"გემრიელი სტუმრები მყავს და რაცხას ვწიგნავთ..." - კვირის პალიტრა

"გემრიელი სტუმრები მყავს და რაცხას ვწიგნავთ..."

ქართველი მეცნიერები კვლავ მარმარილოს ზღვისპირეთში ვართ, ინეგოლის ილჩეში. როგორც წინა რეპორტაჟში აღვნიშნეთ, ინეგოლს აქაურ პატარა საქართველოსაც უწოდებენ.

სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა, რათა ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებს თავისიანებად ჩავეთვალეთ. ინეგოლში არაერთი მეგობარი დაგხვდა, რომლებთანაც კარგა ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს სამეცნიერო შეხვედრებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. ვეცნობით "ახალ სახეებს", ადგილობრივ მკვიდრთ, რომელთაც ისევე აინტერესებთ საქართველოს ამბები, როგორც ჩვენ - მათი. მოგზაურ ეთნოლოგთა უბის წიგნაკები და დიქტოფონები ჩანაწერებით ივსება... ექსპედიციის დასრულების შემდეგ კი ერთმანეთს ისე ვეხმიანებით, როგორც დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი ადამიანები.

ოსმალეთი და ქართული ბორჯღალი

ინეგოლის უკეთ გასაცნობად ერთი დღე ადგილობრივ მუზეუმს დავუთმეთ, რომელიც მთელ რეგიონში გამოირჩევა ფონდების სიმდიდრითა და ისტორიული მასალების მრავალფეროვნებით. თვით მუზეუმი არცთუ ისე ძველია, მაგრამ აქ უძველეს ექსპონატებსაც შევხვდით.

დირექტორი აქაური კაცია, ნედიმ ბაირამი, ანუ როგორც თვითონ გვითხრა, "ქართულად ნოდარ ქავჟარაძე", ჩემი ქოქი (ანუ ფესვი!) მახინჯაურიდან მოდისო. შენი ქოქი დაიღუპოსო, ხომ გაგიგონიათ, თურმე საიდან მოდის და რა ყოფილა ამ სიტყვის მნიშვნელობა!.. ნედიმს ამ ოცი წლის წინ დაუწყია ექსპონატების მოძიება და სულ მალე იმდენად ბევრი და საინტერესო მასალა შეუგროვებია რამდენიმე ადგილობრივ ენთუზიასტთან ერთად, რომ ქალაქის ბელედიეს (მერიას) უყოყმანოდ დაუთმია მისთვის ქალაქის ცენტრში კლასიციზმის სტილში ნაგები შენობა. მუზეუმში ვეცნობით როგორც ოსმალეთის ისტორიას, ასევე რეგიონში ჩამოსახლებული ბალკანელ-კავკასიელ მუჰაჯირთა ყოფისა და კულტურის ამსახველ მასალებს. ჩვენი თვალი, რა თქმა უნდა, ქართულ მასალას ეძებს და პირველი, რაც "თვალში მოგვხვდა", ძველებური ხის სკივრი იყო, ბორჯღალითა და გეომეტრიული ორნამენტებით დამშვენებული, როგორებიც საქართველოს მრავალ კუთხეში გვინახავს, გამორჩეულად აჭარაში...

ექსპოზიციაში წარმოდგენილია ოსმალეთის იმპერიის პირველი ნაბიჯების ამსახველი მასალები. ინეგოლი ერთ-ერთი მძლავრი პლაცდარმი იყო, საიდანაც გაგრძელდა თურქთა ძლევამოსილი სვლა კონსტანტინოპოლისკენ. ყურადღებას იპყრობს ოსმალთა ყოფისთვის დამახასიათებელი არტეფაქტები: ხალხური კოსტიუმები, იარაღ-საჭურველი, შრომის იარაღები. ოსმალეთში განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ სპილენძის საოჯახო ჭურჭელს, რომელთაც ცალკე კუთხე ეთმობა. აქვეა უძველესი სამოსის ნიმუშები, მათ შორის ქართულ ქალამნებთან მიმსგავსებული წაღები. მუზეუმში გამოყენებულია თანამედროვე პერფორმანსის ხელოვნება: მჭედლის, დურგლის, მეუნაგირის, ოქრომჭედლისა და სხვა ოსტატთა სახელოსნოებში მთავარი "ადგილი" სწორედ მათ ფიგურებს უკავიათ.

