"ვეფხვის ბუდე" ტაკწანგ-ლაკხანგი - კვირის პალიტრა

"ვეფხვის ბუდე" ტაკწანგ-ლაკხანგი

ტაკწანგ-ლაკხანგი (პარო ტაკწანგი), სხვაგვარად "ვეფხვის ბუდე", აღმართულია ფრიალო კლდის თხემზე პაროს ხეობაში, ქალაქიდან ჩრდილოეთით 10 კილომეტრის მოშორებით. მონასტერი ზღვის დონიდან 3120 მეტრის სიმაღლეზეა, კლდის სიმაღლე კი პაროს ვაკიდან 700 მეტრზე მეტია და იმდენად ციცაბოა, რომ კომპლექსის კედლები უშუალოდ უფსკრულის ნაპირზეა ამოყვანილი.

მონასტრის ნაგებობები, საცხოვრებელი შენობების ჩათვლით, კლდოვან ლანდშაფტშია ჩაშენებული. მთაზე რვა გამოქვაბულია, რომელთაგან ოთხი მიუდგომელია. დანარჩენ გამოქვაბულებთან აგებულია ოთხი ტაძარი. მონასტრის ყველა ნაგებობა ერთმანეთს უკავშირდება კლდეში ნაკვეთი კიბეებით, ბილიკებითა და რამდენიმე ხის ხიდით. ყველა შენობას აქვს აივანი, საიდანაც პაროს ვაკის ზღაპრული ხედი იშლება. ყველაფერზე მაღლა კი მონასტერში ბუდას გამოსახულებაა.

საზოგადოდ, ლაკხანგს ბუტანში (და ტიბეტში) უწოდებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მცირე ბუდისტურ ტაძარს, სადაც ძვირფასი რელიკვიები ინახება. ლაკხანგებში ბერების ძირითადი მოვალეობა წმინდა ადგილების მოვლა, მომლოცველთა მიღება და მედიტაციაა. რაც შეეხება ტაკწანგ-ლაკხანგს, აქ ყველაფერი დაკავშირებულია VIII საუკუნის უდიდეს ინდოელ გურუსთან, რეგიონის ქვეყნებში ბუდიზმის გამავრცელებელ პადმასამბჰავასთან, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც მეორე ბუდას. პადმასამბჰავა ბუტანში ქვეყნის მფარველად მიიჩნევა.

ლეგენდის თანახმად, ტაკწანგში პადმასამბჰავა ვეფხვად გარდასახული მეუღლის - იეშე ცოგიალის ზურგზე ამხედრებული მოფრინდა და მთაზე მედიტაციის გასაწევად დარჩა. ერთ-ერთ გამოქვაბულში პადმასამბჰავა სამ თვეს ცხოვრობდა, რა დროსაც რვაჯერ გარდაისახა და გახდა გურუ რვა სახელით. ამის შემდეგ აქაურობა წმინდა ადგილად შეირაცხა და "ვეფხვის ბუდე" უწოდეს. გამოქვაბულთან ტაძრის ასაგებად ადგილი პადმასამბჰავამ თავად მიუთითა, რა დროსაც განაცხადა - "ტაძარი მთის ფერდობს გეკონის მსგავსად მოეჭიდება"...

მონასტრის ყველა ნაგებობიდან პაროს ვაკის ზღაპრული ხედი იშლება

გამოქვაბულს, რომელშიც პირველად შევიდა პადმასამბჰავა ვეფხვზე ფრენის შემდეგ, ჰქვია ტხოლუ პხუკი, ხოლო გამოქვაბულს, სადაც დიდხანს ცხოვრობდა და მედიტაციას ეწეოდა - პელ პხუკი. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ წმინდა მთაზე პირველი ტაძარი აშენდებოდა. საუკუნეთა განმავლობაში მოდიოდნენ პილიგრიმები წმინდა გამოქვაბულების მოსალოცად თუ მედიტაციისთვის და ტაკწანგიც ბუდისტურ სამყაროში დიდებით შეიმოსა.

XI საუკუნიდან კი წმინდა მთაზე მრავალი ტიბეტელი - გამორჩეული ბუდისტი თუ წარჩინებული ადამიანი მოდიოდა. მათ შორის იყო სახელგანთქმული მილარეპა - ტიბეტური ბუდიზმის მასწავლებელი და პოეტი, მრავალი ბალადისა და სიმღერის ავტორი. XII საუკუნიდან მოდიოდნენ ტიბეტელი ლამებიც, რომლებიც ბუტანის სხვადასხვა მხარეში აფუძნებდნენ თავის მონასტრებს. XIV საუკუნის ბოლოს ტანკწანგში ლამა ნინგმაპას მეოხებით პირველი საკურთხეველი აშენდა. ნინგმაპას დროინდელი კედლის მხატვრობის სტილი კიდევ განირჩევა კლდეზე, მთავარი ტაძრის თავზე, თუმცა ორიგინალური მხატვრობა აღარ შემორჩენილა.

