რევაზ გაბაშვილის "ამბოხი სული და მკბენარე კალამი" - კვირის პალიტრა

რევაზ გაბაშვილის "ამბოხი სული და მკბენარე კალამი"

სიცოცხლეში მხოლოდ სამჯერ უტირია რევაზ გაბაშვილს: "პირველი იყო სიხარულის ტირილი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო, მეორე - ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგად გამოწვეული წუხილი და მესამეც - უცხოეთის მიწაში ჩაწოლის ახლო მოლოდინში..." - წერს ჟურნალ "კავკასიონში" სამგლოვიარო გვერდზე ერთი მისი თანამდგომი, ფსევდონიმით "ძველი მეგობარი".

დიდი პატრიოტი, ღირსებით სავსე ქართველი, უკომპრომისო, მედგარი, ზოგჯერ შესაძლოა დაუზოგავიც, თუკი საქმე საქართველოს ინტერესებს ეხებოდა. "... მისთვის საქართველო იყო არა ეტაპი რომელიმე ლოზუნგის განხორციელებისა, - არა საცადი მინდორი, - არამედ საერთაშორისო კულტურულ-პოლიტიკური თვითღირებულება" და იქვე - "უნდა აღინიშნოს, რომ საერთო საზომში რეზო დიდ გამონაკლისს წარმოადგენდა თავისი ხასიათითა და მოქმედებით" - ეს მოსაზრებებიც "ძველი მეგობრისაა".

ერთ-ერთი მოგონება რეზო გაბაშვილზე, მის სიცოცხლეში, 1920-იან წლებში დაიწერა, რომლის ავტორი გენერალი ალექსანდრე ჩხეიძეა: "ტაბახმელაზე შტაბში ვხედავდი მრავალ პოლიტიკურ მოღვაწეს და სხვადასხვა ჯურის მიტინგურ მოკამათეებს, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ სრული საბრძოლო აღკაზმულობით და თავი მოხალისის თვითკმაყოფილებით ეჭირათ; მაგრამ არც ერთი მათგანი შტაბსა და გზატკეცილს არ გასცილებია; ერთადერთ გამონაკლისს შეადგენდა რეზო გაბაშვილი, რომელიც ჩოხაში, თოფით ხელში ახლდა [იუნკერთა] სკოლას ბრძოლაში და მასთან ერთად გადაიტანა მძიმე პირობები. გორში ის წავიდა წინა პოზიციებზე და ამხნევებდა ჯარისკაცებს".

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი შტრიხებია სამშობლოსთვის აღსრულებული მამულიშვილის პორტრეტისთვის.

არ შევუდგებით რეზო გაბაშვილის ბიოგრაფიის მშრალ ქრონოლოგიურ თხრობას...

1984 წელს ცნობილმა ქართველმა ემიგრანტმა კარლო ინასარიძემ მიუნხენში გამოსცა რადიოდოკუმენტაციის სქელტანიანი კრებული სახელწოდებით "პატარა "ოქროს ხანა". ასე უწოდებს ავტორი 1918-1921 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს. კრებულში გამოქვეყნებულია მრავალი პოლიტიკური და იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი, განხილულია მონოგრაფიები დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ, დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია...

კრებულს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მე-7 თავი: "რამდენიმე ინტერვიუ დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ". აქ დაბეჭდილია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მიმართვა, რომელიც მან 1938 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე დაწერა და თავად წაიკითხა პარიზში გრამოფონის ფირფიტების სტუდიაში.

რადიო "თავისუფლების" აუდიო-არქივი

ეს უნიკალური ჩანაწერი ნოე ჟორდანიას ქალიშვილმა, ასმათ ჟორდანია-ფაღავამ გადასცა რადიო "თავისუფლების" რედაქციას. აქვეა გამოქვეყნებული 1968 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის 50 წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერილი ინტერვიუები ცნობილ ემიგრანტებთან პავლე სარჯველაძესთან, ნიკო ურუშაძესთან, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან, რეზო გაბაშვილთან...

