ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში - კვირის პალიტრა

ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში

2017 წლის 6 დეკემბერი ისრაელისა და პალესტინის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამ დღეს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ აპირებს თელ-ავივიდან აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას.

ამ მოვლენამ ებრაულ საზოგადოებაში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მუსლიმურ სამყაროში კი - გაურკვევლობა და გაღიზიანება. ტრამპის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არც მსოფლიოს სხვა ლიდერები შეხვედრიან. ვაშინგტონის პოზიციას მხოლოდ ისრაელმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულოვანმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

იერუსალიმისა და პალესტინის საკითხი დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იერუსალიმი სამი აბრაამისტული რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) წმინდა ადგილია, რაც განაპირობებს მის გარშემო განვითარებული მოვლენებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. საკითხის უკეთ გასარკვევად აუცილებელია ვისაუბროთ იერუსალიმის პოლიტიკურ სტატუსზე მისი დაარსების დღიდან თანამედროვეობამდე.

პალესტინა, იგივე ისტორიული ქანაანი, ყოველთვის ღარიბი იყო რესურსებით. თუმცა, ნაყოფიერი მიწების, ხეტყის, სასარგებლო წიაღისეულისა და სასმელი წყლის დეფიციტის მიუხედავად, რეგიონს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისთვის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიგიური ფაქტორების გამო, პალესტინა ყოველთვის იყო მსოფლიო იმპერიებისა და ცივილიზაციების შეყრისა და შეჯახების ადგილი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იერუსალიმს, რეგიონის ცენტრსა და სამი მსოფლიო რელიგიის წმინდა ქალაქს.

იერუსალიმი უძველეს ხანაში

იერუსალიმის დაარსების ზუსტი პერიოდის დასახელება ძნელია არქეოლოგიური მასალების სიმცირის გამო. მის ტერიტორიაზე მობინადრეთა ყველაზე ძველი კვალი აღმოჩენილია გიხონის წყაროსთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში, ძველი იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მართალია, არქეოლოგების მიერ ნაპოვნი მასალა მწირია, თუმცა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ იერუსალიმის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოს ხალხი ცხოვრობდა.

პირველი წერილობითი წყარო, რომელიც იერუსალიმს მოიხსენიებს, არის ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ეგვიპტური "წყევლის წარწერები".

სირიისა და ქანაანის სხვა ქალაქების ხელმძღვანელთა გვერდით, მათში მოხსენიებულია იერუსალიმის (რუსალიმუმის) მმართველებიც. ამავე პერიოდს განეკუთვნება ზეთისხილის მთის ძირას აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი და გამოქვაბულის ნაშთები; აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნი კედლის ნარჩენები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ II ათასწლეულის დასაწყისში იერუსალიმი გამაგრებული ქალაქი იყო და მმართველობის ჩამოყალიბებული სისტემა გააჩნდა.

დღეს პალესტინა სემიტური მოდგმის ხალხებს (ებრაელებსა და არაბებს) ეკუთვნის, მაგრამ ძვ.წ. III ათასწლეულამდე ისინი რეგიონის აბორიგენ მოსახლეობას არ წამოადგენდნენ. აქ სხვა ხალხი ცხოვრობდა. ქალაქი იერუსალიმი იებუსელების სახელით ცნობილი ხალხის კუთვნილება იყო. სემიტები პალესტინის ტერიტორიაზე შესვლას III ათასწლეულში იწყებენ. საწყის ეტაპზე მათი ძირითადი საქმიანობა მომთაბარეობა და მესაქონლეობა იყო, შემდეგ კი ადგილობრივებისგან მიწათმოქმედება შეითვისეს, მომთაბარე ცხოვრების წესი წარსულში დატოვეს და ადგილობრივი ტომების ასიმილაცია დაიწყეს. პალესტინაში დამკვიდრებულ სემიტებს ქანაანელთა სახელით იცნობდნენ, ამიტომაც რეგიონსაც ქანაანი ეწოდებოდა.

