მშვილდოსნობა - იარაღი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო - კვირის პალიტრა

მშვილდოსნობა - იარაღი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

ადამიანი უხსოვარი დროიდან აიძულა გარემოებებმა, გამომგონებლობისთვის მიემართა. ერთ დღეს მან დაასკვნა, რომ მამონტებსა და ვეფხვებთან პირისპირ შებმა არცთუ ჭკვიანური იყო...

პირველყოფილი კეტის სროლა არცთუ დიდი შედეგის მომტანი ჩანდა - რა ძალითაც უნდა მოექნია, ძალიან მცირე იყო ალბათობა, საგრძნობი ზიანი მიეყენებინა თუნდაც რამდენიმე ნაბიჯში მყოფი გამძვინვარებული ნადირისთვის.

ადამიანის წინაშე ორმაგი ამოცანა იდგა: მხეცთან ბრძოლისას ხიფათისგან თავი რაც შეიძლება შორს უნდა დაეჭირა, ამასთან, უნდა ყოფილიყო ცხოველზე სწრაფი, რათა დაესწრო და მისთვის უფრო მეტი და ღრმა ჭრილობები მიეყენებინა.

პირველყოფილი მეიარაღეები

პირველყოფილი ადამიანი ამ ორმაგ ამოცანაზე ათასწლეულები უშედეგოდ იმტვრევდა თავს, თუმცა დრო მთლად ფუჭად მაინც არ დაუკარგავს. ჯერ წამახვილებული პირის მქონე ქვის იარაღისგან ხელშუბი შექმნა, შემდეგ კი მისი მარჯვედ ტყორცნაც ისწავლა.

ვარაუდობენ, რომ მშვილდ-ისარი პირველყოფილი კონსტრუქციის ხაფანგისგან წარმოიქმნა, როცა ხელშუბს მოდრეკილ ტოტზე ამაგრებდნენ. ხაფანგი ნადირის შეხებისას ამოქმედდებოდა. ამგვარად, ერთბაშად გამოთავისუფლებული ენერგიის წყალობით ხელშუბს ცხოველი დიდი ძალითა და სისწრაფით უნდა განეგმირა.

პარადოქსია, მაგრამ დღეს ეს კონსტრუქცია მშვილდზე რთული გვეჩვენება - ამ უკანასკნელზე მარტივი ხომ არაფერი შეიძლება იყოს: აიღე დრეკადი ტოტი, ზედ გადაჭიმე ლარი და ისარი ისროლე!!! მაგრამ ჩვენი შორეული წინაპრისთვის ყველაფერი ასეთი ადვილი და მარტივი არ ყოფილა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ თოკი ჯერ კიდევ არ არსებობდა. აქ საქმე გვაქვს აზროვნების სტერეოტიპებთან, იმიტომ რომ ლაპარაკია სრულებით ახალი ტიპის იარაღზე, ერთდროულად მარტივსა და გენიალურ მექანიზმზე.

ბუნებრივად ჩნდება კითხვები - ვინ იყო ის გენიოსი, ვინც მშვილდ-ისარი პირველმა გააკეთა? სად ცხოვრობდა ან როგორ მოუვიდა აზრად მისი შექმნა?

გამომგონებლის წარმომავლობასა თუ საცხოვრებელ მისამართზე, სამწუხაროდ, ისტორია დუმს. რაც შეეხება შექმნის თარიღს, მშვილდის გამოგონებას მეცნიერები გვიანდელი პალეოლითის ბოლოსა და მეზოლითის დასაწყისს უკავშირებენ. უძველესი აღმოჩენები, რომლებიც ამ იარაღს უკავშირდება, ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებით თარიღდება.

ამასთან, ცხადი ხდება, რომ მშვილდ-ისარი დედამიწის ზურგზე პრაქტიკულად ყველა უძველეს ხალხში იყო გავრცელებული. ხმელეთის ერთადერთი ნაწილი, სადაც მის შესახებ XIX საუკუნემდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ავსტრალია და ოკეანეთი იყო.

ახალი გამოგონების მისამართით მაშინდელი რეტროგრადების ქირქილი ალბათ ზუსტად იმდენ ხანს გასტანდა, რამდენიც გამომგონებლებს მიზანში ოსტატურად სროლის სწავლისთვის დასჭირდებოდათ...