გთავაზობთ სრულად ინტერვიუს რეზო გაბაშვილთან, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ბევრ უცნობ და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. კორესპონდენტი თავად კარლო ინასარიძეა ოთარ კეთილაძის ფსევდონიმით.

ოთარი: "ლაპარაკობს ოთარ კეთილაძე პარიზიდან!

პატივცემულო თანამემამულენო, ვინ არ იცნობს ჩვენში ჩვენს სახელოვან მწერალს, ეკატერინე გაბაშვილს. თქვენ ალბათ არ იცით, რომ მისი ვაჟიშვილი, ბატონი რეზო გაბაშვილი, რომელიც ახლა 86 წლისაა, ცხოვრობს პარიზში. ჩვენ გვსურს ბატონ რეზოს შევეკითხოთ, თუ რა განიცადა მან 1918 წლის 26 მაისს, როცა გამოცხადდა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, როცა აღდგენილ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ სანამ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს შევეხებოდეთ, გვსურს ბატონ რეზოს ვკითხოთ, თუ რას მოგვიყვება ის თავისი ცხოვრების შესახებ, რომელიც მან განვლო საქართველოში და შემდეგ ემიგრაციაში, უმთავრესად, პარიზში.

ბატონო რეზო, ხომ არ მოგვითხრობთ თქვენი ცხოვრების მთავარ მომენტებს?

რეზო: დავიბადე წარსულ საუკუნეში, 1882 წელს, 6 ნოემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში; დღეს დაარქვეს ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა.

ოთარი: სად მიიღეთ დაწყებითი განათლება, ბატონო რეზო?

რეზო: წერა-კითხვა თვითონ დედაჩემმა მასწავლა და რვა წლისა შევედი ე.წ. სათავადაზნაურო სკოლის მეორე განყოფილებაში... მერე ეს სკოლა გადაკეთდა გიმნაზიად და 1902 წელს იყო მესამე გამოშვება და მეც ამ წელს დავასრულე გიმნაზია. მაშინვე წავედი საზღვარგარეთ, ბელგიაში – ლიეჟში; იქ იყო მაშინ ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, სადაც დავყავი 1905 წლის ზაფხულამდე, როცა რუსეთსა და საქართველოში პირველმა რევოლუციამ იფეთქა და რადგანაც მთელი ქართველობა ვემზადებოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ მაშინ... ერთი ყიფიანი იყო ბრიუსელში.

ის გვასწავლიდა თოფის სროლას... ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, რევოლუციისა და საქართველოს გათავისუფლებისთვის... და ზაფხულში, როცა მე შევისწავლე ბომბებისა და ასაფეთქებელი მასალების დამზადება, დავბრუნდი საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ჩავწერილვარ წევრად, მაგრამ რადგან ორი პარტია იყო – ერთი დემოკრატიული, რომელიც ემსახურებოდა მარტო რუსეთის დემოკრატიას, მეორე – ფედერალისტები, რომლებიც აყენებდნენ, ასე თუ ისე, ეროვნულ საკითხს, მე იმათ მივეკედლე... ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გამოსვლა. აქტიური გამოსვლა, თორემ პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკურ ასპარეზზე მე უკვე 15-16 წლიდან გამოვედი: ვესწრებოდი 1890-იან წლებში ძალიან გავრცელებულს მთელ რუსეთსა და საქართველოში ე.წ. "სამეცნიერო წრეებს", სადაც პოლიტიკური მოღვაწეები გამოდიოდნენ და გვასწავლიდნენ ამ მთელ რევოლუციურ ამბებს, თავიანთ მეცნიერულ შეხედულებათა მიხედვით. მე ვესწრებოდი ამ კრებებს; და პირველი პოლიტიკური გამოსვლა იყო 1901 წელს. მაშინ მე დავესწარი დემონსტრაციას და ჩემი თვალით ვნახე საშინელი ამბები – ყაზახებმა როგორ თავ-პირი დაამტვრიეს დემონსტრანტებს...

