"შენზე ამბობენ, ორი მოსამსახურე გყავს, "კნიაჟესკი ზამაშკებს" არ იშლიო" - ისტორია სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება"
18-03-2018
"შენზე ამბობენ, ორი მოსამსახურე გყავს, "კნიაჟესკი ზამაშკებს" არ იშლიო" - ისტორია სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება"
მარიამ ლორთქიფანიძე - ქართველი მეცნიერი, რომელიც ხალხს მარტო იმიტომ არ ჰყვარებია, თავის საქმეს პროფესიონალურად და ზედმიწევნით კარგად რომ აკეთებდა. ქალბატონი, რომელიც მართლაც ახლობელი იყო ყველა ქართველისთვის, რადგან თავისი ცხოვრებით ქმნიდა ისტორიას სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება" და ეს ისტორია მთელი საქართველოსთვის მისი პატივისცემის საფუძველი იყო.

უაღრესად პატივსაცემი და იმავდროულად ახლობელი - სულიერი და, დედა და შვილი, ამიტომაც ისევ მთელი საქართველოსთვის შინაურულად - მარიკა. მკაცრიცა
და ლმობიერიც, პრინციპულიცა და უშიშარიც, პედანტურად მოწესრიგებულიცა და თავისუფლებისმოყვარეც.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. უკვე სნეულებას თავისი კვალი დაეტოვებინა ქალბატონ მარიკას სხეულზე, სავარძელში იჯდა, მაგრამ უნდა გენახათ, როგორ: როგორც გაუტეხელი მეომარი, რომელიც არასდროს ტოვებს ბრძოლის ველს, მაშინაც კი, თუ მტრისგან მძიმე ჭრილობას იღებს; როგორც დაუღალავი მშრომელი, რომელიც
მზად არის სამშობლოს საკეთილდღეოდ კიდევ არაერთი გატეხილი ღამე გადაიტანოს; როგორც ქალბატონი, რომელიც უნებურად ხდება შენი ფიქრისა და საქციელის წარმმართველი...

მისი სამუშაო მაგიდა ისევ სავსე იყო წიგნებით, გადაშლილი შრომებით, ხელნაწერებით...
ცხოვრებაზე დიდხანს ვისაუბრეთ მაშინ ჟურნალ "ისტორიანისთვის". ბევრი რამ გაიხსენა. მის საუბარს არ ახლდა არც საკუთარი მიღწევებით კმაყოფილების შეგრძნება, არც ზვიადი განცდა წარმატებული კარიერისა. ყვებოდა, როგორც ლამაზი ოჯახის ქალიშვილი და მოუსვენარი ძმის - სახელგანთქმული რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის და; როგორც რეპრესირებული მამის გულნატკენი შვილი და როგორც ქართველი, რომელსაც ქართული საქმის კეთება ჰქონდა უმთავრეს მიზნად დასახული.

ქალბატონ მარიკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი გულწრფელი სამძიმარი გამოითქვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, გაიხსენეს სხვადასხვა ამბავი მისი ცხოვრებიდან... ერთი რამ ცხადი ხდება, როცა მის განვლილ ცხოვრებას ადევნებ თვალს: ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეში ოქროს შუალედი იყო დაცული - ევროპელ მეცნიერისა და ქართველი მოაზროვნის, ევროპელი მოქალაქისა და ქართველი, გენეტიკურად თავნება და ზოგჯერ, განსაზღვრული დარღვევებისადმი ლოიალური ადამიანისა. ეს ისე ჰარმონიულად და ზნეობრივად იყო გადანაწილებული, რომ ძნელი წარმოსადგენია, სხვა ადამიანში განმეორდეს. სწორედ ეს ქმნიდა მის გამორჩეულობას და ეს აქცევდა მას საყოველთაო სიყვარულის ობიექტად.

მარიკა ლორთქიფანიძე - ქართველი მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიის კვლევაში, ქალბატონი, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს, 95 წლისა გარდაიცვალა. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მისი სახით ერს ჰყავდა ქართველი ქალი, რომელიც იქცა ძლიერებისა და სისადავის, ნიჭიერებისა და მიზანდასახულობის სიმბოლოდ.

