აჰმად ფაშა ალ-მანიქლი - სუდანის ქართველი მმართველი - კვირის პალიტრა

აჰმად ფაშა ალ-მანიქლი - სუდანის ქართველი მმართველი

XVIII საუკუნის საქართველოში მონათვაჭრობის მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა. ქართველ ახალგაზრდებს იტაცებდნენ და ოსმალეთის იმპერიაში ყიდდნენ. მონად ქცეული ქართველები ძირითადად იმპერიის არმიაში მსახურობდნენ და მამლუქთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდნენ.

მრავალი ქართველი დაწინაურდა როგორც სულთნის კარზე, ისე ოსმალეთის ცალკეულ პროვინციაში. ქართული წარმოშობის მამლუქები სხვადასხვა დროს განაგებდნენ ეგვიპტეს, სირიას, ერაყს, ალჟირს და დიდი როლი შეასრულეს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენი ინტერესის სფერო ხდება სუდანიც, რომელსაც 1843-1845 წლებში ქართული წარმომავლობის მქონე ჰუქუმდარი (გენერალ-გუბერნატორი) აჰმად ფაშა ალ-მანიქლი მართავდა.

ისტორიკოსები დღემდე კამათობენ აჰმად ფაშა ალ-მანიქლის წარმომავლობის შესახებ, თუმცა ამ საკითხის განხილვამდე, აუცილებელია მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიურ განვითარებას და მიმოვიხილოთ ბიოგრაფია სამხედრო მეთაურისა, რომელიც ასპარეზზე ეგვიპტეში მუჰამად ალის (1769-1849) მმართველობის დროს გამოვიდა.

სუდანის დამორჩილება

მუჰამად ალი ეგვიპტეს 1805-1848 წლებში განაგებდა. მან მამლუქები საბოლოოდ დაამარცხა, შიდა არეულობა მოაგვარა, წარმართა უმნიშვნელოვანესი სამხედრო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო რეფორმები, ეგვიპტეს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოუპოვა ოსმალეთისგან და დაიწყო მთავარი მიზნის ხორცშესხმა - ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნა. 1811-1818 წლებში მუჰამად ალიმ მოახერხა ვაჰაბიტთა საამიროს განადგურება და ჰიჯაზის შემომტკიცება; მექის შარიფის დანიშვნაც ეგვიპტის გამგებლის პრეროგატივა გახდა.

1820 წელს მუჰამად ალის ყურადღების ცენტრში მოექცა ეგვიპტის სამხრეთით მდებარე სუდანი. ამ ტერიტორიიდან ეგვიპტეს უძველესი დროიდან მიეწოდებოდა ოქრო, მონები, ხის ძვირფასი ჯიშები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. მუჰამად ალის დიდი იმედი ჰქონდა, რომ სუდანში ოქროთი მდიდარ საბადოებს აღმოაჩენდა და თავის ხაზინას გაამდიდრებდა; მას ასევე ესაჭიროებოდა ცოცხალი ძალა არმიის გასაძლიერებლად. სუდანის დამორჩილებით იგი გაანადგურებდა მამლუქთა უკანასკნელ თავშესაფარსაც.

ეგვიპტელი ოფიცრები

სამხრეთისკენ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა მუჰამად ალის ვაჟი - ისმაილი. სამხედრო კამპანია დიდ სიძნელეებს არ უკავშირდებოდა - თანამედროვე სუდანის ტერიტორია იმ პერიოდში დაყოფილი იყო რამდენიმე მცირე და დიდ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად. ისმაილის არმიას გზად ხვდებოდნენ პროვინციებისა და ტომების ხელმძღვანელები და მორჩილებას უცხადებდნენ. მაგალითად, ყველაზე ძლიერი ერთეულის - სენარის სასულთნოს მმართველი ბადი VII (1805-1821) თავად ეახლა ისმაილს და მუჰამად ალის უზენაესობა აღიარა.

1822 წლისთვის ეგვიპტელებმა კორდოფანიც დაიპყრეს და მსვლელობა დარფურის სასულთნოსკენ უნდა განეგრძოთ, მაგრამ საბერძნეთის მოვლენებმა მუჰამად ალი აიძულა, ძირითადი ყურადღება ევროპისთვის დაეთმო. 1821 წელს საბერძნეთში ოსმალთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ომი დაიწყო. აჯანყებულებმა წარმატებებს მიაღწიეს და ოსმალეთის სულთანს დიდი პრობლემები შეუქმნეს. სულთანმა მაჰმუდ II-მ (1808-1839) დახმარება მუჰამად ალის სთხოვა და წარმატების შემთხვევაში სირიის გადაცემას დაჰპირდა. მუჰამად ალის აგრეთვე სურდა კრეტის, სამხრეთ საბერძნეთის, კვიპროსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება.

