წმინდა მიქაელის მთა - კვირის პალიტრა

წმინდა მიქაელის მთა

წმინდა მიქაელის მთა - მონ სენ-მიშელი, კლდოვანი კუნძულია საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, სენ-მიშელის ყურეში, მდინარე კუენონის შესართავთან.

ბრეტანისა და ნორმანდიის საზღვარზე მდებარე მონ სენ-მიშელს მიქცევის დროს ზღვა დიდ მანძილზე შორდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქაურ სააბატოში უამრავი მომლოცველი მოედინებოდა სიწმინდეთა თაყვანსაცემად. თანდათან სააბატო ციხესიმაგრედ იქცა, სადაც ერთმანეთს შეერწყა სამხედრო და რელიგიური არქიტექტურა.

სიმაგრეს, რომელიც სამ დონეზეა განლაგებული, მრავალი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებამ მოუწია, ხოლო საფრანგეთისა და ინგლისის ასწლიან ომში (1337-1453) გახდა უკანასკნელი ფრანგული ფორპოსტი ნორმანდიაში, რომლის აღება მტერმა ვერაფრით მოახერხა. სააბატო მონ სენ-მიშელი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დღეისთვის უდიდესი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. წელიწადში აქ დაახლოებით 3,5 მლნ დამთვალიერებელი მოდის და საფრანგეთში პოპულარობით მხოლოდ პარიზი უსწრებს...

კლდეს თავდაპირველად სამარის მთა ეწოდებოდა. ლეგენდის თანახმად, 708 წელს, ახლომდებარე ქალაქ ავრანშის ეპისკოპოს ობერს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და მთაზე, რომელიც იმ დროისთვის ხმელეთზე იყო აღმართული, სამლოცველოს აგება უბრძანა. ეპისკოპოსმა იფიქრა, მომეჩვენაო და დაცდა ამჯობინა. მთავარანგელოზი მეორედაც გამოეცხადა, მაგრამ ობერმა შესრულება კვლავ გადადო. მესამე გამოცხადებისას მიქაელმა თავისი მახვილით ობერის ანაფორაში ხვრელი გამოწვა (ლეგენდის სხვა ვერსიით, თავში ბეჭედი ჩაუკაკუნა), რის შემდეგაც უზენაეს ნებაში საბოლოოდ დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მშენებლობის დაწყება ბრძანა...

რაკი წმინდა მიქაელის კულტი იტალიაში V საუკუნეში წარმოიშვა და მთავარანგელოზი პირველად ქალაქ მონტე-სანტ-ანჯელოსთან მდებარე მონტე-გარაგანოს მთაზე, მღვიმეში გამოეცხადათ, ამიტომ ობერმა ელჩები გაგზავნა იტალიაში წმინდა ნივთების შესაძენად. გადმოცემის თანახმად, როცა ელჩები დაბრუნდნენ, იხილეს, რომ მთა უკვე კუნძულად გადაქცეულიყო. მთავარანგელოზის ნებით, კუნძულზე მღვიმის ფორმის ეკლესია აიგო. ამ ვერსიას ადასტურებს გათხრებისას ნაპოვნი VI საუკუნის ქრისტიანული სამლოცველოს ნაშთი. იმ დროიდან სჯეროდათ, რომ "წმინდა მიქაელის დღეებში ზღვა მიდის და ადამიანებს გზას უთავისუფლებს".

933 წელს ნორმანებმა კოტანტენის (იმავე შერბურის) ნახევარკუნძული დაიპყრეს და სენ-მიშელზე პირველი ქვის ეკლესია ააგეს. 966 წელს ნორმანდიის ჰერცოგმა რიშარ I-მა კუნძულზე ბენედიქტელთა მონასტრის დაფუძნების უფლება პაპისგან მიიღო. სააბატო ზემო ნორმანდიის სან-ვანდრიის მონასტრიდან მოსულმა ბენედიქტელმა ბერებმა დააარსეს, აბატ მაინარის წინამძღოლობით. მონასტერს თანდათან სახელი გაუვარდა და სანაპიროზე მცირე დასახლება გაჩნდა, რათა მრავალრიცხოვან მომლოცველებს ღამე გაეთიათ. 992 წელს ხანძარმა პირველი ნაგებობები მთლიანად გაანადგურა და 1023 წელს აბატმა ჰილდერბერტმა მონასტრის ცენტრალური ნაწილის მშენებლობა დაიწყო.

1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმმა ინგლისზე გალაშქრების წინ მონასტერს ფინანსური შემწეობა სთხოვა და სააბატოსგან მიღებული ფულით ოთხი სამხედრო ხომალდი ააგო. ჰასტინგზის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჰერცოგმა, რომელიც მალე ინგლისის მეფე უილიამ დამპყრობელად აკურთხეს, მონასტერს საჩუქრად რამდენიმე მამული უბოძა ინგლისში.

