ხელოვნება ტყვეთა ბანაკებიდან - კვირის პალიტრა

ხელოვნება ტყვეთა ბანაკებიდან

1863 წლის 27 ნოემბერს ტოპოგრაფიის ინჟინერი რობერტ ნოქს სნედენი აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ბრენდი სტეიშენთან კონფედერატებმა დააკავეს.

ჯარისკაცებს ჯონ სინგლეტონ მოსბი მეთაურობდა. ეს ტოპოგრაფიის ინჟინრის ტყვეობის დასაწყისი იყო. მან ექვს თვეზე მეტი დაყო სამოქალაქო ომის ტყვეთა ცნობილ ციხე ანდერსონვილში, რომელიც ჯორჯიის შტატის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობდა. ეს ციხე სამოქალაქო ომის სასტიკი ტანჯვის სიმბოლოა.

დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, სნედენი პირობით გაათავისუფლეს და ისაია უაიტის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. უაიტი ჯორჯიის შტატის აღმოსავლეთში, ახალაშენებულ სამოქალაქო ომის ტყვეთა ბანაკ კემპ ლოუტონში ექიმად მსახურობდა. პირობით გათავისუფლებამდე სნედენმა ამ ბანაკში ორი თვე გაატარა, თუმცა ციხისა და მისი შემოგარენის ნახაზების შექმნა მოასწრო. მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დასრულებისა და ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ სნედენმა ნახაზები აკვარელით გადაწერა.

ვირჯინიის ისტორიული საზოგადოების პროგრამული განვითარების მენეჯერი ენდრიუ ტალკოვის თქმით: "იმ პირობით, რომ არ გაიქცეოდა, სნედენი ბანაკის სამხედრო ქირურგთან კლერკად მუშაობდა, ამის გამო მას ბანაკის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა".

სნედენის პირადი არქივის მცველი სწორედ ტალკოვია. პირადი მოგონებები 5 ათასამდე გვერდია და კემპ ლოუტონის სურათებსაც მოიცავს. სნედენის სურათები უფრო ღრმა წარმოდგენას გვიქმნის ციხეზე, იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ტყვეები, ასევე კონფედერატების ბანაკზე, რომელიც ციხეს გარს აკრავდა.

სწორედ ეს მხატვრული ნამუშევრები დაეხმარა არქეოლოგებს სამოქალაქო ომის ტყვეთა იმ ბანაკის გათხრებისთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრისას, სადაც სნედენმა 150 წლის წინ მცირე დრო დაყო.

ვირჯინიის ისტორიული საზოგადოების კურატორი, დოქტორი უილიამ რასმუსენი ამბობს, რომ სნედენს საოცარი მხედველობითი მეხსიერება ჰქონდა და შესანიშნავად მოახერხა ესკიზების ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნა, ასევე სამოქალაქო ომისდროინდელ ტყვეთა ცხოვრების აღდგენა.

მომზადებულია Archaeology Magazine-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#37