სამხრეთით შემომტკიცებული ახალი ტერიტორიების ცენტრი ხარტუმი გახდა. სწორედ აქ იყო სუდანის ჰუქუმდარის რეზიდენციაც. მართალია, სუდანი, ისევე როგორც ეგვიპტე, ფორმალურად ოსმალეთის პროვინციას წარმოადგენდა და ადგილობრივები ახალ რეჟიმს თურქულად (არაბ. "თურქÁÁა") მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ ქვეყანას მუჰამად ალის მიერ დანიშნული გენერალ-გუბერნატორები მართავდნენ, რომელთა დიდი ნაწილიც წარმოშობით კავკასიიდან იყო.

აჯანყებები

ეგვიპტელებმა სუდანის ძარცვა-რბევა დაიწყეს, რამაც მალე გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და აჯანყებები. 1822 წელს აჯანყებას ემსხვერპლა თავად ისმაილიც. აქედან მოყოლებული, სუდანის მმართველებს სხვადასხვა ტომის წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიციების გაგზავნა უხდებოდათ.

ეგვიპტელებს ძალიან გაუჭირდათ ჰადენდოას ტომის დამორჩილება. იგი სახლობდა სუდანის ჩრდილო-დასავლეთით, ეკუთვნოდა ბეჯას ეთნიკურ ჯგუფს და ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამხედრო სიძლიერით. საკუთრივ სახელწოდება "ლომის შვილებს" ნიშნავს. 1831-1832 წლებში მუჰამად ალის სარდალმა ხურშიდ ფაშამ ჰადენდოას წინაღმდეგ ლაშქრობა მოაწყო და მათი განსახლების ძირითადი რაიონი - ტაკა დაიკავა. აბორიგენებმა პარტიზანული ომი წარმატებით წარმართეს და ხურშიდი იძულებული გახდა ხარტუმში დაბრუნებულიყო. როგორც ისტორიკოსები წერენ, მან მადლობა შესწირა უფალს, რომ ექსპედიციიდან ცოცხალი დაბრუნდა.

ხურშიდმა 1834 წელს ჰადენდოას დასამორჩილებლად მეორე წარუმატებელი ლაშქრობა მოაწყო, რის გამოც მას კაიროში ჩასვლა და სუდანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოუხდა. 1835 წელს ხურშიდი ხარტუმში მთელი სუდანის ჰუქუმდარის რანგში დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ეგვიპტელებმა კონტროლირებადი ტერიტორია გააფართოეს, მაგრამ ტომების წინააღმდეგობა მაინც ვერ დაძლიეს. 1839 წელს სუდანში თავად მუჰამად ალი ჩავიდა, რასაც მოჰყვა სამი დიდი სამხედრო ექსპედიცია სამხრეთ სუდანში. 1838 წელს სუდანის ჰუქუმდარად დაინიშნა აჰმად ფაშა აბუ ვიდანი, რომელმაც ტაკას რეგიონის კვლავ დაკავება შეძლო. ჰადენდოას ტომების წინააღმდეგობის საბოლოოდ ჩახშობა აჰმად ფაშა ალ-მანიქლის სახელს უკავშირდება.

ალ-მანიქლი სუდანში

აბუ ვიდანის მმართველობა თითქმის ექვს წელიწადს გაგრძელდა. ის საკმაოდ ძლიერი და წარმატებული ხელისუფალი გამოდგა. მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ოსმალეთის სულთან აბდულ მაჯიდ I-თან (1839-1861) და ცნობილია, რომ მუჰამად ალისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა. 1843 წლის 6 ოქტომბერს აბუ ვიდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელდა ხმები, თითქოს იგი საკუთარმა ცოლმა, მუჰამად ალის ქალიშვილმა მოწამლა.

ცნობა აბუ ვიდანის გარდაცვალების შესახებ კაიროში 19 ოქტომბერს ჩავიდა. მუჰამად ალიმ იმ დღესვე მოიწვია სამხედრო საბჭო, რომელმაც გადაწყვიტა, სუდანში მოშლილიყო ხარტუმიდან ცენტრალიზებული მმართველობა და ქვეყანა დანაწევრებულიყო ავტონომიურ პროვინციებად, რომელთა მმართველები უშუალოდ კაიროს დაექვემდებარებოდნენ.

