საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები - როგორი იყო შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში?
16-03-2018
საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები - როგორი იყო შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში?
XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან იმპერიის შემადგენლობაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, იმხანად საქართველოც შედიოდა. აქვე განხილულია იმავე პერიოდის რუსული ფულადი სისტემაც.

ნაწილი I
რუსეთის ფინანსთა მინისტრის, გრაფ სერგეი ვიტეს ხელმძღვანელობით, 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. აქვე
დავძენთ, რომ ეს პიროვნება, რომელიც თბილისში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ბალტიელი გერმანელი იყო. შემდგომში იგი სათავეში ედგა რუსეთის მინისტრთა საბჭოს (1905-1906 წლებში).
ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ქაღალდის ფული მთლიანად იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად
იქცა.

ხსენებულ პერიოდში რუსეთში ინტენსიურად ვითარდებოდა ვაჭრობა-მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ხოლო სახელმწიფო შემოსავალი გასავალს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მაგალითად, 1913 წელს სახელმწიფო ხაზინაში დარჩენილი თავისუფალი თანხა 430 მილიონ რუბლს აღემატებოდა, ხოლო ქვეყნის ოქროს მარაგი შეადგენდა 1,7 მილიარდ რუბლს, რაც უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.

"რუბლი" (რომლის ქართული შესატყვისი იყო "მანეთი") - ასი კაპიკისგან შედგებოდა. იმპერიაში მიმოიქცეოდა როგორც ქაღალდისგან დამზადებული ფულის ნიშნები - "სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები", ასევე ლითონისგან, კერძოდ ოქროსგან, ვერცხლისა და სპილენძისგან მოჭრილი მონეტები.
სპილენძისგან დამზადებული იყო მონეტები ნომინალური ღირებულებით (ჩამოთვლილია უმცირესი ერთეულიდან ზემოთ) - 1/4; 1/2; 1; 3 და 5 კაპიკი, ვერცხლისგან - 5; 10; 20; 25; 50 კაპიკი და 1 რუბლი, ხოლო ოქროსგან - 5; 71/2; 10 და 15 რუბლი. ამ უკანასკნელს იმპერიალი ეწოდებოდა.

ქაღალდის ფულის ნიშნებს შორის იყო "სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები" ნომინალური ღირებულებით: 1; 3; 5; 10; 25; 50; 100 და 500 რუბლი.
1 რუბლი ოფიციალურად შეესაბამებოდა 17,424 წილ (ანუ 0,7742 გრამ) სუფთა ოქროს (იმხანად "წილი" საზომ ერთეულს ეწოდებოდა). ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკრედიტო ბილეთების ავერსზე (წინა მხარეზე) დატანილი იყო წარწერა რუსულ ენაზე (თარგმანი ჩვენია): "სახელმწიფო ბანკი ახურდავებს საკრედიტო ბილეთებს ოქროს მონეტაზე თანხის შეუზღუდავად (1 რუბლი = 1/15 იმპერიალს, შეიცავს 17,424 წილ სუფთა ოქროს)", ხოლო რევერსზე (უკანა მხარეზე) ეწერა: "სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები მიმოიქცევა მთელს იმპერიაში ოქროს მონეტის თანაბრად".

ოქროს მონეტების წონა შემდეგნაირი იყო: 5 რუბლი - 4,3 გრამი; 71/2 რუბლი - 6,45 გრამი; 10 რუბლი - 8,6 გრამი; 15 რუბლი - 12,9 გრამი. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მონეტები მოჭრილი იყო 900-იანი სინჯის მქონე ოქროსგან, ანუ შეიცავდა სხვა ლითონის 10%-იან მინარევს. შესაბამისად, ეს მონეტები შეიცავდა შემდეგი რაოდენობის სუფთა ოქროს: 5 რუბლი - 3,871 გრამი; 71/2 რუბლი - 5,8065 გრამი; 10 რუბლი - 7,742 გრამი; 15 რუბლი - 11,613 გრამი.
I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მიღებული კანონით, რუსეთში შეწყდა ქაღალდის ფულის ნიშნების გადაცვლა ოქროს მონეტებზე. მზარდი საომარი ხარჯების შედეგად, რუბლი თანდათან უფასურდებოდა. თუ 1914 წლის 1 იანვარს მიმოქცევაში იყო 1 მილიარდ 633 მილიონი რუბლის საერთო ღირებულების საკრედიტო ბილეთები, სამი წლის შემდეგ - 1917 წლის 1 იანვარს, ამ მაჩვენებელმა 9 მილიარდ 103 მილიონი რუბლი შეადგინა. ამ პერიოდში ქაღალდის 1 რუბლის მყიდველუნარიანობა შემცირდა ომამდელ 26-27 კაპიკამდე, ანუ თითქმის 4-ჯერ გაუფასურდა.

