ცხოველები... ეშაფოტზე - კვირის პალიტრა

ცხოველები... ეშაფოტზე

ახლა კი გვეჩვენება სასაცილოდ, მაგრამ შუა საუკუნეებში ეს სულაც არ იყო სახუმარო ამბავი. სასამართლოს წინაშე, ადვოკატების თანხლებით, იწვევდნენ ელეგანტურად შემოსილ... ღორებს, ცხენებსა და სხვა ცხოველებს. მოსამართლეები წამების გზით მათგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. გაგიკვირდებათ და, ზოჯერ აღწევდნენ კიდეც ამას. შუა საუკუნეებში ცხოველთა სასამართლოს წინაშე წარდგენა არცთუ იშვიათი იყო. მათ ისე ასამართლებდნენ, თითქოს ადამიანთა პრობლემებში ისინი ყოფილიყვნენ დამნაშავე.

1386 წელს ნორმანდიის ქალაქ ფელეზში უჩვეულო სასამართლო გაიმართა. სამი წლის დედა ღორი ჩვილის გარდაცვალებაში დაადანაშაულეს - თოთო ბავშვს ცხვირი, ყურები და ხელი მოაჭამა. ღორი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ქალაქის ეშაფოტზე თავი მოჰკვეთეს. ეგზეკუციას ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრთა გარდა, ღორების მთელი კოლტი ესწრებოდა.

ამ ამბავში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ღორის სიკვდილით დასჯას წინ უძღოდა ორთვიანი სასამართლო პროცესი, რომლის მსვლელობისას დედა ღორს ისევე მიმართავდნენ, როგორ რიგით განსასჯელ ადამიანს. ამასთან, ის არა მხოლოდ შემოსილი იყო, არამედ წინა ფეხებზე ხელთათმანებიც კი ჰქონდა წამოცმული. ღორს ჩაკეტილ ოთახში ამყოფებდნენ, მიჩენილი ჰყავდა მცველიც. მას არც საჭმელს აკლებდნენ, გამოუყვეს ვექილიც, რომელმაც, თუკი ამ პროცესის დასასრულს გავითვალისწინებთ, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და თავისი პატიმარი ვერ დაიცვა. ეს ყოველივე ცნობილი გახდა შესაბამისი ჩანაწერებიდან. ნოტარიულ წიგნებში ისიც კი არის აღნიშნული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენი გადაუხადა ხელოსნებს ეშაფოტის აღმართვისთვის. ქალაქის მერიის მოხელეებს არც ჯალათის შრომის ანაზღაურების მითითება დავიწყებიათ.

სასამართლო და ქალაქის მესვეურები მხოლოდ იმით როდი დაკმაყოფილდნენ, რომ ღორს ეშაფოტზე სიკვდილი მიუსაჯეს, გადაწყვიტეს, რომ დასჯის პროცესი საყოველთაო გამხდარიყო. ამიტომ ჯერ სასამართლოში წაიკითხეს განაჩენი, შემდეგ კი ადამიანის სამოსში გამოწყობილი პირუტყვი იმ მოედნისკენ წაათრიეს, სადაც ეშაფოტი იყო მომზადებული. იქ, უამრავი ხალხის თვალწინ ჯალათმა ჯერ ისე დაასახიჩრა ღორი, როგორც მან ჩვილი, ანუ მასაც წააჭრეს ცხვირი, ყურები და ფეხი. შემდეგ უკანა ფეხებით ჩამოკიდეს და დაუცადეს, ვიდრე სისხლისგან დაიცლებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ღორს სახეზე ადამიანის ნიღაბი ჰქონდა ჩამოცმული. ამის შემდეგ, დასჯილ-დასახიჩრებული ღორი ცხენს გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს. ბოლოს კი დასჯის ორგანიზატორებმა ღორი კოცონზე დაწვეს. მთელი ამ ამბისთვის უნდა ეყურებინა ბავშვის მამას, რომლისთვისაც ეს საკადრისი სასჯელი იქნებოდა - მან ხომ ჩვილი უყურადღებოდ დატოვა. ღორების კოლტი კი ალბათ დასჯას "ჭკუის სასწავლებლად" ესწრებოდა...