სცემდნენ, თავ-პირს ამტვრევდნენ და მე ვერ მოვითმინე, 18 წლის ვიყავი მაშინ, და დავიყვირე: "არა გრცხვენიათ, ტყვე ხალხს თქვენ კიდევ სცემთ მათრახებს?" გამომიდგა ერთი ყაზახი ცხენით და ტროტუარზე რომ არ წაქცეოდა ცხენი, თავს გამიხეთქავდა... ხმალი მოიქნია და უნდა დაერტყა და სწორედ ამ დროს ცხენი წაექცა ქვაფენილზე და მე ამ დროს ვისკუპე, ალექსანდრეს ბაღია თბილისში, და ამით გადავრჩი სიკვდილს. სოციალ-დემოკრატების გამოსვლა იყო ერევნის მოედანზე და იქ საშინელი ამბები დატრიალდა. სოციალ-დემოკრატებს ჩამოტანილი ჰქონდათ სოფლებიდან სარები, კეტები და ამით აპირებდნენ შებრძოლებას ყაზახებთან...

ოთარი: შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება, ბატონო რეზო?

რეზო: აი, ლიეჟში რომ წავედი და მინდოდა ელექტროინჟინერი გავმხდარიყავი, მაგრამ 905-ის რევოლუციამ შემიშალა ხელი... დავბრუნდი საქართველოში და ფედერალისტების დავალებით, როცა რეაქციამ გაიმარჯვა, 1906 წელს წამოვედი პარიზში: რაკი რევოლუცია დამარცხდა, აქ იყო გიორგი დეკანოზიშვილი, მთავარი ხელმძღვანელი პარტიისა, დამავალეს, ახალი ინსტრუქციები მიმეღო მისგან და დავბრუნებულიყავი საქართველოში. 906-ში მე მოვიარე პარიზი, ვნახე დეკანოზიშვილი და დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ არ შემეძლო თბილისში გამოცხადება, იმიტომ, რომ – შირინკინმა, რომელიც ვორონცოვის მარჯვენა ხელი იყო, დედაჩემს გამოუცხადა: "ვაშ სინ უ ნას ვისელ-ბი, ნო ონ ვილეტელ, უ ნას ტოლკო პერი ოსტალის ვ რუკახ"... მეძებდნენ, ამიტომ წავედი ბაქოში და ვმსახურობდი ნავთის ქარხანაში, საინჟინერო საქმეები მაინტერესებდა, მუხთაროვთან ვმუშაობდი, მენავთე იყო მუხთაროვი.

მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ მაშინდელი რუსული რეჟიმი: ვცხოვრობდი ბაქოში, ჩემი სახელით და გვარით და არავის ჩემთვის ხელი არ უხლია, მიუხედავად იმისა, რომ დამეძებდა ჟანდარმერია ჩამოსაკიდებლად. ეს ერთი. მეორე გარემოება, უფრო უცნაური, იმაში იყო, რომ 1907 წელს, მაშასადამე რევოლუციის ორი წლისთავზე, მე შევედი პეტერბურგის უნივერსიტეტში და მიმიღეს მეორე კურსზე, ჩამითვალეს ბელგიური სემესტრები... იქ გული ამეყარა რევოლუციაზე, მე ვიყავი ნაციონალ-რევოლუციონერი და არა ინტერნაციონალური...

