გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება და მისი პირველი დირექტორის ტრაგიკული აღსასრული - კვირის პალიტრა

გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება და მისი პირველი დირექტორის ტრაგიკული აღსასრული

გორი, როგორც მძლავრი საგანმანათლებლო კერა, ჯერ კიდევ ფეოდალურ საქართველოში იყო ცნობილი. XIX საუკუნეში იგი მნიშვნელოვან სამაზრო ცენტრად გადაიქცა და ხელისუფლება იძულებული გახდა, შესაბამის კადრებზე ეფიქრა.

1817 წლის 16 მაისს საზეიმოდ გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელმაც 1917 წლამდე იარსება. რესურსი საჭირო იყო სამოქალაქო სექტორშიც. ამ მიზნით, 1876 წლის 1 სექტემბერს გორში დაარსდა სამასწავლებლო სემინარია, რომელიც მთელ კავკასიას უნდა მომსახურებოდა.

მთავრობის საგანგებო ინსტრუქციაში მითითებული იყო, რომ"სემინარიის მასწავლებელნი უნდა იყვნენ რუსები დაბადებით, აღზრდითა და რწმენით, რათა მათ აღზარდონ სემინარიის მოსწავლეები რუსეთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობით". თუმცა, ხელისუფლებამ ვერც აქ მიაღწია მიზანს, რადგან სწორედ ამ სასწავლებელში მოღვაწეობდნენ საგანმანათლებლო დარგის ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი სემიონოვი, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, არისტო ქუთათელაძე, მიხეილ ყიფიანი; სემინარიის კედლებში აღიზარდნენ: ვაჟა-ფშაველა, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ნიკო ჯანაშია და სხვები.

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ხელისუფლება კვლავ დილემის წინაშე დადგა. ამჯერად მას ისეთი კადრი სჭირდებოდა, რომელიც სოციალიზმის ერთგული და მისი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა. 1922 წელს გორში დაფუძნდა პედაგოგიური ტექნიკუმი (ორწლიანი სწავლებით), რომელიც გახდა ფაქტობრივი სამართალმემკვიდრე გორის სამასწავლებლო სემინარიისა (ჩანს, სემინარიის ცნება საბჭოთა იდეოლოგიას ვერ ერგებოდა).

30-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისისთვის"ინდუსტრიალიზაცია"-"კოლექტივიზაციის" ძირითადი სიძნელეები საბჭოთა სახელმწიფომ დაძლია,"ქოხსამკითხველოებმაც" თავისი ამოცანა შეასრულეს და წერა-კითხვის უცოდინარობა ძირითადად აღმოიფხვრა. ამიტომ, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებისთვის საკმარისი აღარ იყო ტექნიკუმდამთავრებული კადრის მომზადების დონე.

გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი 1936-1937 წლებში გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი

მასწავლებელთა ახალი რესურსის დაჩქარებულად მოსამზადებლად, ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო უმაღლესი სასწავლებლების გახსნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისს გარდა, 1930 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა ქუთაისში, 1932 წელს - ცხინვალსა და სოხუმში, 1935 წელს - ბათუმში).

ტემპი იმდენად სწრაფი იყო, რომ 1939 წლისთვის საქართველო უკვე პირველ ადგილზე იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე განათლების დონის მაჩვენებლით. ამ წლისთვის ყოველ 1000 კაცზე აქ უკვე მოდიოდა 113,4 ადამიანი საშუალო განათლებითა და 11,2 - უმაღლესით.

ბუნებრივია, უმაღლესი განათლების კერის გარეშე ვერც გორი დარჩებოდა, რადგან მას შიდა ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის პედაგოგიური კადრები უნდა მოემზადებინა.

გადაწყდა, მოქმედი პედაგოგიური ტექნიკუმის ბაზაზე 1935 წლისთვის გახსნილიყო ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი.