ყურადღება მიიპყრო დანადგარმა, რომელიც არყის სახდელი გვეგონა. ნედიმს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩვენი გაოცება და განგვიმარტა, რომ ეს კომპლექსი (ქვაბი, ზარფუში, გეჯა და სხვ.) ვარდის სურნელოვანი ზეთის სახდელია. ვარდისგან ზეთს ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხეში წელიწადში ერთხელ, დადგენილ დროს ხდიდნენ, იმპერიის მოხელეთა მკაცრი ზედამხედველობით. პროცესის დასრულების შემდგომ ჩაფრები საგანგებო საიმპერიო ბეჭდით დალუქავდნენ სახდელს და მომავალ გამოხდამდე ხელს ვერავინ ახლებდა. ეს მონოპოლიაც იყო ვარდის ზეთზე და მეორეც, ერთგვარი "დაზღვევაც", რომ კომპლექსი ვინმეს მუსლიმთა ქვეყანაში აკრძალული არყის სახდელად არ გამოეყენებინა.

ფერდობები, გორაკები და მთებიც კი ზეთისხილისა და თხილის პლანტაციებს აუთვისებიათ

ცოტა კი გაგვიგრძელდა მუზეუმის ექსპონატებზე მსჯელობა, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ჩამურს - როგორც ქვის, ასევე ხისგან დამზადებულ ტრადიციულ ქართულ საცეხველს (კაკუტებით), რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. სხვათა შორის, ტაო-კლარჯეთში, ასევე აჭარაში მსგავსი საცეხველი დღეს მრავალ კარ-მიდამოშია შემორჩენილი, ოღონდ უფუნქციოდ, როგორც ინეგოლის სოფლებში.

ინეგოლი მთელ თურქეთში ხის დამუშავების მძლავრი ცენტრია. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ამ ქალაქშივე ეწყობა ხის დამუშავებისა და ავეჯის მუზეუმი.

"ბათუმიდან ბურსამდე", ანუ სავაში თურქულად ომს ნიშნავს მომდევნო დღეებში გვმასპინძლობდნენ ბურსა-ინეგოლის სოფლები: ყაზელი (ჰამიდიე), სულიე, ფილმიე, საადეთი, მესრური, ბაღჩეკაია... ყაზელში აბდულაჰ თათაროღლუმ თავისი ნაშრომი დაგვახვედრა. "ბათუმიდან ბურსამდე" - ასე ითარგმნება წიგნის სათაური, რომელიც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალმა თავის წინაპართა სამშობლოს - ბათუმს და ახლა მშობლიურად ქცეულ ბურსას მიუძღვნა.

აბდულაჰ თათაროღლუ: "მეტყველება მაქვს, მაგრამ მართალია ზოგ ალაგზე ვერ მოვაფერებ, ჩვენი დიდვანები, დედეები 1877 წელს მოსულან ღორჯომიდან. დიდი სავაში გაჩენილა (სავაში პოპულარული თურქული სერიალის გმირი არ გეგონოთ, თურქულად ომია. - ნ.შ.). რუსებს გამოვერიდეთ, სანამ აქ მიგვიღეს, ორ-სამ ალაგას დამჯდარან, სიმინდი უთესიათ, ვერ მოუყვანიათ... ეს ადგილი შეურჩევიათ, ტყიანი, მდელოიანი... ტყეში თელათ წიფელია. იქაური სახელები აქ გადმოუტანიათ: ცივწყარო, დუდგულები, განგზა, კინტრაკოხი, გამოხრეტილი კოხი, კოხღელე, ჩარჩხალები, მუხნარი... პირველ მსოფლიო ომში ჩვენგან 72 კაცი წასულა. მარტო ოთხი გადარჩენილა. ჩანაქკალეს (დარდანელის სრუტის) დაცვაზე ჩახოცილან. მათი გვარების ქვეშ წერია ბათუმელებიო (ასე იყო, ყველა მუჰაჯირს იმ დროისთვის ბათუმელებად მოიხსენიებდნენ. - ნ.შ.)".

ათათურქის დროს ქართველ მუჰაჯირებს მაინცდამაინც არ ულხინდათ. სკოლებში ქართულად ლაპარაკი იკრძალებოდა. "მასწავლებლები გონჯი (ანუ ცუდები) არ იყვნენ, მაგრამ ბრძანება ჰქონდათ ასეთი. ოსმალეთის დროს კი შენ რაცხაფერ გინდოდა, ისე ილაპარაკებდი... ეს ათი წელიწადია ბევრი რამე შეიცვალა, ახლა ქართულ კითხვასაც ვსწავლობთ", - ესეც აბდულამ გვითხრა.