ჟურნალი "ისტორიანი", მისი ყველა თანამშრომელი და ბუნებრივია, ათასობით მკითხველი, მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი მარიკას გარდაცვალების გამო და კვლავაც გთავაზობთ რამდენიმე მოგონებას მისი ცხოვრებიდან, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველა საქებარი სიტყვა, რაც ქალბატონი მარიკას მისამართით გაისმა გასულ დღეებში, არ ყოფილა ლიტონი და მხოლოდ ლამაზი სამძიმრის გამო ნათქვამი. ყველა ეს სიტყვა მისივე ცხოვრებიდან საზრდოობდა...

ნამდვილი ამბები
მარიკა ლორთქიფანიძისგან

"ჩვენ მლეთის ქუჩაზე ვცხოვრობდით. უნივერსიტეტის წინ პატარა ადგილი იყო - "პალიანკა", სადაც ბავშვები დაჰყავდათ სათამაშოდ. რომ მოგვიყვანდნენ, მამა ან ქუდს მოიხდიდა უნივერსიტეტის დანახვისას, ან თუ ქუდი არ ეხურა, თავს ხრიდა. ცხადია, გვიან დავფიქრდი ამაზე. როცა უკვე სტუდენტი გავხდი, მერე მივხვდი, რომ მამა ქართველი ინტელიგენციის დამოკიდებულებას გამოხატავდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს იყო ეროვნული კადრების მომზადების დაწესებულება და არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება".

* * *
"დედაჩემის ძმა მიშა მიქელაძე და დეიდაჩემის ქმარი, რეჟისორი და მსახიობი ლელიკო ხოტივარი ხშირად დადიოდნენ ჩვენთან. ისინი და მამა პატარა ჭიქებით სვამდნენ ხოლმე, მთვრალი კაცი არ მინახავს ოჯახში. ერთხელ მამამ დაუძახა დედას: ნინა, მოიტანე განსხვავებული სასმისი. მიუტანა და დალიეს რაღაც სადღეგრძელო. შემდეგ გავიდნენ დედას ოთახში, სადაც ირიბად იდგა კარადა, მის უკან კი ხატების კუთხე იყო მოწყობილი, შევიდნენ ხატებთან და იგალობეს... მაშინ ასე აღვიქვი, რომ იმღერეს. სტუმრები რომ წავიდნენ, მამას ვკითხე, ვისი სადღეგრძელო დალიეთ-მეთქი. მან ამიხსნა: უკვე დიდი ხარ (ათი წლის ვიქნებოდი) და გეტყვი: ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სადღეგრძელო დავლიეთ, მაგრამ ეს რომ შენ სადმე გაიმეორო, ყველას დაგვსჯიან, შენც და ჩვენს მთელ ოჯახსაცო. დაახლოებით ამიხსნა, ვინ იყო ქაქუცა.

იგივე მოხდა მეორედაც, როცა მიშა ბიძია და ლელიკო ბიძია ჩვენთან იყვნენ... ისევ განსხვავებული სასმისით დალიეს რაღაც სადღეგრძელო, ისევ ხატებთან მივიდნენ. ეს იყო უკვე 26 მაისი და ამ თარიღის აღნიშვნა".

* * *
"ჩვენ ვერაზე ვცხოვრობდით. ვერაზე ცხოვრობდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც და კრიმინალური მენტალიტეტის ხალხიც... ერთხანს ჩვეულებრივი ამბავი იყო, პალტოებს რომ ხდიდნენ. დაბადების დღიდან ვბრუნდებოდი გვიან. კობის ქუჩაზე ამოვედი და გამხადეს პალტო. ვიღაც ეძახის მოპირდაპირე მხრიდან: ბიჭო, ეგ გიგას და არის! ისევ ჩამაცვეს პალტო. მივედი შინ. ავტეხე ერთი ამბავი: მერჩივნა მოვეკალი, ვიდრე გამეგო, ვისთან გაქვს კავშირი-მეთქი. გიგა მეუბნებოდა: რას ამბობ, პალტო რომ გაეხადათ, რა იყიდდი ახალსო?! მაინც ბევრი ვიჩხუბე!"


