ანარქისტები საქართველოში: "დაგ­მო­ბი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოჯა­ხი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო იერარ­ქია..." - კვირის პალიტრა

ანარქისტები საქართველოში: "დაგ­მო­ბი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოჯა­ხი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო იერარ­ქია..."

სახელგანთქმულ წიგნში "რა არის საკუთრება?" ფრანგ ფილოსოფოსს, ანარქიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელ პიერ-ჟოზეფ პრუდონს დიალოგი მოჰყავს. მავან მკითხველს თითქოს ავტორის პარტიული თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილების დადგენა სურს.

"თქვენ ხომ რესპუბლიკელი ხართ? - ეკითხებიან პრუდონს, მაგრამ მისი განმარტებით, რესპუბლიკელობა მეტისმეტად ზოგადი ფრაზაა და არ გამოდგება პასუხის გასაცემად.

- კარგი, მაშ, დემოკრატი ხართ?

- არა!

- როგორ, ნუთუ თქვენ მონარქისტი ხართ?

- არა!

- კონსტიტუციონალისტი?

- ღმერთო დამიფარე! კიდევ და კიდევ არა!

- მაშ, ვინღა ხართ ბოლოს და ბოლოს?

- მე ანარქისტი ვარ!"

ეს იყო პირველი შემთხვევა ევროპაში, როცა პოლიტიკურმა მოღვაწემ საჯაროდ და გამომწვევადაც კი აღიარა ანარქისტობა.

* * *

"რა არის საკუთრება?" 1840 წელს გამოიცა პარიზში და სწორედ ეს თარიღი შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკური ანარქიზმის დასაწყისად. ანარქიზმი ფართოდ გავრცელდა ევროპის ქვეყნებში და XIX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის იმპერიასაც მოედო. ბოლოს და ბოლოს, ანარქიზმის მამამთავართა სამეულში, ფრანგ პრუდონთან ერთად, რუსი ემიგრანტები - მიხაილ ბაკუნინი და პიოტრ კროპოტკინი იყვნენ.

სწორედ იმავე დროიდან ცალკეულმა ანარქისტულმა იდეებმა საქართველოშიც იწყო თანდათან შემოდინება. უცნაურია, მაგრამ პირველად, ჯერ კიდევ 1863 წელს, პრუდონის ნაშრომი "სიღარიბე, როგორც ეკონომიური პრინციპი" ითარგმნა და გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ჟურნალ "საქართველოს მოამბეში". როგორც ჩანს, ილია დაინტერესდა ფრანგი მოაზროვნის ეკონომიკური თეორიით, რომელიც "მიუტიულიზმის" სახელით იყო ცნობილი. ეს თეორია ასაბუთებდა, რომ თუ ღარიბი ინდივიდები გაერთიანდებოდნენ, საერთო შრომითა და ურთიერთდახმარებით შეძლებდნენ გაჭირვებისგან თავის დაღწევას. ილიას სოციალისტური და მით უფრო ანარქისტული მოძღვრებანი არ აღელვებდა, მაგრამ ყველა მსოფლმხედველობაში იმას ეძებდა, რაც მის ქვეყანასა და ხალხს ოდნავ მაინც გამოადგებოდა.

როგორც სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებდა, მიუხედავად იმისა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ახალგაზრდა გიმნაზიელებს პირზე ეკერათ პრუდონის, ბაკუნინის, კროპოტკინისა და სხვათა სახელები, ამ პერიოდში ანარქიზმს ქართულ პრესაში კანტიკუნტად მოიხსენიებდნენ. ამ ცნობებსაც სენსაციური ამბის იერი დაჰკრავდა. 1893 წლის თებერვალში "ივერია" აუწყებდა მკითხველს, რომ საფრანგეთში დაუპატიმრებიათ ვინმე ვ. ნაკაშიძე, რომელიც თურმე "ანარქისტების გუნდს ეკუთვნოდა". სამოციანელი ნიკო ნიკოლაძე უნდობლად უყურებდა ანარქისტთა საქმიანობას და მიაჩნდა, რომ ანარქიზმს ახასიათებდა დამანგრეველი ტენდენცია, ხოლო ახალს არაფერს იძლეოდა. ქართველ საზოგადოებაში ანარქისტის სახელი ერთი მხრივ თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცის რომანტიკულ საბურველში იყო გახვეული, ხოლო მეორე მხრივ - ტერორისტთან გაიგივებული.

