მზითვის ტრადიცია საქართველოში - კვირის პალიტრა

მზითვის ტრადიცია საქართველოში

მზითვი, მზითევი (ზითვი, ზითევი) ისტორიულად ის ქონებაა, რომელსაც ქალს მისი ოჯახი (მშობლები, ნათესავები) ატანდა გათხოვებისას ქმრის ოჯახში.

შესაბამისად, მზითვის ტრადიცია საქართველოს ისტორიისა და ეთნოკულტურის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, მამის ოჯახიდან მზითვის წაღება, გამზითვება ხელს უწყობდა ქმრის ოჯახში ქალის ადგილის, როლისა და უფლებების სიმტკიცეს.

"რა დროს დაწესდა საქართველოში ზითევი ან როდის შემოიღეს უძრავი საკუთრების ზითვად გატანება, ამის განსაზღვრა ზედმიწევნით ჯერ არ შეიძლება, მაგრამ ზითევი ტერმინად დაბადების თარგმანში გვხვდება", - წერდა ივანე ჯავახიშვილი და ამით ხაზს უსვამდა მზითვის გამორჩეულ როლს საოჯახო ყოფასა და კულტურაში.

მზითვისა და გამზითვების ტრადიცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სრულ სურათს გვისახავს და ინტელექტუალური განვითარების ძირითად ტენდენციებზე მეტყველებს. პირველ ყოვლისა, მზითვის ტრადიციას ქართველი მეცნიერები განიხილავენ სამართლებრივ-საკუთრებრივი თვალსაზრისით - ქმრის ოჯახში ქალის საკუთარი ქონებით შესვლა და დამკვიდრება მის ავტორიტეტსა და როლს წარმოაჩენს და თავისებურ სიმტკიცესაც ანიჭებს.

მზითვის ტრადიცია ფრთხილად არის ნახსენები იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამებაში". შუშანიკს, სომეხი დიდებულის ასულს, რომელიც ქართველს გაჰყვა ცოლად, მზითვი არ ჰქონია, რამაც უნდა გვაფიქრებინოს, რომ V საუკუნეში საქართველოში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად განვითარებული ყოფილა. თუმცა ამ პერიოდში დასტურდება მიწის ჩუქების ფაქტები ქალის ოჯახის მხრიდან, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში უძრავ ქონებასაც აძლევდნენ ქალებს მზითვად. ცხადია, ეს ძირითადად ფეოდალებისა და წარჩინებულთა წრისთვის იქნებოდა დამახასიათებელი.

მზითვის თემასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი ეპიზოდი ქრისტიანობისთვის წამებული წმინდანის, ქართლის ერისმთავარ არჩილ სტეფანოზის ძის (668[1]-718) ცხოვრებიდან. ჯუანშერის მატიანეში არჩილი მეფედ არის მოხსენიებული.

არაბებთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილმა ქართლის ერისმთავარმა მირმა სიკვდილის წინ იხმო უმცროსი ძმა არჩილი, სამეფო გადააბარა და თავისი შვიდი ასულის მფარველობაც შესთხოვა: "მისცენ მათ (ერისთავებს. - ავტ.) ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი". მირი ანდერძისამებრ მცხეთის ზემო ეკლესიის შესავალ კართან დაკრძალეს. იქვე გადაასვენეს შფოთიანობის გამო ქუთაისში დროებით დაკრძალული მამაც, სტეფანოზ II ერისმთავარი.

არჩილმა გონივრულად განჭვრიტა თავისი ძმისშვილებისა და ქვეყნის მომავალი, თან ძმის ასევე შორს გამიზნული ანდერძიც გაითვალისწინა და მისი ექვსი ასული ქართველ ერისთავებს მიათხოვა, მეშვიდე - გურანდუხტი კი აფხაზთა ერისთავ ლეონ I-ს გააყოლა. ამით საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიანობას. შვიდივე ასულს შესაფერისი მზითვი გაატანა როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების სახით.

ქალთა გამზითვების ტრადიცია სათავეს VIII-X საუკუნეებიდან, ფეოდალური საქართველოდან იღებს.

