წყალში ჩაძირული ტაო-კლარჯეთი - კვირის პალიტრა

წყალში ჩაძირული ტაო-კლარჯეთი

ყველაფერი დაიწყო 1997 წელს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერით.

საქართველოსთვისაც ხელსაყრელ საერთაშორისო პროექტებთან (კასპიის შელფის ნავთობის დამუშავების პერსპექტივა, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა და სხვ.) ერთად, თურქულმა მხარემ საგანგებოდ შეიტანა მდინარე ჭოროხის აუზში დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების სფეროში თანამშრომლობის მუხლი. დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის მხრიდან სულეიმან დემირელმა. ამის შემდეგ კარგა ხანს მხოლოდ ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობდა. ბევრს ისიც ეგონა, რომ ჩვენი მეზობელი ამ მასშტაბის მშენებლობას ვერ შეეჭიდებოდა. უნდა ითქვას, რომ ქართულ მხარეს არც შესაბამისი ინფორმაცია ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება - წლების განმავლობაში მხოლოდ ვიწრო ჯგუფი თუ ლაპარაკობდა იმ საფრთხეებზე, რაც კაშხალთა მშენებლობას შეიძლება მოეტანა ჩვენი ისტორიის, ეკოლოგიისა და დემოგრაფიისთვის...

ტაო-კლარჯეთის პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსის მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ეს რეგიონი ქართული სახელმწიფოებრივი და ეთნოკულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო. მეტიც, არაერთი დიდი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების გენეზისს სწორედ ამ რეგიონში ჩაეყარა საფუძველი: არიან-ქართლი, "ქართველთა სამეფო".

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის უდიდესი წვლილი, რომელიც ტაო-კლარჯეთის საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებმა (ანჩის, ბანას, იშხნის, ტბეთისა და სხვა საეპისკოპოსო კათედრები, ოპიზის, ხანძთის, შატბერდის, ხახულის, პარხლის, ოშკისა და სხვ. მონასტრები) შეიტანეს ზოგადად ქართული კულტურის ფორმირების საქმეში.

ტაო-კლარჯეთი ისტორიკოსთა მიერ შექმნილი ტექნიკური ტერმინია და მასში იგულისხმება შემდეგი მსხვილი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები: ტაო, კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი, კოლა, არტაანი, ერუშეთი.

1578 წელს სამხრეთ კავკასიაში ილაშქრა ლალა მუსტაფა ფაშამ. ოსმალებმა მოახერხეს მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დამორჩილება. 1579 წელს სულთანმა საათაბაგოს დაპყრობილ ტერიტორიაზე ჩილდირის (ახალციხის) საფაშო დააარსა. თავდაპირველად სამხრეთი საქართველოს ქართული მიწები ძირითადად ორ ნაწილად იყო გაყოფილი. საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი ახალციხის საბეგლარბეგოში იყო გაერთიანებული, ხოლო დასავლეთ ნაწილი, ძირითადად, ტაო-კლარჯეთი - არზრუმისაში. ასეთი ვითარება თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა. შავშეთ-კლარჯეთის, კოლა-არტაანის, ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ოლთისის უბანი) რუსეთის იმპერიამ 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მიიერთა. ეს სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად. ორმოც წელიწადს ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ბათუმის, ხოლო ნაწილი კი ყარსის ოლქში იყო გაერთიანებული.

თამარის ერთ-ერთი ხიდი  წყალსატევის ფსკერზე დარჩა, რომელმაც ხეობა შეავსო

1916 წლისთვის, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის ჯარმა ოსმალთა სამხედრო ნაწილები დაამარცხა და არზრუმი და მისი მიდამოები დაიკავა. რუსების ხელში გადავიდა ასევე თორთუმის ხეობაც. მაგრამ მალე ეს წარმატება ისტორიის კუთვნილებად იქცა. 1917 წლის ნოემბერში პეტერბურგში დროებითი მთავრობა დაემხო და ბოლშევიკთა დიქტატურა დამყარდა. ლენინის მთავრობამ გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და თურქეთის ბლოკთან სამშვიდობო მოლაპარაკება გამართა ბრესტ-ლიტოვსკში.

1918 წლის 3 მარტს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ძალით რუსეთი უარს აცხადებდა თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე. ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმებით, თურქეთის ხელში გადადიოდა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქები. 1918 წლის მარტში ოსმალებმა ბათუმის ოლქის ოკუპაცია მოახდინეს. ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დასაწყისში, თურქთა წნეხის შესაკავებლად, მათი პრეტენზიები ნაწილობრივ ცნო, მაგრამ შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირის, ოსმალეთის დამარცხებამ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა მისცა, დაკარგული ტერიტორიები შემოეერთებინა.

