"დაკარგულები" ქალაქის ცენტრში - რით ჰგავს ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ვერის სასაფლაოზე მთაწმინდის პანთეონში ილიას განსასვენებელს... - კვირის პალიტრა

"დაკარგულები" ქალაქის ცენტრში - რით ჰგავს ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ვერის სასაფლაოზე მთაწმინდის პანთეონში ილიას განსასვენებელს...

თბილისის ერთ-ერთი უბნის, ვერის სასაფლაო ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან მდებარეობდა. მან XX საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება.

დღეს აქ უკვე ვერის პარკია გაშენებული. ვერაზე მეორე სასაფლაო თბილისელმა სომხებმა 1836 წელს გააშენეს, ხოლო 1844 წელს აქ დავით თამამშევის შემოწირულობით ძელიცხოვლის ანუ სურბ ხაჩის ეკლესია აშენდა. მას შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი სასაფლაოს გალავანს მიღმა სხვადასხვა ეროვნების ბევრი ცნობილი თბილისელი დაიკრძალა.

აქ უკანასკნელ განსასვენებელს პოულობდნენ მხატვრები და პოეტები, მთამსვლელები და სასულიერო მოღვაწენი, თავადები და ვაჭრები. 1920 წლიდან ვერის სასაფლაო ოფიციალურად დაიხურა, თუმცა 70 წლის შემდეგ იგი კვლავ გაიხსნა...

ამჯერად დედაქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული ადგილი ამოვირჩიეთ "სამოგზაუროდ". ვერის სასაფლაო ხომ ქალაქის შუაგულშია და შეიძლება ითქვას, აქ ჩვენთვის მანამდე უცნობი თბილისი და საქართველო ვიპოვეთ.

დიდ აკლდამებს შორის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული მოქალაქის, ალექსანდრე მელიქ აზარიანცის (1847-1923) მოკრძალებული საფლავი მოჩანს. მის საფლავის სვეტს რუსულად აწერია "მშვიდობა შენდა ღირსეულო მამა".

მელიქ აზარიანცს არა მხოლოდ იმდროინდელი თბილისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი, მან თბილისის არქიტექტურულ იერსახესაც ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა შეჰმატა. ეს სახლი 1912-1915 წლებში პეტერბურგელი არქიტექტორის, ნიკოლოზ ობოლონსკის პროექტითა და უშუალო ძალისხმევით აშენდა. მისი საძირკველი პრობლემური აღმოჩნდა გრუნტის წყლების გამო, ამიტომ პირველად კავკასიაში უნიკალური მეთოდი გამოიყენეს და სახლის საძირკველში ე.წ. ტყვიის კარკასები ჩაამაგრეს. ამან ფუნდამენტი მიწისქვეშა წყლების ზემოქმედებისგან დაიცვა.

მშენებლობისას კი განსაკუთრებულად გამომწვარ აგურს იყენებდნენ. 1960-1970-იან წლებში სახლის აფეთქება და რესპუბლიკის მოედნის გაფართოება მოინდომეს, თუმცა დიდმა საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ და შენობის საძირკვლის დანგრევის მოსალოდნელმა სირთულემ კომუნისტებს განზრახვაზე ხელი ააღებინა. მას შემდეგ აზარიანცის სახლი თბილისს მარგალიტად შემორჩა და ლეგენდებით შეიმოსა. ამბობენ, მელიქ აზარიანცმა 1904 წელს გარდაცვლილი ქალიშვილის გლოვის ნიშნად მთელი სახლი ქვის სამგლოვიარო თაიგულებით შეამკო, რომლის ქვემოთ ფანჯრებს კი ცრემლების ფორმა მისცა.

გილდიის ვაჭრის ასატურ გირგიდოვისა და დიდი ილია ჭავჭავაძის საფლავები

თავად აზარიანცი, სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, უცხოეთში არ გაქცეულა, თბილისში დარჩა. მას შენობა ბოლშევიკებმა ჩამოართვეს და საცხოვრებელი საკუთარი სასახლის სადარბაზოში, ერთ-ერთი კიბის ქვეშ მიუჩინეს. მელიქ აზარიანცი იქ გარდაიცვალა და მეგობრების შეგროვილი ფულით დაკრძალეს.

