ქართული ძეგლები ევროპულ ნომინაციაში
16-03-2018
ქართული ძეგლები ევროპულ ნომინაციაში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ორი ნიმუში წარადგინეს ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების წინასწარ სიაში - გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი გარდაუვალი საფრთხეების გათვალისწინებით.

ორი ქართული ძეგლი - დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ჭიათურის საბაგირო გზების ქსელი მოხვდა "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის" პროგრამის 2018 წლის წინასწარ სიაში, თორმეტ ფინალისტს შორის. ძეგლები შეარჩია საგანგებოდ შექმნილმა სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა ჯგუფმა. ნომინაციაზე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია ხელოვნების საერთაშორისო
ცენტრმა, ხოლო ჭიათურის საბაგირო გზების ქსელი - კულტურის სამინისტრომ.

"განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის" პროგრამას წარმართავს პანევროპული ორგანიზაციების ფედერაცია "ევროპა ნოსტრა". ის ევროპის 40 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ამ ქვეყნების კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.

ფედერაცია 1963 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე წარმომადგენლობითი
ევროპული ქსელია. მისი პრეზიდენტია ცნობილი ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. "ევროპა ნოსტრას" მიზანი ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლებისა და ლანდშაფტების გადარჩენაა. მიღწეულ შედეგებს ის წარმოაჩენს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის - "ევროპა ნოსტრას" ჯილდოს მეშვეობით.

შვიდი ძეგლის საბოლოო სია 15 მარტს გამოვლინდება. თუმცა წინასწარ სიაში ქართული ძეგლების მოხვედრა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და მათი შენარჩუნება-გადარჩენის საკაცობრიო მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მარიტა სახლთხუციშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#86
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!