არადა, რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთის იმპერიის 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.

მუშათა ანაზღაურება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის (1883-1959) თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" (ტ. II, პარიზი, 1960), მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ.

ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს. კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.
პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.

ამ მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძენა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა ყველა აქ დასახელებული პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

მეცნიერ-პედაგოგთა
ანაზღაურება

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) ცნობით, ნიკო მარს (1865-1934) "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა, სხვა არაფერი და ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, - 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".
პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ივანე ჯავახიშვილს (1876-1940) 1900 წლის იანვრიდან 1902 წლის ივლისამდე ეძლეოდა სამაგისტრო სტიპენდია თვეში - 50 რუბლი.

სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1903 წლის 1 იანვარს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს პრივატ-დოცენტად და თვიურ ხელფასად 100 რუბლი დაუნიშნეს. ამ თანამდებობაზე ის 14 წლის განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებამდე მუშაობდა.

ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, 1908 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაფუძნდა ქართული სამეცნიერო წრე. წესდების მიხედვით, წრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა, თუმცა მის რეალურ მიზანს შეადგენდა მზადება ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ივანე ჯავახიშვილი მზრუნველობას იჩენდა ამ გაერთიანების წევრებისადმი, რომელთაც თავის ბინაში პატიჟებდა.

ამ წრის ერთ-ერთი წევრთაგანი, მომავალში გამოჩენილი მეცნიერი გიორგი ჩიტაია (1890-1986) იგონებდა: "ივანე ჯავახიშვილი ქართველ სტუდენტებს ყველაზე საპატიო ლექტორად, კერპად მიგვაჩნდა... სამეცნიერო წრის წევრები მაშინ გამალებით ვმუშაობდით ქართული პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფიის შედგენაზე. წრის გამგეობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა ივანე ჯავახიშვილის ბინაზე წრის სამუშაოების მოსაგვარებლად. ყოველთვის, სხდომის დამთავრებისას, სუფრა იშლებოდა ჩვენთვის. მართალია, სუფრა არ იყო მდიდრული, რადგან ბატონი ივანე თავისი ოჯახის წევრებით ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მისი ხელმოკლეობა იქიდანაც ჩანდა, რომ იგი პეტერბურგის სუსხიან ზამთარში საზაფხულო პალტოთი დადიოდა".

შალვა ამირეჯიბი (1887-1943) შენიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილის "მოკრძალება, მოთმინება, მომჭირნეობა მიდიოდა იქამდის, რომ პეტერბურგში ცხოვრების დროს, როცა უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა, მამის დახმარებაზე უარი თქვა და მხოლოდ პრივატ-დოცენტის არადიდი ჯამაგირით ცხოვრობდა. დილით ის გამოდიოდა კარში ორი შაურით ჯიბეში. ეს იყო ტრამვაის ფული. მისი პირადი სიამოვნება მისმა სამეცნიერო ღვაწლმა შეიწირა".

ილიასა და აკაკის შემოსავალი
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს (1837-1907) "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"...

ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ. მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა".

მისივე ცნობით, იმ დროისთვის, თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს.
ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს (1840-1915) ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა, რის გამოც მას თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა.
ამასთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა: "აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?" ისინი მეუბნებოდნენ: "შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო"...