* * *
"როგორც კი მივედით უნივერსიტეტში, დავიწყეთ ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ლექციის ძებნა. აღმოჩნდა, რომ ისტორიის ფაკულტეტის I-II კურსზე ივანე ჯავახიშვილი ლექციებს არ კითხულობდა, სამაგიეროდ, მესამე კურსზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავდა სამართლის ისტორიას. ვთხოვეთ სტუდენტებს, არაფერი ეთქვათ და ჩვენც მათთან ერთად დავსხედით ლექციაზე. კარგად მახსოვს, მოდიოდა გრძელი ლურჯი პალტოთი. ხელში პორტფელი ეჭირა. დადებდა პორტფელს, ამოალაგებდა ბარათებს. ჯერ ჩამოაყალიბებდა დებულებას, მერე ბარათებიდან ამოიღებდა ამ დებულების დამადასტურებელ დოკუმენტს და წაგვიკითხავდა. ან პირიქით, ჯერ დოკუმენტს წაიკითხავდა და მერე მსჯელობდა დებულებაზე.

ივანე ჯავახიშვილს უკვე ცუდად ესმოდა და ამიტომ ბოლო ხუთ წუთში ითხოვდა, შეკითხვები წერილობით მიეწოდებინათ. ძალიან საინტერესო კითხვებს უგზავნიდნენ, თუმცა ზოგჯერ პროვოკაციულსაც. ერთხელ, მახსოვს ასეთი შეკითხვა მიუვიდა: სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველები ერად IX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩამოყალიბდნენ. თქვენი საქართველოს ისტორია კი საიდან იწყებაო... სტალინი ცოცხალი იყო... საშინელი წლები იდგა. ივანე ჯავახიშვილმა დაკეცა კითხვა, დახია წვრილად და გავიდა აუდიტორიიდან.

დავიწყეთ მსჯელობა, რა უნდა ექნა ივანე ჯავახიშვილს, უნდა ეპასუხა თუ არა... ბიჭები ამბობდნენ, სწორად მოიქცაო, მე ვფიქრობდი, მაინც უნდა ეპასუხა-მეთქი. ცხადია, ბიჭები სწორად მსჯელობდნენ, რა უნდა ეპასუხა? ამ დროს მისი რეპრესიები შერბილებული იყო. გახსოვთ ალბათ უნივერსიტეტიდან ორჯერ ჰყავდათ გაშვებული, მუშაობის და არსებობის საშუალებას არ აძლევდნენ. მერე კი უცებ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა... დაბეჯითებით ახლაც არ ვიცით, რატომ. თუმცა, მას მერე, რაც საიდუმლო დოკუმენტაციაზე გრიფი აიხსნა, აღმოჩნდა ერთი წერილი – ალექსანდრე სვანიძის მოწერილი. ის სტალინის პირველი ცოლის ძმა გახლდათ, რომელიც ძალიან უყვარდა სტალინს და რომელიც მასთან ერთად კრემლში ცხოვრობდა. სწორედ ალექსანდრეს და იყო, ვისზეც ამბობდნენ, რომ სტალინს ის ერთადერთი ქალი უყვარდაო... ალექსანდრეს მოუწერია ივანესთვის მინიშნებით: "მე ველაპარაკე შენ შესახებ პირველ ქართველსო"... როგორც ჩანს, ამ დალაპარაკებამ ბელადის განწყობა შეცვალა".

* * *
"ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი. სამი შვილი გავზარდე, სამივეს ძუძუთი ვკვებავდი. გიგა რომ მოსკოვში სწავლობდა, დედა ძალიან მეხმარებოდა. გიგა დაბრუნდა და დედა მთლიანად მასზე გადაერთო, მაგრამ მე ყოველთვის მყავდა შინ დამხმარე ქალი. ეს მიმსუბუქებდა შრომას. ბიჭები რომ სკოლაში შევიდნენ, ცოტა გამიჭირდა, ავიყვანე საგანგებო დამხმარე. დილით მიმყავდა სკოლაში, მერე ის ხვდებოდა, გამოიყვანდა, დასვამდა და ამეცადინებდა. ერთხელ მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი კოლეგის ცოლმა მითხრა: მარიკა, შენზე ამბობენ, ორი მოსამსახურე გყავს, "კნიაჟესკი ზამაშკებს" არ იშლიო. მაშინ ორ ადგილზე ვმუშაობდი: ისტორიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში.