1886 წელს, ბერლინის ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელმა ადოლფ ბასტიანმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოძიებული მშვილდ-ისრების დახარისხებისას აღმოაჩინა, რომ ეპოქისა და წარმომავლობის მიუხედავად, მშვილდის დამზადების ტექნოლოგია სულ რამდენიმე ძირითად სახეობად იყოფა. მანვე დაასკვნა, რომ მშვილდ-ისრის სტრუქტურის მეშვეობით შეიძლებოდა განსაზღვრა, განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფებოდა საზოგადოება.

მსოფლიოს დამპყრობელი იარაღი

გავიდა დრო, მშვილდი უფრო მძლავრი გახდა, ისარი კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაფრთიანდა. ერთ დროს სანადირო იარაღმა, მას შემდეგ, რაც საბრძოლო დანიშნულებაც შეიძინა, მთავარსარდლები აიძულა, ბრძოლის ტაქტიკასა და სტრატეგიაში ცვლილებები შეეტანათ.

თავდაპირველად თუ მშვილდოსანთა დანაყოფი ქვეითი იყო, შემდეგ ისინი ცხენებზე შესხდნენ. ამხედრებულმა მოისრებმა კი ბრძოლის ველზე უპირატესობა და დიდება მალევე მოიპოვეს.

მაგალითად, სპარსელებმა მშვილდოსანი მონეტაზეც კი გამოსახეს, ხოლო მშვილდ-ისრის ფლობას ბავშვობიდან ეჩვეოდნენ.

მეომრის აღზრდაში მშვილდოსნობის ხელოვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველი ბერძნები, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლას ხმლით ამჯობინებდნენ. ცნობილია, რომ მაკედონიელთა სასწავლო სპორტულ-სამხედრო კომპლექსში მშვილდოსნობა აუცილებელ დისციპლინად მანამ შედიოდა, სანამ ალექსანდრე დიდის იმპერია დაეცემოდა...

განსაკუთრებული სახელი ისტორიაში დაიმკვიდრა აზიური ტიპის მშვილდმა (მას სკვითურსაც უწოდებენ). ის ერთმანეთზე წებოთი ან სალტეებით მიკრული ხის მერქნისა თუ რქის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ამ მეთოდით დამზადებული მშვილდი დრეკადობითა და გამძლეობით გამოირჩეოდა. საერთოდ კი კომპოზიტური, ანუ რამდენიმე მასალისგან დამზადებული მშვილდები პირველად ეგვიპტელებმა შექმნეს, რომლებიც ლარისთვის ცხვრის ნაწლავს იყენებდნენ. ეგვიპტელი მშვილდოსნები საბრძოლო ეტლებით მოძრაობდნენ და ბრძოლისას მოწინააღმდეგეს დიდ ზიანს აყენებდნენ.

მშვილდოსანი მხედრები პირველმა კართაგენის მხედართმთავარმა ჰანიბალმა გამოიყენა დაპყრობით ომებში (ახ.წ. 260 წელი). თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განთქმული მშვილდოსნები მაინც მონღოლები იყვნენ. ჩინგის-ყაენის (1162-1227) უდიდესი იმპერიის შექმნა დიდწილად სწორედ უბადლო მონღოლი მხედრების დამსახურება იყო, რომელთაც გაჭენებული ცხენის უნაგირზე გამართულად მდგომთ მშვილდიდან სროლა ოთხივე მხარეს შეეძლოთ.

მონღოლებს შეიარაღებაში ორი მშვილდი ჰქონდათ - მოკლე, ცხენიდან სროლისთვის და გრძელი - ქვეითად გამოსაყენებლად. განსაკუთრებით მძლავრი ეს უკანასკნელი ყოფილა, ამბობენ, ისარს 400 მეტრზე(!) ისროდაო.

არანაკლებ პოპულარული იყო მშვილდ-ისარი არაბთა შორის, ხალიფატის ხანაში (VII-XIII სს.). მათი ტაქტიკა ბრძოლის დაწყებამდე ბედუინურ თარეშს გულისხმობდა, რომელიც მოულოდნელობასა და სისწრაფეს ეფუძნებოდა. მოისარ მხედართა თარეშის მიზანი მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში არეულობის შეტანა იყო. ხოლო როცა საქმე ძირითადი შენაერთების შეტაკებამდე მივიდოდა, ბრძოლაში ქვეითი მშვილდოსნები ერთვებოდნენ.