ერთხელ, მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხოულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს...
აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული არ დაჰკლებია. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობას და საჭმელ-სასმელს, ხოლო ფულს არა სთხოვდნენ".

ასევე საყურადღებოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის (1866-1931) მოგონება, რომელშიც ვკითხულობთ: "როცა "ივერიაში" ვმუშაობდი, აკაკიმ რამდენჯერმე ლექსები მოგვიტანა დასაბეჭდად. ჰონორარს კარგს ვაძლევდით... ჩვეულებრივზე ბევრად მეტს, მაგალითად 3-4-ჯერ მეტს, ვიდრე ვაჟა-ფშაველას. თურმე ამ ნიადაგზე უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი ილიასა და აკაკის შორის და ილიას განკარგულება მოეხდინა: "აკაკის მიეცით, რაც მოითხოვოსო". მიუხედავად ამისა, აკაკი მაინც უკმაყოფილო იყო. მე თვითონ გამიგონია მისგან: "ივერიაში" არაფერს მაძლევენო. ეს ჩვეულებრივი სენი იყო ჩვენი დიდი მგოსნისა, მუდამ ჩიოდა - ნაკლებ ყურადღებას მაქცევენო, თუმცა საქართველოში აკაკიზე მეტად არც ერთი პოეტი არ უყვარდათ, არავის ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორც მას...

აკაკი მუდამ ფულის ძებნაში იყო. მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკიდან პენსია ეძლეოდა თვეში 100 მანეთი, მაგრამ რასაკვირველია, ეს ფული არ ეყოფოდა. ბევრს ხარჯავდა. ცხოვრობდა ხან ქუთაისში, ხან საჩხერეში, ხან ტფილისში. მოგზაურობასა და ხშირად სასტუმროებში ცხოვრებას ბევრი ფული უნდოდა. კარტის თამაშიც უყვარდა. რუს პოეტ ნეკრასოვივით ისიც ხშირად ღამეებს ათენებდა კლუბებში. მაგრამ მეტად გულკეთილი იყო: ფულს, თუ გაჭირვებულებისთვის იყო საჭირო, არ დაიშურებდა, უკანასკნელსაც მიაწოდებდა".

* * *
გიორგი ლასხიშვილის მემუარებიდან ირკვევა, რომ 1904 წელს, როდესაც იგი პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, იქ დაახლოებით ისეთივე ფასები დახვდა, როგორიც რუსეთში.

მოგონებებში ვკითხულობთ: "ერთი პატარა ოთახი, პაწაწინა დერეფნით თვეში 28 ფრანკად (მაშინდელი კურსით 10 მანეთად) ვიქირავე. ოთახში იდგა ვეებერთელა კრაოტი, პირსაბანი, პატარა მაგიდა და ორი სკამი, მეტი არაფერი დაიდგმებოდა. ძნელი იყო ამისთანა ოთახში ცხოვრება, მაგრამ, რადგან აქ მხოლოდ დასაძინებლად მოვდიოდი, სიამოვნებით დავრჩი, ვინაიდან ბინა, დილას ყავა და მოსამსახურე - თვეში მხოლოდ 15 მანეთამდე მიღირდა".

* * *
თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხულმა ყოფილმა სემინარისტმა იოსებ ლაღიაშვილმა 1886 წლის 24 მაისს მოკლა რეაქციონერი და ქართველების მოძულე რექტორი პავლე ჩუდეცკი. მისი დასაფლავების დროს, საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა პავლე ლებედევმა დასწყევლა ის ერი, რომელმაც წარმოშვა მკვლელი ლაღიაშვილი.

მკვლევარ არკადი ხუნდაძის ცნობით, "მაშინ, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ზოგიერთი მასწავლებლის ჯამაგირი 40-50 მანეთს არ აღემატებოდა, სინოდმა რექტორ ჩუდეცკის ნაცოლევს და პავლე ეგზარქოსის საყვარელს - მარიამს, თვეში 100 მანეთი პენსია დაუნიშნა".

* * *
ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში ფასები ზომიერი იყო და თანადროულ შრომის ანაზღაურებასაც მეტ-ნაკლებად ესადაგებოდა.

ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#86
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!