ტაკწანგ-ლაკხანგში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბუტანის მფარველად შერაცხილ ტიბეტური ნინგმა-ბუდიზმის მასწავლებელ პემა ლინგპას (1450-1521). მან ბუტანში მრავალი მონასტერი დააარსა. პემა ბუტანში ასევე ეძიებდა რელიკვიებს - დიდი გურუ პადმასამბჰავას მოწაფეების მიერ გადამალულ ტექსტებსა და სარიტუალო ნივთებს. ისინი 836-842 წლებში გადამალეს, როცა ბუტანში მეფე ლანდარმა ბუდიზმს დევნიდა. წმინდა მთას ლინგპამ უწოდა "გაფერადებული სპილენძის მთა, პადმასამბჰავას სამოთხე". მანვე შექმნა პადმასამბჰავასადმი მიძღვნილი ცნობილი რელიგიური და საერო ცეკვები, რომლებიც სრულდება პაროს ველზე გამართულ ყოველწლიურ ფესტივალზე მარტ-აპრილში, რომელსაც ცეჩუ ეწოდება.

ბუტანის მეფე შაბდრუნგმა, 1646 წელს ტიბეტთან ომში გამარჯვების შემდეგ, წმინდა მთაზე ტაძრის აგება გადაწყვიტა. ეს წილად ხვდა მის მემკვიდრეს, ბუტანის მეოთხე მმართველს, ტენზინ რაბჯის, რომელმაც 1692 წელს პელ პხუკის გამოქვაბულის შესასვლელთან, საიდანაც პაროს პანორამას გადასცქეროდა, საკუთარი ხელით ჩადო ქვა მომავალი ტაძრის საძირკველში. ბუდისტების რწმენით, ტენზინ რაბჯი სწორედ გარდასახული პადმასამბჰავა იყო... დღეს ტაკწანგ-ლაკხანგის სტუმრებს წელიწადში ერთხელ ეძლევათ უფლება, შევიდნენ მთავარ გამოქვაბულში, სადაც მედიტაციას ეწეოდა მეორე ბუდად მიჩნეული გურუ პადმასამბჰავა.

სალოცავი ბორბალი ტაკწანგში (ზემოთ). მონასტრის კედლები მრავალფრად არის მოხატული (ქვემოთ)

ოთხი ტაძრისა და საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარი ბუდისტური სავანის შიდა დიზაინი გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ფუფუნებით - ოქროთი დაფარული გუმბათებით, ხოლო 1000 ბუდას დარბაზში, რომელიც პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი, ვეფხვის დიდი ქანდაკებაა. მთავარ გამოქვაბულში შესასვლელი ვიწროა. ბინდი მხოლოდ ზეთის ლამპრების მოლიცლიცე შუქით არის განათებული, რომელზეც განირჩევა ბოდჰისატვების (ბუდიზმში - არსება სრულყოფილი ცოდნით) ათობით გამოსახულება, მათ შორის ავალოკიტეშვარას (ბუდიზმში - შებრალების ღმერთი) გამოსახულება, მის მეზობლად სენაკში ინახება ბუდისტური წმინდა წერილები, რომლებზეც წარწერები შესრულებულია ოქროს ფხვნილისა და ერთ-ერთი ლამას ძვლების ნაფქვავის გამოყენებით.

ეზოში სალოცავი ბორბალია - მონასტრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე. სალოცავი ბორბალი (რომლებითაც მოფენილია ბუდისტური სამყარო), მასთან დაკავშირებული ლოცვები და სულიერი პრაქტიკა ბუდიზმში სწორედ პადმასამბჰავამ დაამკვიდრა. ბორბალი წარმოადგენს ხის ან ლითონის დოლს, რომელზეც მანტრებია დაწერილი. ამას გარდა, დოლი მთლიანად გამოვსებულია უთხელეს ქაღალდზე დაწერილი მანტრებით და მისი ზომა რამდენიმე სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე მერყეობს. დოლის ერთი სრული შემობრუნება ყველა იმ მანტრის წარმოთქმას ნიშნავს, რომელიც მასზე და მასშია. აქაური ბერები ბორბალს ყოველ დილით აბრუნებენ და სამყაროს ახალი დღის დაბადებას ამცნობენ.

1998 წლის 19 აპრილს მონასტერში დიდი ხანძარი მოხდა. ცეცხლი გაჩნდა მთავარ ნაგებობაში, სადაც ინახებოდა ფასეული სურათები, არტეფაქტები და ქანდაკებები. დაიღუპა რამდენიმე ბერიც. თუმცა მალევე სკრუპულოზურად დაიწყეს ტაძრის აღდგენა, სამუშაოები საბოლოოდ 2005 წლისთვის დასრულდა.

რამაზ გურგენიძე

ჟურნალი "ისტორიანი",85