სრულებით გული ამეყარა რევოლუციონერებზე. იმიტომ, რომ მე დავრწმუნდი, ეს რევოლუციონერები უარესები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ვებრძოდით... ამიტომ მე სრულებით დავანებე თავი პოლიტიკას და ჩავები მეცნიერულ მუშაობაში... და სწორედ მაშინ ცოლიც შევირთე, შვილიც შემეძინა და სწავლის გარეშე სრულებით არ ვერეოდი პოლიტიკაში. აი, ამ დროს მოხდა უცნაური რამ რუსეთში: ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოი, 75 წლის კაცი, სახლიდან გაიქცა, რა მიზეზით, კაცმა არ იცოდა, და სადღაც ასტაპოვოში, ესაა სადგური, მოკვდა. ამან გამოიწვია მთელ რუსეთში, უნივერსიტეტებში, საშინელი ამბავი... "ტოლსტოვსკიე დნი" - ასე დაარქვეს და მთელი სტუდენტობა გაიფიცა. უმთავრესად იყო პირველი, მეორე კურსის სტუდენტობა. უფროსები არ იღებდნენ ამაში მონაწილეობას და რაკი მე უკვე მესამე კურსზე ვიყავი, არაფერში ვერეოდი. ლექციაზე შევედი უნივერსიტეტში, ამ დროს მოხდა "ობლავა", მასში მოვხდი და დამიჭირეს.

ეს იყო 1910 წლის დასასრულს, სამთვე-ნახევარი ციხეში ვიჯექი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მივწერე, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი... სამი თვის შემდეგ გამოგვიშვეს, 27 კაცი ვიყავით დაჭერილი, და გამომიცხადეს: "ბეზ პრავა პოსტუპლენია ვ უნივერსიტეტ". ასე რომ, არ დამამთავრებინეს უნივერსიტეტი და წამოვედი თბილისში... რაკი რევოლუციონერებზე გულაყრით ვიყავი, შევუდექი საზოგადოებრივ მუშაობას და აი, ამ დროს, ე.ი. 1910-დან 1921 წლამდე, ეს იყო ჩემი საუკეთესო წლები, რომლებშიაც მე, შემიძლია ვთქვა, 24 საათი გადავარდნილი ვიყავი საზოგადოებრივ უმთავრესად პოლიტიკურ საქმიანობაში. დავაარსეთ საქართველოს ეროვნული პარტია.

ოთარი: რომელ წელს დააარსეთ, ბატონო რეზო, საქართველოს ეროვნული პარტია?

რეზო: ეს იყო 1911 წელს.

ოთარი: ვინ შეადგინა ამ პარტიის პროგრამა?

რეზო: ჩვენ ვიყავით სამნი – მე, შალვა ამირეჯიბი და დათა ვაჩნაძე. მერმე, პირველივე თვეებში, ჩვენ შემოგვიერთდნენ უფროსი თაობიდან და ახალგაზრდობიდან. ასე რომ, პირველივე თვეებში ჩვენ ავიყვანეთ პარტიის რიცხვი თითქმის ას კაცამდე. და მერმე არსებობდა ჩვენი პარტია, ეროვნული პარტია 1917 წლამდე, ვიდრე მოხდა რევოლუცია და მაშინ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიად.

ოთარი: ბატონო რეზო, ახლა ჩვენ ვუახლოვდებით იმ პერიოდს, როცა თებერვლის რევოლუცია მოხდა და საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. რას გვეტყოდით ამ პერიოდზე?

რეზო: ამისათვის ცოტა უნდა უკან დავიხიოთ: 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა გიორგი მაჩაბელი, დიდი პოლიტიკური მოღვაწე და გონიერი ადამიანი. ჩამოგვიტანა გერმანიასთან, ავსტრიასთან და ოსმალეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომ ეს სამი სახელმწიფო სცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და როგორც კი რომელიმე ამ სახელმწიფოს ჯარი ფეხს შემოდგამდა საქართველოს ტერიტორიაზე, გამოაცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სცნობდენ იურიდიულად. ჩვენ მივიღეთ თუ არა ეს ხელმოწერილი ხელშეკრულებანი, მოვიწვიეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – სოციალ-დემოკრატებისა, ფედერალისტებისა და ქუთაისში და გაიმართა კონფერენცია, 1915 წელს, გაქანებული ომის დროს. სოციალ-დემოკრატებიდან იყვნენ წარმომადგენლები – თვითონ ჟორდანია და ევგენი გეგეჭკორი, ფედერალისტებიდან: გრიგოლ რცხილაძე და სამსონ ფირცხალავა, ჩვენი მხრიდან ვიყავით მე და შალვა ამირეჯიბი.