1919 წელს საქართველო იერთებს ჯერ ჩრდილოეთ არტაანს, შემდეგ კი ამ პროვინციის სამხრეთ ნაწილსაც. მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა ართვინისა და ტაოს ოლქების შემოერთებისთვის. ამ პროვინციებში აქტიურად ყალიბდება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები. პროცესი თითქოს საქართველოს სასიკეთოდ იყო მოტრიალებული, მაგრამ მოკლე ხანში პირველი ქართული რესპუბლიკა წითელი რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიქნა. ბუნებრივია, უდიდესი მოვლენა - ქართული მიწების შემოკრება-გაერთიანების პროცესი ისტორიის კუთვნილებად იქცა. საბჭოთა რუსეთმა უყოყმანოდ განაცხადა უარი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორიებზე და იგი თურქებს გადაულოცა.

ეს ულამაზესი ხეობა აღარ არსებობს. ის მთლიანად წყლითაა დაფარული

ტაო-კლარჯეთის შემოერთების განზრახვა კიდევ ერთხელ გაჩნდა 1945 წელს, სტალინის მეცადინეობით, მაგრამ ბოლო მომენტში საბჭოთა ლიდერმა გადაიფიქრა თურქეთზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.

ეს ყველაფერი იყო წარსულში, თუმცა არც XX საუკუნის მეორე ნახევარში სუფევდა რეგიონში სიმშვიდე. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ტაო-კლარჯეთის დემოგრაფიული სურათის კარდინალური ცვლილება, ათიათასობით ქართული ოჯახის თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლება. ქართული ძეგლების მიზანმიმართული განადგურებაც ამ დროს მიმდინარეობდა. გავიხსენოთ აფეთქებული ტბეთის კათედრალი ან არადა, ოპიზის მონასტერი.

ამ ყოველივეს დაემატა XX საუკუნის მიწურულს მასშტაბური პროექტის წამოწყება, რომელიც ჭოროხზე ათი და მის შენაკადებზე - ხუთი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ითვალისწინებს. ამათგან დღეს სამი კაშხალია დასრულებული. ქართველი საზოგადოება უკვე დიდი ხანია, უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს პროექტისადმი იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიადგეს შავი ზღვის სანაპიროს ბათუმის ზოლში. მდინარე ჭოროხში მყარი ნატანის გაქრობა გამოიწვევს ეროზიული პროცესების გააქტიურებას. ნაპირების წარეცხვის ტემპი ჭოროხის ყოფილ შესართავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგრძნობლად მოიმატებს. ნაპირების უკან დახევა, დროთა განმავლობაში, გადაწვდება სამხრეთით სოფელ გონიოსა და ჩრდილოეთით - ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს.

ამდენად, შეიძლება ტაო-კლარჯეთის უახლეს ისტორიაში ორი პერიოდი გამოვყოთ - კაშხლების მშენებლობამდე და მშენებლობის დაწყების შემდეგ. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ფაქტია, რომ დღეს ამ ძირძველი ქართული პროვინციების მოსანახულებლად ჩასული ტურისტი ბუნების ულამაზესი პეიზაჟების მხოლოდ ნაწილს თუ იხილავს.

ცად აზიდული კანიონები ნახევრად წყალს დაუფარავს, კლარჯეთისა თუ ტაოს წარმტაცი ბუნება ხელოვნურ წყალსაცავთა მსხვერპლად ქცეულა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მდინარეების - შავშეთისწყლის, არტანუჯისწყლის, ჭოროხისა და ოლთისწლის აუზში დღემდე შეუსწავლელი არქეოლოგია სამუდამოდ დაიღუპა, მკითხველისთვის ადვილი წარმოსადგენია, რა ზარალი განიცადა საქართველოს ისტორიამ. წყლის ქვეშ მოექცა უძველესი ხიდები, მათ შორის ერთ-ერთი მდინარე არტანუჯისწყალზე. ამასთანავე, არავინ იცის, რა საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს ამ წყალსაცავთა წყალობით მომატებული ტენიანობა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისთვის.

ვფიქრობთ, სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ამ კუთხით შესაბამისი ზომები. უნდა შეიქმნას კომპეტენტურ სპეციალისტთა კომისია, რომელიც არა მარტო განსაზღვრავს მოსალოდნელ საფრთხეებს, არამედ მუდმივ მონიტორინგს გაუწევს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებს.

ჯაბა სამუშია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#36