აბდულას ბევრი უმუშავია თავის წიგნზე, თუმცა კი გული სწყდება, რომ ზუსტად ვერ დაუდგენია საკუთარი გვარი და დღესაც ეძებს თავის ფესვებს ღორჯომში (ხულოს რაიონი). წიგნში ყურადღება მიიქცია ფოლკლორულმა მასალებმა. ავტორს ჩაუწერია მხცოვანი თანასოფლელებისგან საწესჩვეულებო და რიტუალური ლექსები, რომლებიც ძალიან ახლოსაა ქართულ ფოლკლორთან.

ლაზარია, ლაზარია,

ლაზარ კართან მიდგომია,

აღვარგალებს თვალსა,

ეხვეწება ღმერთსა:

ღმერთო მოგვეც წვიმაწყალი

შიგვინახე ზიზათვალი.

ეს ლაზარობის რიტუალისადმი მიძღვნილი ლექსია, გვალვიან დღეებში კარდაკარ რომ ჩამოივლიან და ღმერთს წვიმას შესთხოვენ. ეს კიდევ სევდიანი სატრფიალო სიმღერაა, რომლის მსგავსსაც დღესაც გაიგონებთ აჭარის მთიანეთში:

ღელეგაღმაია ჩვენი სახლები

მოქტენ ძველები, დარჩენ ახლები,

თეთრო მამალო რატომ არ ყივი,

ლამაზო ქალო შენ რატომ ტირი.

შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე

ლამაზო ქალო, შენ გამახარე...

აბდულაჰი ამ ზაფხულს თბილისშიც გვესტუმრა, ღია ცის ქვეშ მუზეუმში ქართული სახლები მოინახულა, აჭარის კუთხეს დიდხანს უტრიალა... კიდევ გესტუმრებით, ჩემს ქალიშვილებსაც ჩამოვიყვან, მინდა მათაც ნახონ ჩვენი საქართველოო...

ქართული ნადი

ამ სოფლებში, მუჰაჯირთა მემკვიდრე-შთამომავლებთან სტუმრობისას, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია პირველი და მეორე თაობის მიგრანტების ყოფისა და კულტურის ელემენტების აღდგენა. იმის გამო, რომ ახალი გარემო პირობები ხშირად მათი ძირძველი სოფლებისას ჰგავდა, ძველებური რჩებოდა მეურნეობაცა და შრომითი ჩვევებიც, განსაკუთრებით, გადმოსახლების პირველ წლებში.

ძირითადი სამეურნეო კულტურა თავდაპირველად სიმინდი გახლდათ, რომელიც უმთავრეს მარცვლეულს წარმოადგენდა. შავი ზღვისპირეთში სიმინდთან ერთად მოჰყავდათ ღომი, ბურსა-გემლიკში კი ზეთისხილი აითვისეს. ხორბალი და ქერიც მოჰყავდათ პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებთან ერთად.

სიმინდის გამარგვლისას და განსაკუთრებით მოსავლის აღებისას, მათ შორის ღომისა და სხვა მარცვლეული კულტურებისა, "ნადის დაძახება" იცოდნენ. მოტეხილ ტაროებსა და ღომის თაველებს ნალიაში ახმობდნენ. ნალია მარმარილოს ზღვის რეგიონში შედარებით სადა იყო, ვიდრე ლაზეთში, მურღულში ან აჭარა-გურიაში. თანაც ყველას როდი ჰქონდა მღრღნელებისგან დამცავი ორგო ანუ მურგვალი დატანებული. გახმობის შემდეგ ნალიაშივე იცეხვებოდა მარცვლეული ტაკვეცით, კობერაი (ნაქუჩი) იქვე რჩებოდა. მარცვალი ჭიჭინებიდან (სპეციალური ღიობებიდან) დაბლა ცვიოდა და იქ გროვდებოდა.