მიუხედავად ამისა, საქართველომ ორი გამოჩენილი ანარქისტი აჩუქა მსოფლიო ანარქიზმის ისტორიას. პირველი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, პიოტრ კროპოტკინის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი, რომელიც XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მიიჩნეოდა ევროპული და შემდგომში მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. ვარლამ ჩერქეზიშვილი 1876 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ძირითადად ინგლისში. კროპოტკინთან ერთად იგი შვეიცარიაში, საფრანგეთსა და ინგლისში გამოსცემდა ანარქისტულ გაზეთებს, აქვეყნებდა სტატიებს. პირველი წიგნი ჟენევაში გამოსცა 1881 წელს და რუსულ რევოლუციურ რეალობაში პირველად წამოჭრა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი.

80-იან წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილმა სახელი გაითქვა მარქსიზმის წინააღმდეგ კრიტიკული წერილებით, რომლებიც ქვეყნდებოდა ლონდონში გამომავალ ანარქისტულ გაზეთ Freedomმიხაილ ბაკუნინი ("თავისუფლება"). 1896 და 1899 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილმა ორი ნაშრომი გამოაქვეყნა: ინგლისურად - "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან" და ფრანგულად - "სოციალიზმის წინამორბედები". მათში ქართველი ანარქისტი მრავალრიცხოვან წყაროებზე დაყრდნობით ასაბუთებდა, რომ მარქსმა და ენგელსმა თავიანთი დებულებები გადაიღეს, ხშირ შემთხვევაში კი მიითვისეს ადრინდელი ევროპელი მოაზროვნეებისგან, ხოლო სახელგანთქმული "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" იყო ცნობილი ფრანგი ფურიერისტის, ვიქტორ კონსიდერანის ნაშრომის პირწმინდა პლაგიატი. ნაშრომებმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობაში და სწრაფად ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ჩინურად და იაპონურად. რუსულად ვარლამ ჩერქეზიშვილის ორივე წიგნი ითარგმნა გაერთიანებული სათაურით: "მარქსიზმის დოქტრინები" და ოთხჯერ გამოიცა.

მეორე ქართველმა ანარქისტმა გიორგი გოგელიამ 1903 წელს ჟენევაში გამოსცა პირველი რუსულენოვანი ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია". გაზეთი ვრცელდებოდა რუსეთის იმპერიაში, ხოლო მისი რედაქტორის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა რუსეთში ანარქიზმის, როგორც პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა გიორგი გოგელია, ანუ როგორც მას მოიხსენიებდნენ რევოლუციურ წრეებში - ორგეიანი, აქტიურად თანამშრომლობდა შვეიცარიულ, ფრანგულ, ამერიკულ და სხვა ქვეყნების პრესაში, რის გამოც იგი ჩვეულებრივად მოიხსენიებოდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცთა შორის.

1905-1906 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილი და გიორგი გოგელია საქართველოში ჩამოვიდნენ. საერთაშორისო მასშტაბის ორივე ქართველი მოღვაწის ჩამოსვლამ საქართველოში ანარქისტული მოძრაობის ნამდვილი ბუმი გამოიწვია. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ანარქისტული პრესა. ზედიზედ გამოიცა ანარქისტული ჟურნალ-გაზეთები: "ნობათი", "ხმა", რომლებიც სულ მალე აკრძალა მთავრობამ. მათ შემდეგ მაინც გამოვიდა "მუშა", მერე "ქარიშხალი", მოგვიანებით კიდევ - "ცის ნამი". პრესა ანარქისტულ იდეოლოგიას ასაბუთებდა. 1906 წელს თბილისში გამოქვეყნდა გიორგი გოგელიას ძმის, შალვა გოგელიას მცირე ბროშურა "ჩვენი მტრები და მეგობრები", რომელშიც ანარქისტული მაქსიმები საზოგადოებისთვის თავზარდამცემად იყო თავმოყრილ-დახვავებული:

ყველა კაცობრიული ბოროტების სათავედ და მიზეზად ცხადდებოდა სახელმწიფო და მისი დანგრევის აუცილებლობა იყო მიზნად დასახული;

უარყოფილი იყო ყოველგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის, კანონების საჭიროება;

თუ ერთ დროს პრუდონი კერძო საკუთრებას ქურდობას უწოდებდა, დღეს ანარქისტები კერძო საკუთრების დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვდნენ;

დაგმობილი იყო საზოგადოება, ოჯახი, ტრადიციები, საეკლესიო იერარქია...

ანარქისტების ზღვარდაუდებელმა მაქსიმალიზმმა ქართველი ანარქისტები ორ ბანაკად გაყო: ერთ მხარეს აღმოჩნდნენ კოსმოპოლიტი ანარქისტები, ძმები გოგელიების მეთაურობით, რომელნიც ზემოაღნიშნულ მაქსიმებს ქადაგებდნენ. მეორე მხარეს თავშეკავებულთა, ზომიერ ანარქისტთა ბანაკს ვარლამ ჩერქეზიშვილი წარმართავდა. ამ ნაწილს პატრიოტ-ანარქისტთა ბანაკიც შეიძლება ვუწოდოთ. როგორც ცნობილია, ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდ ბრძოლას ეწეოდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროპაგანდისთვის, ჯერ ავტონომიის ფორმით, შემდეგ კი დამოუკიდებლობისთვის.

ეს ორი ბანაკი თავდაუზოგავად შეეტაკა ერთმანეთს, თითქოს ერთი მსოფლმხედველობის წარმომადგენელნი კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ. ამ მხრივ ძმებმა გოგელიებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს: ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდიერი ტერმინებით, მიმართვებით, ტონით. ამ მხრივ ისინი სოციალ-დემოკრატებს არ ჩამოუვარდებოდნენ და აჭარბებდნენ კიდეც. კოსმოანარქისტები არც მუშტი-კრივზე ამბობდნენ უარს. ძველი რევოლუციონერი ქალი ელიზავეტა კოვალსკაია მარქსისტებისა და ანარქისტების დაპირისპირებას ასე აღწერს: "დისპუტები გადაიზრდებოდა ხოლმე გააფთრებულ ლანძღვაში, ხოლო შემდეგ იდეური წინააღმდეგობა ფიზიკურ ბრძოლად იქცეოდა, როცა ქართველი ანარქისტები და ქართველი მარქსისტები ხელს მიჰყოფდნენ თავიანთი ოპონენტების განადურებას ისეთი "არგუმენტებით", როგორიცაა მაგიდები, გრაფინები და ხელში მოხვედრილი სხვა საშუალებები".

მიხაკო წერეთელი მეგობრებთან ერთად. ლაიპციგი, 1914 წ.

გარდა პრესისა, ქართველი ანარქისტები თარგმნიდნენ და წიგნებად გამოსცემდნენ ცნობილი თეორეტიკოსების: ელიზე რეკლიუს, პიოტრ კროპოტკინის, ენრიკო მალატესტასა და სხვათა ნაშრომებს. კიდევ ერთი გარემოებაა აღსანიშნავი: გიორგი გოგელია მიიჩნეოდა ახალი მიმდინარეობის, ანარქოსინდიკალიზმის ერთ-ერთ პირველ მქადაგებლად როგორც ევროპაში, ასევე რუსეთსა და საქართველოშიც. ყოველივე ამან და საერთოდ, ანარქისტთა ხმაურიანმა აქტიურობამ შეაშფოთა რუსული მარქსიზმის ბურჯები. ანარქიზმის მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ გიორგი პლეხანოვი, ვლადიმირ ლენინი, ნოე ჟორდანია. იოსებ სტალინმა ამ პრობლემას მიუძღვნა წერილების სერია: "ანარქიზმი თუ სოციალიზმი".