საინტერესო მოსაზრებებს წარმოადგენენ ამ მხრივ ქართველი მკვლევრები. ვალერიან ითონიშვილი დასკვნებს ხევის ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით გვაწვდის, ხოლო ნუნუ მაჩაბელი - ქართლსა და კახეთში მოძიებული ისტორიული წყაროების მიხედვით. მათ ნაშრომებში ვეცნობით მასალებს მამის ოჯახიდან ქალისთვის პირადი და საოჯახო მოხმარების ნივთებისა და სხვა სახის ქონების გატანების თაობაზე. სამზითვო ქონებაში ხაზგასმულია ფული, მამული, პირუტყვი, დუქნებიც კი.

VIII-IX საუკუნეების განვითარებულ ფეოდალურ სახელმწიფოში ვითარება იცვლება. მზარდი პროგრესი შეიმჩნევა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

საყურე სპარსული ყაიდის. XVIII საუკუნე

ისტორიული ფაქტების მიხედვით, X-XI საუკუნეებში მზითვის ტრადიცია უკვე საკმაოდ გამყარებული და განვითარებულია. მზითვი ქალის საკუთრებად ითვლება. მზითვის სამართლებრივი ნორმები ქალს, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრს, თავისი სამართლებრივ-საკუთრებრივი უფლებით, მეტ თავდაჯერებულობასა და თავისებურ დამოუკიდებლობასაც კი ანიჭებდა. ჟამთააღმწერლის ცნობით, მეფე რუსუდანის ასულს თამარს მზითვად, მდიდრულ უძრავ ქონებასთან ერთად, აწყური დაუდგინეს.

მიწა, როგორც მზითევი, დასტურდება დავით აღმაშენებლის მიერ სვანეთიდან დაწინაურებულ არიშიანთა გვარის წარმომადგენლებისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში (როგორც ცნობილია, არიშიანებმა თავი გამოიჩინეს ქვეყნისა და მეფისადმი თავდადებული სამსახურით).

შიომღვიმის მონასტრის 1260-1270 წლებით დათარიღებული სიგელიც ასევე ამოწმებს მზითვის არსებობასა და მის როლს ყოფით ურთიერთობებში.

ფშავ-ხევსურეთში მზითვის ტრადიციაზე ვაჟა-ფშაველაც საუბრობს თავის წერილებში. აქ ნათქვამია, რომ თუ ბარში ქალი უფრო მრავალფეროვნად, განსხვავებულად მზითვდებოდა, მთაში მას თავადვე უხდებოდა საკუთარი მზითვის მომზადება ბავშვობიდანვე (ქსოვდნენ, ართავდნენ, ქარგავდნენ). გარდა ამისა, მთაში ქალებს მზითვად საქონელსაც ატანდნენ...

საინტერესოა, რომ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში მზითვი სამ ნაწილად იყოფოდა. ერთი ნაწილი გარდაცვლილის სულს ხმარდებოდა, მეორე - დარჩენილ შვილს (შვილებს), ხოლო მესამე ქალის ოჯახს უბრუნდებოდა.

საქართველოში მზითვის ტრადიცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ უცხოელ მოგზაურებსა და მისიონერებს.

ფრანგი იუველირისა და მოგზაურის, ჟან შარდენის წიგნის ("მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში") ერთი ნაწილი საქართველოს მოიცავს, სადაც მან 1672-1673 წლებში იმოგზაურა. შარდენმა არა მარტო ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი, ასევე ამოკრიფა ცნობები საქართველოს შესახებ ბერძენი, რომაელი და სპარსელი ისტორიკოსების, ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერთა წიგნებიდან თუ ჩანაწერებიდან. მათ ნაშრომებში შემონახულია ცნობები გამზითვების ტრადიციის როლისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საგანმანათლებლო და საერთოდ, წერა-კითხვის შესწავლის საქმეში - ქალი მამის ოჯახისგან საჩუქრდებოდა წიგნებით, როგორც საერო, ასევე სასულიერო ლიტერატურით.

იოსებ გრიშაშვილის "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემაში" ვკითხულობთ მზითვში გასატანებელი წიგნების ფართო ჩამონათვალს: შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ვახტანგ VI-ის ნათარგმნი არაბულ-სპარსული ზღაპრების კრებული "ქილილა და დამანა", "სიტყვათა კონა", თეიმურაზ I-ის "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომისა", "ანბანთქება", "მაჯამა", ანტონ პირველის "ქართული ღრამატიკა" და სხვ.