ეგვიპტის გავლენის ქვეშ

პალესტინაში არ არსებობდა ცენტრალიზებული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სისტემა. იგი იყოფოდა ქალაქ-სახელმწიფოებად, რომლებსაც მეფეები მართავდნენ. რეგიონით ადრეული ხანიდან დაინტერესდა მეზობელი ეგვიპტის სამეფო. ფარაონებისთვის პალესტინა იყო სატრანზიტო დერეფანი და წინა აზიასთან დამაკავშირებელი ტერიტორია. ეგვიპტელები ჯერ კიდევ III ათასწლეულში აწყობდნენ ლაშქრობებს პალესტინაში. ძვ.წ. XVI საუკუნეში ეს რეგიონი მათი ძალაუფლების ქვეშ იყო.

თუტმოს I-მა, თუტმოს III-მ, ამენჰოტეპ II-მ და თუტმოს IV-მ რამდენჯერმე დალაშქრეს პალესტინა და ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასზე კონტროლი შეინარჩუნეს. ქანაანში დამკვიდრდა ეგვიპტური ადმინისტრაციული სისტემა, ამავე დროს, დამპყრობლებმა შეინარჩუნეს ადგილობრივი ელიტები და ისინი ვასალიტეტის პირობებში მოაქციეს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტემ ქანაანზე კულტურული გავლენაც მოახდინა. მაგალითად, ადგილობრივ დონეზე, ლურსმულ დამწერლობასთან ერთად, ეგვიპტურ იეროგლიფებსაც იყენებდნენ.

ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის, იმავე ეხნატონის (ძვ.წ. XIV ს.) მმართველობის პერიოდში და მის შემდგომ, პალესტინაში ეგვიპტის გავლენა დასუსტდა. ამას ხელი შეუწყო ეგვიპტის შიდა პრობლემების გამწვავებამ და პალესტინის ჩრდილოეთით ხეთების სამეფოს გაძლიერებამ. რეგიონში ახალი, თანაც საკმაოდ ძლიერი ძალის გამოჩენამ არეულობა გამოიწვია. პალესტინის დიდებულთა ნაწილი ხეთებს მიემხრო და ეგვიპტელთა წინააღმდეგ აჯანყდა. ამ პერიოდში ეგვიპტელების ძალაუფლება შედარებით სტაბილურად ვრცელდებოდა ქალაქ იერუსალიმზე, რომელიც კვლავ იებუსელების ხელში იყო.

კონკრეტულად ამ ფაქტის შესახებ ცნობებს გვაწვდის თელ ალ-ამარნაში (ყოფილი ახეტატონი) აღმოჩენილი ეგვიპტელ ფარაონთა დოკუმენტები. ფარაონ ეხნატონის დროს ახეტატონი იყო ეგვიპტის დედაქალაქი და აქ იყო განთავსებული სამეფო კანცელარია. თელ ალ-ამარნას არქივი შეიცავს 350-ზე მეტ წერილს, რომელთა დაახლოებით ნახევარი წარმოადგენს ქანაანელ მეფეთა წერილებს ეგვიპტის ფარაონების, ამენჰოტეპ III-ისა და ეხნატონის მისამართით. წერილები შესრულებულია აქადურ ენაზე, რომელსაც რეგიონში ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ამ არქივშია იერუსალიმის მმართველ აბდი-ხებას წერილი, რომელშიც ის ეგვიპტის ფარაონს სამხედრო დახმარებას სთხოვს. დოკუმენტიდან ისიც ირკვევა, რომ პალესტინის პროეგვიპტური ძალები აბდი-ხებას საბრძოლო ეტლებს უგზავნიდნენ.