ეს პროცესი იმდენად უჩვეულო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქალაქ ფელეზის ცხოვრებაში, რომ მან ისტორიული ხასიათი შეიძინა: დასჯის პროცესი აღბეჭდილი იყო წმინდა სამების ეკლესიის ფრესკაზე. ფრესკის მოხატვა ქალაქის ხელმძღვანელობამ შეუკვეთა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფრესკას ჩვენამდე არ მოუღწევია.

ცხოველური მორალი

ცხოველების გასამართლება შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. ამგვარი პროცესები XIII საუკუნიდან დაიწყო და სამ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ეშაფოტზე ისჯებოდნენ ცხენები, ღორები, ძროხები და სხვა შინაური ცხოველები. რაც შეეხება მღრღნელებს ან ქვეწარმავლებს, მათ ანათემას გადასცემდნენ ხოლმე. ცნობილმა მედიევალისტმა მიშელ პასტურომ წიგნში "ევროპული შუა საუკუნეების სიმბოლური ისტორია" ცხოველთა დასჯის პრაქტიკა სამ კატეგორიად დაყო.

პირველ კატეგორიაში შეიყვანა შინაური ცხოველები. მათ აერთიანებდათ ის, რომ ადამიანები დახოცეს ან დაასახიჩრეს. ეს გახლდათ კრიმინალი, რომელშიც საეკლესიო წრეები არ ერეოდნენ.

მეორე კატეგორიაში შეიყვანა დიდი ზომის ველური მხეცები, რომლებიც მოსავალს ანადგურებდნენ ან ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ მღრღნელები, მატლები და მავნებლები, რომლებიც მოსავალს ემტერებოდნენ. მხეცებს სამოქალაქო ხელისუფლება უსწორდებოდა ფიზიკური სასჯელით, მღრღნელებსა და მავნებლებს კი ეკლესია შეაჩვენებდა, ანათემას გადასცემდა. ამას თან ახლდა საგანგებო ლიტურგია.

მესამე კატეგორიაში შედიოდნენ ცხოველები, რომლებიც ადამიანის სოდომურ დანაშაულში მონაწილეობდნენ - როცა მამაკაცი ან ქალი ცხოველთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, ადამიანს ცხოველთან ერთად ტომარაში სვამდნენ, იქვე დებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მათ კოცონზე წვავდნენ, რათა სამარცხვინო ამბის კვალიც კი გამქრალიყო.

შემონახულია დოკუმენტი 65 წლის ღვინის ვაჭარზე, რომელიც 1553 წელს დააკავეს ახალგაზრდა ცოლის დასმენის საფუძველზე, ცხვართან სქესობრივი კავშირის ბრალდებით. მას ბრალს სდებდა მეზობელი აფთიაქარიც, რომელიც მისი ცოლის საყვარელი ყოფილა. ის სოდომურ ცოდვაში ოჯახის მსახურმაც დაადანაშაულა, რომელიც მისი ცოლის კიდევ ერთი საყვარელი იყო. სასამართლო პროცესამდე ნაწამებმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ოღონდ განაჩენში "მცირე შესწორება" შეიტანა - ცხვართან მხოლოდ ერთხელ შევცოდეო. თუმცა, როგორც მისი, ასევე ცხვრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. 1554 წლის 15 იანვარს ღვინის ვაჭარი ჩამოახრჩვეს, მისი გვამი კი ტომარაში ჩადეს და მოკლულ ცხვართან ერთად კოცონზე დაწვეს. ქონება ახალგაზრდა ცოლს გადაულოცეს, რომელიც ქმრის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ აფთიაქარზე გათხოვდა.

ბრძოლა მავნებლებთან

ალპების ქვეყნებში ხშირად ებრძოდნენ თაგვებს, ვირთხებს, კალიებს და სხვ. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებმა იურისტმა ბარტოლომე დე ჰასენმა დაგვიტოვა წიგნი: "ზიანის მომყენებელ ცხოველებთან ბრძოლის მეთოდები". ავტორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს წინაშე მავნებლებიც უნდა წარდგნენ. მისი აზრით, ასეთი საქმეები ეპისკოპოსთა სასამართლომ უნდა გაარჩიოს, რომელსაც აქვს უფლება, შეაჩვენოს მავნებლები და აიძულოს მათ იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც "დანაშაული" ჩაიდინეს.