ამ საპასუხისმგებლო საქმის განხორციელება მუჰამად ალიმ ალ-მანიქლის დაავალა. ამ უკანასკნელმა გააუქმა ხარტუმის გენერალ-გუბერნატორის ინსტიტუტი და პროვინციებში ფინანსური მმართველობები გააძლიერა (ფინანსური სექტორის მართვა მთლიანად კოპტი მოხელეების ხელში გადავიდა). კაიროდან ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, რომელთაც მიენიჭათ "ფაშას" ტიტული, ნაცვლად უწინდელი "ბეისა", რათა მათი სტატუსი მოსახლეობის თვალში გაზრდილიყო. გაუქმდა ბერბერის პროვინცია და მისი ტერიტორია ხარტუმსა და დონგოლას შორის გაიყო.

ადმინისტრაციული საქმეების მოგვარების შემდეგ ალ-მანიქლი სუდანში დარჩა და დაიწყო მეორე მისიის განხორციელება - დაზვერვითი ექსპედიციის ხელმძღვანელობა. ექსპედიციას ევალებოდა სუდანის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და ამის შესახებ მუჰამად ალისთვის ანგარიშის ჩაბარება. 1844 წელს ფაზუღლიდან გაგზავნილ მოხსენებაში ალ-მანიქლი კაიროს ატყობინებდა, რომ სენარი მდიდარი იყო კაჟით, რკინის ოქსიდებითა და თიხით, თუმცა ოქრო ამ რეგიონში ნაკლებად მოიპოვებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მუჰამად ალიმ გადაწყვეტილება შეცვალა - სუდანის პროვინციები კვლავ ხარტუმს დაუქვემდებარა და ალ-მანიქლი მთელი სუდანის ჰუქუმდარად დანიშნა.

ალ-მანიქლი სათავეში ჩაუდგა სამხედრო კამპანიას ჰადენდოას წინააღმდეგ და იგი სრულად დაიმორჩილა. მართალია, ჰადენდოელების წინააღმდეგობა აბუ ვიდანის დროს შესუსტდა, მაგრამ ისინი კაიროსთვის მაინც პრობლემას წარმოადგენდნენ - მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრებას, ცუდად იხდიდნენ გადასახადებს და მათი საქონელი მთავრობისთვის ძნელად მისაწვდომი იყო. სამხედრო ოპერაციის დროს ალ-მანიქლი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ამიტომაც მას ალ-ჯაზარი (არაბ. "ყასაბი") შეარქვეს. ალ-მანიქლის ბრძანებით ჰადენდოას უმრავლესობა გაუგონარი სისასტიკით გაჟლიტეს ან დაასახიჩრეს. ჯარისკაცები ჭებს მიწით ავსებდნენ, საქონელს მიერეკებოდნენ, ადამიანებს კი თავიანთი მეთაურის გასართობად ხოცავდნენ.

აჰმად ფაშა ალ-მანიქლი

ერთ-ერთი ოფიცერი სანაძლეოზე, იარაღის ერთი დარტყმით, ტყვეებს ორად ხლეჩდა. სამხედროების ხელში აღმოჩნდნენ ტომის ქალებიც, რომლებსაც განსაკუთრებით იცავდნენ. მოწინააღმდეგეთა ცნობილი ბელადები კი ხარტუმში ჩაიყვანეს და ბაზრის მოედანზე ჩამოახრჩვეს... მართალია, ალ-მანიქლის მმართველობა მხოლოდ 1845 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ მან მოახერხა სუდანში ეგვიპტელთა ბატონობის განმტკიცება. მოჯანყე ტომების წინააღმდეგობა გატყდა და მომდევნო 40 წლის განმავლობაში მათ არც ერთხელ არ უცდიათ დამპყრობლების წინააღმდეგ იარაღის აღმართვა.

კარიერა და პიროვნული თვისებები

სუდანში მოხვედრამდე ალ-მანიქლის შთამბეჭდავი სამხედრო კარიერა ჰქონდა. იგი 1795 წელს დაიბადა. რამდენიმე წლიანი სამსახურის შემდეგ მუჰამად ალის ვაჟის, იბრაჰიმ ფაშას მებრძოლებს შორის მოხვდა და ცნობილი გენერალიც გახდა. 1829 წელს დაინიშნა მუჰამად ალის კავალერიის ერთ-ერთი ბრიგადის სარდლად და მიენიჭა "მირლივას" (თანამედროვე გენერალ-მაიორი) ტიტული.