ქანაანში "ამოსვლა"

დაშლილ და დასუსტებულ ქანაანში II ათასწლეულის II ნახევარში ებრაელები გამოჩნდნენ. ძვ.წ. XIII საუკუნეში ისინი რეგიონში დადასტურებით სახლობდნენ, ამას მოწმობს ეგვიპტის ფარაონ მერნეპტაჰის წარწერა, რომელშიც ისრაელია ნახსენები. ებრაელები, ქანაანელთა მსგავსად, სემიტური წარმოშობის იყვნენ, თუმცა განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე იდგნენ და მომთაბარე მესაქონლეობას მისდევდნენ. ბიბლიის მიხედვით, პალესტინაში მოსვლამდე ებრაელები "ეგვიპტის ტყვეობაში" იმყოფებოდნენ. ისინი შეადგენდნენ თორმეტ ტომს (მათ შორის ეფრაიმისა და იუდას ტომები სიდიდით ყველაზე აღმატებული იყვნენ).

ებრაულმა ტომებმა ქანაანის დამორჩილება ძვ.წ. XIII საუკუნეში დაიწყეს და რეგიონში ჰეგემონობის მოსაპოვებლად ორი საუკუნე დასჭირდათ. პარალელურად, პალესტინის სამხრეთ ნაწილში დამკვიდრდნენ ფილისტიმელები. ძველი ბერძნები ფილისტიმელებით დასახლებულ მიწას "ფილისტიას" უწოდებდნენ. ასე გაჩნდა ქანაანის ახალი სახელწოდება - პალესტინა. რეგიონში პირველობისთვის ებრაელებსა და ფილისტიმელებს შორის ხანგრძლივი ომი დაიწყო.

ბიბლიის მიხედვით, ქანაანის დაპყრობის დროს ებრაელების წინამძღოლი იყო იესო ნავეს ძე. მას იერუსალიმის მეფე ადონ-ცედეკთან და მის მოკავშირეებთან ბრძოლა გაუმართავს და დაუმარცხებია ისინი. მართალია, მსაჯულთა წიგნი გვეუბნება, რომ ებრაელებმა მაშინ იერუსალიმის აღებაც მოახერხეს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. მით უმეტეს, ებრაელთა წმინდა წიგნში საპირისპირო ნარატივსაც ვაწყდებით.

ორი საუკუნის განმავლობაში ებრაელებმა ქანაანელებისგან მიწათმოქმედება აითვისეს და რეგიონში მყარად დამკვიდრდნენ. მათ ქანაანელები დაიმორჩილეს და ხარკის გადახდა დააკისრეს. იმავდროულად ებრაელები იბრძოდნენ ფილისტიმელებისა და მოაბიტების (მოაბელების) წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა ჯერ ებრაელთა ცალკეული ტომების ერთიანობა განაპირობა, მოგვიანებით კი უფრო მყარი გაერთიანების შექმნა გამოიწვია - ძვ.წ. XI საუკუნის მიწურულს წარმოიქმნა ისრაელის სამეფო, რომლის პირველი მეფე გახდა საული (დაახ. ძვ.წ. 1050-1030), ბენიამინის ტომის წარმომადგენელი. ებრაულ და ფილისტიმურ ქანაანში ქალაქი იერუსალიმი იებუსელების ანკლავად რჩებოდა.

იერუსალიმი - ისრაელის ცენტრი

საულმა საბოლოოდ დაიმორჩილა ქანაანელები, თუმცა პალესტინის ტერიტორიაზე ბატონობისთვის მას ფილისტიმელებთან გააფთრებული ბრძოლა უწევდა. ეს უკანასკნელნი იმ ხანად განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდნენ და ებრაელთა მრავალ ქალაქს ფლობდნენ, მათ შორის გიბეას, საულის მშობლიურ ქალაქს. საულის სიცოცხლეც სწორედ ფილისტიმელებთან ომს შეეწირა.

