სამადლობელი ნინო სუხიშვილსა და ჩემს საქართველოს - კვირის პალიტრა

სამადლობელი ნინო სუხიშვილსა და ჩემს საქართველოს

ჩემი და ჩემი ახლობლების სახლი თბილისში, ქაშუეთთან ახლოს, 1991-1992 წლების ზამთარში დაიწვა, სამოქალაქო ომმა შეიწირა. ბედის საძიებლად უკრაინაში ამოვყავი თავი და დღესაც იქ ვცხოვრობ პატარა ქალაქ ნიკოლაევში, ოდესიდან 150 კილომეტრში.

გვიან დავქორწინდი. სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს: დენისი, სოფიკო და მარიამი, რომლებიც საქართველოზე ოცნებობენ. ცხოვრებამ ესეც არ მაკმარა და ბოლო წლებია მძიმე სენს ვებრძვი. ყელის სიმსივნე მაქვს. ორი ოპერაცია გამიკეთეს და ახლა ქიმიური თერაპიის იმედად ვარ.

უკრაინაში ამჟამად რთული ვითარებაა როგორც პოლიტიკური, ასევე ჯანდაცვის თვალსაზრისით. ქვეყანაში რეგისტრირებულია რამდენიმე ასეული ათასი ონკოლოგიური ავადმყოფი (ჩერნობილის ავარიის გამოძახილი!). სამედიცინო მომსახურება კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფასიანია - ქვეყნის პარლამენტმა საბოლოოდ ასე დაადგინა!

გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მორიგი ქიმიური თერაპიის კურსის თანხა ჩემი ქართველი მოძღვრისა და მრევლის დახმარებით შემიგროვეს.

...1972-1979 წლებში ლეგენდარული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლში ვცეკვავდი და თავი უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნდა. ჩემმა ახლობელმა ინტერნეტით ჟურნალ "ისტორიანში" გამოქვეყნებული სტატიების ფოტოები გამომიგზავნა. იცოდა, სულ ვდარდობდი, რომ ახალგაზრდობის არც ერთი ფოტოსურათი აღარ შემომრჩა, ყველაფერი თბილისის ომმა შეიწირა... ამაოდ ვეძებდი ძველ ფოტოებში საკუთარ თავს... მაშინ ვიფიქრე, იქნებ ქალბატონ ნინო სუხიშვილს მივმართო თხოვნით-მეთქი და ჩემმა მეუღლემ მარინა კორდუკმა-სალარიძემ მართლაც გაუგზავნა მას ჩემი წერილი და ჩემი ავადმყოფობის საბუთები.

ქალბატონ ნინოს, რა თქმა უნდა, არ ვახსოვდი, რადგან როცა მე ანსამბლში ვცეკვავდი, ის და ილიკო ძალიან პატარები იყვნენ. ნინოს იმ პერიოდის მოცეკვავეები მოუკითხავს. ზაზა ცერცვაძე უპოვია - ჩემთან ცეკვავდა (სოლისტები ვიყავით ერთად "აჭარულში"). ზაზამ დამირეკა, რომ ნინო და ილიკო სუხიშვილებს თავიანთი მამის, ცნობილი მოცეკვავის, თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაუარსებიათ და ბევრი მოცეკვავისთვის გაუმართავთ ხელი. დღეს კი ხალხს ისე უჭირს, საქველმოქმედო ფონდისთვის აღარავის სცალია, მაგრამ ქალბატონმა ნინომ გულთან მიიტანა შენი ამბავი და იქნებ როგორმე დაგეხმაროსო.

სიმართლე გითხრათ, აღარც ველოდებოდი საქართველოდან ზარს. ნოემბერში კი ჩემს სახელზე საქართველოდან, ჩემი მშობლიური ანსამბლიდან ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 1.000 დოლარი ჩაირიცხა. ეს თანხა ჩემს მორიგ ქიმიურ თერაპიასა და მედიკამენტებს ხმარდება... ღმერთმა იცის, რამდენი წლით, თვით თუ დღით გამიხანგრძლივებს სიცოცხლეს საქართველოდან მიღებული დახმარება, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემს ანსამბლს, ჩემს ქვეყანას ისევ ვახსოვარ...

დიდი მადლობა ჩემი სათაყვანებელი ქალბატონი ნინო რამიშვილის ღირსეულ შვილიშვილს, მშვენიერ ნინო სუხიშვილს. დიდი მადლობა ილიკო სუხიშვილს, ჩემს მეგობარ ზაზა ცერცვაძეს, სუხიშვილების მთელ ანსამბლს, ჩემს საქართველოს, რომ ერთი ძველი მოცეკვავისთვისაც ისევე ზრუნავენ, თითქოს კვლავ მათ გვერდით ვიყო. თუმცა მე ხომ მთელი გულით დღესაც ამ ანსამბლის წევრი ვარ. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჟურნალ "ისტორიანს", ამ სამადლობელი წერილის გამოქვეყნების საშუალება რომ მომცა.

ივანე სალარიძე, ანსამბლ "სუხიშვილების" წევრი 1972-1979 წლებში. უკრაინა. ქალაქი ნიკოლაევი

ჟურნალი "ისტორიანი",#85