1090 წელს სააბატო პირველად აღმოჩნდა ალყაში ვილჰელმის ვაჟებს შორის ატეხილი სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ვილჰელმ წითური და ნორმანდიის ჰერცოგი რობერტ კურტგიოზი (მოკლე შარვალი) უმცროს ძმას, ჰენრიხს ებრძოდნენ.

1103 წელს სააბატოს ჩრდილოეთის კედელი ჩამოინგრა. აბატმა როჟე II-მ მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ქვის კოშკის დიდი მშენებლობა დაიწყო. მალე სააბატო მთელი დასავლეთ ევროპის მომლოცველთა ცენტრად იქცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები აბატ რობერ დე ტორინის დროს (1154-1186) მოხდა. მან დაასრულა სააბატოს ტაძრის რომანული ნაწილის მშენებლობა და ნაგებობას დასავლეთის მხრიდან 1184 წელს ორი კოშკი მიაშენა. საუკუნის მიწურულს დასრულდა სააბატოში აღმოსავლეთიდან ახალი შესასვლელის დიდი კიბის მშენებლობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტელთა წესის მიხედვით, საძინებელი ანუ დორმიტორიუმი აბატმა სხვა ბერებთან ერთად უნდა გაიყოს, ტორინიმ თავისთვის ორი უბრალო ოთახი მაინც ააგო. მის დროსვე მონასტრის ბიბლიოთეკა შეივსო გადაწერილი თუ მონასტერში შექმნილი ხელნაწერებით, რომელთაგან უმეტესობა მის კალამს ეკუთვნოდა. მონასტრის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა ტორინის ურთიერთობები ნორმანდიის ჰერცოგ ჰენრიხ II პლანტაგენეტთან და ინგლისის მეფესთან. ისინი აბატმა მომლოცველთა რანგში მიიღო, რათა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო VII-სთან შეეხვედრებინა. მონასტრის ხაზინა გაიზარდა, ბერების რიცხვმა 60-ს მიაღწია.

XIII საუკუნის დასაწყისში ვითარება შეიცვალა. 1204 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო პლანტაგენეტისა და საფრანგეთის მეფის ფილიპ-ოგიუსტის დაპირისპირებაში სააბატო პლანტაგენეტის მხარეს დადგა. ფილიპ-ოგიუსტის მოკავშირე გი დე ტურმა სააბატოს ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერ აიღო, თუმცა კი მთლიანად გადაწვა პატარა დასახლება მონასტრის ძირში. ხანძარმა დააზიანა მონასტრის ნაგებობებიც. ამ ცოდვის გამოსასყიდად, ნორმანდიის დაპყრობის შემდეგ, ფილიპ-ოგიუსტმა მონასტერს 1211 წელს დიდი თანხა შესწირა და ჩრდილოეთ ფერდობზე მიმდინარე მშენებლობა დააფინანსა. საბოლოოდ, გოტიკური სტილის ნაგებობათა ამ კომპლექსს, რომელიც 17 წლის შემდეგ დასრულდა, "სასწაული" უწოდეს.

კომპლექსის ზედა სართულზე აღმოსავლეთ მხარეს სატრაპეზოა, მის გვერდითაა სამზარეულო, დასავლეთით სამონასტრო ეზოა - ე.წ. კიოსტრო, გარშემორტყმული შიდა მხარეს გახსნილი გალერეით. სართულით დაბლა, სატრაპეზოს ქვეშ სტუმართა დარბაზია, ხოლო ეზოს ქვეშ - რაინდთა დარბაზი, სადაც ბერები წიგნებს გადაწერდნენ და ადგენდნენ. სულ დაბლა კი კაპელანების სათავსი და სარდაფია. სააბატოს ჩრდილოეთ კედელი მთლიანად გამაგრდა კონტრფორსებით, რამაც იმდენად ძლიერი მხატვრული ეფექტი შექმნა, რომ ვიქტორ ჰიუგომ "ევროპის ყველაზე ლამაზი კედელი" უწოდა. XIII საუკუნეში მონასტრის არქიტექტურა აღარ შეცვლილა.

ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს მონასტერს 1356 წლიდან მთლიანად შეუწყდა ინგლისის მამულებიდან შემოსავალი. თუმცა უშედეგო გამოდგა ინგლისელთა რამდენიმე ალყა. 1386 წელს აბატი პიერ რუა გახდა, რომელმაც მონასტრის შესასვლელი საფუძვლიანად გაამაგრა და რამდენიმე კოშკი ააგო.

მომდევნო აბატმა რობერ ჟოლივემ კი მონასტრის ძირში ქალაქის დასაცავად გალავანი ააშენა. 1421 წელს ხანძარმა ჩამოანგრია ტაძრის რომანული ქორედი.

მორიგი, 1424-1434 წლების ალყის ბოლო წელს, დიდი მსხვერპლის ფასად ინგლისელებმა მონასტრის კედლებამდე მიაღწიეს, თუმცა მონასტერი მაინც ვერ აიღეს, პატარა ქალაქი კი მთლიანად დაანგრიეს. 1450 წელს ინგლისელები ნორმანდიიდან საერთოდ გააძევეს.

