ნეკრესის სასწაული - კვირის პალიტრა

ნეკრესის სასწაული

ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარლიდან დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე.

ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია. ის ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით, მეფე ფარნაოზმა: "უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და... იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელთა რიცხვშია ბაზილიკური ტიპის მცირე ეკლესია, რომელიც "მოქცევაი ქართლისაის~ ცნობით, აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილ თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს. მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI საუკუნით, რომელიც წმიდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა.

ეს ტაძარიც ბაზილიკური ტიპისაა, აქვს მომცრო სარკმლები. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია, ხოლო მის გვერდით, სამხრეთის მხარეს აშენებულია ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე მარანია (იქ დღესაც უამრავი ქვევრია შემორჩენილი), ხოლო მეორე სართულზე სენაკები. ამ შენობის წინ, დასავლეთის მხარეს არის სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო.

ნეკრესის მესამე ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც VIII-IX საუკუნეს მიაკუთვნებენ. ეკლესიის სამრეკლო, როგორც ჩანს, სათვალთვალო კოშკადაც გამოიყენებოდა. ის რამდენიმე სართულიანია და ირგვლივ სათოფურები აქვს ამოჭრილი.

2010 წელს დასრულდა ნეკრესის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად კახეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სამონასტრო კომპლექსმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.

მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას XII საუკუნის ტერასები და ამავე პერიოდის დაკონსერვებული ორრეზერვუარიანი წყარო აღმოაჩინეს. მოეწყო ტურისტული ბილიკები და დასრულდა მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. გუმბათოვან ეკლესიასთან, ორ მცირე და სამნავიან ბაზილიკასთან ერთად აღდგენილია ნეკრესელის სასახლე, კოშკი-სამრეკლო, სატრაპეზო, საწნახელი, საცხოვრებელი ოთახი და ორი მარანი.

ნეკრესის ეკლესიას ხალხი ერთ სასწაულსაც უკავშირებს: მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ყოველი დღე, ყოველი საათი მტერს გამარჯვებასთან აახლოებს. საკვებიც გამოილია და ხსნაც არსაიდან ჩანს. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ. მაგრამ როგორ გინდა გაარღვიო ალყა - მტერი ხომ შენზე ათჯერ მეტია და უკეთ შეიარაღებული!

უცბად ჩოჩქოლი ატყდა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადებულ რაზმში ერთს აზრად მოსვლია, მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. "ეგრე ვქმნათ, ეგრეო", - სიხარულით აიტაცეს სხვებმაც. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.

სპარსელები ერთხანს გაკვირვებული უცქერდნენ ამ სანახაობას, მერე კი გონს მოვიდნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან ირგვლივ ყველაფერს "უწმინდური" სისხლით ბილწავდა. "ოო, წყეული გიაურები, ეს რა მოიფიქრესო!" - ყვირილით გაიფანტნენ ურჯულოები. ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველთა რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ.

ღვთის მადლით, იმ დღეს ყველა გადარჩა - დიდიც და პატარაც.

მას შემდეგ ყოველ წელიწადს, შობა დღეს (იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა) იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთ კვირას გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი! მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტაძარში შესაწირად ღორები მოჰყავთ. თუმცა ღორის შეწირვა რა გასაკვირია, - აკი "უფლისაა ქვეყანა და სავსება მისი".

კახაბერ კენკიშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#12