შალვა დადიანი და ქართველი მსახიობები ჭაქვინჯის ციხის ნანგრევებთან - კვირის პალიტრა

შალვა დადიანი და ქართველი მსახიობები ჭაქვინჯის ციხის ნანგრევებთან

შალვა დადიანმა (1874-1959) - მწერალმა, დრამატურგმა, მსახიობმა და თეატრის ცნობილმა მოღვაწემ, სპექტაკლებით მთელი საქართველო შემოიარა.

ეს ფოტო ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროსაა გადაღებული 1919 წელს. ამ დროს სამეგრელოს მოსახლეობას წარუდგენდნენ შალვა დადიანის პიესას "გეგეჭკორი".

ლეო ქიაჩელმა მსახიობთა პატივსაცემად მოაწყო გასეირნება ჭაქვინჯის ციხეზე, სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ფოტოზე. დასის შემადგენლობაში იყვნენ ელო ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, ვიქტორ გამყრელიძე, მიხეილ გელოვანი, სოსო ჟივიძე, პავლე ფრანგიშვილი, ნიკოლოზ (კოლა) ჩაგუნავა.

შალვა დადიანის შესახებ გასული საუკუნის 20-იან წლებში იოსებ გრიშაშვილი წერდა: "ქართული კულტურის რომელი დარგიც უნდა დავასახელოთ, შალვა დადიანი, როგორც სამფერი ძაფი, მოხდენილად ექსოვება ჩვენს ეროვნულ ხალიჩას... შალვა დადიანი, როგორც მწერალი, სულ ახალი მოვლენაა ჩვენთვის. მისი ყოველი სიტყვა ყალიბშია ჩამდგარი, მოკვეთილი და თავაზიანია... შალვა დადიანის კალამმა იცის თავისი საზღვრები; სად უნდა დაიხიოს და სად გადავიდეს შეტევაზე".

ჭაქვინჯის ციხეს (ჯიხას) იხსენიებს XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი. როგორც საისტორიო წყაროებიდან ჩანს, ციხის ტერიტორიის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ სამეგრელოს მთავრებს - დადიანებს. ამ სასახლეში 1813 წელს დაიბადა სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

ჭაქვინჯის ციხე დღეს

ჭაქვინჯის ციხე, რომლის ნანგრევების ძირშიც არის ფოტო გადაღებული, XVII საუკუნისაა. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ჯიხაშკარში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას. თქმულების მიხედვით, ციხე აქაურთ ჭანისწყლის ქვებით აუშენებიათ. მის მისადგომებთან ქართველებს არაერთგზის დაუმარცხებიათ მომხდური, თუმცა XVIII საუკუნის მიწურულს მტრის (ამჯერად ოსმალების) შეტევებს ემსხვერპლა ციხე და იქ არსებული ეკლესიაც...

ფოტოზე ბორცვის წვერზე მოჩანს ჭაქვინჯის ციხე. სერზე მიმავალ გზაზე მგზავრები ჩანან. წინა პლანზე, მარცხენა კუთხეში ცხენი ბალახს ძოვს, შუაში კი მთავარი გმირები დგანან, შალვა დადიანი და მისი მეგობრები. 1919 წელია, სამეგრელო. დემოკრატიული საქართველო კიდევ ორ წელიწადს იარსებებს!..

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#87