ისრაელის ახალი მეფე გახდა დავითი - საულის სიძე, იუდას ტომის წარმომადგენელი. დავითმა შეძლო ფილისტიმელთა დამარცხება და ისინი ისრაელიდან განდევნა. მანვე დაიმორჩილა მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები მოაბიტები, ასევე ამონიანები, ედომელები, არამეელები და დამასკოც კი აიღო. ისრაელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

დავითი ხვდებოდა, რომ ტომებად დაყოფილ სახელმწიფოს ერთი ცენტრი სჭირდებოდა. მან არჩევანი ქალაქ იერუსალიმზე შეაჩერა, რომელსაც, ადმინისტრაციულ-პოლიტიკურთან ერთად, რელიგიური ცენტრის ფუნქციაც უნდა ეტვირთა; ის უნდა გამხდარიყო ტომებად გახლეჩილი ებრაელების ერთიანობის სიმბოლო.

დავითის გამეფების დროს იერუსალიმი კვლავ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც გახდა იერუსალიმის შერჩევის მთავარი მიზეზი - ქალაქი არც ერთ ებრაულ ტომს არ ეკუთვნოდა. ნეიტრალური იერუსალიმისთვის დედაქალაქის ფუნქციის მინიჭება ვერ გაანაწყენებდა რომელიმე ტომის საზოგადოებას და ქალაქი ერთნაირად მისაღები იქნებოდა ყველასთვის. ამგვარად, დავითის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და სოციალ-ეკონომიკური სარჩული ნაკლებად ჰქონდა. დავითმა იერუსალიმს ალყა შემოარტყა და ბრძოლით დაიმორჩილა. ქალაქის აღებით მან მოსპო იებუსელების ანკლავი და ებრაელთა ჩრდილოელი და სამხრეთელი ტომები გააერთიანა.

დავითმა იერუსალიმი წმინდა ქალაქად გამოაცხადა და ებრაელთა საღვთისმსახურო კარავი მორიას მთაზე გადმოიტანა (იქ, სადაც იუდეველთა რწმენის თანახმად, აბრაამმა თავისი შვილი ისააკი ღვთისთვის შესაწირავად აიყვანა), სამსხვერპლო მოაწყო და ებრაელთა მღვდელმთავარი დანიშნა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის თანახმად, საკულტო ადგილად იქცა დავითის მიერ იებუსელების უკანასკნელი მეფისგან შეძენილი მიწა. ებრაელთა წმინდა წიგნს სურს გვითხრას, რომ ისრაელის მეფემ მიწის ეს ნაკვეთი კანონიერი გზით მიიღო და არა ძალის გამოყენებით. აქედან მოყოლებული, ებრაელებისთვის იერუსალიმი "დავითის ქალაქად" იქცა. რაც შეეხება იებუსელებს, სავარაუდოდ, დავითს ადგილობრივი მოსახლეობა არ ამოუწყვეტია და ისინი თანდათან გაითქვიფნენ ებრაელებში.

დავითის შემდეგ ისრაელის მეფე მისი შვილი სოლომონი (დაახ. ძვ.წ. 995-950) გახდა. სოლომონის მმართველობის წლებს ებრაელთა ისტორიაში აყვავების ხანა უკავშირდება: მოწესრიგდა სამეფოს ადმინისტრაცია, საგადასახადო სისტემა, განვითარდა ეკონომიკა, მეგობრული ურთიერთობები დამყარდა მეზობელ სახელმწიფოებთან, დაწინაურდა საგარეო ვაჭრობის სფერო, გატარდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა და სხვ. მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იერუსალიმს. სოლომონმა მორიას მთაზე, სადაც დავითმა სამსხვერპლო მოაწყო, ტაძრის აგება დაიწყო.

