცეფალი, უფრთხილდებოდა მას და ბრძოლებშიც არ იყენებდა. ლეგენდა გვიყვება, რომ სპარსეთის ერთ-ერთ მხარეში ლაშქრობისას, უკსიების ველურმა ტომებმა მოიპარეს ბუცეფალი, მაგრამ ალექსანდრე მათ სრული განადგურებით დაემუქრა და ცხენიც მაშინვე დაუბრუნეს პატრონს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე დღესაც არსებობს ქალაქი ბუცეფალა, რომელიც ალექსანდრემ დააფუძნა და სახელიც თავად უწოდა.

კენტავრი

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კენტავრები მოკვდავი არსებები იყვნენ, ადამიანის თავითა და მკერდით ცხენის ტანზე. ჩვეულებრივ, დიონისეს ახლდნენ თან, გამოირჩეოდნენ სიფიცხითა და თავშეუკავებლობით. ყველაზე ბრძენი კენტავრი ქირონი იყო, კეთილი და ბრძენი, ჰერაკლეს მეგობარი, არაერთი მითოლოგიური გმირის აღმზრდელი, მათ შორის, აქილევსისაც. ქირონი დაბადებიდანვე უკვდავთა რიგს იყო მიკუთვნებული, თუმცა მან უარი თქვა უკვდავებაზე და პრომეთეს გადასცა.

ინციტატუსი

იმპერატორ კალიგულას საყვარელი ცხენი. კალიგულამ ის ჯერ რომის მოქალაქედ აქცია, შემდეგ კი რომის სენატორად დანიშნა და თვით იმპერატორი რომ არ მოეკლათ, კონსულად დანიშვნასაც უპირებდა. კალიგულას ისე უყვარდა ინციტატუსი, რომ მარმარილოს თავლა აუშენა, მოუწყო სპილოს ძვლის ბაგა და ოქროს სარწყულებელი. გადასცა სასახლე მომსახურე პერსონალითა და საოჯახო ჭურჭლით. კალიგულამ ინციტატუსი "ყველა ღმერთის განსახიერებად" გამოაცხადა და მისი თაყვანისცემაც ბრძანა. იმპერატორის მკვლელობის შემდეგ ცხენის დასაცავად ითქვა, რომ სხვა სენატორებისგან განსხვავებით, მას არავინ მოუკლავს და იმპერატორისთვის არასოდეს სისულელე არ ურჩევია. იყო ერთი პრობლემა - კანონის მიხედვით, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არ შეიძლებოდა არც ერთი სენატორის, მათ შორის, არც ცხენის სენატიდან გათავისუფლება. ამიტომ ინციტატუსს ხელფასი შეუმცირეს და სენატიდან იმ მიზეზით გამოიყვანეს, რომ ფინანსურ ცენზს ვერ აკმაყოფილებდა...

ქართველი მხედრები ლონდონში, 1892 წ.

რაში

ქართულ მითოლოგიაში სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენი. მის სახელს ირანული და ტაჯიკური მითოლოგიურ-პოეტური ტრადიციებით, ლეგენდარულ რახშისთან მივყავართ. რაშები უჩვეულოდ ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან... განარჩევენ მიწიერ, ზღვისა და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილები არიან, გამჭრიახები, აქვთ წინასწარმეტყველური უნარი, ეხმარებიან გმირებს და ასრულებენ მათ დავალებებს. ზღვის რაშები ველური ბუნებით გამოირჩევიან. გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათს უკავშირდება. ზეციური რაშები ჩვეულებრივ, ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. ძნელია მათი გახედვნა.

* * *

არსებობს ცხენის არაბული ჯიშის წარმოშობის ლეგენდა. როცა მუჰამედი მექას გაერიდა, თან რამდენიმე ათეული ცხენი გაიყოლა. წინ დიდი გზა ედო უდაბნოს გავლით. დამღლელი გადასვლის შემდეგ ოაზისს მიადგნენ და ცხენებმაც წყალს მიაშურეს. მუჰამედმა მათი ერთგულების გამოცდა მოინდომა და დაუძახა. დიდი წყურვილის მიუხედავად, ხუთი ფაშატი პატრონისკენ გამოექანა. ამ ცხენებიდან იღებს სათავეს წმინდა სისხლის არაბული ცხენების ჯიშები.

ახალთექური ცხენების ლეგენდაც საინტერესოა. კვიცს ორმოში სვამდნენ, გამვლელები კი, პატრონის გარდა, მას ქვებს ესროდნენ. მხოლოდ პატრონი ეალერსებოდა და აპურებდა მას. ასე, პატარაობიდანვე ეჩვეოდა ცხენი მხოლოდ საკუთარ პატრონს და სხვებს კი ერიდებოდა. ახალთექურიც ცნობილია როგორც ერთი პატრონის ცხენი და თუ პატრონი იცვლება (მაგალითად, გაყიდვისას), ეს ცხენის ქცევასა და ფსიქიკაზე მეტად ცუდად მოქმედებს.

ლიტერატურული "გმირები"

დონ კიხოტის როსინანტი

სერვანტესის გმირი დიდხანს ეძებდა საკუთარი ცხენის სახელს. მიაჩნდა, რომ სახელი უნდა მიუთითებდეს მის მომავალსა და წარსულზე, ესატყვისებოდეს პატრონის საქმიანობასა და სტატუსს. არჩევანი შეაჩერა როსინანტზე ("როსინ" - ჯაგლაგი; "ანტე" - მანამდე), ანუ აირჩია "სახელი, რომელიც განმარტავს, რომ ეს ცხენი ადრე ჩვეულებრივი ჯაგლაგი იყო, დღეს კი, გაუსწრო რა სხვა დანარჩენს, მსოფლიოში პირველი ჯაგლაგი გახდა".