პირველი კორპუსის აშენება დაიწყო 1935 წლის ივნისში, იმდროინდელი ლავრენტი ბერიას ქუჩა #27-ში, არქიტექტორების - მიხაილ ნეპრინცევისა და ნატალია ფარემუზოვას ხელმძღვანელობით. გეგმის მიხედვით, შენობის საერთო მოცულობა 32 ათას კუბურ მეტრს შეადგენდა და 119 ოთახისგან შედგებოდა. მშენებლობის ბიუჯეტი 1,8 მილიონი მანეთი იყო. 1935 წლისთვის უნდა შესრულებულიყო 282 ათასი მანეთის სამუშაოები, მაგრამ 1-ლი სექტემბრისთვის მხოლოდ 169.200 მანეთი იყო გახარჯული. აღმასკომის დადგენილების თანახმად, შეუსრულებლობის მიზეზი კრედიტების დროულად მიუწოდებლობა იყო. შენობის სრულად დამთავრება გათვალისწინებული იყო 1936-1937 სასწავლო წლისთვის.

1935 წლის 1-ლ აგვისტოს ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა 33 წლის დოცენტი გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი. ასაკის მიუხედავად, მას უკვე ჰქონდა პედაგოგიური სტაჟი. იყო თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტების კურსდამთავრებული. მუშაობდა სოფლების მეჯვრისხევისა და ზემო ხვედურეთის სკოლებში პედაგოგად და გამგედ. 1933 წლიდან იყო გორის სამასწავლებლო ტექნიკუმის დირექტორი, ხოლო 1934 წლიდან - გორის განათლების რაიონული განყოფილების გამგე. ჰყავდა პედაგოგი მეუღლე ქეთევან კასრაძე, რომელიც დედის მხრიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის შთამომავალი იყო.

გორის სამასწავლებლო ინსტიტუტში თავიდანვე სოლიდურმა სამეცნიერო პერსონალმა მოიყარა თავი. გახსნის პირველი წლებიდან და მოგვიანებით აქ ლექციებს კითხულობდნენ უკვე საქვეყნოდ აღიარებული სწავლულები: ალექსანდრე ბარამიძე (ძველი ქართული ლიტერატურა), არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერება), ვარლამ თოფურია (ენათმეცნირება), ვლადიმერ გუგუშვილი (ქართული ენის მეთოდიკა), სარგის კაკაბაძე (ისტორია), სერგი მაკალათია (საქართველოს ისტორია), გივი ჟორდანია (შუა საუკუნეების ისტორია), ალექსანდრე მოსიავა (ფსიქოლოგია), იპოლიტე ვართაგავა (რუსული), ოთარ ჯინორია (ევროპის ისტორია), მაქსიმე ბერძნიშვილი, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი და სხვები.

ინსტიტუტში სამი ფაკულტეტი (განყოფილება) დაარსდა: ისტორიული (ემსახურებოდა 30 სტუდენტს), ენისა და ლიტერატურის (27 სტუდენტს), ფიზიკა-მათემატიკის (23 სტუდენტს). 1936 წლის 21 ნოემბრის ბრძანებით, ფაკულტეტების დეკანები (განყოფილების გამგეები) გახდნენ: ისტორიის - გ. თათარაშვილი, ენისა და ლიტერატურის - ნ. ცხაკაია და ფიზიკა-მათემატიკის - გ. ნამიჩეიშვილი. მოქმედებდა ოთხი კათედრა: 1) ქართული ენის, ლიტერატურისა და რუსული ენის (ხელმძღვანელი არნოლდ ჩიქობავა); 2) მათემატიკისა და ფიზიკის (ხელმძღვანელი ალ. დევიძე); 3) ისტორიის (ხელმძღვანელი გ. თათარაშვილი) და 4) დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის ფსიქოლოგიის (ხელმძღვანელი ნ. ცხაკაია). გაიცემოდა ორი სახის სტიპენდია: 100 და 90 მანეთის ოდენობით.

პირველივე ჩარიცხვაზე ინსტიტუტმა სამივე ფაკულტეტზე (განყოფილებაზე) 80 სტუდენტი მიიღო.

სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზების მიზნით, დეკანები ვალდებული იყვნენ, მეცადინეობის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გამოცხადებულიყვნენ და სტუდენტებისთვის სათანადო პირობები შეექმნათ (აუდიტორია, სამოსწავლო ოთახი, ცარცი, რეჟიმი და სხვ.).