1712 წლის "ვეფხისტყაოსნის" სატიტულო ფურცელი

რაც შეეხება მზითვის გადაცემის რიტუალებს, მზითვის მირთმევა ქორწილის დღეს ხდებოდა. ქორწილის დროს პატარძლის საჩუქარიც მზითვად მიიჩნეოდა და მთავარ მაყარს მიაბარებდნენ. სამეგრელოში მზითვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი იყო ლანჭა (კერიის ჯაჭვი), რომელიც ოჯახის, კერიის სიმბოლოს წარმოადგენდა. აჭარაში სამზითვო სკივრი გვხვდება ბრინჯაოს ხანის იარაღებთან, კერამიკულ ნაწარმსა და ხის ნაკეთობებთან ერთად. ამ სკივრებზე საინტერესო მხატვრული ორნამენტია ჯვარი და სვასტიკა. სვასტიკას ქართველი მეცნიერები ჯვრის წინამორბედად მიიჩნევენ. სკივრის ორნამენტულ სახეებში ასევე დიდი ადგილი უკავია სიცოცხლის ხის გამოსახულებას. ის წარმოდგენილია სამყაროს ცენტრად, რომელსაც ცის თაღი უჭირავს. მზითვის სკივრები ძირითადად ქრისტიანული აჭარის პერიოდშია შექმნილი, ხოლო აჭარაში ისლამის შესვლის შემდეგ ემატება არაბული წარწერები.

უძველესი ისტორიული წყაროებიდან მოყოლებული, XVIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში გასათხოვარი ქალის მზითვის შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის მკვლევარი სარა ბარნაველი ნაშრომში "ელისაბედ ბატონიშვილის მზითვის წიგნი". მეცნიერის დაკვირვებით, მზითვი, თავისი მნიშვნელობითა და დატვირთვით, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელ ქალიშვილებზე ყოფილა გათვლილი.

ისტორიულ წყაროებში შემორჩენილ მზითვის ნუსხებში მრავალი კატეგორიის ნივთია ჩამოთვლილი - სამოსი, ქსოვილი, სამკაული, წიგნები, საეკლესიო ხასიათის ნივთები, ხატები, ჯვრები. ამ ნივთებზე აისახება მიმდინარე ისტორიული პროცესებიც. მაგალითად, XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს, როგორ იგრძნობოდა ქართველი ქალის სამკაულზე სპარსული გავლენა. ეს სპარსეთის საქართველოში ექსპანსიის შედეგია, რაც ქართულ კულტურაზეც აისახა და ქვეყნის ყოფაზეც.

სუფრის მოსართავი. XX საუკუნის დასაწყისი (ხელოვნების სასახლის კოლექცია)

ვახტანგ VI-ის ეპოქა და მისი ვაჟის, ვახუშტი ბატონიშვილის მოღვაწეობა, საქართველოში აღმავლობასა და ცივილიზაციის მიღწევებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ირანული და რუსული გავლენის შედეგად ძნელი იყო თავის დაღწევა ეკლექტიზმისგან, ანუ სხვადასხვაგვარი, ერთიმეორის საწინააღმდეგო მხატვრული თუ ლიტერატურული შეხედულებებისა და თეორიების უპრინციპო შეერთებისგან. შედეგად, ამ პერიოდში აშკარაა ქვეყანაში რუსული კულტურის დიდი გავლენა, რასაც ჩრდილოეთიდან ჩამოტანილი მრავალი უცხო ნივთი მოწმობს. ეს ნივთები ქართველი ქალის სამზითვოდაც გამოიყენებოდა.

მზითვში გასატან აუცილებელ ნივთთა შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც ე.წ. საყდრის იარაღებს, რასაც, ძირითადად, ხატები და ჯვრები წარმოადგენდა, ასევე სასულიერო ხასიათის ლიტერატურას - ჟამნი, დავითნი, სახარება, სარწმუნოების წიგნი და სხვ.

ვახტანგ VI-ის დროს სტამბურად გამოცემულ "ვეფხისტყაოსანს" გამორჩეული ადგილი ეჭირა მზითვის ჩამონათვალში. ყურადსაღებია მზითვის ნუსხაში სათამაშოებად მოხსენიებული ჭადრაკი, განჯაფი (სათამაშო ქაღალდი), ნარდი, აქაც ბუნებრივად იკითხება სპარსული გავლენა.

