ქართული უნივერსიტეტის პირველი ნაბიჯები - რა ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წლის 26 იანვარს? - კვირის პალიტრა

ქართული უნივერსიტეტის პირველი ნაბიჯები - რა ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წლის 26 იანვარს?

13:00 საათზე დიდი ზეიმით გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ ხალხს ვეღარ იტევდა ყოფილი ქართული გიმნაზიის შენობის კედლები.

ეროვნული საბჭოს 1918 წლის 20 იანვრის (2 თებერვალი) დადგენილებით, უნივერსიტეტი უნდა გაეხსნა ნოე ჟორდანიას, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ამ დღეს ნოე ჟორდანია თბილისში არ იქნებოდა, ამიტომ 1918 წლის 23 იანვრის (5 თებერვალი) დადგენილებით, უნივერსიტეტის გახსნა აკაკი ჩხენკელს დაევალა. რადგან 26 იანვარი (8 თებერვალი) არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და მის სახელს ატარებდა გიმნაზიის ეკლესიაც, ამიტომ გახსნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საღმრთო წირვა შეასრულა, ხოლო წირვის შემდეგ თბილელმა მიტროპოლიტმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

ამის შემდეგ, ეროვნული საბჭოს დავალებით, უნივერსიტეტი გახსნა აკაკი ჩხენკელმა. მის გვერდით იდგნენ ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების დეკანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი და მთელი პლეადა ახალგაზრდა პროფესორ-დოცენტებისა.

აკაკი ჩხენკელმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა. კილო მისი ამ სხდომაზე იყო საზეიმო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელზე. ამის შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს პეტრე მელიქიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა.

რა საბუთები იყო საჭირო უნივერსიტეტში სასწავლებლად

სტუდენტებად მიიღებოდნენ საშუალო სასწავლებლების (ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, სასულიერო სემინარია (ოთხი კლასი), რეალური, საკომერციო, საეპარქიო და წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლები, საოსტატო ინსტიტუტი და სემინარია, კადეტთა კორპუსი და სხვ.) კურსდამთავრებულები. სტუდენტად ჩასარიცხად საჭირო იყო: 1) თხოვნა ქართული უნივერსიტეტის დროებითი გამგეობის სახელზე (თხოვნაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის მისამართი); 2) მოწმობა განათლების შესახებ; 3) მეტრიკული მოწმობა (ვაჟთათვის). მსმენელთათვის კი საჭირო იყო მხოლოდ თხოვნა.

სწავლის ფასი სემესტრში (ნახევარი წლის განმავლობაში) სტუდენტებისა და მსმენელთათვის ათი თუმანი, იმ მსმენელთათვის კი, რომლებსაც მხოლოდ ერთი ან ორი საგნის ლექციების მოსმენა სურდა, ხუთი თუმანი იყო გადასახადი. ფული ჩაწერისთანავე უნდა ყოფილიყო შეტანილი. ჩაწერა ხდებოდა იოსებ ყიფშიძესთან ქართული უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქართული გიმნაზიის შენობა) 12 საათიდან 2 საათამდე ყოველდღე, გარდა კვირისა და უქმეებისა. ამ ცნობას აქვეყნებდა ქართული უნივერსიტეტის გამგეობა, რომლის წევრებიც იყვნენ პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი.

(მარცხნიდან) სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე

პროფესორთა და ლექტორთა შემადგენლობა 1918 წლის პირველ სემესტრში

გაზეთ "საქართველოში" 1918 წლის 25 იანვარს (7 თებერვალს) უნივერსიტეტის გამგეობას გამოქვეყნებული ჰქონდა იმ პროფესორთა და ლექტორთა სია, რომლებსაც უნდა წაეკითხათ ლექციები პირველ ქართულ უნივერსიტეტში 1918 წლის პირველ სემესტრში.

უნივერსიტეტის რექტორი: დამსახურებული პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (ქიმიის დოქტორი).

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ივანე ჯავახიშვილი (ქართული ფილოლოგიის მაგისტროსი, პეტერბურგის უნივერსიტეტი).

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მდივანი: პროფესორი იოსებ ყიფშიძე (ქართული ფილოლოგიის მაგისტროსი, პეტერბურგის უნივერსიტეტი).

პროფესორი ანდრია ბენაშვილი (გეოდეზიისა და ვარსკვლავთმრიცხველობის პროფესორი პეტერბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და სამხედრო-საინჟინრო აკადემიის).

