სვიმონ დადიანი ქართველი მოდილიანის დაბრუნება - კვირის პალიტრა

სვიმონ დადიანი ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ დადიანი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი ქართველია, ვინც ამერიკული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.

დასაწყისი იხილეთ

სვიმონ დადიანი 1950 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ სხვადასხვა გამოფენაში. შემოქმედებითი ბიოგრაფიის ეს დატვირთული პერიოდი ასე გამოიყურება:

1951 - ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ იორკი.

1952 - იუკლენდის ხელოვნების გალერეა.

1952 - ხელოვნების მუზეუმი, სან-ფრანცისკო.

1953 - ათი მხატვრის შემოქმედება, გალერეა ვორთ ავენიუზე.

1953 - 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ-იორკი.

1953 - თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენა. ფლორიდა.

1956 - გამოფენა ნატიფი ხელოვნების მუზეუმში. ახალი ორლეანი.

1960 - ზამთრის გამოფენა. საპატიო ლეგიონის კალიფორნიის სასახლე.

1967 - სპეციალური ექსპოზიცია. საპატიო ლეგიონის კალიფორნიის სასახლე.

1953 წლის თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე სიმონიკა დადიანის შემოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქართველმა მხატვარმა მეორე ადგილი მოიპოვა. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა წერდა: "მისტერ პიტერ დადიანის ნამუშევრებში (სვიმონ დადიანი ამ სახელით ხშირად მოიხსენიება ამერიკულ კატალოგებსა და გამოცემებში. - გ.კ.) გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება. ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს"...

დადიანის არქივში შემონახულია როგორც მეორე ადგილის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომი, ისე წერილი, სადაც არტმენეჯერი ჰენრი დორა მოქანდაკეს გამარჯვებას ულოცავს: "ხელოვნების კომიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ თქვენმა ქანდაკებამ "შავი ტორსი" თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე მოიპოვა მეორე ადგილი და სანტ ლუისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, მისტერ პერი რეტბოუნის პრემია".

სვიმონ დადიანის შემოქმედებას ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტი დამფასებელი გამოუჩნდა, მისი ნახატებიც უფრო კარგად იყიდებოდა. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ საინტერესო წერილი შემორჩა მხატვრის არქივს: "გეხვევი მაგრად, ჩემო ბაბოშკა და ბოდიში, რომ ამდენ ხანს წერილი არ მოგწერე. ამ გამოფენის გამო დამჭირდა ბევრი გასვლა. ჩემ ხასიათში არ არის ასე სტუმრად სიარული, მაგრამ თითქმის ყოველდღე სადილად დავდიოდი. არ ვიცი რატომ აქვს ასეთი სურვილი ამდენ ხალხს ხელოვანთან შეხვედრისა. ამდენი უცნობი, ამდენი უმნიშვნელო კითხვა-პასუხი და ლაპარაკი... სულ თავბრუგაბრუებული ვიყავი. მართალი გითხრა, ამდენი ქება არასოდეს არ მქონია და მადლობა ღმერთს, რომ ყურადღებას არასოდეს ამას არ ვაქცევ. მთავარია, ვალებიდან სულ ამოვძვერი და იმედი მაქვს, ბოლოს ცოტა რამე პარიზისთვისაც დარჩება".

მამაკაცის ბიუსტი

მართლაც, ქებას იგი არასოდეს დაუტყვევებია, თავმდაბლობა მისი თანამდევი თვისება იყო. მხატვრის დისშვილი თათული ღვინიაშვილი იგონებს: "ამერიკაში ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ სვიმონ დადიანზე მთელი დღე რადიო საუბრობდა, ის კი ხმას არ იღებდა, მეგობრებსაც არ უყვებოდა თავისი თავბრუდამხვევი წარმატების შესახებ".

1955 წელს სვიმონ დადიანმა გააფორმა სან-ფრანცისკოს ოპერის 33-ე სეზონის პროგრამა და მოსაწვევი. ჩანს, ის ასევე გეგმავდა რამდენიმე სპექტაკლის გაფორმებასაც. მხატვრის არქივს დღემდე შემორჩა რამდენიმე საინტერესო თეატრალური ესკიზი და მიმოწერა სან-ფრანცისკოს ოპერის დირექტორ კურტ ჰერბერტ ადლერთან.

სვიმონ დადიანს გეგმები მართლაც ბევრი ჰქონდა, მათ შორის სამშობლოსთან დაკავშირებული: "თუ არის კარგი წიგნი ზღაპრების, შეგიძლიან გამომიგზავნო? - ეკითხებოდა იგი საკუთარ დას ბაბო დადიანს და იქვე დასძენდა. როგორც იცი, უორდროპის ქალმა გადათარგმნა მეგრული და იმერული ზღაპრები. წავიკითხე დიდი ხანია, მაგრამ სიტყვა სიტყვით არის გადათარგმნილი და რაღაც აკლია. არ ვიცი რატომ, დიდი ხანია მინდა ქართული ზღაპრების გადათარგმნა, თანაც ნახატების გარევა. რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, დრო რომ იყვეს".

ემიგრანტ მხატვარს სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში, ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა - უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან, ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული... ამასთან დაკავშირებით სწერდა მხატვარი თავის დას თბილისში: "საჭმელს ნურას მიგზავნი, მირჩევნია რამე პატარა სამახსოვრო, რომელიც შემრჩება. ამას უფრო ვაფასებ. სულ პატარა თიხის ქოთანი ნოსირის მიწით, ჩემი ოცნება არის".

