რუსეთის იმპერიასთან მეომარი უკანასკნელი ქართველი მეფე გრიგოლ I
22-02-2018
რუსეთის იმპერიასთან მეომარი უკანასკნელი ქართველი მეფე გრიგოლ I
რუსეთის საიმპერიო და საბჭოურ ისტორიოგრაფიაში ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფედ გიორგი XII მიიჩნეოდა.
პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის მონოგრაფიაში "გრიგოლ I - უკანასკნელი ქართველი მეფე" (თბილისი, 2008 წ.) წამოყენებულია სათანადოდ არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ქართლ-კახეთის ბოლო და იმავდროულად უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, მეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი, უფლისწულ იოანეს ერთადერთი ვაჟი გრიგოლი (1789-1830 წწ.).
გთავაზობთ ნიკო ჯავახიშვილის სტატიას, რომელშიც მოკლედ არის მოთხრობილი გრიგოლ ბაგრატიონის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ.

ქართული სახელმწიფოებრიობა სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორებმა, კერძოდ, ჯერ პავლე I-მა, ხოლო შემდეგ მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა, ხელი მოაწერეს მანიფესტებს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ისტორიაში შევიდნენ როგორც პირველი დამპყრობლები,
რომელთაც ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის წინამძღოლობით არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის ძირფესვიანად მოსპობა, მისი პოლიტიკური სახელის სამუდამოდ წაშლა სცადეს.

ისტორიიდან ცნობილია სხვა არანაკლებ სასტიკ დამპყრობელთა სახელები, რომლებსაც შესაძლოა იგივე სურდათ, რაც რუს იმპერატორებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის ამა თუ იმ ფორმით არსებობას მაინც ეგუებოდნენ.

რუსეთის იმპერატორის მმართველობის ქვეშ იძულებით მოქცეული ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილს კვლავ ბაგრატოვანთა გამეფება სურდა. ამ გვარის სახით ქართველობას ეროვნული სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო ეგულებოდა. ამის გამო, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული სამეფო ოჯახის წევრთა უმეტესობა სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს.
რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაცია საქართველოში ისე იქცეოდა, როგორც დამპყრობელი დაპყრობილ ქვეყანაში. ამის გამო ქართველი ერის უკმაყოფილება თანდათან იმატებდა.

ყოველივე ზემოთქმულმა და განსაკუთრებით, ეროვნული სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამას მოჰყვა სახალხო ამბოხება კახეთში (1802 წ.) და აჯანყება მთიულეთში (1804 წ.), რომლებიც რუსეთის ადმინისტრაციამ სისხლში ჩაახშო.
1812 წლის 31 იანვრიდან კახეთი ახალი აჯანყების ალში გაეხვია. იმხანად საქართველოს განაგებდა რუსეთის იმპერატორის მიერ "მთავარსარდლად" დანიშნული გენერალი, იტალიური წარმომავლობის მარკიზი ფილიპ ოსიპის ძე პაულუჩი.

მოსახლეობის უკმაყოფილებას კარგად გამოხატავს აჯანყებულთა მოხსენების შემდეგი სიტყვები: "ერთობით ვსწერთ ჩვენს მწუხარებას, რომელნიცა არ შესწრებიან წინაპარნი მამანი და პაპანი ჩვენნი ამისთანა მწუხარებას".
აჯანყებაში ფაქტობრივად მისი დაწყებისთანავე ჩაება მეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, 23 წლის ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე (1789-1830 წწ.). იგი წარმოსადეგი, ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა.

გრიგოლი ორ თავადსა და ორ აზნაურთან ერთად შეეცადა, აჯანყების ალი ქართლშიც აებრიალებინა. 9 თებერვალს შიდა ქართლის მთიანეთში აჯანყებამ იფეთქა. მთიულებმა და ფშავ-ხევსურებმა დუშეთი და ფასანაური აიღეს. მათ მოციქულები გაუგზავნეს გუდამაყრელებს, მოხევეებს და აჯანყებულთა დროშის ქვეშ დადგომა შესთავაზეს.

ქართველ მთიელთა მიერ სამხედრო გზის ჩაკეტვამ საქართველოში მყოფ რუსებს დიდი საშიშროება შეუქმნა. აჯანყებულები იმდენად გაძლიერდნენ, რომ ავჭალის მიდამოებშიც შემოაღწიეს და თბილისში მყოფი რუსული ადმინისტრაცია რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს.
აჯანყებულებმა, რომელთა შორისაც კახეთის თავადაზნაურობის უმრავლესობა აღმოჩნდა, დამპყრობელთაგან გაათავისუფლეს თითქმის მთელი კახეთი. რუსთა გარნიზონები მხოლოდ თელავსა და ყარაღაჯშიღა იდგა. აჯანყებულთა მოქმედების რაიონი შედარებით მცირე იყო ქართლში, სადაც ის, ფაქტობრივად, არ გასცილებია არაგვის ხეობას. მართალია, ქართლელი გლეხობა აჯანყებას თანაუგრძნობდა, მაგრამ თავადაზნაურობის უმეტესობამ მას მხარი არ დაუჭირა. მათგან აჯანყებაში ჩაებნენ იოსებ არაგვის ერისთავი და სვიმონ მაჩაბელი.
უფლისწული იოანე ბაგრატიონი
თებერვლის შუა რიცხვებში გრიგოლ ბატონიშვილი თავის მომხრეებთან ერთად, ქართლიდან კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებულებს, რომლებსაც როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, "მეფის მეტი არაფერი აკლდათ".