მონაწილეობდა ეგვიპტე-ოსმალეთის პირველ ომში (1831-1833 წწ.) და 1832 წელს უდიდესი როლი შეასრულა კონიის ბრძოლაში (ხელმძღვანელობდა ეგვიპტის კავალერიას, რომელმაც ომის ბედი გადაწყვიტა), სადაც ოსმალეთი ეგვიპტესთან სასტიკად დამარცხდა. სულთანმა უზარმაზარი ტერიტორიები დაკარგა, მათ შორის ადანას პროვინციაც. ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის მმართველად სწორედ ალ-მანიქლი დაინიშნა. 1837 წელს იგი კაიროში გადაიყვანეს, სადაც მუჰამად ალის სამხედრო მინისტრი გახდა. 1838 წელს ალ-მანიქლი სირიაში დრუზების აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა და მძიმედ დაშავდა.

ოსმალეთთან ეგვიპტელთა მეორე კონფლიქტის დროს (1839-1841) იგი კვლავ ჩაერთო საომარ მოქმედებებში და ნისიბის ბრძოლაში მონაწილეობდა. 1840 წელს, ეგვიპტის არმიის სირიიდან ნილოსის სანაპირომდე სინას ნახევარკუნძულის გავლით ფართომასშტაბიანი უკან დახევის დროს, ალ-მანიქლი ერთ-ერთ სამხედრო კოლონას მეთაურობდა. ერთხანს იგი ეგვიპტის ფინანსთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, 1843-1845 წლებში კი სუდანს მართავდა.

1848 წელს ეგვიპტის მმართველი იბრაჰიმი გახდა. მან ალ-მანიქლი კვლავ მაღალ სამხედრო პოსტზე დააბრუნა და არმიის რეფორმირება დაავალა. თუმცა იბრაჰიმის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ის იმავე წელს გარდაიცვალა. ეგვიპტის სათავეში მოსულმა აბას I ჰილმიმ (1848-1854) აჰმად ფაშა თანამდებობიდან გადააყენა. 1853-1855 წლებში ალ-მანიქლი ხელმძღვანელობდა მეორე ეგვიპტურ დივიზიას ყირიმის ომში, სადაც რევმატიზმით დაავადდა და 1862 წელს ალ-ამამინში გარდაიცვალა.

იბრაჰიმ ფაშა - მუჰამად ალის ვაჟი

ალ-მანიქლის პიროვნულ თვისებებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეგვიპტელი ისტორიკოსი იუნან ლაბიბ რიზკი (1933-2008). იგი წერს, რომ ალ-მანიქლი იყო ერთ-ერთი უძლიერესი დიდმოხელე ეგვიპტეში, რომელიც გამოირჩეოდა იშვიათი სიმამაცითა და ძლიერი სიყვარულით იბრაჰიმ ფაშასადმი, ვისაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. ალ-მანიქლი იყო პირდაპირი, თავდაჯერებული და იმდენად დამოუკიდებელი, რომ ერთხელ მუჰამად ალიმ თავხედობისთვის მისი დასჯა იბრაჰიმ ფაშას მოსთხოვა. პრუსიელი მოგზაური და მეცნიერი კარლ რიჰარდ ლეპსიუსი, რომელიც ალ-მანიქლის მმართველობის დროს სუდანში იყოფებოდა, მას დადებითად ახასიათებს და მოგზაურთა მფარველად წარმოაჩენს.

ამავე დროს, ალ-მანიქლის თვისებებზე მისი ზედწოდება "ალ-ჯაზარიც" მეტყველებს. რუსი მედიკოსი და მოგზაური არტემ რაფალოვიჩი ალ-მანიქლისთან შეხვედრას იხსენებს: "აჰმად-ფაშას ეცვა სტამბოლური ახალი კოსტიუმი; ის საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცია, ორმოცდაექვსი ან ორმოცდარვა წლისა, მაღალი, შესანიშნავი აღნაგობის; მისი ფიზიონომია მეომრული, მკაცრი და ამავე დროს გახსნილია.