XVII საუკუნის ქსოვილის ფრაგმენტი. გადმოღებულია წალენჯიხის ტაძრიდან

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში ქალის ინტელექტუალური განვითარება მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანებოდა. ახალშექმნილ ოჯახში ქალი ერთგვარად საგანმანათლებლო მისიასაც კი ითავსებდა. რაც უფრო მდიდარი ლიტერატურა ხვდებოდა მზითვში, მის ოჯახსა და შთამომავლობასაც მეტი განათლების მიღების შესაძლებლობა უჩნდებოდა და შემდგომ თაობებსაც გადაეცემოდა.

ცალკე უნდა გამოიყოს მზითვის წიგნში სამკაული, რომელსაც თავისი ესთეტიკური დატვირთვით დიდი ყურადღება ეთმობოდა. სამკაულს შეადგენდა სხვადასხვა მოსართავი - თავის, თმის, პირისახის, ყურების, ხელების, მკერდის... სამკაულთა რიგს განაგრძობდა მრავალფეროვანი აქსესუარები, რომლებიც საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა.

გარდა ამისა, ანუკა ბატონიშვილს მზითვად დიაკონიც გააყოლეს. მზითვის სრულ სიას სწორედ "სამზითვო" მსახურები ასრულებდნენ. მათ შორის იყო შათირი (შიკრიკი), თუშმალი (მზარეული), მოლარე, ფარეში, ზინდარი (ცხენის შემკაზმველი). განსაკუთრებული "პოპულარობით" სამზითვო მსახურთა შორის, როგორც ჩანს, მერიქიფე (სუფრაზე ღვინის მიმწოდებელი და დამსხმელი) სარგებლობდა. ანუკა ბატონიშვილისთვის მზითვად სამი მერიქიფე გაუყოლებიათ.

მის მზითვის წიგნში თვალ-მარგალიტის სიმრავლეა (ზურმუხტი, ლალი, იაგუნდი, ფირუზი, მარგალიტი ამკობს სამზითვო სამკაულებსა და მოსართავებს).

იმხანად ქალები ქუდსაც ატარებდნენ, არსებობდა ქუდის რამდენიმე სახეობა. სპარსული ზეგავლენა იგრძნობოდა ყველა სამკაულსა და აქსესუარში, თუმცა ადგილობრივი საიუველირო საქმეც ვითარდებოდა. საქართველოში მრავალი საოქრომჭედლო იყო, სადაც უნიკალური ნიმუშები იქმნებოდა. აღმოსავლურ გავლენათა მიუხედავად, სამკაულთა მხატვრულ დამუშავებაში ქართული ხასიათი იგრძნობა.

სააბანოვე სუზანი, XVIII საუკუნის II ნახევარი

ძველ საქართველოში ტანისამოსის აღწერილობა გვიჩვენებს, რომ ქსოვილები, რომელსაც ტანისამოსის შესაკერად იყენებდნენ, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. კაბები მორთული იყო ღილებით. ღილების გარდა, სამოსს რთავდნენ არშიებით, ქათიბის ოქროს დუგმებით. აუცილებელი ატრიბუტი იყო ე.წ. ხელისახოცები ანუ ცხვირსახოცი, რაც ზედმიწევნით ევროპული გავლენის მატარებელია.

ჟან შარდენი ხაზგასმით მიუთითებდა საქართველოში ქსოვილის მრავალფეროვან სახეობებზე. მოქმედებდა სამღებროები, რომლებშიც ბუნებრივი საღებავებით იღებებოდა ქსოვილი. ეს ქართველებს სპარსელებისგან ჰქონდათ გადმოღებული. სამღებროები განსაკუთრებით მრავლად ყოფილა კახეთსა და ქიზიყში. აქ მთავარი იყო ფერების გამოყვანა, რომელიც, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ძვირფასი თვლების ელფერს ატარებდა.

ტანსაცმელი შესატყვის ფეხსაცმელსა და ფეხსამოსს მოითხოვდა. ქალის მზითვში ბევრი ფეხსაცმელი შეძლებულ წარმომავლობაზე მეტყველებდა. ფეხსაცმელი ფოჩებით იყო შემკული, ტანისამოსისა და ფეხსაცმლის შესანახად იყენებდნენ ბოხჩებს.