ქალაქში ფართოდ გაშლილი მშენებლობა დიდძალ მასალებსა და მუშახელს მოითხოვდა. ისრაელი კი ღარიბი იყო სამშენებლო მასალებით, განსაკუთრებით ხეტყით. ამიტომაც სოლომონი შეუთანხმდა ქალაქ ტვიროსის მეფე ჰირამს და ხეტყის შემოტანა ფინიკიიდან დაიწყო. ლიბანის ტყეებში ათასობით მუშა იყო დასაქმებული. ტვიროსელი კალატოზები და ხუროები მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. სოლომონის ტაძარმა საბოლოოდ დაუმკვიდრა იერუსალიმს ებრაელთა სულიერი და ეროვნული ცენტრის სტატუსი. სწორედ აქ დააბრძანეს ებრაელთა სიწმინდეები - სჯულის კიდობანი და მენორა (შვიდტონიანი შანდალი). მორიას მთას "ტაძრის მთა" (ებრ. "ხარ ჰა-ბაით") ეწოდა. სოლომონის ტაძრის აშენებით ებრაელთა ისტორიაში პირველი ტაძრის პერიოდი (ძვ.წ. X-VI საუკუნეები) დაიწყო.

სახელმწიფოს გაყოფა

დავითისა და სოლომონის მმართველობის პერიოდში ისრაელის საზღვრები საგრძნობლად გაიზარდა, რასაც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებდა - ეგვიპტე დასუსტებული იყო, ხოლო ასურეთი ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა. სოლომონის მმართველობის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა - ფარაონმა შეშონქმა ეგვიპტეში არეულობა ჩააცხრო და პალესტინაზე გავლენის აღდგენას შეუდგა.

ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, ისრაელი მტკიცედ შედუღაბებულ სახელმწიფოს მაინც არ წამოადგენდა. შესამჩნევი კონტრასტი იყო მის ჩრდილოეთ ნაწილსა და სამხრეთს (იუდეას) შორის - ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი წვლილი ჩრდილოელებს შეჰქონდათ, იქაური მიწათმოქმედები იხდიდნენ მძიმე გადასახადებს, სამეფო არისტოკრატია კი უნაყოფო იუდეიდან იყო. მართალია, დავითი და სოლომონი ცენტრალიზებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად ენერგიას არ ზოგავდნენ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტომობრივი ტრადიციების დასათრგუნავად მათი მმართველობის წლები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯერ კიდევ სოლომონის დროს, ეფრაიმის ტომის (ჩრდილოეთში მცხოვრები ტომი) წარმომადგენელმა იორობეამმა შეთქმულება მოაწყო და ამბოხებისთვის დაიწყო მზადება. სოლომონმა მისი შეპყრობა სცადა, თუმცა იორობეამი ეგვიპტეში გაიქცა და იქ მიიღო თავშესაფარი.

სოლომონის გარდაცვალების შემდეგ იუდასა და ბენიამინის ტომმა მეფედ მისი ვაჟი - რობოამი გამოაცხადა. ჩრდილოეთის ტომებმა რობოამის მეფედ ცნობაზე თანხმობა განაცხადეს, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი მათ მძიმე გადასახადებისგან გაათავისუფლებდა. დათმობის ნიშნად რობოამი ჩრდილოეთის ტომების ცენტრში (შეხემში) ჩავიდა, მეფედ იქ ეკურთხა, მაგრამ გადასახადების შემცირებაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ ჩრდილოელებმა აჯანყება დაიწყეს. ებრაელთა ქვეყანაში ამტყდარი შფოთით ისარგებლა იორობეამმა. ჩრდილოელებმა იგი საკუთარ მეფედ გამოაცხადეს. ეგვიპტელთა სამხედრო დახმარების წყალობით იორობეამმა იუდეას შეუტია, იუდეველთა ჯარი დაამარცხა და იერუსალიმი გაძარცვა. წარმოიქმნა ორი პატარა სახელმწიფო: ჩრდილოეთში - ისრაელის სამეფო, სამხრეთში - იუდეის სამეფო.

