1800 წლის წინანდელი სათამაშო ბაგინეთიდან - კვირის პალიტრა

1800 წლის წინანდელი სათამაშო ბაგინეთიდან

II-III საუკუნის კერამიკა, სარძევე და მინის ჭურჭელი, ხელადები, სანელსაცხებლეები და 1800 წლის წინანდელი სათამაშო ნიღბიანი კაცის გამოსახულებით - ყველა ეს არტეფაქტი არმაზციხე-ბაგინეთის განახლებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამოავლინა.

იქ, სადაც ძველი მცხეთის ცენტრალური ნაწილი და სამეფო რეზიდენცია მდებარეობდა, 250 კვმ ფართობზე მეცნიერებმა ერთმანეთთან ღიობებით დაკავშირებული ყაზარმული ტიპის ათი ნაგებობა აღმოაჩინეს. ასევე გამოვლინდა ორი ტიპის ბრტყელი და ღარიანი ე.წ. მცხეთური კრამიტი.

ექსპედიციის წევრებს აღმოჩენილი მასალებით დასახლების ზუსტი დანიშნულებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესის განსაზღვრა ჯერ უჭირთ.

ვახტანგ ნიკოლაიშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის არმაზციხე-ბაგინეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი): - აღმოჩენილი მასალა, ძველად გამოვლენილ ნაგებობებთან ერთად, ახალ ინფორმაციას გვაწვდის მშენებლობის შესახებ. თითო-ოროლა არქიტექტურული დეტალიც გამოჩნდა. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წყაროა დედაციხის გეგმის გამოსაკვეთად.

არმაზციხე-ბაგინეთი ერთ-ერთი განვითარებული არქეოლოგიური ძეგლია. ბაგინეთის განახლებული კვლევა მეორე წელიწადია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმართავს.

ქართლის უძველესი დედაქალაქის, მცხეთის სამეფო რეზიდენცია პირველად 120 წლის წინ ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით გამოიკვლიეს. მაშინ აღმოჩნდა ბაგინეთში I საუკუნის პოლიქრომული ფერწერის ნაშთი - ფრესკის ნატეხი ქალი-ღვთაების გამოსახულებით, რაც ამ ეპოქისთვის იშვიათია. მოგვიანებით, 1943-1948 წლებში აკადემიკოსების, სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით გამოვლინდა სამეფო სასახლე - ე.წ. "სვეტებიანი დარბაზი", რომაული ტიპის აბანო, ზღუდე-გალავნისა და ოთხკუთხა კოშკების ნაწილები, ქვათლილებით ნაგები სამეფო აკლდამის ნაშთი და ერთიანი ქვისგან გამოთლილი ორფერდა სახურავიანი სარკოფაგი, რომელიც შეიცავდა ოქრომჭედლობის (II-III სს.) უმდიდრეს ნიმუშებს.

1993-1998 წლებში მიაკვლიეს ახ.წ. პირველი საუკუნეების ტაძარს მარნით, რომაული ტიპის ორ აბანოს, აუზსა და ბერძნულ ენაზე შესრულებული ეპიგრაფიკულ ძეგლებს, რომლებიც ქართლის (იბერიის) სამეფო კარზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე მოგვითხრობს. ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ წლეულს მუშაობა არმაზის ციხეზეც განაახლა.

ტაძრის დასავლეთით აღმოჩნდა ქვათლილებით ნაგები და როგორც ჩანს, კრამიტით დაბურული შენობები, სადაც დადასტურდა: მოზაიკური ფილები, კირხსნარისგან დამზადებული პროფილირებული არქიტექტურული დეტალები, სავარძლის ბრინჯაოს მორთულობა, ბრინჯაოს სარკე, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნაწილები და სხვ.

უკვე გამოვლენილ ნაგებობებს - დედოფლის აბანოს, წარმართულ ტაძარს, ორსენაკიან ნაგებობას, სვეტებიან დარბაზს, ერთნავიან ეკლესიას, კონსერვაცია გაუკეთდა.

ჟურნალი "ისტორიანი",#37