ინსტიტუტი მალევე ჩაება, როგორც მაშინ იტყოდნენ, სოციალისტური ქვეყნის მშენებლობის ფერხულში. საზეიმო ვითარებაში მოეწყო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 750, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100, ალექსანდრე პუშკინის გარდაცვალებიდან 100, ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 10 წლისთავებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 1940 წლის 6 დეკემბერს ისტორიის მეცნიერებათა კაბინეტსა და სტუდენტთა სამეცნიერო წრეს ახალგარდაცვლილი აკადემიკოსის - ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.

გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტების ექსკურსია უფლისციხეში. ცენტრში - სერგი მაკალათია (1937 წ.)

წრეებში მუშაობის გარდა, ინსტიტუტში ჩამოყალიბებული იყო სასულე ორკესტრი, მომღერალთა გუნდი, ცეკვის წრე. მოქმედებდა კვების სისტემა 100 კაცზე სახელმწიფოს დადგენილი ფასებით, ამავე კორპუსში მოქმედებდა 60 კაცზე საცხოვრებელიც. საცხოვრებელი ოთახების კონკურსში გამარჯვებისთვის, ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტთა საცხოვრებელი ოთახის მამასახლისი 100 მანეთით დაუჯილდოებიათ - "თეატრსა და კინოში სტუდენტების კოლექტიური დასწრებისთვის".

ცხადია, ქვეყნის ახლო წარსულში მომხდარი კატაკლიზმები ინსტიტუტის ცხოვრებას გვერდს ვერ აუვლიდა, პოლიტიკური ელფერი სდევდა და ხშირად აბსურდამდე მიდიოდა. მაგალითად, თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო"დოყლაპიობა".

ინსტიტუტს, მეათე რაიონულ პარტიულ კონფერენციასთან დაკავშირებით აღებული"ვალდებულებების გასანაღდებლად", მოუწყვია აირწინაღებით ლაშქრობა გორი-კარალეთის მიმართულებით და სასულე ორკესტრის თანხლებით, რომელშიც 250 კაცი მონაწილეობდა. ოქტომბრის რევოლუციის 18 წლის აღსანიშნავად ლენინის ქუჩაზე დაგეგმილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა სტუდენტთა ასეული და ა.შ.

ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემად ქცეულა ის ფაქტი, რომ"სტუდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სავსებით არ იცოდა რუსული ენა, რაც ჰქმნიდა დიდ დაბრკოლებებს სტუდენტთა აკადემიური დონის ამაღლების საქმეში". პრობლემის აღმოსაფხვრელად ინსტიტუტში ყალიბდებოდა რუსული ენის შემსწავლელი წრეები, რომლებიც სავალდებულო იყო ყველა სტუდენტისთვის.

1937 წლის 21 სექტემბერს ინსტიტუტის სამ სტუდენტს დირექტორის ბრძანებით საყვედური გამოეცხადა მხოლოდ იმის გამო, რომ"დილით მწყობრ მეცადინეობაზე არ გამოცხადდნენ". ბრძანების მეორე პუნქტით ჯგუფების მამასახლისებს ევალებოდათ, ბრძანება დაეყვანათ თითოეულ სტუდენტამდე და განემარტათ ჯგუფებისთვის, რომ "სამწყობრო სადღესასწაულო სამზადისზე გამოუცხადებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სასჯელს ინსტიტუტიდან გარიცხვამდე". მსგავსი შინაარსის არის 1936 წლის 26 აპრილით დათარიღებული ბრძანებაც, რომელშიც ნათქვამია:"სტუდენტებისადმი, რომლებიც თავს აარიდებენ საპირველმაისო სამზადისს, გატარდება სასტიკი ზომები ინსტიტუტიდან გარიცხვამდე".

