ავტომობილის წინაპრები - ორთქლისძრავიანი ურჩხულების ევოლუცია და აღსასრული - კვირის პალიტრა

ავტომობილის წინაპრები - ორთქლისძრავიანი ურჩხულების ევოლუცია და აღსასრული

ავტომობილის შექმნას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი კი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ - ქრისტეს შობამდე დაახლოებით IV ათასწლეულის შუა ხანებიდან, როცა მესოპოტამიაში ბორბალი გამოიგონეს. ბორბალს ორთვალა და ოთხთვალა ტრანსპორტი მოჰყვა...

რომის იმპერიის დაცემამ და ევროპის წვრილ ფეოდალურ სამთავროებად დაქუცმაცებამ ბორბლიანი ტრანსპორტის განვითარებაც დაამუხრუჭა. შუა საუკუნეების ევროპაში ოთხთვალებით მგზავრობა არაკომფორტული და დამღლელი იყო. ამიტომ ბორბლიანი ტრანსპორტით ძირითადად ტვირთი გადაჰქონდათ. ხალხი კი ცხენით, ქვეითად ან მდინარეებით გადაადგილდებოდა.

XV-XVI საუკუნეებში ევროპაში ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებამ ბუნებრივად მოითხოვა ბორბლიანი ტრანსპორტის გაუმჯობესება. XV საუკუნიდან ოთხთვალა სულ უფრო კომფორტული ხდებოდა. გამოჩნდა ტყავის სავარძლიანი, შემინულ-გადახურული ოთხთვალები. თანდათან შუა საუკუნეების ოთხთვალა ყველასთვის სასურველ ეტლად გადაიქცა. შეიქმნა კომფორტული კარეტებიც.

სიტყვა ავტომობილი თვითმოძრავ ოთხთვალას ნიშნავს. თვითმოძრავი ოთხთვალის პირველი მოდელები ევროპაში XVII საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. ეს მოდელები ორთქლის ძრავის საშუალებით მოძრაობდნენ. პირველი თვითმოძრავი ოთხთვალების დიზაინი, მექანიზმი, ფუნქციები და შესაძლებლობები, რასაკვირველია, ძალიან შორს იყო მომავალი კლასიკური ავტომობილისგან. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ავტომობილის იდეა უკვე გამოიკვეთა. ამ იდეის განვითარებას მთავარი მუხტი ორთქლის ძრავის გამოგონებამ და მისმა პრაქტიკულმა გამოყენებამ შესძინა. ორთქლის ძრავა ევროპაში XVII საუკუნიდან გამოჩნდა და მომდევნო საუკუნეში დიდი ცვლილება განიცადა. მის ტექნიკურ სრულყოფაზე იყო დამოკიდებული, როგორები იქნებოდნენ პირველი ავტომობილები.

ჰერონ ალექსანდრიელის ორთქლის ძრავა

ორთქლის ძრავის მსოფლიოში უძველესი მოდელი, რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ჯერ კიდევ I საუკუნის მეორე ნახევარში შექმნა ბერძენმა მათემატიკოსმა და მექანიკოსმა ჰერონ ალექსანდრიელმა. თუმცა ის ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ მრავალი საუკუნის შემდეგ მისი იდეა კვლავ აღორძინდებოდა, დაიხვეწებოდა და ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი გახდებოდა.

პირველი პრაქტიკული ორთქლის ძრავა ინგლისელმა მექანიკოსმა და გამომგონებელმა თომას სევერიმ დააპროექტა. მისმა მოწყობილობამ, ე.წ. ცეცხლოვანმა ტუმბომ, 1698 წელს პირველად გამოიყენა ორთქლის ენერგია. აღსანიშნავია, რომ 1707 წელს რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა გამოიწერა ცეცხლოვანი ტუმბო პეტერბურგში, ზაფხულის ბაღში შადრევნების მოსაწყობად.

სევერის ორთქლის ძრავა გარკვეულწილად გააუმჯობესა ინგლისელმა გამომგონებელმა თომას ნიუკომენმა. ნიუკომენმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ორთქლის ძრავა მექანიკური სამუშაოს მისაღებად 1712 წელს.

ორთქლის ძრავის შემდგომი განვითარება უკავშირდება გამოჩენილ შოტლანდიელ გამომგონებელ-მექანიკოსს, ედინბურგისა და ლონდონის სამეფო საზოგადოებების, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრს ჯეიმს უატს. 1769-1782 წლებში მან მნიშვნელოვნად დახვეწა ნიუკომენის ძრავა და მისი შესაძლებლობები ერთიორად გააუმჯობესა. რაც მთავარია, უატის ძრავა გაცილებით სწრაფი იყო.

