ბარონი დე ბაი საქართველოს ფრანგი მეგობარი - კვირის პალიტრა

ბარონი დე ბაი საქართველოს ფრანგი მეგობარი

XIX საუკუნეში საქართველოში ბევრმა უცხოელმა იმოგზაურა და ყოველ მათგანს სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ბრუნდებოდნენ არა მხოლოდ მეცნიერული ინტერესების, არამედ იმ მეგობრულ ურთიერთობათა გამო, რაც მათ ქართველებთან აკავშირებდა.

სწორედ ასეთთაგანი გახლდათ ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი ბარონი დე ბაი. მან მრავალმხრივი კვლევა მიუძღვნა საქართველოს და ქვეყნის თითქმის ყოველი კუთხის ამსახველი ფოტოები და ჩანაწერები დაგვიტოვა.

ბარონი ჟოზეფ ბერტელო დე ბაი (1853-1931) დიდი საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელია, რომლის ფესვებიც ბრეტონიდან მოდის და რომელმაც XVII საუკუნეში შამპანის რეგიონში დიდი მამული შეიძინა. ბარონი დე ბაი პარიზში დაიბადა, თუმცა თითქმის მთელი ცხოვრება თავის საგვარეულო სასახლეში გაატარა. არქეოლოგიით 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მამასთან ერთად ნადირობისას შემთხვევით იპოვა პრეისტორიული ხანის კაჟის ცული. 18-19 წლის დე ბაიმ პირველი არქეოლოგიური გათხრები მოაწყო და აღმოაჩინა XIX საუკუნის არქეოლოგიისთვის სრულიად უცნობი ტიპის, ძვ.წ. 3500-2700 წლებით დათარიღებული ჯგუფური სამარხები. 1875 წელს ბარონმა დე ბაიმ თავის სასახლეში მუზეუმი გახსნა და მის მიერ აღმოჩენილი თუ შეძენილი კოლექციები განათავსა.

1890 წელს ბარონი დე ბაი მონაწილეობდა მოსკოვის არქეოლოგთა VIII საერთაშორისო ყრილობაში და რუსეთის იმპერიით განსაკუთრებით დაინტერესდა. 1895 წლიდან იგი საფრანგეთის სახალხო განათლებისა და ხელოვნების სამინისტროს ყოველწლიური ოფიციალური მივლინებით მიემგზავრებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში, აწყობდა არქეოლოგიურ გათხრებს და მოპოვებულ მასალას საფრანგეთის მუზეუმებს უგზავნიდა. საფრანგეთში დაბრუნებისას მართავდა კონფერენციებს, აქვეყნებდა სტატიებსა და წიგნებს, რათა ევროპელი საზოგადოებისთვის რუსეთის იმპერიაში შემავალი კულტურები გაეცნო.

თითქმის ყოველ წელიწადს ბარონი სტუმრად ჩადიოდა თავის უახლოეს მეგობარ გრაფ სერგეი შერემეტიევთან (1844-1918) მიხაილოვსკოეს რეზიდენციაში, მოსკოვის მახლობლად. 1897 წელს ციმბირში ორთვიანი ექსპედიციის შემდეგ შერემეტიევმა იგი საქართველოში, სოფელ კარდანახის მამულში დაპატიჟა. იმავე წლის შემოდგომაზე მეგობრები საქართველოს სამხედრო გზით კახეთში წამოვიდნენ. სწორედ ამ მოგზაურობიდან იწყება ბარონ დე ბაის გატაცება საქართველოთი. "მზის ამოსვლა დათოვლილ ყაზბეგის მწვერვალზე - ამაზე მშვენიერი ცხოვრებაში არაფერი მინახავს" - ეს საქართველოსთან დაკავშირებული მისი პირველი ემოციაა.