სვიმონ დადიანის წერილებში ჩანს, რომ ოკეანის გაღმა დარჩენილი მხატვარი მუდამ ცდილობდა, მიყურადებული ყოფილიყო საქართველოს კულტურულ მაჯისცემას. "- არაფერი არ სჯობია შენს ღია ბარათებს, - წერდა იგი ბაბო დადიანს თბილისში გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში. ვარძიის სურათი რომ გამომიგზავნე, ძალიან დავაფასე. იქნებ აწი ბოლნისიც მომინახო... ამაზე არ შეგაწუხებდი, მაგრამ ვიცი, შენთვის დიდი სიამოვნება არის გამანებივრო და მეც ძალიან მიყვარს განებივრება... ვიცი, რომ ჩემთვის რამეს ჩამოიტან, ასე რომ ახლავე გეტყვი რაც მართლა მაინტერესებს: 1. ქართული საეკლესიო გალობა - თუ არის ასეთი ფირფიტები. 2. ქართული ოპერა. 3. გორდელა. რავარც გახსოვს... ხალხური გალობა უკვე მაქვს"...

სამშობლოს მონატრებული მხატვარი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ საქართველო ვეღარ იხილა. სვიმონ დადიანი 1975 წელს 27 თებერვალს სან-ფრანცისკოში, 57 წლის ასაკში, სისხლის მძიმე სნეულებით გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ სან-ფრანცისკოს ვუდლოონის სასაფლაოს სამხედრო სექტორში. თავისი ავადმყოფობა ახლობლებისთვის არ გაუმხელია.

ჩანჩქერი

მისი უკანასკნელი საიდუმლო მხოლოდ ერთმა მეგობარმა ქალმა - ბეტსიმ იცოდა... გამოსათხოვარ წერილში სიმონიკა ნათესავებს სწერდა: "არასოდეს უსაყვედუროთ ბეტსის, რომ მან ის საიდუმლო შეინახა, რომელიც მე დავაფიცე. არ ჰქონდა აზრი. წლების განმავლობაში უნდა დამემძიმებინეთ დარდით, რომელთანაც უძლურნი იქნებოდით. ჩემი ადვოკატი შეგატყობინებთ, სად არის შენახული ჩემი ნამუშევრები და თქვენ თანდათან შესძლებთ მიიღოთ ისინი. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ არ ვიყო უსაზღვრო მწუხარების მიზეზი... ნუ დამწუხრდებით, მე არასოდეს მიყვარდა მწუხარება"...

დაკვირვებული მკითხველი შენიშნავდა, რომ ბოლო წერილში, ღირსეულ გამოთხოვებასთან ერთად მხატვარი საკუთარი ნამუშევრების დაბინავებას ცდილობს, ალბათ ამ საზრუნავს დარდი და ფიქრიც ახლდა. აუსრულებელი დარჩა ოცნება, რომ სამშობლოში გამოფენა მოეწყო, ნახატები დამოუკიდებელ საქართველოში დაებრუნებინა.

სვიმონ დადიანის უკანასკნელ ნატვრას ალბათ ასრულება არ ეწერა, რომ არა მია ღვინიაშვილი, მხატვრის დის შვილიშვილი და დაუღალავი მებრძოლი ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა. ხელოვნების სასახლეში შეხვედრის დროს ქალბატონმა მიამ საკუთარი ჩანაფიქრი და გაწეული სამუშაო გაგვაცნო. უკვე დასრულებული იყო მემკვიდრეებთან - მიხეილ და ლია ვოდე-მდივნებთან მოლაპარაკება, რომლებიც მზად იყვნენ, 21 ფერწერული ტილო და 2 ქანდაკება საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოეცათ. სამშობლოში გამოსაგზავნი ტვირთი მიიღებდა დიპლომატიურ სტატუსს, რაც მის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას განაპირობებდა; პროფესორ გია ჯავრიშვილის ხელშეწყობით, ჟურნალისტ ნინო ხოფერიასა და რეჟისორ ზვიად მიქელაძის მონაწილეობით, დაწყებული იყო გადაღება დოკუმენტური ფილმისა "სვიმონ დადიანის დაბრუნება".

მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს სახელით კოლექციას ხელოვნების სასახლე (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი) მიიღებდა. ხელშეკრულების გაფორმების საპატიო მისიაც მუზეუმის ადმინისტრაციას ერგო. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ და საელჩოს თანამშრომელმა ნოდარ ნუცუბიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ზღვის საჩუქარი" (სვიმონ დადიანი)

ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფონდ "ფიროსმანის" დამფუძნებელმა არჩილ გელოვანმა კი მთლიანად უზრუნველყო როგორც ძვირფასი ტვირთის შეფუთვის, ისე მისი ტრანსპორტირების ხარჯები.

2017 წლის 28 ოქტომბერს პარიზიდან წამოსულმა 200-კილოგრამიანმა ტვირთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი განაზრახი წარმატებით დაგვირგვინდა - სვიმონ დადიანის შემოქმედება სამშობლოში ჩამოვიდა და მხატვარმაც თითქოს ახალი სიცოცხლე დაიბრუნა. სწორედ ამგვარ ამბავზე თუ უთქვამს დიდ კონსტანტინე გამსახურდიას: "ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი".

გიორგი კალანდია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#86