ოლივერ ევანსის მანქანა-ამფიბია, 1804, ფილადელფია

ორთქლის ძრავის განვითარებას, ბუნებრივია, მოსდევდა თვითმოძრავი ოთხთვალების განვითარებაც. ორთქლის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის უძველესი მოდელის ესკიზები მიეკუთვნება გამოჩენილ ინგლისელ მათემატიკოსს, მექანიკოსს, ასტრონომსა და ფიზიკოსს ისააკ ნიუტონს. 1663 წელს შესრულებულ მის შრომებში აღმოჩენილია ოთხთვალის სქემა, რომელიც მოძრაობაში მოჰყავდა ორთქლის ძრავას. ნიუტონმა ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძო და XVIII საუკუნის დასაწყისში ნიუკომენთან ერთად შექმნა კიდეც ორთქლის ძრავაზე მომუშავე ოთხთვალა. თუმცა მოდელი ძალიან დიდი იყო და საწვავ მასალას (ქვანახშირს) ჭარბად მოიხმარდა, რის გამოც ნიუტონის ავტომობილი არაპრაქტიკული გამოდგა.

1672 წელს ბელგიელმა იეზუიტმა ფერდინანდ ფერბისტმა შექმნა თვითმოძრავი ოთხთვალის სათამაშო მოდელი. მისი სიგრძე 60 სანტიმეტრი იყო. ამ მინიატურულ ავტომობილსაც ცხელი ორთქლის ძალა ამოძრავებდა.

ორთქლის ძრავაზე მომუშავე პირველი ავტომობილი 1769 წელს შექმნა ფრანგმა მეცნიერმა ნიკოლას ჟოზეფ კიუნომ. ეს თარიღი შესაძლოა ავტომობილის დაბადების დღედაც ჩაითვალოს. კიუნოს სურდა შეექმნა საკმაო გამწევი ძალის მქონე ავტომობილი საარტილერიო მოწყობილობებისა და ჭურვების გადასატანად. კიუნოს ოთხთვალა პარიზში აიწყო. ერთტონიანი მანქანა დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარდა. ავტომობილის მართვას ორი კაცი ძლივს ართმევდა თავს. ოთხთვალას შეეძლო 3 ტონამდე ტვირთის გადატანა 2-დან 4 კმ/სთ-მდე სიჩქარით. ტექნიკური თვალსაზრისით, კიუნოს მოდელს ბევრი მინუსი ჰქონდა. რთულად სამართავი ავტომობილის ორთქლის დიდ ქვაბში წნევა მალე ეცემოდა. წნევის შესანარჩუნებლად საჭირო იყო მანქანის ყოველ 15 წუთში გაჩერება.

ერთ-ერთი მგზავრობის დროს კიუნო და მისი თანაშემწე ვერ გაუმკლავდნენ მართვას და ოთხთვალამ მკვეთრად მოუხვია. ორთქლის ქვაბი კორპუსს მოსწყდა და მიწაზე დაცემისას აფეთქდა. როგორც იმ დროის გაზეთები წერდნენ, აფეთქების ხმამ მთელი პარიზი შეაზანზარა. მიუხედავად ამისა, 1771 წელს კიუნომ მეორე, კიდევ უფრო დიდი ოთხთვალა შექმნა. თუმცა ვერც ამ მანქანამ "გაამართლა".

ჰერონ ალექსანდრიელი

1794 წელს კიუნოს მეორე მოდელი პარიზში ახლადშექმნილ ტექნიკურ მოწყობილობათა მუზეუმს გადასცეს. მოგვიანებით ეს ექსპონატი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა. ამ ავტომობილის გამოსახულება საფრანგეთის ავტოინჟინერთა საზოგადოების ემბლემად იქცა. მშობლიურ ლოთარინგიაში კი კიუნოს ძეგლი დაუდგეს. 1969 წელს კიუნოს ავტომობილის 200 წლისთავი მუზეუმში საგანგებოდ აღინიშნა.

1801 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა რიჩარდ ტრეივისიკმა საზოგადოებას წარუდგინა ორთქლის ძრავაზე მომუშავე პირველი კომპაქტური ავტომობილი, მგზავრთა გადასაყვანად. ორი წლის შემდეგ მეცნიერმა გაუმჯობესებული მოდელი წარმოადგინა - მისმა სიჩქარემ 15 კმ/სთ-ს მიაღწია, ხოლო აღმართზე - 6 კმ/სთ-ს.

1804 წელს ამერიკელმა ოლივერ ევანსმა კი ე.წ. ავტომობილი ამფიბია წარმოადგინა. ორთქლის ძრავაზე მომუშავე მანქანას ნავისებრი კორპუსი ჰქონდა და პროექტის მიხედვით, ხმელეთის გარდა წყალშიც შეეძლო გადაადგილება.