ტფილისში ჩამოსული ფრანგი მეცნიერი აღტაცებას ვერ მალავს: "მხატვარი ან პოეტი უნდა იყო, რომ დახატო თბილისის სურათები ან უმღერო იმ სანახაობას, რასაც თბილისი წარმოადგენს". იგი ბევრს სეირნობს, ჩანაწერებს აკეთებს და ფოტოებს იღებს, რათა სამშობლოში დაბრუნებულმა ფრანგულ სამეცნიერო წრეებს გააცნოს "ტფილისი - ნახევრად ევროპული და ნახევრად აზიური კონტრასტების ქალაქი".

ბარონ დე ბაის საქართველოში ჩამოსვლა დაემთხვა რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოელებისთვის კავკასიაში არქეოლოგიური გათხრების აკრძალვას. 1880-იან წლების მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად მოპოვებული მასალები უცხოელმა მეცნიერებმა ევროპის მუზეუმებში გაიტანეს. მეფის რუსეთის ხელისუფლება გვიან მიხვდა ამ კოლექციათა სამეცნიერო მნიშვნელობას და ამიტომაც დააწესა აკრძალვა უცხოელი მეცნიერებისთვის. ვინაიდან ბარონი დე ბაი მოკლებული იყო არქეოლოგიური გათხრების შესაძლებლობას, მან კავკასიის ეთნოგრაფიის კვლევა დაიწყო და დღეს თუ ცნობილია, როგორც ეთნოგრაფი, ეს სწორედ მისი კავკასიაში მოგზაურობის დამსახურებაა.

დე ბაი შერემეტიევის ოჯახთან ერთად ტფილისიდან კარდანახში გაემგზავრა. აქ ფრანგ სტუმარს ყველაფერი აოცებდა: რთველი, ღვინის დაყენების წესი, სიმღერები, ცეკვები, ეროვნული კოსტიუმები. ბარონი ფოტოებს იღებდა და მოგზაურობისას საყურადღებო დეტალებს ინიშნავდა. იგი აღფრთოვანებით აღწერდა ყურძნის დაწურვის რიტუალს: "მამაკაცები ხის გრძელ საწნახელში დგებიან და რამდენიმე საათის განმავლობაში ჭყლეტენ ნაყოფს. ნელი თუ სწრაფი, ნაზი თუ ენერგიული მოძრაობები მათი სიმღერების რიტმს მიჰყვება; რბილი, მძლავრი, გულში ჩამწვდომი, საბრძოლო თუ სუფრული სიმღერები ერთმანეთს ენაცვლება და დაჭყლეტილი ყურძნის მათრობელი სურნელი ხან ექსპრესიულს, ხანაც კი ამაღელვებელს ხდის ამ ქოროს... საოცრად თვალწარმტაცი და საინტერესოა, ქართველთა მკერდიდან ამომავალი პათეტიკური სიმღერების ფონზე, მათი სხეულების რიტმული რხევის ყურება. ამ დროს კი მათ ფეხებთან მზის სხივებზე მოელვარე კამკამა ღვინის წყარო მოედინება".

კარდანახიდან დე ბაი სიღნაღში გაემგზავრა, ბაზარში გაისეირნა და საინტერესო სურათს გადააწყდა: "ჩაფიქრებული დიდხანს ვჩერდები აკვნებისა და კუბოების წინ, რომლებსაც ერთი და იგივე კაცი ამზადებს და ჰყიდის. სწორედ აქ მოდიან სიღნაღის მცხოვრებნი ახალდაბადებულის აკვნისა თუ გარდაცვლილის კუბოსთვის. აკვანზე დედა იხრება, რომ შვილს გაუღიმოს, კუბოსთან კი იხრებიან იმისთვის, რათა ცრემლი დაღვარონ. არაფერია ამაზე უფრო ამაღელვებელი, ფილოსოფიური, პოეტური, ღრმა, ვიდრე ასეთი ბუნებრივი და ასეთი მოულოდნელი რამის დანახვა; და ეს ყველაფერი ერთი ხელოსნის მიერ არის დამზადებული, რომლის გონებისთვის ყოველივე ეს მიუწვდომელია.