პატარა კახის შთამომავლის კახეთში გამოჩენა აჯანყებულთათვის უდიდეს სტიმულად იქცა. მათ გრიგოლი თავიანთ წინამძღოლად მიიღეს და მეფედ გამოაცხადეს, ხოლო მისი სახელი, როგორც მეფისა - ეკლესია-მონასტრებში იხსენიებოდა. ყოველივე ამას აღიარებდა თვით გენერალი პაულუჩი რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ საიდუმლო წერილებში, რომლებიც შემდეგ "აქტების" მრავალტომეულში გამოქვეყნდა.
ვინაიდან ამ სახელის მქონე მეფე ბაგრატიონთა დინასტიაში მანამდე არ ყოფილა, იგი გრიგოლ I-ად უნდა მოვიხსენიოთ. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ქართველ მეფეთა უდიდეს უმრავლესობას რიგითი ნომერი ისტორიკოსებმა მიანიჭეს.

დამპყრობელთაგან გათავისუფლებულ კახეთში არსებულ ვითარებას ალექსანდრე ფრონელი ასე აგვიწერს: "1812 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შიდა და გარე კახეთი თითქმის გასუფთავდა რუსთა მხედრობისგან, მათი მართვა-გამგეობა ხუხულასავით დაიფუშა ერთი შებერვით... კახეთმა ძველებურად, ქართულად ამოისუნთქა და ქართულადვე დაიწყო ცხოვრება, ფიქრიანობა და აზროვნება. გულშემზარავი ჭყივილი საეგზეკუციო კამანდებისა აღარ გაისმოდა "კურთხეულ კახეთის" ველ-მინდვრებში, სოფლიდან სოფლად აღარ დაძუნძულებდნენ სამგლე იასაულები უნტერ-აფიცრებით საბეგრო ურმების მოსაკრეფად. ერთის სიტყვით, კახეთი მხიარულობდა, ამაყობდა გამარჯვებით".

გრიგოლ I-ის ენერგიული მოღვაწეობის წყალობით, აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. გრიგოლის სამეფო ხელისუფლება ვრცელდებოდა კახეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე (რუსული გარნიზონები მხოლოდ თელავსა და ყარაღაჯში შემორჩნენ) და ქართლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე (არაგვის ხეობაზე).
გრიგოლ ბაგრატიონის გამეფებით გამოწვეული ქართველთა სიხარული გაიზიარეს თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოეთკავკასიელებმა, კერძოდ, დაღესტნელებმა და თაგაურელმა ოსებმა, ასევე თურქმანული მოდგმის ტომებმა - ბორჩალოელებმა და ყაზახელებმა, რომლებიც ქართველ მეფეებს ტრადიციულად ერთგულად ემსახურებოდნენ. ათასზე მეტი დაღესტნელი მეომარი აჯანყებულთა ლაშქარს შეუერთდა.

გრიგოლ I-ის წინამძღოლობით აჯანყებულნი რიცხობრივად უპირატეს და უკეთესად აღჭურვილ მტერს არ ეპუებოდნენ. მეფის ასეთმა ენერგიულმა მოღვაწეობამ და კახეთის აჯანყების საერთოკავკასიურ ამბოხებად გადაქცევის საფრთხემ რუსეთის ხელისუფლება აიძულა, გადამჭრელი ზომებისთვის მიემართა.
პირველ მარტს, სოფელ ჩუმლაყთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში აჯანყებულთა ოთხიათასკაციანი ლაშქარი რუსთა ჭარბ სამხედრო ძალას შეერკინა.
ბაგრატ ბატონიშვილი მოგვითხრობს: "მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყვიტნეს მრავალნი რუსნი".

საძულველ დამპყრობელთაგან სამშობლოს განთავისუფლების სურვილით გულანთებული გრიგოლ I მოსახლეობას მოუწოდებდა: "გამთენიისას კვლავ განახლდება ბრძოლა და ღმერთი შეგვეწევა. სანამ ერთი კახელი ცოცხალია, კახეთი უკან არ დაიხევს".
აჯანყებულებს ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდათ, ვინაიდან საგარეო დახმარება შეფერხდა, ხოლო ამის პარალელურად, რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მდგარი რუსთა ჯარი საქართველოში გადმოვიდოდა.

აჯანყების გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალის კარიბჭის ჩაკეტვას. ამ სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად აჯანყებულებმა სცადეს გადაებირებინათ ხევის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი (ჩოფიკაშვილი). მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეამბოხეებმა გაბრიელს უდიდესი წყალობა აღუთქვეს, რასაც ამ უკანასკნელმა ისევ რუსული ჩინ-მედლები არჩია.