1939 წლის 10 ოქტომბრის #298 ბრძანებაში ვკითხულობთ:"შემჩნეულია, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტები არღვევენ შინაგანაწესს, როგორიცაა დილით გვიან ადგომა და საღამოს ადრე დაწოლა. ვაფრთხილებ სტუდენტებს, ვინც არ დაიცავს წესიერად შინაგანაწესს, გამოსახლებული იქნება საერთო საცხოვრებლიდან და არ მიიღება არავითარი პრეტენზია". ცოტა ადრე, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს მ. ბ.-ს სასტიკ საყვედურს უცხადებენ"ლექტორთან ნიშანზე შეკამათებისთვის". ისტორიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გ. შ. ინსტიტუტიდან ირიცხება"მოგების მიზნით ფართლეულის გაყიდვის გამო" და სხვა, თუმცა, ინსტიტუტიდან გარიცხვის მოტივი უმთავრესად მაინც პოლიტიკურია.

გაბრიელ თათარაშვილის მიერ გორის რაიკომის მდივნის, დავით ფანცულაიასადმი მიწერილი წერილი თავისი უდანაშაულობის შესახებ

1936 წლის 26 ოქტომბერს მათემატიკის სპეციალობის სტუდენტი მ. ხ. ინსტიტუტიდან ირიცხება, როგორც"შავრაზმელი", რადგან მან"შეცდომაში შეიყვანა ინსტიტუტის მიმღები კომისია ყალბი ხმის უფლების მოწმობის წარდგენით, თითქოს იგი იმყოფებოდა ბიძის კმაყოფაზე, სინამდვილეში კი ჰყავდა მშობლები (მამა გადასახლებული), რომლებიც ხმაჩამორთმეული და უფლებააყრილი იყვნენ". 1937 წლის 9 სექტემბერს ინსტიტუტის მეორე კურსის ისტორიული განყოფილების სტუდენტი ვ. ბ. ირიცხება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან და გამოეცხადა სასტიკი საყვედური"საერთო საცხოვრებლის ოთახებში სტუდენტების გადაჯგუფებასთან დაკავშირებული ბრძანების დაუმორჩილებლობასა და უპასუხისმგებლო ლაყბობისთვის". ამავე წელს ინსტიტუტიდან ოთხი სტუდენტი ირიცხება"კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ლაყბობისთვის ხელის შეწყობის, მათთან მეგობრობისა და მოლაყბეების დაფარვისთვის".

ყველაზე დიდი რეზონანსი მაინც 1937 წლის აგვისტოში ინსტიტუტის პირველი დირექტორის გაბრიელ (გაბო) თათარაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავებას ჰქონდა. დაპატიმრების ზუსტი თარიღის დადგენა ინსტიტუტის ბრძანებების წიგნში გაკეთებულ ხელმოწერებზე დაკვირვებით ხდება შესაძლებელი. 18 აგვისტოდან 1-ლ სექტემბრამდე (#90-96) ბრძანებებზე თათარაშვილის ნაცვლად ალექსანდრე მოსიავას ხელმოწერებია. ამასთან, 18 აგვისტოს ბრძანებაზე მოსიავას, როგორც მ/შემსრულებელს (ხაზის ჩამოსმით) აქვს ხელი მოწერილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ გაბრიელ თათარაშვილი წინა დღეს უნდა დაეპატიმრებინათ. 7 სექტემბერს ინსტიტუტის დირექტორად უკვე როსტომ შადური ჩანს დანიშნული.

გაბო თათარაშვილის დაპატიმრების მიზეზად ინსტიტუტის შენობის პროექტირებისას დაშვებული შეცდომები და მშენებლობის ტემპები დასახელდა, თუმცა, დაპატიმრების ნამდვილ მიზეზს ყველაზე ნათლად მის მიერ გორის რაიკომის მდივნის, დავით ფანცულაიასადმი დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე საიდუმლოდ მიწერილი რვაგვერდიანი წერილიდან გაეცემა პასუხი (სტილი დაცულია. - ი. ა.):"პარტიის წევრთა შემოწმების დროს ჩემ შესახებ შემოსულია განცხადება, ვითომცდა მე ვირიცხებოდი ფედერალისტების პარტიაში გასაბჭოებამდე. ნამდვილათ კი ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება თუნდაც იმის გამო რომ წლოვანების მიხედვით (16-17 წლისა) არ შეიძლება ვყოფილიყავი პარტიაში. ამ ხნის ახალგაზრდები შედიოდნენ ფედერალისტურ ახალგაზრდობის ორგანიზაციაში.