ამ ვაჭარს, რომელიც შრომობს სიცოცხლისა და სიკვდილისთვის, ბედნიერებისა და გლოვისთვის, დასაწყისისა და დასასრულისთვის, ერთ გროვაში გაუერთიანებია ერთმანეთისადმი უკიდურესად დაპირისპირებული - პირველი და უკანასკნელი მოთხოვნილების საგნები. თავის დუქანში მან ასე უხეშად შეკრიბა დასაწყისისა და დასასრულის ორი წერტილი. მან ბრძნულად შეგვახსენა ეს ორი მომენტი, ასე შორეული თუ ასე ახლობელი, ჩვენი გაჩენისა და ჩვენი გაქრობისა. სიღნაღელებო, როდესაც ბაზარში მიდიხართ საჭმლისა და ტანსაცმლის საყიდლად, რაზე ფიქრობთ ამ ადგილას ჩავლისას - ჩვილის სახვევებზე, სუდარაზე თუ სიცოცხლეზე?"

ქარვასლის წინ. ამჟამად თავისუფლების მოედანი. 1900 წელი. კერძო კოლექცია

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ბარონმა დე ბაიმ სიღნაღის ბაზარში გადაღებული ფოტო საფოსტო ბარათზე დაბეჭდა. დღეს ეს ბარათები ნებისმიერი კოლექციონერისთვის საამაყოა.

კახეთიდან ფრანგი სტუმარი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა, გაიარა იმერეთი, ჩავიდა ბათუმსა და ჩაქვში, სადაც ქვეყანაში ახალშემოსულ ჩაის კულტურას გაეცნო.

საქართველოში ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა წერილი გააგზავნა საფრანგეთის სახალხო განათლებისა და ხელოვნების სამინისტროში და კავკასიის რეგიონის შესასწავლად ოფიციალური მივლინება მოითხოვა. 1898-1904 წლებში ბარონი დე ბაი უკვე ოფიციალური მივლინებით ჩამოვიდა საქართველოში და თითქმის ყველა რეგიონს გაეცნო. მან მოიარა კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, აჭარა და სამეგრელო. 1903 წელს ეთნოლოგ თედო სახოკიასთან ერთად იმოგზაურა აფხაზეთში. ასე შეიქმნა სოხუმიდან გაგრამდე მოგზაურობის საინტერესო ჩანაწერები. "მე არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ მასპინძელი სტუმარს თავის სახლში ამეფებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას ასიამოვნოს. როდესაც ქართველი სტუმრის სადღეგრძელოს სვამს, ამით გამოხატავს ყველაზე მხურვალე გრძნობებს სტუმრისა და მისი სამშობლოსადმი", - წერს ბარონი დე ბაი თავის მოგონებებში.

საქართველოში მან გაიცნო და დაუმეგობრდა იმ პერიოდის ქართველ სასულიერო პირებსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ალექსანდრე ცაგარელს, დავით სარაჯიშვილს... ადგილობრივი ქართული პრესა ყოველთვის ინტერესით ადევნებდა თვალს ბარონ დე ბაის საქართველოში სტუმრობას და მის მიერ საფრანგეთში საქართველოს შესახებ მოწყობილ გამოფენებს. საქართველოდან საფრანგეთში დაბრუნებული ბარონი ყოველ წელს აწყობდა გამოფენებს, აქვეყნებდა წიგნებს საქართველოს შესახებ და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას აცნობდა ფრანგ საზოგადოებას.

მოგზაურობისას ფრანგი მეცნიერი ხშირად იღებდა საინტერესო ფოტოებს, რისთვისაც 1903 წელს პარიზის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ იგი მოლტენის პრიზით დააჯილდოვა.