ორთქლის ძრავაზე მომუშავე პირველი ავტომობილების ერთგვარი სახეობა იყო დილიჟანსი - დიდი ზომის ეტლი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციით. დილიჟანსი დაახლოებით 20 კაცს იტევდა. მათი საშუალებით გადაჰქონდათ ფოსტაც.

თომას სევერის ორთქლზე მომუშავე "ცეცხლოვანი ტუმბო"

აღსანიშნავია მექანიკოსების - გორდონისა და ჰერნეის ახალი ტიპის დილიჟანსები. გარეგნულად ეს მანქანები საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა: ლაკირებული მორთულ-მოკაზმული ექსტერიერი, მყუდრო სალონი. თვალში საცემი იყო საკვამური მილები. 1825 წელს ლონდონი-ბატის მიმართულებით 171 კმ-იანი პირველი სამგზავრო ხაზი შეიქმნა. ამ მოვლენამ სათავე დაუდო ჩქაროსნული საგზაო ეკიპაჟების გავრცელებას, განსაკუთრებით იტალიასა და საფრანგეთში. თანდათანობით სამგზავრო მანქანების სიმძლავრემ უკვე რვა-ათჯერ გადააჭარბა კიუნოს ავტომობილისას. იმავდროულად შემცირდა საწვავი მასალის ოდენობა.

XIX საუკუნეში ორთქლის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის განვითარებას ბევრი პრობლემა და დიდი წინააღმდეგობებიც შეხვდა. ასე, მაგალითად, ჯეიმს უატმა თავის ყოფილ თანამშრომელს რიჩარდ ტრეივისიკს ბრალი დასდო ფირმა "ბოლტონი და უატის" იდეების მოპარვაში. უატი შეეცადა, პარლამენტში მიეღოთ კანონი ორთქლისძრავიანი "საშიში" ეკიპაჟების ასაკრძალავად. პარლამენტმა მეცნიერის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრობლემები გრძელდებოდა. ახალი ტიპის დილიჟანსის პატრონები რვა-ცხრაჯერ მეტ მოსაკრებელს იხდიდნენ, ვიდრე ცხენის ძალაზე მომუშავე ეკიპაჟების მფლობელები. მეტიც, გადასახადი იყო დაწესებული ორთქლისძრავიანი დილიჟანსის ადგილებისა და ბორბლების რაოდენობაზე, ასევე მანქანის სიმძლავრეზე. ბორბლები კი ახალ დილიჟანსებს მრავლად ჰქონდა. კონსტრუქცია მოითხოვდა საშუალოდ ექვს ბორბალს. ხშირად დილიჟანსს ორი-სამი ვაგონი ემატებოდა, რაც ზრდიდა ბორბლების რიცხვს.

ახალ დილიჟანსებს საცხენოსნო-საფოსტო ტრანსპორტის მფლობელებმაც შეუტიეს. მათ დაარწმუნეს პარლამენტი, რომ მძიმე ორთქლისძრავიანი მანქანები გზებს აფუჭებდნენ. შედეგად, მათ გადასახადი გაუზარდეს. ტენდენციურად განწყობილი ჟურნალისტები, რომლებიც ძველი ტიპის ეკიპაჟებს "თანაუგრძნობდნენ", თავიანთ სტატიებში ამუქებდნენ ორთქლისძრავიან დილიჟანსებზე მომხდარ უმნიშვნელო ტექნიკურ პრობლემებს. ამავე დროს, უარყოფითად განწყობილი ე.წ. ლუდიტები (აპროტესტებდნენ სამრეწველო რევოლუციის მოტანილ ტექნიკურ სიახლეებს) ხის მორებით ხერგავდნენ გზებს, ახალ დილიჟანსებს ესროდნენ ქვებს - ორთქლისძრავიანი ეკიპაჟებით მგზავრობა უკვე აღარ იყო უსაფრთხო.

ახალი ტიპის დილიჟანსების მთავარი უპირატესობა სიჩქარე გახლდათ. თუმცა კანონით საგზაო ლოკომოტივების შესახებ მათი დასაშვები სიჩქარე გაუტოლეს ცხენის ძალაზე მომუშავე ეკიპაჟებისას - 16 კმ/სთ-ს. 1865 წელს ამ კანონში დამატება შევიდა, რომლის მიხედვითაც ახალი ტიპის ლოკომოტივების (ორთქლისძრავიანი დილიჟანსები) დასაშვები სიჩქარე განისაზღვრა 6,5 კმ/სთ-ით, ორჯერ უფრო მცირე დასახლებულ პუნქტებში. კიდევ ორთქლისძრავიან დილიჟანსებს მოძრაობის დროს უსაფრთხოების დამატებითი ვალდებულებები დააკისრეს. კანონი შემსუბუქდა 1878 წელს, ხოლო გაუქმდა 1896 წელს.