ამ დიდ იდეურ-თეორიულ დისკურსში ჩერქეზიშვილსა და გოგელიებს მხარში ედგნენ სხვა ქართველი ანარქისტები: მიხაკო წერეთელი, რომელმაც პირველი რევოლუციის წლებში ორი ნაშრომი გამოსცა კანონისა და სახელმწიფოს კრიტიკით; ნესტორ კალანდარიშვილი, რომელიც საბრძოლო რაზმს მეთაურობდა; მიტროფანე ლაღიძე, რომელიც მინერალური წყლების ბიზნესით აფინანსებდა თანამებრძოლებს; დათიკო როსტომაშვილი, რომელმაც ჩხრეკისას, როცა მის ბინაში არ აღმოჩნდა საგულვებელი ბომბები და არალეგალური სტამბა, 58-რუბლიანი ჯარიმა გადაახდევინა ჟანდარმებს. ქალებიც იყვნენ გარეული ანარქისტულ რომანტიკაში: დომინიკა ერისთავ-განდეგილისა, რომელიც ანარქისტულ ჟურნალ "ნობათს" რედაქტორობდა... სხვებიც იყვნენ, რომლებიც ან პირდაპირ ანარქისტობდნენ, ან თანაუგრძნობდნენ მათ.

პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოში ანარქისტული ვნებებიც დაცხრა. "თავადი ჩერქეზოვი" (ჩერქეზიშვილი) და "კომანდო ორგეიანი" (გიორგი გოგელია) ისევ ემიგრაციაში გაიხიზნენ და საერთაშორისო ანარქიზმის საჭეს დაუბრუნდნენ პიოტრ კროპოტკინთან, ჟერმენა ბერტონთან, ჟან გრავთან და სხვებთან ერთად. საქართველოში მხოლოდ აქა-იქ მოქმედებდა რამდენიმე ანარქისტული ჯგუფი, რომელნიც პოლიტიკურ კლიმატს ვერ ქმნიდნენ. სამაგიეროდ, ანარქისტები ძლიერ მემარცხენე ფრთას ქმნიდნენ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. თუმცა ეს უფრო ისეთი ახალგაზრდა ანარქისტები იყვნენ, რომელნიც მტკიცე ეროვნულ ნიადაგზეც იდგნენ. საერთოდ, ანარქიზმი კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა იყო, მაგრამ ვარლამ ჩერქეზიშვილისა და ქართული ნიადაგის გამო, აქაურმა ანარქიზმმა ნაციონალური ელფერი შეიძინა.

პიერ-ჟოზეფ პრუდონი

ნაციონალიზმი და ანარქიზმი - "გაგონილა სადმე ასეთი შეთავსება?" - კითხულობდა გაოცებული გრიგოლ რობაქიძე და თავისებურად, სიღრმისეულად განმარტავდა ამ უცნაურობის მიზეზს ვარლამ ჩერქეზიშვილის მაგალითზე, რაც ჩვენ მთელ ქართულ ანარქიზმზე უნდა გავავრცელოთ, როგორც მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ განსაკუთრებულ ქართულ გამოვლინებაზე: "ახლა რომ ვუკვირდები ამ უცნაურობას, გულით მონაქროლი გონებითაც მართლდება. მართლაც: თუ მოიშლებოდა სახელმწიფო წყობილება საერთოდ - ანარქიზმის მიზანი ესაა - მაშინ რუსეთიც... დაიმხობოდა სახელმწიფოებრივი მხრით, და როგორც შედეგი ამისა, საქართველოც თავისუფლად ამოისუნთქავდა".

დავუჯეროთ გრიგოლ რობაქიძეს, გულთამხილავ მწერალს. ვარლამ ჩერქეზიშვილისა და საერთოდ ქართველი ანარქისტების "ქვეშეცნეული ხაზიც" ეს იყო: საკაცობრიო იდეალებთან ერთად - საქართველოს თავისუფლება.

დიმიტრი შველიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#36