ამიერკავკასიის შეიხ-ულ-ისლამი აბდუსალამ-ახუნდ-ზადე და ბარონი დე ბაი მუსლიმურ სასაფლაოზე თბილისში. 1899 წელი. კერძო კოლექცია

ბარონი დე ბაი დაინტერესებული იყო ქართული ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით და ამიტომ მოგზაურობის დროს ფირზე აღბეჭდავდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტერსა და იქ გამართულ დღესასწაულებს. იგი განსაკუთრებით იყო მოხიბლული ქართული ტრადიციული ტანსაცმლით. მის ფოტოკოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყაბალახის ფოტოსერიებს: ყაბალახის ტარების სხვადასხვა მანერა, ყაბალახის გამყიდველები და სხვ. ბარონი დე ბაი თვითონაც გამოეწყო ყაბალახსა და ნაბადში და ალექსანდრე როინაშვილის სახელოსნოში გადაიღო ფოტო.

კავკასიით აღფრთოვანებულმა ბარონმა, ფრანგული პრესის ცნობების მიხედვით, საფრანგეთში კავკასიის მუზეუმის გახსნა გადაწყვიტა, რის საშუალებასაც, სავარაუდოდ, მის მიერ შეძენილი მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექცია მისცემდა. სამწუხაროდ, დე ბაის ამ წამოწყებას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი.

ბოლშევიკური რევოლუციის დროს ბარონი დე ბაი მოსკოვში იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. მისი მეგობრების უმრავლესობა გარდაცვლილი, დახვრეტილი ან ემიგრირებული იყვნენ. ავადმყოფი ფრანგი მეცნიერი ბოლშევიკებმა ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1920 წელს ბარონი დე ბაი სამშობლოში დაბრუნდა, თავის საგვარეულო სასახლეში. იგი ცდილობდა, კვლავ განეგრძო კვლევა და აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა, თუმცა ავადმყოფობა ამის საშუალებას არ აძლევდა.

ბარონი დე ბაი მთელი ცხოვრება ინარჩუნებდა ურთიერთობას ქართველ მეგობრებთან. 1920-იან წლებში მასთან ხშირად მიდიოდნენ სტუმრად ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ასევე სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა იგი ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელსაც ემიგრანტული მთავრობის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მხარდასაჭერად მოწყობილ სხვადასხვა შეკრებაზე დასარიგებლად ხშირად გადასცემდა ხოლმე საქართველოზე დაწერილ წიგნებსა და ბროშურებს.

ქაშუეთის ეკლესიის გალავანი. 1899 წელი. კერძო კოლექცია

ბარონი დე ბაი გარდაიცვალა პარიზში 1931 წელს, თავის თანამემამულეთაგან უსაფუძვლოდ მივიწყებული. სიცოცხლის ბოლოს დაწერილ მოგონებებში ბარონი დე ბაი სინანულით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და მუზეუმების კურატორების დაუდევრობის გამო მისი კოლექციები ისე გაიფანტა სხვადასხვა მუზეუმში, რომ ერთი, მეტ-ნაკლებად სრული კატალოგიც კი არ მიეძღვნა ამ მასალებს. დღეს ამ კოლექციებს შორის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებიც არის გაფანტული.

ფრანგი მეცნიერის მოგონებებიდან ნათლად ჩანს, რომ თავდაპირველად იგი საქართველოში ჩამოვიდა, როგორც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ მხარეში, ხოლო აქაურობის გაცნობის შემდეგ კი იგი საქართველოსა და მის თვითმყოფად კულტურას განსაკუთრებულ შეფასებას აძლევდა. დე ბაი საქართველოს შესახებ დაწერილი თავისი პირველი წიგნის დასაწყისშივე ამბობდა: "ქართველები, როგორც ქრონოლოგიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით, შორეულ აღმოსავლეთში სარწმუნოების გამავრცელებელთა ავანგარდში იყვნენ. ისინი დამსახურებული სიამაყით შეახსენებენ რუსებს, რომ ქართველები მათზე ადრე გახდნენ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი".

ანა ჭეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჟან-ჟაკ შარპი, ეპერნეს მუზეუმის საპატიო მთავარი კურატორი (საფრანგეთი)

ჟურნალი "ისტორიანი",#36