რეზო გაბაშვილი (უკანა რიგში მარცხნიდან მეორე) ბელგიაში, ბრიუსელი, 1904 წ.

ეს კრება ჩატარდა ახალგაზრდა ქართველის სახლში, რომელიც იმავე დროს ამ კონფერენციის თავმჯდომარე იყო. ამ კრებას გიორგი მაჩაბელმა გააცნო მთელი მდგომარეობა და გადმოულაგა ეს ხელშეკრულებანი და დავიწყეთ მსჯელობა. ბატონმა ჟორდანიამ განაცხადა შემდეგი: "ბატონებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, მე და ჩვენი პარტია, ვართ ამ ომში მომხრენი ანტანტისა და იმავე დროს რუსეთისა და ამას ვერ გადავცდებითო. მხოლოდ თქვენ იმუშავეთ მაგ გზითო, ე.ი. გერმანელებთან ერთად და ჩვენ არანაირ ხელს არ შეგიშლით და პირიქით, თუ საჭირო იქნება, აქა-იქ დაგეხმარებითო". და მე უნდა დავუმატო ამას, რომ მართლაც, როდესაც ჩვენ შემდეგ მოგვიხდა გერმანელებთან ასე თუ ისე კავშირის დამყარება, - ჟორდანიამ ხელი კი არ შეგვიშალა, პირიქით, ხელს გვიწყობდა. აი, ეს ერთადერთი გასამართლებელი მოვლენა, რომელიც მე მახსოვს მთელი ნოე ჟორდანიას ბიოგრაფიიდან და ისტორიიდან.

ოთარი: ბატონო რეზო, ხომ არ მოგვითხრობთ, თქვენ პირად განცდებზე, როცა გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ე.ი. 1918 წლის 26 მაისს? სად ბრძანდებოდით მაშინ?

რეზო: მე, რასაკვირველია, ვიყავი თბილისში და დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ბევრი შრომა გავწიე პირადად და პარტიის საშუალებითაც. აი, ამ სამზადისის ერთ-ერთი მაგალითი: ქუთაისის კონფერენცია გიორგი მაჩაბლის ჩამოსვლის დროს. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებდით იარაღს მომავალი დამოუკიდებლობისთვის და ეს იარაღი შემოდიოდა როგორც ყიდვით, ისე შემოწირულებით რუსის ჯარის ოფიცრებიდანაც კი და მოგვდიოდა წყალქვეშა ნავებით გერმანიიდან.

ოთარი: როგორ შეხვდა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის გამოცხადებას?

რეზო: ქართველი ხალხი, შეიძლება ითქვას, დედიან-ბუდიანად, დიდი აღტაცებით შეხვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. როდესაც პარლამენტში ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი და მერე აივნიდან ხალხს გამოუცხადა, შეიძლება ითქვას, რომ სასახლის გარშემო მთელი თბილისი იყო და აღტაცებით ტაშს უკრავდა, მღეროდნენ და ზეიმობდნენ.

ოთარი: ასეთივე მდგომარეობა იყო ალბათ საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში?

რეზო: ყველგან... სოფლებში, ქალაქებში დიდი აღტაცებით შეხვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და იმ დღეს, ვლასა მგელაძე გაიქცა მამადავითის ეკლესიაში, ზარები დარეკა და ილია ჭავჭავაძისა და აკაკის საფლავს ჩასძახა, - გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებელი გახდაო.