ახალუხი. აბრეშუმი. XIX საუკუნე (ხელოვნების სასახლის კოლექცია)

სამოსის სტილისტიკაში სპარსული გავლენა აშკარა იყო, დაწყებული ბეწვის გამოყენებიდან, ბოლოწაწვეტებული დაბალი ქუდებით დასრულებული. ფერთა გამა, ორნამენტი, მოჩითულობა, სიჭრელე ამ გავლენაზე აშკარად მეტყველებს. იტალიელი მისიონერი დონ კრისტოფორო დე კასტელი ხაზგასმით აღნიშნავდა: "შეხედეთ ქართველი ქალების სადა ჩაცმულობას, ჩვენი ქალების შესარცხვენად". XVIII საუკუნიდან ფართოდ ვრცელდება აბრეშუმი. გერმანელი მოგზაური და მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი აღწერს, რომ კახეთში XVIII საუკუნეში ყოველ ოჯახს 2-4 ფუთი აბრეშუმის პარკი მოჰყავდაო.

XVII საუკუნის ქართული სამოსი ესთეტიკურად იმდენად სრულფასოვანი და მიმზიდველი იყო, რომ შემდგომში ის რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა მხატვრულ ფილმ "გიორგი სააკაძეში" (1943 წელი) გამოიყენა.

XVIII საუკუნიდან ქართულ სამოსში მეტი სისადავე, დარბაისლობა, ევროპული თავდაჭერილობა შემოდის. ამაზე აშკარად მეტყველებს ამ პერიოდის ქართული ნამუშევრები, როგორიცაა ნიკოლოზ აფხაზის მიერ შესრულებული გარსევან ჭავჭავაძის, დარეჯან დედოფლის პორტრეტები. ამ უკანასკნელის საერთო მხატვრული გადაწყვეტისას თვალში საცემია ეკლექტიზმი - სამოსი, აზიურთან ერთად, ევროპულ ელემენტებსაც შეიცავს.

სააბანოვე სუზანი (ჭრელი ქსოვილი, ტახტზე გადასაფარებელი). XVIII საუკუნის II ნახევარი

მზითვის ნუსხებში გათვალისწინებულია პრაქტიკული ნივთებიც: ბუხრის იარაღები, საწოლის მოფენილობა, ფარდები, სკივრები, ქვეშაგები, რაც ბალიშს, ზეწარს, საბანსა და გადასაფარებელს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი ქართულ რეალობასა და მზითვს დღემდე შემორჩა.

მზითვის წიგნებში ხაზგასმულია სუფრის იარაღი ანუ ჭურჭელი, რაც სავსებით ბუნებრივია და ქართული სუფრის ტრადიციიდან მომდინარეობს. ჩამონათვალი მრავალრიცხოვანია, სუფრიდან იახტანამდე (ჭურჭლის ჩასაწყობი ხურჯინი), ნახსენებია სამარილე, კულა, ჩამჩა, კოვზი, აზარფეშა, სურა, თასი, ფიალა, სირჩა, თეფში, ჯამი და სხვ. ესეც მეტყველებს, რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ძველ საქართველოში ღვინის კულტურასა და, შესაბამისად, ღვინის ჭურჭელს.

დიდგვაროვან ქალებს ცხენით მოგზაურობისთვის საგანგებო ტანსაცმელს უკერავდნენ. ძვირფასი იყო მათი უნაგირები. განსაკუთრებით, ჯვრისწერის შემდგომ, ქალი საგულდაგულოდ შეკერილი ტყავკაბით, ჩექმითა თუ საწვიმრით მოკაზმული უნდა გამგზავრებულიყო ქმრის ოჯახში.

მზითვის წიგნი, ფაქტობრივად, იურიდიული საბუთი იყო, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ქონებრივ დეკლარაციას წარმოადგენდა, აგრეთვე ეს გახლდათ მემკვიდრეობა, რომელიც გათხოვებისას ქალს ქმრის ოჯახში მიჰყვებოდა.

XVII საუკუნის ქართული სამოსი რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა მხატვრულ ფილმ "გიორგი სააკაძეში" (1943 წელი) გამოიყენა

მზითვი, ქართული საქორწინო ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა და იცვლებოდა. ამას განაპირობებდა როგორც მეზობელ ქვეყნებსა და ხალხებთან ურთიერთობა, ისე ბუნებრივი განვითარება. დღემდე შემორჩენილი მზითვის წიგნები საქართველოში ყოფისა და კულტურის მაღალ დონეზე მეტყველებს, იმ როლზე, რაც ქართველი ხალხის ცხოვრებაში ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს უკავია.

ირინე საგანელიძე

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

ჟურნალი "ისტორიანი",#87