...1919 წელს, ჩემი სემინარიაში ყოფნის დროს მე მართლაც დავიარებოდი (როგორც მახსოვს 5-6-ჯერ ვიყავი) ფედერალისტების ბიბლიოთეკა-სამკითხველოში, სადაც ყველა დაიარებოდა, როგორც პარტიულები, ახალგაზრდები, ისე ისეთი ხალხიც, რომლებიც არ იყვნენ ფედერალისტების პარტიაში ან ახალგაზრდათა ორგანიზაციაში და, რა თქმა უნდა, ფედერალისტების სამკითხველოს ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, მიეზიდა ხალხი და შემდგომ ჩაება მუშაობაში. ასევე სამკითხველოები ქონდათ ნაც. დემოკრ. და ბოლოს ბოლშევიკებთან. მე დავიარებოდი აგრეთვე ამ სამკითხველოებში, თუმცა ერთჯერ ვიყავი იმის გამო რომ ფედერალისტების სამკითხველო უფრო მდიდარი იყო და ჩემ ამხანაგებს უფრო იქ ვხვდებოდი. უნდა განვაცხადო, რომ ამ დროისათვის არავითარი პოლიტიკური შეგნება მე არ მქონია.

...უნდა განვაცხადო გულწრფელობით, რომ მე არამცთუ პარტიაში ვიყავი, არამედ ფედერალისტურ ახალგაზრდობის რიგებშიც კი არ ვირიცხებოდი. უფრო მეტიც - არც ერთ ახალგაზრდობის კრებას მე არ დავსწრებივარ. არც ერთი დავალება მე არ მქონია და ცხადია არც შემისრულებია. იმ ამბავის მიზეზთაგანი რომ მე არ ჩავები ორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ არა მარტო ჩემს ინერტულობაში და პოლიტიკურ უვიცობაში, აგრეთვე ჩემი მშობლების ღონისძიებებში, რომლებიც სახლიდან ფეხს არ მადგმევინებდნენ და სამკითხველოებშიც ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე.

კავკასიის სამხედრო ოლქის პროკურორის დასკვნა (07.08.1956 წ.), გაბრიელ თათარაშვილის რეაბილიტაციისა და მის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის შესახებ

...სკოლის შემდეგ მე ვმუშაობდი მეურნეობაში, რადგან ამ პერიოდისთვის ძალზე გაჭირვებულები ვიყავით მამის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო.

...1923 წელს მასწავლებლად გამაგზავნეს, რამაც გამიხსნა ხელ-ფეხი ჩავბმულიყავი საზოგადოებრივ მუშაობაში და დამეწყო პოლიტიკური მომზადება. პარტიაში შესვლაზე თავს ვიკავებდი იმის გამო, რომ პოლიტმომზადება არ მქონდა და ისედაც სუსტი აგებულებისა ვიყავი.

...1925 წელს პირველად შევიტანე განცხადება ქარელში და მაშინვე მიმიღეს (იგულისხმება კომუნისტური პარტიის წევრობა - ი. ა.), ხოლო მაზრკომმა დამამტკიცა 1928 წელს, ე.ი. იმის შემდეგ, როდესაც მე დამაწინაურეს (ჯერ კიდევ უპარტიო) გორის მაზრის განათლების კავშირის თ-რეთ.

1921 წელს მე ისევ სემინარიაში ვსწავლობდი და განათლების განყოფილების მოწოდების თანახმად გავემგზავრე მასწავლებლად მეჯვრისხევში, საიდანაც მენშევიკი მასწავლებლები გააქტიურებულიყვნენ. 1922 წელს დავამთავრე სემინარია და გავემგზავრე მასწავლებლად სოფელ ზემო ხვედურეთში, ხოლო 6 თვის შემდეგ დამაწინაურეს ქარელის 7-წლედის გამგეთ.

