ამბავი "კლარჯეთის ქვეყნისა" - დღითი დღე ქართულს ივიწყებენ შავშები, კლარჯები, ტაოელები - კვირის პალიტრა

ამბავი "კლარჯეთის ქვეყნისა" - დღითი დღე ქართულს ივიწყებენ შავშები, კლარჯები, ტაოელები

ისტორიულ კლარჯეთსა და თურქეთის რესპუბლიკის სხვა რეგიონებში გაშენებულ კლარჯ მუჰაჯირთა დასახლებებში 2007-2015 წლებში ყოველ ზაფხულს მოგზაურობდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომლები.

ბათუმელ მეცნიერებს "კლარჯეთის ქვეყნისა" და კლარჯეთელთა შთამომავლების ყოფისა და კულტურის, მსოფლმხედველობის, ენობრივ-ეთნიკური ვითარების, ისტორიული სამშობლოსა და თანამოძმეებისადმი დღევანდელი დამოკიდებულების შესწავლაში ხელი შეუწყო შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

"ქვეყანა კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა" - წერდა X საუკუნის ქართველი მწერალი გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში", რომელშიც მკითხველს მოუთხრობდა ტაო-კლარჯეთის უდიდეს როლსა და მნიშვნელობაზე VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. კლარჯეთის "ქვეყანას" აღწერს "ქართლის ცხოვრება", ვახუშტი ბატონიშვილი თავის სამეცნიერო თხზულებაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"... ვითარებათა გამო შექმნილ ოსმალურ დავთრებშიც მოიძიება არაერთი საყურადღებო ცნობა კლარჯეთის მოსახლეობის რაოდენობის, რელიგიური კუთვნილების, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სხვ.

ბათუმელ მეცნიერთა მრავალწლიან შრომას და მოპოვებულ საექსპედიციო-სამეცნიერო მასალას სწორედ აღნიშნული წყაროები დაედო საფუძვლად. ამ წყაროებისა და უშუალოდ კლარჯეთის თანამედროვე ცხოვრების, კლარჯეთელთა საქმიანობის, ყოფისა და კულტურის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა შეძლეს თავი მოეყარათ ფუნდამენტური მასალისთვის, რომელშიც წარმოდგენილია: კლარჯეთის ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები, ლიტერატურული და სამწიგნობრო სკოლები, კლარჯების სოფლები და დასახლებები თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკაში, მათი ყოფა, კულტურა, მეტყველება, ტოპონიმიკა, ფოლკლორი.

"მეთურქულე" და "მექართულე"

კლარჯეთი ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარეა, რომელიც მოიცავს მდინარე ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. ადრე შუა საუკუნეებში ამ მხარეში გაჩაღდა საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რამაც ხელი შეუწყო არაბთა შემოსევებითა და ჟამიანობით აოხრებული კლარჯეთის აღორძინებას. ბერ-მონაზონთა და საერო ხელისუფალთა თავდადებამ აქაურობა ქვეყნის დაწინაურებულ მხარედ აქცია. გაშენდა სოფლები და ქალაქები, იმატა მოსახლეობის რიცხვმა, აღორძინდა მეურნეობა, აიგო ციხეები, ხიდები, ახალი გზები, რომლებიც კლარჯეთს აკავშირებდა როგორც საქართველოს სხვა კუთხეებთან, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან.

რამდენიმე საუკუნეა, კლარჯეთიდან მხოლოდ სამიოდე სოფელია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციულ საზღვრებში: მირვეთი, კირნათი და მარადიდი. დანარჩენი კი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ართვინის გუბერნიის ბორჩხის, მურღულის, ართვინისა და არტანუჯის რაიონებში.

XIX საუკუნის 80-იან წლებში კლარჯმა მუჰაჯირებმა თურქეთის სხვა პროვინციებშიც, განსაკუთრებით მარმარილოსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზეც დააარსეს სოფლები, რითაც გაფართოვდა მათი ყოფისა და კულტურის არეალი.

თანამედროვე კლარჯეთს ბათუმელი მეცნიერები პირობითად ორად ყოფენ - "მეთურქულე" და "მექართულე" კლარჯეთად. მეთურქულე კლარჯეთში - ართვინისა ნაწილობრივ და არტანუჯის რაიონებში ქართული ენა აღარ იციან, თუმცა შემონახულია ქართული ტოპონიმიკა, ახსოვთ მცენარეთა ქართული სახელები და სხვ. თურქულ მეტყველებაში, ფოლკლორში რთული არ არის ქართული ელემენტების აღმოჩენა და თავისთავად, მკვლევართათვის მეთურქულე კლარჯეთი საინტერესო უბანს წარმოადგენს.

მექართულე კლარჯეთს განეკუთვნება ბორჩხისა და მურღულის, ნაწილობრივ ართვინის რაიონები, სადაც უფროსმა და საშუალო თაობამ იცის წინაპართა ენა, ახალმა თაობამ კი სამწუხაროდ, არ იცის, ან თუ იცის, ძალიან ცოტამ და ძალიან ცუდად.