გადასახლებულებმა სახვნელის დამზადების წესიც კი თავიანთი ჩაიტანეს. ბოლო დრომდე მართავდნენ ჯილღას, ანუ გუთანს, რომელშიც უღელი ან ყევარი (ორი უღელი) ხარ-კამეჩი ებმებოდა. მოსავალს ნამგლით იღებდნენ. მკისას ხის სათითურებს იყენებდნენ. ერთ ხელეურს (მომკილი ხორბალი, რაც ცალ ხელში დაეტევა) ჭელს ეძახდნენ, მეორეს თუ მიუმატებდნენ - გუარალის. ძნები ხარმან-კალოზე გაიშლებოდა, სადაც ხარებშებმულ კაიჯებიან (კაჟებიან) კევრს მართავდნენ.

ესეც ვაზის ოლიხნარი

მუჰაჯირთა სოფლებში აუცილებლად იყო ღელეზე წისქვილი, ზოგჯერ რამდენიმეც. ჰქონდათ სამჭედლოც, სადაც იჭედებოდა ჯილღას სახნისი, ნამგალი (მანგალი), ქართული ნაჯახი, ცხენ-ხარის ნალები თავისი ლურსმან-ყაირებით, ქარჩი (ვიწროპირა სამარგლი), თოხი...

გამორჩეულად საინტერესო იყო აჭარის, - ჭვანის ხეობის სოფლებიდან გადმოსახლებულთა მიერ გამართული წისქვილისა და წყლის დაზგის კომპლექსური დანადგარი სოფელ ჰილმიეში. წყლის ნაკადი ჯებირიდან დიდი წნევით მოედინებოდა ("თავდაღმართში დასისინდებაო") ღურნეთი, ანუ ხის გვიმის მილით. ამ მილს ბოლოში ორი "მუშტუკი" (წყლის ჭავლის გამოსასვლელი) ჰქონდა. ერთი წისქვილის ბორბალს აბრუნებდა, მეორე კი გობების, სანაყ-ქვიჯებისა და სუფრა-ფეშხუმების მოსახვეწ წყლის დაზგას დაეცემოდა. წისქვილთა უმეტესობა დღეს დაუქმებულია, თუმცა აქა-იქ კიდევ შეხვდებით.

ბოლო დროს აქაური მოსახლეობა ძირითადად ქალაქებში გადასახლდა, ილისა და ილჩეს ცენტრებში, სოფლად 20-30% თუ იქნება დარჩენილი. აღარც ისინი და აღარც ქალაქიდან მობრუნებული პენსიონერები იტვირთავენ თავს სიმინდ-ლობიოს დიდი ყანების მოვლით. მცირე ბაღ-ბოსტნითა და ხეხილითაც კმაყოფილი არიან. საკმაოდ მაღალ პენსიასაც იღებენ - 1.000 ლირასა (დაახლოებით 820 ლარს) და მეტს, ამიტომ აღარ უღირთ "წვალებათ".

წისქვილის დეტალების ტრადიციული სახელები კვლავ ახსოვთ. ზანდუღი ანუ ხვიმირი, ხარო, სარეკელა, დიაფერა, ლულა (მუნდშტუკი)...

"ნერგები"

მშობლიური მიწიდან აყრილმა ქართველებმა არა მხოლოდ ჩვენებური ჯილღის (სახვნელის) დამზადება-გამართვის წესი, არამედ იმ ხისა თუ ვაზის თითო-ოროლა ნერგიც გაიყოლა, რომელთა შელევაც, იცოდნენ, რომ გაუჭირდებოდათ.

ჰოდა, დღეს ყურძენიც მოჰყავთ აქაურ სოფლებში. მართალია ზვარსა და ვენახს ვერ შეხვდებით, მაგრამ ვაზი ყველა კარ-მიდამოს ამშვენებს. უმეტესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ხეივან-ტალავერის ერთ-ერთი ფორმა, ოლიხნარი (როცა ვაზს მაღალ ტანს უქმნიან და საყრდენად გრძელ, გატოტვილ მარგილებს უდგამენ).

ბუნებრივია, თურქეთელ ქართველთა სოფლებში გამორჩეულ ყურადღებას ვაზის კულტურისადმი იჩენ. მისი გავრცელების სიხშირესა და ჯიშების მრავალფეროვნებას ქართულს ადარებ.

სოფლებში მოგზაურობისას ჩვენი ყურადღება გადაკაფულმა ბებერმა ხეებმა მიიქციეს. როგორც მასპინძლებმა ერთ-ერთი ასეთი მსხლის ხეზე მიგვანიშნეს, იგი მათ ძალიან შორეულ წინაპარს აჭარიდან წამოუღია და აქ დაურგავს...