ჯონათან სვიფტის "გულივერის მოგზაურობაში" აღწერილია სათნო ცხენების - ჰუიჰნჰმების ქვეყანა. მათი უმთავრესი თვისებაა მეგობრობა და კეთილგანწყობა ყველა თანამოძმისადმი. არასოდეს იტყუებიან, მათ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვები "სიცრუე" და "ტყუილი"...

* * *

ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ ქვეყანაში არსებობდა მდიდარი მხედრული ტრადიციები, ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა - დოღი, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვა ცხენოსნური თამაშები. ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში ჯერ კიდევ ურარტუს დროს ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთის, მარსის დღესასწაულზე, რომში წარჩინებულებთან ერთად სტუმრად მყოფ იბერთა მეფე ფარსმან ქველს (II ს.) საცხენოსნო ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობა იმპერატორს მოსწონებია და განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის ველზე ერთ-ერთ ტაძარში ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.

ცხენების მოშენების საქმეში განსაკუთრებით სამეგრელოსა და თუშეთში დაწინაურდნენ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში - დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.

"აქილევსის აღზრდა". ბენინ განიერო, 1785

აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში. იქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში.

XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ოსტატობით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.

1920-იანი წლებიდან განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობებიც. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისში გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება "სპარტაკის" ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი განაგრძეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შოთა აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომრავლდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთის, ყულარისა და სიღნაღის ცხენოსნები.

სხვადასხვა დროს ყოფილი სსრ კავშირის ჩემპიონებს შორის ქართველი ცხენოსნები ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონიაც იყვნენ. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.

* * *

ცხენებსა და ცხენოსნობას უამრავი სახუმარო ამბავი და ანეკდოტიც უკავშირდება:

ამერიკის ბევრ შტატში ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი კანონი, რომლებიც დღეს უკვე სასაცილოდ მოჩანს. მაგალითად, ვაშინგტონში აკრძალულია თევზის ჭერა ცხენზე ჯდომისას.

არაბული ცხენი

ცნობილი ქართველი ცხენოსნის, ოთარ ხაინდრავას ნაამბობიდან: "რბოლაზე სრულიად უცნობმა ცხენმა გაიმარჯვა. ჟურნალისტებმა მისი მხედარი მონახეს და კითხვები დაუსვეს. რა ხნისააო, რომ ჰკითხეს, შვიდისო. აქამდე რატომ არსად გამოგიყვანიათო და... ვერ ვიჭერდიო".

ძველი თბილისელი მეეტლე იხსენებს: ერთი შეუხედავი, გამოპრანჭული ქალბატონი ჩამიჯდა ეტლში და შიშნარევი ხმით მკითხა, - თქვენი ცხენი მფრთხალი ხომ არ არის, ხომ არ გაგვაქანებსო?

- ქალბატონო, მშვიდად დაბრძანდით, ნუ შიშობთ, უკან არ იყურება-მეთქი.

კაცი ცხენის "კაჭკით" ვენახში მიდის, უცებ ქარი ამოვარდა, საიდანღაც გაზეთი ააფრიალა და ცხენს თვალებზე მიაფარა. გაგიჟდა, დაფრთხა ცხენი, გიჟივით გავარდა და თხრილში გადაიჩეხა, გადაბრუნდა "კაჭკა", კაციც გადმოვარდა, გვერდები ჩაენგრა, ცალ ხელზე წამოიწია და შეუყვირა ცხენს - კაცო, ამისთანა რა წაიკითხე ამ გაზეთში, ასეთი ამბავი რომ დამმართეო?

ბოლნისი. 2005 წელი. იური მეჩითოვის ფოტო

ცნობილი ცხენოსნის, მიხეილ ტატიშვილის მოგონებებიდან: "ასეთი ამბავი მოხდა ჩემს სპორტულ ცხოვრებაში - ცხენს, რომელიც სავარჯიშოდ ავირჩიე, ვატყობდი, არ ვუყვარდი, მაგრამ ვცდილობდი, შემჩვეოდა. ამასობაში სამი წელიწადი გავიდა და ერთად ბევრი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ოღონდ, მხოლოდ შემეჩვია და მეტი არაფერი. ის სპორტსმენი, კი რომელიც თავიდან შეიყვარა, სამწუხაროდ, ჩვენგან წასულია. ამის მერე ცხენი გახდა აგრესიული, თითქმის უმართავი... სანამ ვიჩვევდი, კარგად გავიგე ცხენის ერთგულების ფასი. საინტერესო ის არის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მისი პირველი მხედარი ჩვენს თავლაში აღმოჩნდა, ცხენმა მაშინვე იცნო იგი. გასასვლელისკენ გაიქცა და საყვარელი ადამიანის ხელისგულში ჩაყო თავი. გაშეშდა, თითქოს განძრევისა ეშინიაო. ვერ ვიცანი, სულ სხვა არსება გახდა. სამწუხაროა, როცა ასე იდეალურ წყვილს ერთმანეთს აშორებენ..."

ლევან ჭუბაბრია

ჟურნალი "ისტორიანი",#85