...ვეწეოდი სოფლად კულტურულ მუშაობას, ჩართული ვიყავი საზოგადოებრივ მუშაობაში, ჩამოვაყალიბე ქარელში განათლების კავშირი, აღმშენებელთა კავშირი და პროფსამდივნო და ბევრი კიდევ სხვა... არ ყოფილა არამცთუ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, არამედ პირიქით ქარელში ყოფნის დროს ვეხმარებოდი გორის"ჩეკას" უმსგავსოების და სხვ. წინააღმდეგ (ამის მასალა იქნება იქ). ვეხმარებოდი თემკომის მდივანს ამხ. ალ. ბიწაძეს. ეს კარგათ იცის აგრეთვე მდივანმა ვიქტორ გოგიამ, რომელიც ქარელში იყო პარტორგანიზაციის ხელმძღვანელად და რომლებმაც მიმიღეს პარტიაში.

ყველგან, სადაც კი მე ვმუშაობდი, ვატარებდი მტკიცედ და ურყევად პარტიის ხაზს და მე არ ვყოფილვარ არც ერთ დაჯგუფებაში ლენინური ცეკას წინააღმდეგ.

...მე მუშის შვილი ვარ და ჩემი ცხოვრებაში გამოსვლა დაემთხვა საქართველოს გასაბჭოებას. ჩემი მომწიფების პერიოდი და დასრულება ეკუთვნის გასაბჭოების პერიოდს. მე აღზრდილი ვარ ყოველნაირად ლენინური პარტიის და საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

...გთხოვთ განიხილოთ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება და დარწმუნდეთ იმაში, რომ მთელი ჩემი მუშაობა, ჩემი შეგნების საუკეთესო წლები 15 წელიწადი მიძღვნილი იყო საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების საქმისადმი, განსაკუთრებით კულტურულ ფრონტზე და რომ მე არც ერთ პარტიაში არ ვირიცხებოდი და არც რაიმე მუშაობას ვაწარმოებდი წარსულში და როგორ უნდა ჩამეწერა პირად ბარათში სხვა პარტიაში ყოფნა, როგორ უნდა მივიღო ეს ბრალდება, როდესაც სავსებით სუფთაა ჩემი გული და სული, მე ამ ბრალდებას ვერ მივიღებ. თქვენ გადასწყვიტეთ ისე, როგორც ამას ჩვენი დიდი პარტია გიკარნახებთ.

კომსალმით გაბრიელ თათარაშვილი".

 უნივერსიტეტის II  კორპუსი. XX საუკუნის 50-იანი წლები

წერილიდან ცხადი ხდება, თუ რას ედავებოდა ხელისუფლება გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორს და რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი.

თათარაშვილის ბედი ეროვნული ორიენტაციის ანტისაბჭოთა (სოციალისტ-ფედერალისტურ) პარტიასთან ყოფილმა თანამშრომლობამ გადაწყვიტა (დამსმენსაც ხომ მოხსენებით ბარათში ასე ჩაუწერია:"სხვა პარტიის წევრად აქვს ხელი მოწერილიო") და არა ინსტიტუტის მშენებლობის ტემპების დარღვევამ, როგორც ეს ოფიციალურად გამოცხადდა. ბოლშევიკური ხელისუფლება კომპრომისებს ვერ ეგუებოდა, მისთვის კომუნისტური პარტიის გარდა, ყველა პოლიტიკური ძალა მიუღებელი და იდეოლოგიური მტერი იყო.

გაბრიელის დაპატიმრებისთანავე, მის ოჯახს გორში საცხოვრებელი ბინა ჩამოართვეს და სანაცვლოდ, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთი სტანდარტული ოთახი დღევანდელი სახანძროს უკან მდებარე სახლში გამოუყვეს. მისი მეუღლე ქეთევან კასრაძე, რომელიც ამავე ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, 1937 წლის 20 აგვისტოს ინსტიტუტიდან გარიცხეს, საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს და ოჯახი ულუკმაპუროდ დატოვეს (ქეთევანი მხოლოდ მოგვიანებით, 1938 წელს აღადგინეს სტუდენტის"უფლებებში", ოღონდ პირველ კურსზე).

