მხიარული ამბები "ივერიიდან" - კვირის პალიტრა

მხიარული ამბები "ივერიიდან"

რუბრიკაში "XIX საუკუნის ჟურნალ-გაზეთები" შემოგთავაზებთ საინტერესო ამონარიდებს პირველი ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან.

"ივერია" ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემაა. მისი, როგორც ყოველკვირეული გაზეთის პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში. 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით გამოდიოდა, ხოლო 1886 წლიდან 1906 წლის 27 აგვისტომდე - ყოველდღიურ გაზეთად. "ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.

თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი (1881 წლიდან, "დროებისა" და "ივერიის" რედაქციების გაერთიანებისას). "ივერიის" რედაქტორები იყვნენ ასევე: ივანე მაჩაბელი (1882-1884 წლებში), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წელი), გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905 წლები), შემდეგ გაზეთის დახურვამდე - ფილიპე გოგიჩაიშვილი.

ერთი ჩვენებური მწერალი ამბობდა, რომ ძილშიაც ვეღარ მომისვენია, სიზმრები მაწუხებენო, გუნდად და გუნდად მუზები თავს მეხვევიანო!

მეორემ დაუწერა:

ჩვენმა პოეტმა სიზმარში ნახა, გარს ეხვეოდნენ გუნდად მუზები, მაგრამ თვალი რომ გამოახილა, დაურჩა ხელში მხოლოდ ბუზები.

* * *

ბერი მაჭუტაძე სადილად ერთს ოჯახში დაესწრო. ოთხშაბათი იყო. სხვებს ხორცი მოართვეს და ბერმა კი ლობიო მოატანინა. ერთმა ღარიბმა თავადმა ლობიოს დანახვაზედ შესძახა:

- ბერო, ეგ რა არისო!

- ეგ ის არის, რასაც სხვის სახლში მარხვაშიაც არ ჰკადრულობ და შენსაში - ხსნილშიაც კი ჰნატრულობო, - მიუგო ბერმა.

* * *

ერთი უცხოელი სჩიოდა:

- მე რომ აქ თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვწვალობ, თქვენთვის ვიტანჯებიო და თქვენ კი არ მაფასებთო.

- როგორ არაო, - მიუგო აკაკიმ: - მეტი არა შგვიძლიან-რა და ღმერთს კი ყოველდღე ამას ვეხვეწებით: "ყოვლად შემძლეო, ნუ სტანჯავ ამ კაცს უბრალოდ ჩვენთან, შენ მოუმართე ხელი და საიდამაც მოსულა, იქვე წაიყვანეო".

* * *

ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰკითხეს: ჩიბუხს რატომ არა სწევო.

"გოგჩის ტბის" დამწერმა უპასუხა:

მე ჩიბუხისა წევითა

ვერ გადავივლი მთასაო;

ასე რომ ბოლი მიყვარდეს,

ბუხარში შევყოფ თავსაო.

* * *

პლატონ იოსელიანი სადილად თ. გიორგი მუხრან-ბატონთან იყო და ლაპარაკი ჩამოვარდა ვიღაცა მდიდარ კაცზედ, რომელსაც დღეში ასი თუმანი აქვსო შემოსავალი. პლატონმა ინატრა, ნეტავი მე მქონდეს ეგ შეძლებაო!

- რად გინდაო, ჩემო პლატონ, - ჰკითხა თ. გიორგიმ, ჭამა შენ არ იცი და სმაო, რაში გამოიყენებო?

- როცა მაგოდენა სიმდიდრე მექნებაო, - უპასუხა პლატონმა, - შენისთანა დიდკაცებს მოჯამაგირედ დავიჭერ, სმასაც მასწავლიან და ჭამასაცაო!

პლატონ იოსელიანი

* * *

სასტუმროში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა, ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცილა. გულმოსულმა ადვოკატმა იკითხა:

- არ გიკვირთ, რომ კანი არა სძვრება ამ ძეხვსაო?

- ეგ არ მიკვირსო, - მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, მაგრამ ის კი გასაკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.

* * *

გრაფი პასკევიჩი რომ თავრიზზე მიდიოდა, მოწინავე ჯარით წინ გაისტუმრა თავადი გიორგი ერისთავი, "დიდ კნიაზად" წოდებული. შტაბის უფროსად გიორგი კნიაზს ჰყოლია მურავიოვი. ეს წინა ჯარი, თავრიზს რომ მიახლოვებია, გიორგი კნიაზს აღარ მოუცდია პასკევიჩისთვის და მოუწადინებია თავრიზის აღება მარტო თავისის ჯარითა. ვიდრე იერიშს მიიტანდნენ, გიორგი კნიაზმა სათათბიროთ მოიწვია ყველა თავისი ხელ-ქვეითი აფიცრები. ყველამ ერთხმით მოიწონა წადილი გიორგი კნიაზისა, მხოლოდ მურავიოვი წინააღუდგა და სთქვა:

- ნუ ინებებთ, ბატონო, მაგას, მოვუცადოთ პასკევიჩს, ჩვენ ცოტა ჯარი გვყავს, ყიზილბაშები სიმაგრეებში არიან და უსათუოდ დაგვამარცხებენო. რაც აქამდის გავიმარჯვეთ, სულ ამაოდ ჩაგვივლის და დიდ პასუხისგებაში მივეცემითო.

- ჩვენ კი ან ავიღებთ ან გავწყდებით და ვაი თქვენი ბრალი, რომ მარტო თქვენ გადარჩებით და პასუხიც თქვენ მოგეკითხებათო, - უთხრა თურმე გიორგი კნიაზმა.

"ივერია", 1886 წელი

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი",#36