ჩანახატები პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

ჩანახატები პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან

ჟურნალ "მხედარს" სამხედრო სამინისტრო გამოსცემდა

ყოველკვირეული ჟურნალი "მხედარი" 1920 წლის 26 მაისიდან 5 დეკემბრამდე იბეჭდებოდა. მას გამოსცემდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია, რომლის ამოცანა იყო ჯარისკაცთა და ოფიცერთათვის განათლების მიცემა და მათი მორალური სულისკვეთების ამაღლება. გამოცემას რედაქტორობდა ნიკო კურდღელაშვილი, შემდგომში ჟიულ ვერნის თხზულებების ცნობილი მთარგმნელი.

ჟურნალი "მხედარი" სამხედრო ნაწილებში უფასოდ რიგდებოდა, ხოლო გასაყიდი ფასი თავიდან 10 მანეთს შეადგენდა, ბოლოს კი 25 მანეთამდე ავიდა. სულ დაიბეჭდა 27 ნომერი. ჟურნალში იბეჭდებოდა მთავრობისა და სამხედრო სამინისტროს ოფიციალური ბრძანებები; სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები; ინფორმაციები ომში დაღუპული სამხედროების შესახებ; მხატვრული ნაწარმოებები, ჯარისკაცთა შემოქმედება, მათ შორის პოეტ ტერენტი გრანელის ლექსები, რომელიც იმ პერიოდში რეგულარულ არმიაში გადიოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურს.

ბანაკი აზერბაიჯანის ფრონტზე. ნახატი კ. ქავთარაძისა

სტატიების, ლექსებისა და ფოტოების გარდა, საინტერესოა ჟურნალში დაბეჭდილი ჩანახატები პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან: ქვეითების გადასვლა შეტევაზე, საგუშაგოზე ჩაძინებული ჯარისკაცი, დეზერტირები, რადიოსადგურზე მომუშავე ოფიცერი, სამხედროთა პორტრეტები და სხვა.

ჟურნალის მეხუთე ნომერში დაიბეჭდა მხატვარ კ. ქავთარაძის სამი ჩანახატი, რომელიც ასახავს საბჭოთა რუსულ მე-11 არმიასთან ბრძოლის პერიოდს 1920 წლის მაისში, როცა აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ წითელმა არმიამ საქართველოს დაპყრობაც სცადა. გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დროული მობილიზაცია შეძლეს და მოწინააღმდეგის შეტევა წარმატებით მოიგერიეს.

ჟურნალის მე-17 და მე-19 ნომრებში დაბეჭდილია კაპიტან შავიშვილის სამი ნახატი, სადაც ნაჩვენებია, როგორ იყენებდნენ თავისუფალ დროს ყაზარმაში მყოფი ჯარისკაცები. ისინი კითხულობენ, წერენ, მღერიან... თუმცა ეს უფრო კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის სურვილი გახლდათ, ვიდრე სინამდვილე. რეალურად კი ყაზარმები საკმაოდ მოუწყობელი იყო, ჯარისკაცთა ნაწილს პირდაპირ იატაკზე ეძინა, ზოგან შენობებს ფანჯრებიც არ ჰქონდა, რის გამოც მეომრები ხშირად ავადდებოდნენ. მართალია, ხშირად არა, მაგრამ იყო არასაწესდებო ურთიერთობებისა და ჩხუბის შემთხვევებიც.

ყაზარმაში თავისუფალ დროს

უდისციპლინობა და დეზერტირობა პირველი რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ. იყო პერიოდები, როცა სხვადასხვა მიზეზით ჯარიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იყო გაქცეული. ამიტომ ჟურნალი ვერ ასცდა ამ ტიპის ჩანახატების გამოქვეყნებას სამარცხვინო ფურცლის სახით - მაგალითად, ჯარისკაცი, რომელსაც საგუშაგოზე ჩასძინებია, მაგრამ პირველ ჯერზე მის სახელს არ ასახელებენ, დეზერტირები კი მოყვანილია უკვე სახელისა და გვარის დასახელებით.

კაპიტანმა შავიშვილმა არც საინჟინრო-ტექნიკური ჯარის რადიო-ტელეგრაფის ასეულის ოფიცერს დასწყვიტა გული და რადიოსადგურზე მორიგეობისას ისიც დახატა.

ჟურნალის სხვადასხვა ნომერში გენერლების, ოფიცრების, რიგითი ჯარისკაცებისა და გვარდიელების ფოტოებთან ერთად, გვხდება მათი პორტრეტული ჩანახატებიც - სამხედრო მინისტრის მოადგილის, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილით დაწყებული და ვაკეში გამართულ ჯირითში გამარჯვებული ოფიცრებით დასრულებული.

მოხსენების ჩაბარება რაზმის უფროსს აზერბაიჯანის ფრონტზე. ნახატი კ. ქავთარაძისა

1920 წლის ივლისში, როცა ბრიტანელებმა ბათუმის ოლქი დატოვეს, სანამ ბათუმს ქართულ ჯარს გადასცემდნენ, თითქმის სრულად გაანადგურეს ფორტებზე განთავსებული საარტილერიო დანადგარები. ქართულ ჯარს ბათუმში სანახევროდ დანგრეული ყაზარმები და ფორტებზე აფეთქებული ზარბაზნები დახვდათ.

ჟურნალ "მხედარში" დაიბეჭდა კ. ქუთათელაძის მიერ შესრულებული ჩანახატები აფეთქებული ქვემეხებისა.

პირველი რესპუბლიკის სამხედრო პრესა საინტერესო წყაროა იმ პერიოდის შეირაღებული ძალებისა და იქ არსებულ განწყობათა შესასწავლად. ამასთან ერთად, ის ადასტურებს, რომ შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარება პირველი რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ელიტისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა.

დიმიტრი სილაქაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#86