"უსუნო ფული" რომის იმპერატორისგან
27-04-2018
"უსუნო ფული" რომის იმპერატორისგან
ვესპასიანე რომის იმპერატორი (69-79 წწ.) რომ გახდა, სამოქალაქო ომი იმპერიაში ახალი დასრულებული იყო. ხაზინაში ერთი ვერცხლის მონეტაც აღარ მოიძევებოდა. ფულისა და ათასგვარი გადასახადების მოყვარულმა ვესპასიანემ მონდომებით დაიწყო ხაზინის შევსება და იმდენი ქნა, კოლიზეუმის ასაგები ვერცხლიც იშოვა და მომდევნო იმპერატორსაც ხაზინაში ბლომად ფული დაახვედრა.

ვესპასიანე სასტიკი მმართველი გახლდათ და მრავალი სახის გადასახადი დააწესა, მათ შორის, გადასახადი საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობაზე. პირველი საზოგადოებრივი ტუალეტიც სწორედ ვესპასიანემ გახსნა 74 წელს. მოქალაქეებმა ამ დაწესებულებებს "ვესპასიანები"
უწოდეს. როგორც რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი წერს, ვესპასიანეს ვაჟმა - მისმა მემკვიდრემ და მომავალმა იმპერატორმა ტიტუსმა მამასთან უკმაყოფილება გამოთქვა ასეთი შემოსავლის წყაროს დაწესების გამო. ვესპასიანემ ტიტუსს ოქროს მონეტა სახესთან მიუტანა და უთხრა, რომ "ფული არ ყარს" (Pecunia non olet). ამ ცნობილმა გამოთქმამ საუკუნეებს გაუძლო.

აღსანიშნავია, რომ
რომაელები ტუალეტებში არა მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გამო დადიოდნენ, არამედ შარდსაც (ურინას) აგროვებდნენ თიხის დიდ ქოთნებში. მას რომში იყენებდნენ როგორც ტანსაცმლის სარეცხ საშუალებას, აგრეთვე ტყავის სათრიმლავად. "სითხეს" აგროვებდნენ როგორც ღარიბებს შორის, ისე არისტოკრატიულ წრეებშიც. სხვათა შორის, პირველად გადასახადი ნერონმა დააწესა ამ "სითხის" შეგროვებაზე, ვესპასიანემ კი მხოლოდ ტრადიცია "აღადგინა და განავითარა". ამ გადასახადის ნაწილი დაიხარჯა რომის კოლიზეუმის აგებაზეც.

დღეს ფასიანი ტუალეტები აღარავის უკვირს. ვესპასიანეს დროს კი ეს და სხვა გადასახადები რომის გადამრჩენელი გამოდგა. სხვათა შორის, ფრანკოფონიური სამყაროს რამდენიმე ქვეყანაში დღემდე შემორჩა საზოგადეობრივი ტუალეტის მრავლისმეტყველი სახელწოდება Vespasienne.

ancient-origins.net-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#87
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!