პროფესორი კორნელი კეკელიძე (საეკლესიო ისტორია და მწერლობა. ღვთისმეტყველების მაგისტროსი).

პროფესორი დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია და პედაგოგიკა. ფილოსოფიის დოქტორი ჰალეს უნივერსიტეტის).

პროფესორის მოადგილე ანდრია რაზმაძე (უმაღლესი მათემატიკის მაგისტრანტი, მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ლექციებს იწყებდა 1918 წლის შემოდგომიდან).

პროფესორის მოადგილე სვიმონ ავალიანი (ისტორიის მაგისტრანტი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი).

პროფესორის მოადგილე შალვა ნუცუბიძე (ფილოსოფიის მაგისტრანტი, პეტერბურგის უნივერსიტეტი).

პროფესორის მოადგილე გიორგი ახვლედიანი (საზოგადო და შედარებითი ინდო-ევროპული ენათმეცნიერება, ენათმეცნიერების მაგისტრანტი, ხარკოვის უნივერსიტეტი).

პროფესორის მოადგილე აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება, ქართული ფილოლოგიის მაგისტრანტი, პეტერბურგის უნივერსიტეტი).

მეცნიერთ ხელმძღვანელი ექვთიმე თაყაიშვილი (ქართულ სიძველეთა მეცნიერება, ანუ არქეოლოგია).

მეცნიერთ ხელმძღვანელი იუსტინე აბულაძე (სპარსული ენა), ლექტორი ელისაბედ ორბელიანი (ფრანგული ენა), ლექტორი არტურ ლაისტი (გერმანული ენა), ლექტორი ილია ყიფშიძე (გერმანული ენა), ლექტორი ვანდა ღამბაშიძისა (ინგლისური ენა).

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ლექციებისა და გეგმის შესახებ

იმჟამად ტექნიკური და ქონებრივი დაბრკოლებების გამო (ლაბორატორიების, კაბინეტების მოუწყობლობისა და იარაღების შეძენის შეუძლებლობა) უნივერსიტეტში მხოლოდ ჰუმანიტარული და სოციალური დარგების ლექციები უნდა ჩატარებულიყო. ამ დარგების ლექციების სიაც თანდათან შეივსებოდა და მხოლოდ მეოთხე წელს იქნებოდა სრული. ასევე სამომავლოდ იგეგმებოდა სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო დარგების დამატება.

აკაკი ჩხენკელი

1918 წლის პირველ სემესტრში იყო საგნები, რომელთა გავლა და ცოდნა ყველა დარგისთვის იყო სავალდებულო: 1) ლოგიკა; 2) ფსიქოლოგია; 3) ფილოსოფიის შესავალი; 4) საქართველოს ისტორია; 5) ერთ-ერთი თანამედროვე ენათაგანი. ცალკეული დარგების საგნების გეგმა კი განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:

I საისტორიო დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1. ენათმეცნიერების შესავალი.

2. ქართული სამართლის ისტორია ან სამართლის თეორია.

3. პოლიტიკური ეკონომია.

4. საზოგადო და ქართული სიძველეთა მეცნიერება.

5. ძველი აღმოსავლეთის ისტორია.

6. მსოფლიო ისტორია.

7. მახლობელ აღმოსავლეთის ისტორია (არაბეთი, სპარსეთი და ოსმალეთი, სომხეთი).

8. მსოფლიოს და ქართული საეკლესიო ისტორია.

9. ისტორიის მეთოდოლოგია და ფილოსოფია.

10. მსოფლიო ან ქართული ხელოვნების ისტორია.

11. ძველი ქართული ენა და სპეციალობისდა მიხედვით: ან ასირიული, ან ბერძნულ-ლათინური, ან სომხური და არაბული და სპარსული, ან ლათინური და ერთი ევროპულ ენათაგანი, ან ოსმალური და იტალიური. ამას გარდა, ვინც განსაკუთრებულ საგნად საქართველოს ისტორიას აირჩევს.

12. ქართველი ერის ისტორია (სპეცკურსი) და საქართველოს საისტორიო გეოგრაფია.

13. საქართველოს ეკონომიური ისტორია.

14. ქართული მწერლობის ისტორია (საზოგ. კურსი).

15. ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, სფრაგისტიკა და ნუმიზმატიკა.

ექვთიმე თაყაიშვილი

II ფილოსოფიის დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1) ფილოსოფიის ისტორია: ძველი, საშუალო, აღმოსავლეთისა, ქართული და ახალი.