1469 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ მონასტერში წმინდა მიქაელის რაინდთა ორდენი დააფუძნა. ადრე ჩამონგრეული რომანული ქორედის ნაცვლად, 1523 წელს გოტიკური ქორედი აშენდა, მაგრამ ამავე წლიდან მონასტრის აბატს ბერები ვეღარ ირჩევდნენ - აბატის დანიშვნის უფლება უშუალოდ მეფეს გადაეცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, ასევე იმის გამო, რომ მეფის მიერ დანიშნული "აბატები" შორს იყვნენ სულიერი ცხოვრებიდან და აქტიურად ფლანგავდნენ მონასტრის ხაზინას, ბერებს აღარ სურდათ აქ დარჩენა - სამონასტრო ცხოვრება თანდათან ჩაკვდა, მომლოცველთა ნაკადი კი დაიშრიტა. 1580 წლისთვის სააბატოში სულ 13 ბერი რჩებოდა. 1594 წელს მეხმა საძირკვლამდე დაანგრია სამრეკლო, თუმცა ბერები იმდენად ცოტანი იყვნენ, რისამე აღდგენაზე ფიქრი ზედმეტი იყო. ტაძრის რომანული შესასვლელი 1776 წელს უკანასკნელმა დიდმა ხანძარმა მოსპო...

აბატების მეფის მიერ დანიშვნა მონასტერს 1790 წლამდე ანგრევდა. ამ წელს კი საფრანგეთის დიდი რევოლუცია მოხდა. მონასტერი დახურეს და ციხედ აქციეს, ბერები გარეკეს, ნივთები ვალებში სრულად გაყიდეს. 1792-1799 წლებში მონასტრის დილეგებში 300-მდე მღვდელმსახური იყო გამოკეტილი...

მხოლოდ 1874 წელს გააუქმა ნაპოლეონ III-მ მონასტერში ციხე და მრავლისმნახველი მონ სენ-მიშელი ეროვნულ ისტორიულ ძეგლად გამოაცხადა. დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორ ედუარდ კორუერის ხელმძღვანელობით და უკვე 1886 წლისთვის სააბატომ თანამედროვე სახე მიიღო. 1966 წელს სააბატოში ბერები დაბრუნდნენ.

* * *

პარიზის დასავლეთით 285 კილომეტრში, ნორმანდიაში, კერძოდ, მანშის დეპარტამენტში სენ-მიშელის ყურეში არსებული სამი კუნძულიდან მხოლოდ ერთია დასახლებული - წაკვეთილი კონუსის მსგავსი მონ სენ-მიშელი. კუნძულები აგებულია მაგმატური, ე.წ. ლეიკოგრანიტის ქანებით, რომელიც კოროზიასაც უძლებს. მთა, რომელზეც სააბატოს კომპლექსია შეფენილი, 78,8 მეტრი სიმაღლისაა და თვალწარმტაცი პეიზაჟის ფონზე მკვეთრად გამოირჩევა. მონ სენ-მიშელის გარშემოწერილობა ერთი კილომეტრია, თავად სააბატოს ფართობი კი 55 ათასი კვმ.

დღეღამეში ორჯერადი საოკეანო მიქცევა-მოქცევის ამპლიტუდა ამ ყურეში ევროპაში უდიდესია, მსოფლიოში კი მეორე. მოქცევის ტალღის სიმაღლე აქ 14 მ-ია და 6 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. წყალი ზამთრობით 8 საათს ჩერდება, ზაფხულობით კი 9 საათს, მიქცევის დროს ის სენ-მიშელს 18 კმ-ით შორდება, მოქცევის დროს სანაპიროზე 20 კმ-ის სიღრმეში შედის. მოქცევის ტალღის სიმაღლე, მოძრავი ქვიშები ფსკერზე და ციცაბო კლდე საუკუნეთა განმავლობაში საიმედოდ იცავდა სააბატოს მომხდურთაგან.

საკვირველია, მაგრამ თავდაპირველად კლდე ხმელეთზე იყო აღმართული და ტყით გარემოცული. შემოგარენში კელტთა ტომები სახლობდნენ, მთაზე კი დრუიდები ასრულებდნენ თავიანთ რიტუალებს. შემდგომში ნიადაგის ეროზიის, ზღვისა და სამი მდინარის მოქმედების გამოისობით, ზღვამ იმძლავრა და ხმელეთი მიიტაცა, მონ-სენ-მიშელი კი კუნძულად იქცა.

სააბატოს რესტავრაციის დროს, 1877 წელს, ძეგლის დაცვის მომხრეთა პროტესტის მიუხედავად, ერთ-ერთი მდინარის - კუენონის შესართავთან ჯებირი აიგო, რომელმაც ყურეში წყლის ცირკულაცია დაარღვია. ამის გამო კუენონის შესართავში კაშხლის რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. ამჟამად მიმდინარეობს კუნძულთან დამაკავშირებელი ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობა, რომელიც 2014 წელს დასრულდება. ჯებირს კი დაანგრევენ.

რამაზ გურგენიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#36