ოთარი: როგორც იცით, ბატონო რეზო, საქართველოში გვყავს ახალი თაობა, რომლებიც დაიბადნენ დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ დროში და მათ არა აქვთ საშუალება გაეცნონ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს. თქვენ რას ეტყოდით ჩვენს ახალგაზრდობას... რას უსურვებდით ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას საქართველოში?

რეზო: ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებით და მეტადრე ხუთი ათასი წლის ისტორიის შესწავლით, მეცნიერულად, არქეოლოგიურად და ენათმეცნიერების საშუალებით, მე დავრწმუნდი, რომ ყოველი პატარა ერი, რომელიც ებრძვის თავის მოძალადეს და მოწინააღმდეგეს, უფრო მეტს იგებს, ვიდრე როდესაც ის შეურიგდება და წაუწვება დამპყრობელს.

ოთარი: დიდად გმადლობთ, ბატონო რეზო.

კარლო ინასარიძე

* * *

რევაზ გაბაშვილი ინტერვიუში არაფერს ამბობს თავის პოლიტიკურ, სამეცნიერო და ჟურნალისტურ საქმიანობაზე ემიგრაციაში. ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან უცხოობაში გაატარა. 1921 წლიდან ოთხ წელიწადს სტამბულში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ პარიზში დამკვიდრდა. ცოლ-შვილი საქართველოში დატოვა და მხოლოდ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1968 წელს ინახულეს შვილებმა – ციალა და გურამ გაბაშვილებმა თითქმის ნახევარი საუკუნის უნახავი მამა.

1969 წლის 14 მარტს რევაზ გაბაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

"ქართულ ინტელექტუალურ ოჯახს ემიგრაციაში დაეკარგა ერთი მისი დიდი და ვერავისით შემცვლელი წევრი... ეს დანაკარგი განსაკუთრებით მტკივნეული და საგრძნობი გახდა მაშინ, როდესაც მასზე პოლიტიკურად გამწყრალი მოპირდაპირენი მასსიურად დაესწრენ დაკრძალვას და ამ პატივისცემის აქტით საბოლოოდ წაშალეს მასზე გავრცელებული, ყოვლად უშინაარსო ხმები..." - წერდა ჟურნალ "კავკასიონში" "ძველი მეგობარი".

"უშინაარსო ხმები" და დიდი მითქმა-მოთქმა კი მოჰყვა რეზო გაბაშვილის მოგონებათა წიგნს "რაც მახსოვს". წიგნი 1959 წელს მიუნხენში გამოიცა. ამ ფაქტმა განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები აღაშფოთა. ბატონი რეზო მოგონებებში უკომპრომისო და შეუვალია – საქმე საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება და მას სხვაგვარად არ შეეძლო.

მსურს ეს პუბლიკაცია მისივე სიტყვებით დავასრულო:

"თუ რომ ქართველი ემიგრაცია გაერთიანდება ჯანსაღი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო (და არა გაცვეთილი პარტიულ "იდეალების" ირგვლივ) და ხელს გაუწვდის საქართველოშიაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს, გარედან დახმარებით – მაშინ არავითარ პესიმიზმს ადგილი აღარ ექნება ჩვენი გამარჯვებისთვის.

საქართველოს ათასწლოვანი ისტორია, ქართველი ხალხის ეროვნული სული, - ამის საწინდარია.

საცა უნდა იყვე, საქართველოსა თუ ხიზნობაში გაფანტული, სამშობლოზე იფიქრე, ქართველო, სამშობლოსთვის იშრომე და იზრუნე, იბრძოლე...

...შენც შეგწევს ძალა, საქართველოს მომავალ ბრწყინვალებას ერთი ნაპერწკალი მაინც შეჰმატო, - და "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!"

თვალნათლივ ვხედავ ბატონ რეზოს ტაბახმელის ფრონტზე - "ჩოხაში, თოფით ხელში ახლდა სკოლას [იუნკერთა] ბრძოლაში... გორში ის წავიდა წინა პოზიციებზე..."

რუსუდან კობახიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#11