იერუსალიმი - იუდეის დედაქალაქი

ამგვარად, იერუსალიმი გახდა პატარა იუდეის სამეფოს დედაქალაქი და ერთიანი ისრაელის სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ცენტრის ფუნქცია დაკარგა. ებრაელთა წმინდა წიგნი ერთიანი ისრაელის გახლეჩას ღმერთის მიერ ებრაელებისთვის მოვლენილ სასჯელად აცხადებს. ამ მოვლენას მხოლოდ რელიგიური მიზეზები არ ჰქონია, თუმცა ამის ელემენტებიც იყო: დავითის მიერ იერუსალიმის "ღმერთის ერთადერთ სამყოფლად" გამოცხადებასა და საკულტო ცენტრის აქ გადმოტანას ჩრდილოელი ტომების ყველა წარმომადგენელი სიხარულით არ შეხვედრია. თითოეულ ტომს საკუთარი სამსხვერპლო და რელიგიური ცენტრი ჰქონდა, რომელთა სტატუსი დაიკარგა. ამ ფაქტორმაც აღძრა ჩრდილოელებში უკმაყოფილება. სამეფოს გამოყოფის შემდეგ, მეფე იერობოამმა უარი განაცხადა იერუსალიმის პირველობის აღიარებაზე და ჩრდილოეთში ალტერნატიული რელიგიური ცენტრი მოაწყო. იერუსალიმის სტატუსი დაკნინდა, ის სამხრეთში მცხოვრები ორი ტომის (იუდასა და ბენიამინის ტომები) რელიგიურ ცენტრად დარჩა.

ჩრდილოეთით მდებარე ისრაელის სამეფომ მტკიცე ერთიანობა ვერ გამოიჩინა, მან რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი და მმართველი დინასტია გამოიცვალა. ძვ.წ 722 წელს ასურეთის მეფე სარგონ II-მ ისრაელის დედაქალაქი სამარია აიღო. ორი წლის შემდეგ ასურელებმა ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მიწიდან იძულებით გაასახლეს. ისრაელის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ამასობაში იერუსალიმი იუდეის უცვლელ დედაქალაქად რჩებოდა. სამარიის დაცემის შემდეგ მან ებრაელი ერის ცენტრის სტატუსიც აღიდგინა. ჩრდილოეთში მცხოვრები ებრაელების ნაწილი იუდეაში გადასახლდა. იუდეის მეფეებმა სახელმწიფოს საზღვრები მცირედით გააფართოეს და ძირითადად, ქვეყნის შიდა საქმეების მოგვარებით იყვნენ დაკავებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი რელიგიური რეფორმები, რაც გულისხმობდა წარმართული კულტების გავლენისგან იუდაიზმის გაწმენდას. მაგალითად, რობოამის შვილიშვილმა - ასამ გაანადგურა დედა-დედოფალ ანასა და ასტარტას კულტი. მეფე ეზეკიამ (ძვ.წ. VIII-VII სს.) რელიგიური რეფორმები უფრო გაამკაცრა: აკრძალა ებრაელთა უძველესი ჩვეულება - ამაღლებულ ადგილებზე მსხვერპლშეწირვა და იერუსალიმის ტაძარი ერთადერთ საკულტო ცენტრად აქცია. ეზეკიას პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდა - მან ებრაელთა გაერთიანება მოინდომა (მაგალითად, პასექის დღესასწაულზე ჩრდილოეთ ისრაელში დარჩენილი ებრაელები სადღესასწაულო მსხვერპლის შესაწირავად იერუსალიმში დაპატიჟა). მანვე გააძლიერა იერუსალიმის თავდაცვა, მოაწესრიგა ქალაქის ადმინისტრაცია და მომარაგება.