ის მუჰამად ალის უანგარო მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი საუკეთესო გენერალია; მან თავი გამოიჩინა ჰიჯაზისა და სირიის ლაშქრობების დროს და სამ წელიწადს მართავდა სენარს, სადაც ხშირი ამბოხების გამო იძულებული იყო, ძალიან მკაცრად ემოქმედა, რის გამოც იქაური მცხოვრებლების მეხსიერებაში შემორჩა. აქტიურად ინტერესდება ევროპული პოლიტიკით და გამოწერილი აქვს რამდენიმე ჟურნალი, რომელთა შინაარსსაც ევროპელი მდივანი თურქულად უთარგმნის. მე განმაცვიფრა იმან, რომ საკმაოდ კარგად იცოდა დასავლეთში საქმეების მდგომარეობისა და მსვლელობის შესახებ და ხშირად იმოწმებდა გაზეთ "აუგსბურგს". ჩემი ვიზიტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მე დავემშვიდობე ფაშას, რომლის პიროვნებაზეც საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება შემექმნა".

ეთნიკური კუთვნილება

სამწუხაროდ, ისტორიულ ნაშრომებში იშვიათად არის საუბარი აჰმად ფაშა ალ-მანიქლის წარმოშობის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე მათგანიდან შეიძლება საკმაოდ მწირი ინფორმაციის მიღება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი აფაფ ლუტფი ას-საიდ მარსო წიგნში "ეგვიპტე მუჰამად ალის მმართველობის დროს" წერს, რომ ალ-მანიქლი იყო "ოსმალო", რაც საკმაოდ განზოგადებული ტერმინია და არ აღნიშნავს ეთნიკურ კუთვნილებას. ტერმინი უკავშირდება ოსმალთა იმპერიის მმართველ დინასტიას და მასში მოისაზრება ყველა ის ერი, რომლებიც სულთნის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მარსო წერს: "მისი (მუჰამად ალის. - გ.ა.)

ოჯახის უშუალო წევრების გარდა, მთავარი მხარდამჭერები იყვნენ ალბანელები კავალადან, მისი დაბადების ადგილიდან ან ოსმალები იმპერიის სხვადასხვა მხარიდან, მაგალითად: ჩრდილოეთკავკასიელები, ქართველები, მეგრელები, ლაზები, ბერძნები". ავტორი ალ-მანიქლისა და ქართული წარმოშობის მუჰამად ლაზოღლუს მოიხსენიებს ერთი ტერმინით - "ოსმალო".

მუჰამად ალი

ამ ავტორის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ალ-მანიქლი ნამდვილად არ არის ალბანელი ან ბერძენი.

ინგლისელი ისტორიკოსი რიჩარდ ლესლი ჰილი იუწყება, რომ ალ-მანიქლი ცნობილია როგორც მეგრელი: Hე ჰას ბეენ ცალლედ ა მინგრელიან ფრომ ტჰე ჩაუცასუს, მაგრამ ის ეჭვის თვალით უყურებს ამ ფაქტს და გამოთქვამს ორ ვარაუდს: 1. მისი თქმით, სინამდვილეში იგი უნდა იყოს რუმელიელი (ანუ ბალკანელი) თურქი, მანლიქიდან (კავალას ადმინისტრაციული ერთეული მაკედონიაში). ხოლო "ლი" სუფიქსით (-ლი) გადმოცემულია მისი წარმოშობა ან 2. ეს სახელი ეწოდა სახეზე თანდაყოლილი ნიშნის გამო. თუმცა იგი არ ამბობს, კონკრეტულად რა ნიშანი ჰქონდა ალ-მანიქლის სახეზე.

წიგნში "სუდანის ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში" რუსი ისტორიკოსი იური კობიშანოვი საუბრობს კავკასიური წარმოშობის გენერალ-გუბერნატორებზე: "ევროპელი მოგზაურები აღფრთოვანებული იყვნენ თურქების (კერძოდ, კავკასიური და ალბანური წარმოშობის) სტუმართმოყვარეობით, ხელგაშლილობითა და სიმამაცით. გენერალ-გუბერნატორებს, გუბერნატორებსა და უფრო დაბალი რანგის მმართველებს (რომლებიც "ფაშასა" და "ბეის" ტიტულებს ატარებდნენ) შორის იყვნენ გამოჩენილი პიროვნებები, დიდი ენერგიითა და მტკიცე ხასიათით.

ასეთები იყვნენ ამ თავში მოხსენიებული გენერალ-გუბერნატორები: ჩერქეზები - აჰმედ აბუ ვიდანი, აბდ ალ-ლატიფ აბდალლა, ისმაილ აიუბი, ჯაფარ სადიკი, ალი ჯარქასი, მუსა ჰამდი, მუჰამედ რაუფი, მეგრელი - აჰმედ ალ-მანიქლი, ქურთი - ისმაილ ჰაქიმ აბუ ჯაბალი, ალბანელი - ალი სირრი, ეგვიპტელი თურქი - აჰმედ მუმთაზი". ამრიგად, ეს ავტორი ადასტურებს ალ-მანიქლის ქართულ წარმოშობას. ის ეყრდნობა რუს მოგზაურებს, რომელნიც სუდანის ტერიტორიაზე XIX საუკუნეში იმყოფებოდნენ.