"ხალხის მტრის" იარლიყი ოჯახისთვის იმდენად მძიმე სატარებელი აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით, გაბრიელის ვაჟმა თენგიზმა მამის ნაწერები და"ერთი ტახტი მარტო გაზეთებიდან ამონაჭერი სტატიები" სახლიდან გამოიტანა და ცეცხლს მისცა...

გაბრიელ თათარაშვილის ოჯახისთვის სამართლის ძებნა სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1956 წლის 29 აგვისტოს ქეთევან კასრაძე-თათარაშვილმა კავკასიის სამხედრო ოლქის პროკურორის დასკვნა მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ამა წლის"7 აგვისტოს კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით თქვენი ქმარი გაბრიელ ივანეს ძე თათარაშვილი რეაბილიტირებულია და მის მიმართ საქმე შეწყვეტილია დანაშაულის მიზეზების არარსებობის გამო".

დაპატიმრების შემდეგ გაბრიელის ბედის გასარკვევად ოჯახმა შესაბამის ორგანოებს. იმავე 1956 წლის 13 ნოემბერს გორის საქალაქო განყოფილების მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროდან (მმაჩი) გარდაცვალების ცნობა გაგზავნეს, რომლის მიხედვით, გაბრიელ თათარაშვილი გარდაიცვალა 1943 წლის 7 მაისს. გარდაცვალების მიზეზი -"არტელიოსკლეროზი", გარდაცვალების ადგილი გადაშლილია. საბუთის მეორე მხარეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს გამგის (საბუთის გამცემის. - ი. ა.) მიერ მიწერილია:"გარდაცვალების ადგილი წაშლილია ჩემს მიერ" და ხელმოწერა.

ეს მოწმობა, იმ წლებში გაცემული ბევრი სხვა საბუთის მსგავსად, გაყალბებულია. გორის ინსტიტუტის პირველ დირექტორს არც 1943 წლამდე უცოცხლია და არც ავადმყოფობით გარდაცვლილა. იგი, ისევე როგორც"ხალხის მტრად" მონათლული ათასობით სხვა პიროვნება, პოლიტიკური რეპრესიების -"დიდი ბოროტების" ეპოქამ იმსხვერპლა. ჩვენს ხელთ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხს ნათელს ჰფენს. ეს არის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარიატთან არსებული"ტროიკის" 1938 წლის 5 მაისის სხდომის #113 ოქმი, რომელმაც გაბრიელ ივანეს ძე თათარაშვილის საბოლოო ბედი გადაწყვიტა. რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის თანახმად, მომხსენებელმა ოვიანმა სამეულს წარუდგინა ბრალდებულ თათარაშვილის სისხლის სამართლის საქმე 10379. მასში აღნიშნულია:"გაბრიელ ივანეს ძე თათარაშვილი, 1902 წელს დაბადებული, გორის მკვიდრი, გლეხთა წრიდან, ქართველი, სსრ კავშირის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, მოსამსახურე, პროფესიით პედაგოგი, საკ. კპ (ბ) ყოფილი წევრი 1931 წლიდან, გარიცხული 1937 წელს დაპატიმრების გამო. დაპატიმრებამდე გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი.

ბრალი ედება მასში, რომ არის მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას გორის სამასწავლებლო ინსტიტუტში".

ოქმის დადგენილებით ნაწილში მკაფიოდ იკითხება ლურჯი მელნით ჩაწერილი განაჩენი:"დაიხვრიტოს".

ოქმს ხელს აწერს"სამეულის" ყველა წევრი: ბოგდან ქობულოვი, ვალერიან ტალახაძე, შალვა წერეთელი. სხდომის მდივანი - ალექსანდრ მოროზოვი.

ასეთია გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის საწყისი წლებისა და მისი პირველი დირექტორის ბობოქარი და ტრაგიკული ისტორია. თუმცა, გაბრიელ თათარაშვილი არ იყო მსხვერპლად შეწირული მხოლოდ ერთი ინტელიგენტი. ეს არის იმ ეპოქის ლაქა, რომელსაც ისტორია და შთამომავლობა კიდევ დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს.

იოსებ ალიმბარაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#87