ყველაზე ძველი საბუთი, რომელიც ასეთ სასამართლოს ასახავს, 1120 წლით თარიღდება. ეპისკოპოსი ბარტოლომე ისე წყევლის თაგვებს, ვირთხებსა და მუხლუხებს, რომლებიც ნათესებს დიდ ზიანს აყენებენ, თითქოს საქმე ერეტიკოსებს ეხებოდეს. ამგვარი სასამართლოები ხშირად იმართებოდა XIV საუკუნიდან მოყოლებული, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. 1516 წელს ტრუას ეპისკოპოსი უბრძანებს მარანში დამალულ მღრღნელს, სწრაფად დატოვოს იქაურობა, თორემ ეკლესიიდან განკვეთა არ ასცდება. ამასთან მრევლს მოუწოდებს, თავი დაიცვას მავნებლებისგან და არ გაბედონ უარის თქმა გადასახადის სახით მოსავლიდან მეათედის გადახდაზე...

კანონი ნებისმიერი არსებისთვის

ცხოველებს სასამართლოს წინაშე ყველაზე ხშირად ბავშვების დასახიჩრების ან მოკვლის გამო წარადგენდნენ. ასეთ შემთხვევაში ცხოველი უნდა დაეჭირათ, დაეპატიმრებინათ, შემდეგ გამოეძიებინათ, დაენიშნათ სასამართლო პროცესი და სასჯელი განესაზღვრათ. მოსამართლე მოუსმენდა მოწმეებს, შეადარებდა აღიარებით ჩვენებას და სასჯელის ზომას განსაზღვრავდა, რომელსაც განსასჯელს საკანში წაუკითხავდნენ. ამ მომენტიდან ცხოველი ადგილობრივი ხელისუფლების ხელში გადადიოდა, რომლის განკარგულებითაც ჯალათს განაჩენი სისრულეში მოჰყავდა. ეს, როგორც წესი, ჩამოხრჩობა, კოცონზე დაწვა ან გილიოტინა იყო. დიდწონიანი ცხოველების შემთხვევაში, როგორიც იყო მაგალითად, ხარი, ნაჯახი გამოიყენებოდა, რითაც ცხოველს თავს აცლიდნენ. ხშირად სიკვდილით დასჯამდე სიკვდილმისჯილს ქუჩაში ატარებდნენ, ამცირებდნენ. ამით მოსახლეობას აჩვენებდნენ, რომ მართლმსაჯულებას ვერავინ დაემალებოდა.

მართალია, ცხოველთა გასამართლებას სიგიჟედაც მიიჩნევენ, მაგრამ შუა საუკუნეების ზოგიერთ მკვლევარს განსხვავებული აზრი აქვს - ცხოველები ისევე იყვნენ თავიანთ საქციელზე პასუხისმგებელი, როგორც ადამიანები. მათ უფლებას აძლევდნენ, ადვოკატი ჰყოლოდათ. ამგვარ აზრს გამოთქვამს, მაგალითად, ამ ეპოქის ისტორიკოსი ფლერ დუჟე წიგნში "ცხოველების საიდუმლო. კვალი აიღე და გაჰყევი". დუჟეს აზრით, მართალია, ზოგიერთი დასცინის წარსული ეპოქის ამ პრაქტიკას, მაგრამ გარკვეულწილად, ეს გამართლებული იყო. ამით შუა საუკუნეების საზოგადოება გამოხატავდა აზრს: თუ ადამიანს უნდა ჰყოლოდა ადვოკატი, ის უნდა ჰყოლოდა ცხოველსაც. მაგალითად, აგრესიული ძაღლების უმეტესობა ხომ თავისი ნებით არ გამხდარა ასეთი - ისინი ცუდი მოქცევის ან წვრთნის შედეგად გაავდნენ. ასეთ ვითარებაში მათ დამცველებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ ძაღლების ქცევაში მათი პატრონები არიან დამნაშავე...

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი", N#2