მელიქ აზარიანცის საფლავთან ახლოს ტფილისის მეორე გილდიის ვაჭრის, ასატურ სერგოევიჩ გირგიდოვის მონუმენტური აკლდამა მოჩანს. სასაფლაოზე არაერთი ღირსეული ადამიანია დაკრძალული, მათ შორისაა ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრე მრევლიშვილი. მისი საფლავი დღეს მოუვლელია და უპატრონო და ვფიქრობთ, სასწრაფოდ მოითხოვს ყურადღებას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. კერძოდ, 1899 წელს გარდაცვლილი ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ძალიან ჰგავს 1913 წელს მთაწმინდის პანთეონში გახსნილ ილიას განსასვენებელს. როგორც ჩანს, იაკობ ნიკოლაძის ძეგლის - მტირალი საქართველოს გაფორმების დროს არქიტექტორმა პეტრე მამრაძემ შთაგონების წყაროდ ვერის სასაფლაოს აკლდამა აიღო. გირგიდოვის აკლდამის ავტორი, სამარის ლოდის წარწერის მიხედვით, ავსტრიის იმპერატორის კარის ქვისმთლელი და მოქანდაკე ედუარდ გაუზერი ყოფილა.

ვერის სასაფლაოზე ყველაზე დიდი და გამორჩეული აკლდამა ძმები ანანოვებისაა. მათი გვარის წარწერის ფრაგმენტები უკვე დაზიანებული შემორჩა კარიბჭის თავს. აკლდამა თბილისური მოდერნის საუკეთესო ნიმუშია, თუმცა ისიც, როგორც სხვა ძეგლები, უმოწყალოდ ნადგურდება. თავად ძმებ ანანოვების შესახებ მწირი ინფორმაცია შემორჩა. ცნობილია, რომ ისინი კავკასიაში შამპანურის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ. ფრანგებისა და იტალიელების მიერ აშენებული ღვინის საცავები ძმებ ანანოვებს ყვირილასა და ბაღდადში ჰქონდათ.

ვერის სასაფლაოს შუაში, მაღალ ბალახში ძნელად თუ შენიშნავთ საშუალო ზომის სამარის ლოდს, რომელზეც შემდეგი ლექსი იკითხება:

"შეიყვარეო მოყვასი შენი!"

ეს იყო ქვეყნად ქრისტეს მოძღვრება

და ამანაც ეს შეისისხლხორცა,

ვით წმინდა მცნება და ნეტარება:

უყვარდა მოძმე, გაურჩეველად,

გვარტომობისა ეჭირა თვალი...

და ხორციელად თვალის ექიმი

სულიერადაც იყო მკურნალი.

მაგრამ სოფელმა აღარ აცალა,

ქვეყნის მუშაკი მოსპო უდროოდ

და უწყინარი, მოსიყვარულე

აქ განისვენებს ამიერ მყუდროდ.

"იყო სოფელში და სოფელს არგო",

დასტოვა ქვეყნად წმინდა სახელი!

სამაგალითო იყოს ამ ქვეყნად

მისი ნეტარი სახსენებელი"

ეს ლექსად გადმოცემული ეპიტაფია აკაკი წერეთელს ეკუთვნის. იგი შეტანილია მგოსნის მრავალტომეულის სამტომეულში, სათაურით "გ. ტარსაიძის ხსოვნას". მაშ, ვინ იყო ის, ვისაც დიდმა აკაკი წერეთელმა ლექსი მიუძღვნა?

გიორგი, იგივე გიგო ტარსაიძე (1857-1904) პირველი და გამორჩეული თვალის ექიმი გახლდათ. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მისი ერთადერთი ფოტო აღმოჩნდა, ტარსაიძის ფოტო ნინო ერისთავის არქივში ინახებოდა. ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებელს სამშობლოში ბევრი ადამიანი ემადლიერებოდა.