XIX საუკუნის ორთქლისძრავიანი ავტომობილები საკმაოდ მოუხერხებელი იყო. მძღოლს ფაქტობრივად იგივე ცოდნა უნდა ჰქონოდა, რაც რკინიგზის ორთქლმავლის მემანქანეს. ავტომობილის დაძვრა დიდ ოსტატობასა და დროს საჭიროებდა. მოძრაობისას მძღოლს ხშირად უნდა ეკონტროლებინა ორთქლის წნევა. საამისოდ მანქანაზე საგანგებო მინის მილი იყო დამონტაჟებული. ხშირად მძღოლის უყურადღებობის გამო მილს წნევა ხეთქავდა, მანქანა ჩერდებოდა. საინტერესოა, რომ უკანა ხედის სარკე თავდაპირველად სწორედ მილის საკონტროლებლად დამონტაჟდა ამერიკულ "ლოკომობილზე". მგზავრობისას მძღოლს ასევე უნდა ეკონტროლებინა ქვაბში წყლის რაოდენობაც, ჩაემატებინა წყალი აღმართზე ასვლის წინ. ყოველ 30-40 წუთში ქვაბის გამართვა იყო საჭირო. ამგვარად, ორთქლისძრავიანი მანქანა ამ ეტაპზე არ იყო სათანადოდ უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. თუმცა სწორედ მისი მეშვეობით განვითარდა საავტომობილო ტექნიკა. სწორედ ორთქლისძრავიანი ავტომობილებისგან შემორჩა სიტყვა შოფერი, რაც ფრანგულად მეცეცხლურს ნიშნავს.

ჰერნეის დილიჟანსის მოდელი

XIX საუკუნეში ორთქლისძრავიანი ავტომობილები გამოჩნდა საფრანგეთშიც. ლეონ სერპოლეს მოდელში ტექნიკური მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესდა, დაიხვეწა მართვის სისტემა. 70-იან წლებში მამა-შვილმა ბოლეებმა წარმოადგინეს ორთქლისძრავიანი მანქანების მოდელები. 1875 წელს შვილმა ბოლემ პარიზში ე.წ. დამჯერი ავტომობილის მოდელი წარმოადგინა: მასა - 5 ტონა, საწვავის ხარჯვა - 2,5 კგ ნახშირი და 14 ლიტრი წყალი 1 კმ-ზე, სიჩქარე 25 კმ/სთ. 80-იან წლებში გამოჩნდა უმცროსი ბოლეს ახალი მოდელი: მასა - 3,5 ტონა, საწვავის ხარჯვა - 1,5 კგ ნახშირი და 7 ლიტრი წყალი 1 კმ-ზე, სიჩქარე - 38 კმ/სთ. თუ არ ჩავთვლით ამ ახალი მოდელის ორთქლის ძრავას, სწორედ ბოლეს ეს მოდელი უფრო ჰგავს მომავალ კლასიკურ ავტომობილს, ვიდრე თუნდაც პირველი ბენზინის ძრავაზე მომუშავე მანქანები.

საფრანგეთში ავტომობილის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ალბერტ დე დიონს, მეგობრები მას სპორტულ მარკიზს უწოდებდნენ. იგი გახდა თავისი ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ავტომობილისტი და საფრანგეთის ავტოკლუბის დამაარსებელი. 1882 წელს კი შეიქმნა ფირმა "დე დიონ-ბუტონ და ტრეპარდუ", რომელიც ორთქლისძრავიან ავტომობილებს აწარმოებდა. 1894 წელს პარიზი-რუანის ტრასაზე გამართულ პირველ ავტორბოლაზე დე დიონმა საკუთარი მანქანით გაიმარჯვა, თუმცა შემდგომ რბოლებში დამარცხდა და გადაწყვიტა, ბენზინის საწვავზე მომუშავე მოდელზე ეფიქრა.

ამდენად, XIX საუკუნე, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, ორთქლისძრავიანი ავტომობილების ეპოქას წარმოადგენდა. XX საუკუნის დასაწყისიდან წინა პლანზე წამოვიდა ე.წ. შიდაწვის ძრავები, ორთქლისძრავიანი მანქანები კი თანდათან წარსულს ჩაჰბარდა. თუმცა აშშ-ში ისინი 1930 წლამდეც კი მოძრაობდნენ. XIX საუკუნის მიწურულიდან და XX საუკუნის დამდეგიდან შიდაწვის ძრავის გამოჩენამ და ბენზინის საწვავის გამოყენებამ ავტომობილის ისტორიაში ორთქლის ძრავების ეპოქას წერტილი დაუსვა.

მიხეილ ბარნოვი, თსუ-ის ისტორიის დოქტორანტი

ჟურნალი "ისტორიანი",#37