ილუსტრაცია 1493 წელს გამოცემული "ნიურნბერგის ქრონიკიდან", სადაც გამოსახულია იერუსალიმის დაქცევა ბაბილონელთა მიერ

ჩრდილოეთ პალესტინაზე ეზეკიას გავლენის გავრცელებამ ასურეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ასურეთის მეფე სინახერიბმა გაილაშქრა იუდეის წინააღმდეგ და მისი ქალაქები აიღო. იერუსალიმი გადაურჩა მტრის შემოტევას, რამაც ამ ქალაქის სტატუსი ერთიორად აამაღლა - ებრაელებმა იწამეს, რომ "უფლის ქალაქი" სასწაულის წყალობით გადარჩა. იერუსალიმმა ებრაელთა სხვა ქალაქებზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

ეზეკიას რელიგიური რეფორმები მეფე იოსიამ (ძვ.წ. VII ს.) სრულყო. იოსიას უკავშირდება იუდეის სამეფოს საზღვრების გაფართოება. მანვე იერუსალიმს შენობები დაუმატა და ქალაქის დასავლეთ ნაწილში ახალი კედელი აღმართა.

იოსიას მემკვიდრეების მმართველობის ხანაში იუდეა ჯერ ეგვიპტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემდეგ კი ბაბილონის. მეფე იოაკიმის მიერ ნაბუქოდონოსორ II-ის (604-562) წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას ბაბილონის ძლევამოსილი მეფის პასუხი მალევე მოჰყვა. ძვ.წ. VI საუკუნის დასაწყისში ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი აიღო და იუდეის მეფედ საკუთარი კანდიდატი - ციდკიაჰუ (იგივე სედეკია) დასვა. ამ უკანასკნელმა, რამდენიმე წლის შემდეგ, ბაბილონის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო და ეგვიპტეს მიემხრო. მისი საქციელი საბედისწერო აღმოჩნდა: ძვ.წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის მორიგი ალყა დაიწყო. ბაბილონელებმა ქალაქის აღება შეძლეს და მის დანგრევას შეუდგნენ. სოლომონის ტაძარი გაიძარცვა და განადგურდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს (ე.წ. ბაბილონის ტყვეობა).

იუდეის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, იერუსალიმმა კატასტროფა განიცადა, "პირველი ტაძრის პერიოდიც" დასრულდა. სოლომონის ტაძრის აღდგენაზე ოცნებამ ებრაელებისთვის მესიანისტური ხასიათი მიიღო.

აქემენიანთა მხარდაჭერით

"ბაბილონის ტყვეობა" ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა. ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მეფე კიროს II დიდმა (559-530) ბაბილონი აიღო. მომდევნო წელს გამოცემული ბრძანებით მან ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და სოლომონის ტაძრის ხელახლა აშენების უფლება მისცა. ტაძრის ასაგებად მან ფულადი სახსრებიც კი გამოყო და პირობაც დადო, რომ ტაძრიდან გამოტანილ ძვირფასეულობას დააბრუნებდა. დაიწყო ებრაელთა პალესტინაში დაბრუნება და ამ პროცესმა რამდენიმე წელიწადს გასტანა. მართალია, იერუსალიმის ტაძრის აგებას საფუძველი კიროსის მეფობის პერიოდში ჩაეყარა, მაგრამ მისი დასრულება მხოლოდ დარიოს I-ის (522-486) დროს მოხერხდა, ძვ.წ. 510-იან წლებში. სპარსეთს დაქვემდებარებული ადგილობრივი მოხელეების (მათ შორის ზოგიერთი ებრაელი იყო) მმართველობის დროს აღდგა იერუსალიმის კედლები და ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამ დროიდან ებრაელი საზოგადოების წინამძღოლის ფუნქცია ტაძრის მღვდელმთავარმა იკისრა. ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო და საუკუნეების განმავლობაში მამიდან შვილზე გადადიოდა.