2) ენათმეცნიერების შესავალი.

3) უმაღლესი მათემატიკის ერთი საგანთაგანი.

4) ან საზოგადო ფიზიკა, ან საზოგადო ქიმია, ან მსოფლიო ისტორია.

5) ძველი ქართული და სპეციალობის მიხედვით ერთ-ერთი ენა: ან ბერძნული, ან ლათინური, ან არაბული, ან სანსკრიტი.

III ფსიქოლოგიის დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1) საექსპერიმენტო ფსიქოლოგია (თეორია და პრაქტიკული მუშაობა).

2) ფილოსოფიის ისტორია.

3) ენათმეცნიერების შესავალი.

4) საზოგადო ანატომია და ფიზიოლოგია, განსაკუთრებით ნერვების.

5) უმაღლესი მათემატიკის ერთი დარგთაგანი.

6) საზოგადო ფიზიკა და პრაქტიკული მუშაობა.

პეტრე მელიქიშვილი

IV ენათმეცნიერების დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1) საზოგადო ენათმეცნიერება.

2) საექსპერიმენტო ფონეტიკა, ანუ ბგერათა მეცნიერება.

3) ყელ-ცხვირ-პირის ანატომია და ფიზიოლოგია.

4) ძველი ქართული.

5) საზოგადო შედარებითი ენათმეცნიერება (ინდოევროპული, ქართული, სემური და თურქული.

6) ერთ-ერთი კლასიკური ენა: ან ბერძნული, ან ლათინური და სანსკრიტი.

ბ) ქართული ენათმეცნიერება ზემოაღნიშნულ მე-6 მუხლში დასახელებულის გარდა.

7) ქართული მწერლობის საზოგადო ისტორია.

8) ქართული ენის ისტორიული გრამატიკა.

9) ახალი ქართული და კილოკავები.

10) მეგრულ-ჭანური.

11) სვანური.

12) აფხაზური.

13) შედარებითი ქართ-მეგრულ-სვანური გრამატიკა.

14) არაბული ენა (მომავალში: ან ასურული, ან ებრაული) 4 სემესტრის განმავლობაში.

15) ან სომხური, ან სპარსული, ან თურქული (2 სემესტრის განმავლობაში).

ივანე ჯავახიშვილი სამუშაო მაგიდასთან

V სიტყვიერების დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1) ენათმეცნიერების შესავალი და სინტაქსი.

2) სიტყვიერების თეორია.

3) ესთეტიკის ისტორია და თეორია.

4) ძველი ქართული ენა.

5) საზოგადო და ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორია.

6) ძველი ქართული მხატვრული მწერლობის ისტორია.

7) ახალი ქართული მხატვრული მწერლობის ისტორია.

8) ქართული ხალხური პოეზია (და კილოკავები ან მეგრულ-ჭანური, ან სვანური).

9) მსოფლიო მწერლობის ისტორია სპეციალობისდა მიხედვით: ან გერმანულ-რომაულის, ან ბერძნულ-ლათინურ-ბიზანტიურის, ან არაბულ-სპარსულის, ან სომხურის, ან სპარსულ-თურქულის, ან რუსულის.

10) სპეციალობისდა მიხედვით ენები: ან ბერძნულ-ლათინური, ან სომხური, ან გერმანულ-ფრანგული, ან ინგლისური, ან არაბული და სპარსული, ან თურქული, ან რუსული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

VI საეკონომიო დარგი

ყველასთვის სავალდებულო საგნები:

1) პოლიტიკური ეკონომია და სემინარი.

2) სტატისტიკა (თეორია და პრაქტიკული ვარჯიში).

3) საფინანსო მეცნიერება.

4) სახელმწიფო სამართალი.

5) სააღებმიმცემო სამართალი.

6) საერთაშორისო სამართალი.

7) სამოხელეო სამართალი.

8) საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია.

9) საქართველოს ეკონომიური ისტორია.

10) ქართული სამართლის ისტორია.

11) მიწათმფლობელობა საქართველოში.

12) ერთ-ერთი ან ევროპული, ან აღმოსავლური ენათაგანი.

13) ბუღალტერია (თეორია და პრაქტიკული ვარჯიში).

(გამოყენებული ლიტერატურა: გაზეთი "საქართველო", 1918 წელი, ##16, 20, 21 და 23).

გიგი გივიშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#87