მარტის დასაწყისშივე, თიანეთის მახლობლად, აჯანყებულებმა რუსებთან მორიგი ბრძოლა გამართეს. აჯანყებულნი თავდადებით იბრძოდნენ, "ხიშტებს ზედ აწყდებოდნენ, კლდეებზე ცვიოდნენ, თავს იხოცავდნენ და ტყვედ კი არ ბარდებოდნენ".
მტრის ჭარბი ძალების ომში ჩაბმის მიუხედავად, მეფე გრიგოლი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. მისმა მგზნებარე მოწოდებებმა გრიგოლის დევნა და შეპყრობა დააჩქარა.

გაჭირვების ჟამს, გრიგოლ I-მა, თავის ერთგულ მხედრებთან ერთად, თავი დაღესტანში, ანწუხის თემში შეაფარა. იქ ბაგრატოვანი ხელმწიფე სათანადო პატივით მიიღეს.
პაულუჩის საიდუმლო დავალებით, ანწუხში ჩასულმა ზაზა ანდრონიკაშვილმა თავისი ნათესავი გრიგოლი დაარწმუნა, რომ რუსებმა მას დაუხოცეს მშობლები, რომელთა საგლოვადაც კახეთში შემოიტყუა. ასე ვერაგულად ჩაიგდეს ხელში უკანასკნელი ქართველი მეფე დამპყრობლებმა, რომლებმაც იგი 6 მარტს დაატუსაღეს და რუსეთში გაგზავნეს.

აჯანყების პირველი ეტაპის ჩახშობა რუსებს ძვირად დაუჯდათ. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში დამპყრობლებს დაეღუპათ 1350 მეომარი, ხოლო 212 დაიჭრა. რუსთა 510 მეომარი ტყვედ ჩავარდა. იმავდროულად, აჯანყებულებმა მტერს მატერიალური ზარალიც მიაყენეს. კერძოდ, რუსებმა დაკარგეს უამრავი ცხენი და დიდძალი სამხედრო ქონება. ამასთანავე, აჯანყება ამით მაინც არ ჩამცხრალა და აპრილიდან მან ახალი ძალით იფეთქა.

რუსეთში გადასახლებული გრიგოლი ბოლომდე ქართველ მამულიშვილად დარჩა. მან ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. თავის შემოქმედებაში აკრიტიკებდა იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ, რუსებს დამსგავსებოდნენ.
საყურადღებოა გრიგოლის პატრიოტული და სატრფიალო ლექსები, რომელთა ავტოგრაფებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (იხ.: H-2130). აქ მოგვყავს რამდენიმე ასეთი ნიმუში.
მარკიზი ფილიპ პაულუჩი
1830 წლის 22 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა მეფედყოფილი გრიგოლ ბაგრატიონი, რომელიც იმხანად სულ 41 წლისა იყო. დაკრძალეს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში, სადაც ქართული სამეფო ოჯახის არაერთი წარმომადგენელი განისვენებს.

ამრიგად, კახეთის 1812 წლის სახალხო აჯანყების საწყის ეტაპზე, კერძოდ, 20 თებერვლიდან 6 მარტამდე ქართლ-კახეთის მნიშვნელოვან ნაწილში მეფობდა გრიგოლ I. იგი იყო რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ მებრძოლი ერთადერთი მეფე აღმოსავლეთ საქართველოში, რომლის ლეგიტიმური უფლებები აღიარა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველი ერის ღირსეულმა ნაწილმა. მართალია, გრიგოლ I-ის მეფობა ორიოდე კვირაზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს ფაქტი სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ბაგრატიონთა დინასტიის ხელმძღვანელობით დარაზმული ქართველი ერის მოწინავე ნაწილის სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული ბრძოლის კიდევ ერთი, საუკეთესო მაგალითი.

რუსეთის საიმპერიო და შემდეგ საბჭოური ისტორიოგრაფია თავგამოდებით ცდილობდა (ხოლო თანამედროვე რუსი ისტორიკოსები და პოლიტოლოგები დღესაც ცდილობენ) დაენერგათ სავსებით მცდარი აზრი, ვითომდაც "ქართველი მეფეები მუხლზე დაჩოქილნი ემუდარებოდნენ რუს მონარქებს მათი ქვეყნის შეერთებას და უკანასკნელმა მეფემ, გიორგი XII-მ თავისი ნებით დაუთმო საკუთარი სამშობლო რუსეთს". სწორედ ამიტომ იყო (და ამჟამადაც არის) მათთვის სრულიად მიუღებელი, რომ უკანასკნელ ქართველ მეფედ ეღიარებინათ გრიგოლ I, რომელიც რუს ოკუპანტებს იარაღით ხელში ებრძოდა.

სამაგიეროდ, რაც მიუღებელია დამპყრობლის იდეოლოგიისთვის, სწორედ ის არის ღირსების საქმე ქართველი ერისთვის, რომელსაც ბაგრატიონთა დინასტიიდან გამოსული უკანასკნელი მეფის - გრიგოლ I-ის მიერ რუს ოკუპანტებთან წარმოებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლიდან მეორასე წლისთავზე კვლავაც რუსულ იმპერიალიზმთან უხდება უთანასწორო ბრძოლა.

ნიკო ჯავახიშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#11
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!