წინა თაობების მეცნიერთა

კვალდაკვალ

XIX საუკუნის 70-80-იან წლებში კლარჯეთის ქვეყანას იკვლევდნენ გიორგი ყაზბეგი და დიმიტრი ბაქრაძე. 1904 წელს შავშეთსა და კლარჯეთში ექსპედიცია მოაწყო ნიკო მარმა, რომლის "მოგზაურობის დღიურებში" შემონახულია უმნიშვნელოვანესი ცნობები. მართალია, ნიკო მარი გრიგოლ ხანძთელის დაარსებულ ეკლესია-მონასტრებსა და მათ იმჟამინდელ მდგომარეობას იკვლევდა, მაგრამ შატბერდისა და ხანძთის ძიებისას (მეცნიერი გიორგი მერჩულეს თხზულებათა გამოსაცემად ემზადებოდა) მის თვალსაწიერში კლარჯთა ქვეყანაც მოექცა და შესაბამისად, "მოგზაურობის დღიურები" ამ მხარისა და მისი მოსახლეობის შესწავლისთვის ერთ-ერთ წყაროდ იქცა (თუმცა ეთნიკური თვალსაზრისით გამოთქმული მისი ზოგიერთი არამართებული მოსაზრება შემდგომი თაობის მეცნიერებმა ობიექტურად უარყვეს).

გასული საუკუნის დასაწყისში "თურქეთის საქართველოში" ("სამუსლიმანო საქართველოში") ექსპედიციები მოაწყვეს ექვთიმე თაყაიშვილმა და ზაქარია ჭიჭინაძემ.

სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდიდან, 1921 წლიდან ქართველი მეცნიერებისთვის ჩაიკეტა თურქეთის საქართველოს საზღვრები. ბუნებრივია, თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოქცეული "ჭოროხის ქვეყნებისადმი" ინტერესი დიდი იყო. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობითა და მოგზაურთა ჩანაწერების დახმარებით თუ ახერხებდნენ ქართველი მეცნიერები (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, პავლე ინგოროყვა, ლევან მენაბდე და სხვები) ტაოს, კლარჯეთის, შავშეთის შესახებ მასალათა მოძიებას. იშვიათად თუ შემოაღწევდა საბჭოთა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკაში მოქცეული ქართული კულტურის ძეგლებისა და იქაური მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია.

ამდენად, თითქოს ანდერძად დარჩა წინა თაობის მეცნიერთა განუხორციელებელი მიზნის ასრულება - თურქეთის "ქართული ქვეყნებისა" და მათ შორის კლარჯეთის შესწავლა. ამ მიზნის ასრულებას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან შესაძლებელი გახდა თურქეთში ქართული ფენომენის შესწავლის დაწყება. ეს, პირველ ყოვლისა, კეთდებოდა ინდივიდუალური გასვლებით, საველე ექსპედიციებით. ამ ექსპედიციებისას მიმდინარეობდა ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური მასალების შეგროვება, ქართული ისტორიული ძეგლების გარეგანი შესწავლა. გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ ამ ძეგლების სიახლოვეს და საერთოდ, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების უფლების მოპოვებისგან ჯერ ისევ შორსა ვართ...

ქართველ მეცნიერთა ჯგუფებს ბათუმელებიც შეუერთდნენ და მკვლევართა ერთი ჯგუფი 2007-2015 წლებში, გულდასმით იკვლევდა კლარჯეთის ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე კლარჯ მუჰაჯირთა დასახლებებს.

მამია ფაღავა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: - პირველივე ექსპედიციებით ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს ისტორიულად, არქეოლოგიურად, ეთნოლოგიურად, ლინგვისტურად საინტერესო სივრცესთან. მაგრამ შიშმაც შეიპყრო პირველმკვლევრები, დაგვიანების შიშმა. ყოველ დღეს რაღაც იკარგება: დღითი დღე ქართულს ივიწყებენ შავშები, კლარჯები, ტაოელები... მკრთალდება ქართველი კაცის კვალი ძველ ქართულ პროვინციებში - ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის აკვანში. "მამათა ანდერძი" ახალი თაობის მკვლევართა გამოწვევად იქცა. კვლევა-ძიებაში სხვებთან ერთად ჩაერთო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქართველოლოგიის ცენტრი და ამ ცენტრთან მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიცია შეიქმნა".

ამ ექსპედიციის მრავალწლიანი შრომა საფუძვლად დაედო სქელტანიან ნაშრომს "კლარჯეთი" (ავტორები: პროფესორები მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მალხაზ ჩოხარაძე, ნუგზარ მგელაძე, თინა შიოშვილი, შოთა მამულაძე, რამაზ ხალვაში; ასოცირებული პროფესორები მაია ბარამიძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალაძე). მკვლევრების თქმით, ნაშრომს არ აქვს ამომწურაობის პრეტენზია. კლარჯეთის შესწავლას მეცნიერთა კიდევ არაერთი თაობის შრომა დასჭირდება - მართალია, ბათუმელ მეცნიერთა მრავალწლიანი ექსპედიცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ კლარჯეთის კვლევა ისევ გრძელდება.

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#86