დარიოსის ადმინისტრაციული რეფორმების შედეგად ისრაელი, სირია, ფინიკია და კვიპროსი ერთ სატრაპიაში გაერთიანდა. სატრაპიის შიგნით, ცალკე ერთეულის სახით გამოიყო "იუდეური ოლქი", რომელსაც სათავეში ედგა სპარსეთის მიერ დანიშნული მოხელე. ამ მოხელის რეზიდენცია სწორედ იერუსალიმში იყო. იუდეა შიდა ავტონომიით სარგებლობდა და სპარსელები მასზე უხეშ ზეწოლას არ ახდენდნენ. ისინი ხელს უწყობდნენ იუდეველთა სასულიერო პირების ავტორიტეტის ზრდას და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სპარსულ პერიოდში თორა იქცა ებრაელთა ცხოვრების მთავარ საკანონმდებლო წიგნად და იუდეველები საბოლოოდ გაემიჯნენ სამარიტელებს.

ელინისტური საომარი ზვავი

ძვ.წ. 330-იან წლებში სპარსეთის იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა და იერუსალიმი ელინისტური (ბერძნული) სამყაროს შემადგენელი ნაწილი გახდა. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მის სარდლებს (დიადოხოსებს) შორის დაწყებული ომების დროს იერუსალიმი ხელიდან ხელში გადადიოდა. საბოლოოდ, ძვ.წ. 301 წელს, ქალაქი ეგვიპტის მმართველ პტოლემე I სოტერის (323-283/82) ხელში აღმოჩნდა. პტოლემეების მმართველობა თითქმის 100 წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდში ებრაელები შეუფერხებლად მართავდნენ იერუსალიმში თავიანთ რელიგიურ რიტუალებს და შიდა ავტონომიითაც სარგებლობდნენ.

მიქელანჯელოს დავითი

პტოლემეებს პალესტინის მიწებისთვის სელევკიდების (სირიის) ასევე ელინისტური სამეფო ეომებოდა. ძვ.წ. III საუკუნის მიწურულს მათ მოახერხეს პტოლემეების დამარცხება და რეგიონის ხელში ჩაგდება. ძვ.წ. 200 წელს სელევკიდების მეფე ანტიოქე III დიდმა (222-187) იერუსალიმი აიღო, თუმცა მალევე დაკარგა. მისი აღება ანტიოქეს ხელმეორედ მოუხდა, რამაც ქალაქს უდიდესი ზიანი მიაყენა. იერუსალიმი სელევკიდების სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა.

საწყის ეტაპზე სელევკიდებმა ებრაელი საზოგადოებისა და იერუსალიმისადმი სპარსელთა მიდგომა შეინარჩუნეს: ადგილობრივთა შიდა ცხოვრებაში არ ერეოდნენ, იერუსალიმისა და მისი ტაძრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სცნობდნენ და იუდაიზმის წეს-ჩვეულებებს არ ეხებოდნენ. მოგვიანებით ეს პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. მეფე ანტიოქე IV ეპიფანეს (175-164) მმართველობის დროს დაიწყო იუდაიზმის შევიწროება და ებრაელთა ელინიზაცია. ებრაელი საზოგადოების შიგნით ელინიზაციის პროცესის მხარდამჭერი ჯგუფები ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება ებრაელთა ადგილობრივ მმართველობას, ელინისტურ ხანაშიც ებრაელთა თემს იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავარი ხელმძღვანელობდა. რელიგიურთან ერთად, მღვდელმთავრები პოლიტიკური წინამძღოლის ფუნქციასაც ითავსებდნენ; ზრუნავდნენ იერუსალიმზე და საკუთარ ხალხს სელევკიდების ხელისუფლების წინაშე წარმოადგენდნენ. მღვდელმთავრებმა, ფაქტობრივად, ელინისტურ იმპერიაზე დამოკიდებული მეფეების ფუნქცია შეიძინეს. ელინისტური ხანის საწყის ეტაპზე მათი გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. სპარსეთისგან განსხვავებით, ელინისტურმა სახელმწიფოებმა, ებრაელებს საკუთარი მოხელე არ დაუნიშნეს და იუდეაზე კონტროლს სწორედ მღვდელმთავრების ინსტიტუტის მეშვეობით ახორციელებდნენ.

(გაგრძელება იქნება)

გიორგი არქანია

ჟურნალი "ისტორიანი",#87