პირველ ქართველ ოფთალმოლოგს გიგო ტარსაიძეს (სურათზე პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი) აკაკი წერეთელმა ლექსი უძღვნა

ალბათ მათ შორის აკაკი წერეთელიც იყო. ნიკო ლომოურმა გიგო ტარსაიძეს თავისი "პაწია მეგობრები" მიუძღვნა. თხზულების ბოლოში ნათქვამი ლომოურის სიტყვები ალბათ ყველაზე კარგად აღწერს ქართველი ექიმის მოღვაწეობას: "გადიოდნენ დღეები, თვეები, წელიწადები, და ტარსაიძე და მისგან ჩადენილი მადლი არათუ არ ავიწყდებოდა არავის, არამედ უფრო ბრწყინვალე სახიერებას იღებდა, ზღაპრული თვისებით იმოსებოდა. ხშირად მთელი საათობით ისხდნენ ხოლმე ერთად და პატივისცემით, სიყვარულით იგონებდნენ ექიმის თვითეულ სიტყვას, მოქმედებას და გულის სიღრმიდან წამოსულ სალამს, მადლობას უთვლიდნენ ხოლმე შორიდან. ყველა ამის მიხედვით, ვგონებ, ცხადად წარმოიდგენს მკითხველი, თუ რა მწუხარება ჩამოვარდებოდა ჩვენს გოგოებსა და მთელ სოფელში, როდესაც შარშან, ამ დროს, გაისმა ხმა ტარსაიძის გარდაცვალებისა.

დიდი, ენით გამოუთქმელი იყო ეს მწუხარება! ქალები გულამოსკვნით ქვითინებდნენ და ამათ ქვითინს ბანს აძლევდა მთელი მგლოვიარე სოფლის თანაგრძნობა. ბედნიერია, ჭეშმარიტად ბედნიერია ის მოღვაწე, რომელიც თავის სიცოცხლით შვება-ლხენასა ჰფენს ტანჯულ, დავრდომილ ხალხსა, ხოლო თავის სიკვდილით მდუღარე ცრემლს აფრქვევინებს მას".

ვერაზე დაკრძალულნი არიან ნიტო და ატო აღნიაშვილები. ეს უკანასკნელი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი იყო. იგი გიორგი ნიკოლაძესთან ერთად ერთხელ იალბუზზე, ხუთჯერ კი მყინვარწვერზე ავიდა.

ვერის ეკლესიის ქვედა ყურესთან, აღმოსავლეთ მხარეს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ტრაგიკულად დაღუპული 25 წლის მეუღლე მარიამი, შვილები: 2 წლის ნინო და ნიკოლოზი და 11 თვის ოლღა განისვენებენ. დღეს შემორჩენილი წარწერის თანახმად ქიქოძეთა საფლავზე ადრე ალგეთის ლურჯი, სადად გათლილი სამარის ლოდი ყოფილა.

გიგო ტარსაიძის საფლავი

საფლავებს შორის მცირედ მოვაკებულ ადგილას შემოდგომის ფოთლების გროვებს შორის მოჩანს ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის (1853-1918) სამარის ლოდი. მუხრანელი თავადი ლაიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკის მეთაური და გენერალ-ლეიტენანტი ყოფილა, დაამთავრა ნიკოლაევსკის კავალერისტთა სასწავლებელი, ყარსის აღებაში გამოჩენილი მამაცობისთვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოეს. 1905 წლიდან მუხრან-ბატონი იმპერატორის ამალის გენერალ-მაიორად დაინიშნა.

1918 წლის შემოდგომაზე იგი პიატიგორსკში ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 18-19 ოქტომბერს ტყვეთა მასობრივი დახოცვისას ამოხადეს სული. ნათესავებმა მუხრან-ბატონი ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს. გენერალი 1903 წლიდან სიკვდილამდე მუხრანის საგვარეულო სახლის ხელმძღვანელად ითვლებოდა. მისი ნეშტი სათანადო პატივით გადასვენებასა და დაკრძალვას დღემდე ელოდება. ხოლო თუ საფლავს დროზე ყურადღება არ მიექცევა, დიდია ალბათობა, იგი სამუდამოდ დაიკარგოს.

გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#36