უმნიშვნელოვანესია არტემ რაფალოვიჩის წიგნი "მოგზაურობა ქვემო ეგვიპტესა და დელტის შიდა რაიონებში", სადაც ავტორი წერს: "[ალ-მანიქლი] შესახვედრად ოთახის შუაგულამდე შემომეგება: ეს არის პატივი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია მაღალი მუსლიმი წარჩინებული პირის მხრიდან ახალგაზრდა ევროპელის მიმართ. ამას ადვილად მიხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც იცნობენ აღმოსავლურ ტრადიციებსა და თურქების სიამაყეს.

მაგრამ რუსის სახელი ოსმალურ სამფლობელოებში ახლა უმაღლესი რეკომენდაციაა. მოგვართვეს ნარგილე და ყავა და დავიწყეთ საუბარი ჭირსა და კარანტინზე, სირიისა და პეტერბურგის შესახებ, კავკასიასა და საქართველოზე: ეგვიპტეში თურქი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ფაშას მამლუქებია, ბავშვობაში მოყვანილი ამ უკანასკნელი რეგიონებიდან, ამიტომაც რუსებთან შეხვედრის დროს ისინი, რა თქმა უნდა, საკუთარ სამშობლოზე გეკითხებიან". რაფალოვიჩის ცნობა, ფაქტობრივად, პასუხობს ჩვენს მთავარ კითხვას - ის, რომ მანიქლისთან მან საქართველოზე ისაუბრა, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ადასტურებს მის ქართულ წარმოშობას.

მართალია, რიჩარდ ლესლი ჰილი უარყოფს ალ-მანიქლის ქართულ წარმომავლობას, მაგრამ გასაბათილებლად მას არ მოჰყავს ერთი კონკრეტული არგუმენტი და რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს. მათ შორის, იგი ამბობს, რომ შესაძლებელია ეს სახელი მას ფიზიკური ნაკლის გამო დაერქვა, რაც არ გულისხმობს, რომ იგი აუცილებლად თურქი იყო. ბუნებრივია, ეს სახელი მას ოსმალურად დაერქმეოდა და არა რომელიმე ქართველურ ენაზე. როგორც ზემოთ ითქვა, ჰილის აზრით, ალ-მანიქლი არის კავალას პროვინციიდან. საგულისხმოა, რომ აფაფ ლუტფი ას-საიდ მარსოც ეხება მუჰამად ალის კავალელ მაღალჩინოსნებს, მაგრამ მათ შორის ალ-მანიქლის არ ახსენებს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ალ-მანიქლის ქართული წარმოშობა ეჭვს არ იწვევს. ის იყო უაღრესად საინტერესო და გამორჩეული პიროვნებაა სუდანისა და ეგვიპტის ისტორიაში, რომელსაც საქართველოში აქამდე არ იცნობდნენ. საჭიროა კვლევის გაგრძელება, ეგვიპტური და ოსმალური საარქივო მასალების საფუძვლიანი შესწავლა, რადგანაც შესაძლებელია ამ პიროვნების შესახებ სრულიად ახალი ცნობების მიღება.

აქვე უნდა ითქვას, რომ თემა არ ამოიწურება მხოლოდ ალ-მანიქლით. მუჰამად ალის რეპრესიებს გადარჩენილი მამლუქები სუდანში გაიქცნენ იბრაჰიმ ბეი შინჯიკაშვილის მეთაურობით, რომელიც ერთიან ეგვიპტეს 1780-1804 წლებში (დროგამოშვებით)მართავდა. მისი და მურად ბეის მეთაურობით ეგვიპტელი მამლუქები წინააღმდეგობას უწევდნენ ნაპოლეონ ბონაპარტს. სავარაუდოდ, გაქცეულთა შორის ქართული წარმოშობის სხვა მამლუქებიც იყვნენ. ქართველი ისტორიკოსების საკვლევი ობიექტი ხდება სრულიად ახალი სფერო - სუდანის ისტორია და ქართველთა კვალი ამ ქვეყანაში.

გიორგი არქანია

ჟურნალი "ისტორიანი",#86