ასევე იყო მისი მეუღლეც. ვუპასუხე: მე და შენს ქმარს დაახლოებით ერთნაირი ხელფასი გვაქვს, შენ "ჩერნაბურკაც" გაქვს, ზამთრის პალტოც, ზაფხულის პალტოც... მე კი მაქვს ერთი პალტო, რომელსაც ზამთარში შიგნიდან გავუკეთებ დასათბობს, შემოდგომაზე მოვხსნი... ერთი ან ორი ზაფხულის კაბა მაქვს-მეთქი. მან მითხრა: მე შინ იატაკს ვხეხავ, ვრეცხავო... ვუთხარი, მირჩევნია "ჩერნაბურკა" არ მქონდეს და იატაკი სხვამ მოხეხოს-მეთქი. ისევ გამიმეორა: "კნიაჟესკიე ზამაშკი"! დიდი სარეცხი არასდროს გამირეცხავს, არც იატაკი მომიხეხავს".

* * *
"ერთხელ გიორგი წერეთელმა დამიბარა. გადმოიღო სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მაცნე და მაჩვენა მურადიანის წერილი, სადაც ეწერა, რომ მცხეთის ჯვარი სომხის აშენებულია. არავისთან დაგცდეთ, რომ ეს მე გაგატანეთ, 10 დღეში პასუხი დაწერეთ რუსულადო. წამოვედი, დავწერე... სომხურ წარწერასთან დაკავშირებით გიორგი აბულაძე მუშაობდა. ჩემი სტატია ჯერ გიორგი წერეთელმა წაიკითხა, მერე - გიორგი ჩუბინაშვილმა. გიორგი ჩუბინაშვილს მთელი დიდი ნაშრომი ჰქონდა ჯვარის ტიპის ძეგლებზე. ძალიან ვღელავდი. მან წაიკითხა და დაურეკა გიორგი წერეთელს: შეიძლება დაიბეჭდოსო... ისე გამეხარდა, დავტაცე ფურცლებს ხელი, არც მადლობა, არც ნახვამდის, სირბილით წამოვედი... მერე შემხვდა და ბოდიში მოვუხადე...

აკადემიის გამომცემლობის დირექტორი შოთა შენგელია მიბარებს. ჩამკეტა თავის კაბინეტში, მომცა სტატია საკორექტუროდ. დაიბეჭდა ეს სტატიაც და გიორგი აბულაძისაც, რადგან დევი სტურუა მოსკოვში იყო. დევი ჩამოვიდა და გაიგო ამის შესახებ... თურმე გიორგი წერეთელი დაუბარებია, ამოიღეთ სტატიებიო... გიორგი წერეთელს უუარებია: ამ სტატიის დაწერა გიორგი აბულაძეს დავავალე, ის კი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და როგორ შემიძლია, რომ არ დავბეჭდოო... მაშინ მარიკას სტატია არ დაიბეჭდოსო. არ შეიძლება, ერთმანეთს ავსებენო. აი, ასე დაიბეჭდა ეს ორივე სტატია. გიორგი წერეთელი ამის გამო ძალიან გააწვალეს, საყვედური უთხრეს"...

"კომუნისტის" რედაქტორის მოადგილემ მთხოვა წამეკითხა წიგნი "ამირსპასალარი" და დამეწერა რეცენზია. წიგნში თამარი სომეხი იყო, ყველა მინისტრიც სომეხი იყო... დავწერეთ რეცენზია... დაგვიბარა დევი სტურუამ, შავი დღე გვაყარა. გვაჩვენა სომხეთის საკავშირო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენ ვამწვავებთ ურთიერთობას ორ მოძმე ერს შორს... ისინი რომ ამწვავებენ? არ გვპასუხობს... თქვენ არ უნდა დაწეროთო... დაიბეჭდა ეს სტატია და მტრისას, ამბავი მოჰყვა!"

იხილეთ ასევე: "ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, დავიღალე, აღარ შემიძლია" - ბლიცინტერვიუ


ლელა ჯიყაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#86
თეო
19 მარტი 2018 22:08
სასიამოვნო მოსაუბრე, ძვირფასი ქალბატონი...
სოსო
19 მარტი 2018 14:57
რაც დრო გავა,მისი დამსახურება უფრო და უფრო დაფასდება.თუ რა თქმა უნდა საქართველოში ქართული აზროვნება და სული იტრიალებს,ხოლო თუ ამჟამინდელის და ამისწინანდელის მსგავსი მთავრობები იქნებიან მმართველები,მაშინ მის პიროვნებას მიწას მიაყრიან და შეეცდებიან დაავიწყონ საზოგადოებას.
რ.
19 მარტი 2018 09:25
წესიერი,მადლიანი,ბრძენი და განათლებული ქალბატონი. გაანათლოს უფალმა.