ჩვენი ახალგაზრდა მასპინძლები

სხვათა შორის, ქართული ხეჭეჭური და კალოს მსხალი, სართულა და თავრეჯული, ჭანურა და ბოქშუა აქაურ სოფლებში ჯერაც არ დავიწყებიათ. ვაშლიც ძალიან ჰგავს ჩვენებურს... თუმცა კი დღეს უკვე ძველ ჯიშებს ევროპული და ამერიკული ჯიშები ენაცვლებიან. როგორც ქართლის სოფლებში, აქაც შეხვდებით გოლდენ დელიშესს, რედ დელიშესს, სტარკრიმსონსა და პოპულარულ მწვანე ვაშლს.... მეტიც, ვაკე ადგილებში უზარმაზარი ფერმერული მეურნეობებია გამართული, სადაც მოჰყავთ ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, კომშის თანამედროვე სელექციური ჯიშები.

ზეთისხილი ათენა პალადასგან

მითი, რომ ათენის აკროპოლისში ზეთისხილის ღვთიური ხე ღმერთქალმა ათენა პალადამ დარგო, თურქეთშიც პოპულარულია. ასევე პოპულარულია თვით ზეთისხილი, რომელსაც აქ ზეითუნს ეძახიან. ზეთისხილის ბაღები ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ერთი ნაწილისთვის ისეთივე მშობლიური გამხდარა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისპირეთის ძველი ხალხებისთვის. მთელ თურქეთში საუკეთესოდ მიიჩნევენ ბურსა-გემლიკის ზეთისხილს. მისი ნაყოფისგან დამზადებული პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. იქნება ეს ზეითუნის არაჩვეულებრივი ზეთი, ზეთისხილი (შავი თუ მწვანე) დამწნილებული, კურკით, უკურკოდ, ბულგარული წითელი წიწაკის სატენით, სანელებლებით... გემლიკში კი ზეთისხილის პასტაც გაგვასინჯეს (მართლაც გემრიელი გამოდგა აქაური დელიკატესი!) და სუვენირადაც გამოგვატანეს.

თურქეთში ზეთისხილის დედაქალაქად ბურსა ითვლება. ზეთისხილის კულტურა აქ ანტიკური ხანიდან მოსდგამთ. პლანტაციები განფენილია არა მხოლოდ ვაკე ადგილებში, არამედ ისეთ ფერდობებზე და ზოგჯერ მთაშიც კი, სადაც ჩვეულებრივ ბუნებრივი ტყე-ბუჩქნარი უნდა ხარობდეს. ზეთისხილის ხე სიცოცხლისუნარიანობითაც ხასიათდება. მისი პლანტაციების დათვალიერებისას თვალში საცემია ბებერი, დაკოჟრილი, მსხვილი ხეები, რომლებზედაც ახალგაზრდა ნაზარდია წამოღებული.

სოფელ მესრურში ამ პატარებმა გამართული ქართულით გაგვაოცეს და სუვენირებიც "დაიმსახურეს"

ბევრი ასეთი ხე, როგორც გვითხრეს, 500, 600 და მეტ წელიწადსაც ითვლის. ზეთისხილის სიცოცხლის საიდუმლო ასე აგვიხსნეს: ყველაზე ბებერ ხესაც კი შენარჩუნებული აქვს ქსოვილი, საიდანაც ნორჩი ნაზარდები ამოიყრება ხოლმე. თვით ტანი დროთა განმავლობაში შიგნიდან კვდება, ფუღუროვდება, ხოლო გარეთა ნაწილი მუდმივად განახლების პროცესშია...

...გემლიკში ვართ. ჩვენი მასპინძელი ისმეთ ათაში აქაურ ტრადიციებზე გვიამბობს. ჩვენც ვიწერთ, ვეკითხებით, მის კითხვებსაც ვპასუხობთ. მასაც ჩვენზე ნაკლებად როდი აინტერესებს საქართველოს ამბები. მეზობელი ეხმიანება, - ისმეთ ბეი, რას საქმობო.

- გემრიელი სტუმრები მყავს და ჩვენებურებზე რაცხას ვწიგნავთო! - უპასუხა და ჩვენს მთხრობელებს კიდევ ერთი გურჯი შემოუერთდა.

ნოდარ შოშიტაშვილიი სტორიის დოქტორი, პროფესორი

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

ჟურნალი "ისტორიანი",#36