მშვილდოსნობა, როგორც საბრძოლო ხელოვნება, პოპულარული იყო იაპონიაშიც, სადაც იგი ორი მიმართულებით განვითარდა (კიუდო და იაბუსამე). სხვათა შორის, ჩინელებს მიაწერენ კონდახზე ჰორიზონტალურად დამაგრებული მშვილდის - არბალეტის გამოგონებას. მას კარგად ფლობდნენ იმპერატორებიცა და მეომრებიც.

ამრეზით უცქერდნენ მშვილდ-ისარს ძველ რომში. რომაელები არა მხოლოდ მის საბრძოლო მნიშვნელობას აკნინებდნენ, მას "არაკაცურ" იარაღადაც მიიჩნევდნენ, რომლის ტარება, მათი აზრით, ღირსეულ მებრძოლს არ შეშვენოდა. მათთვის მშვილდიდან სროლა მხოლოდ ეგზოტიკური გართობა იყო, ისიც ვიწრო წრეში და არამც და არამც დიდ არენებსა და სპორტულ ფორუმებზე.

რომაელთა ასეთი უდიერი დამოკიდებულება ამ იარაღისადმი ადვილად ასახსნელია. მათ ლეგიონებს რომ მშვილდ-ისარი მოემარჯვებინათ, სანაცვლოდ მძიმე ფარზე, შუბზე, მოკლე მახვილსა და მწყობრ ნაბიჯზე უნდა ეთქვათ უარი, რომელთა წყალობითაც უზარმაზარი იმპერია შექმნეს...

ევროპული მშვილდოსნობის განვითარებაში დიდი წვლილი კარლოს დიდმა (ფრანკთა მეფე 768-814 წლებში) დაიდო, რომელმაც საგანგებოდ ბრძანება გასცა მშვილდისთვის საუკეთესო მასალად მიჩნეული ურთხმელის მთელ სამეფოში დარგვის შესახებ.

მოგვიანებით, მშვილდოსნობის გასავითარებლად, ინგლისში ხელისუფალნი საკანონმდებლო ინიციატივითაც კი გამოვიდნენ, თუმცა ამას წინ მწარე გაკვეთილი უძღოდა - 1066 წელს, ჰასტინგზის ბრძოლაში, ნორმანდიის ჰერცოგ უილიამ I დამპყრობლის (ინგლისის პირველი ნორმანი მეფე 1066-1087 წლებში) მშვილდოსნებმა შავი დღე აყარეს მეფე ჰაროლდის კავალერიას.

გადმოცემის თანახმად, თავად ინგლისელთა მეფეს ბრძოლის ველზე ნორმან მშვილდოსანთა მიერ ნასროლმა ბრმა ისარმა მოუსწრაფა სიცოცხლე, რომელიც თვალში მოხვდა.

ამ ბრძოლის წაგებას მოგვიანებით ინგლისში კანონის გამოცემა მოჰყვა, რომელიც 16-იდან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს მშვილდ-ისრის სათანადოდ ფლობას ავალდებულებდა. ამით ინგლისელებმა ხეირი საფრანგეთთან ასწლიან ომში ნახეს.

1346 წლის 26 აგვისტოს, კრესის ბრძოლის დროს, ედუარდ III-ის 12 ათასმა მშვილდოსანმა ფილიპ VI დე ვალუას 40-ათასიან არმიას აჯობა. აღსანიშნავია, რომ ფილიპის ჯარი 7 ათას გენუელ არბალეტის მსროლელს ითვლიდა და შემთხვევითი არ არის, რომ კრესის ბრძოლას მშვილდ-ისრისა და არბალეტის ყველაზე დიდ პაექრობადაც მიიჩნევენ.

საზოგადოდ, არბალეტი გაცილებით მძლავრი იარაღია, მოკლე დისტანციაზე კი უფრო ზუსტიც. თუმცა, მშვილდთან შედარებით, მას სროლის დაბალი სიხშირე აქვს. სამხედრო საქმის მცოდნეთა შეფასებით, არბალეტი მშვილდზე ეფექტიანი მხოლოდ ციხესიმაგრეების დაცვისას იყო და რაც ყველაზე საინტერესოა, მეცნიერები ამ ორი იარაღის ნათესაობას არ ცნობენ და მიაჩნიათ, რომ არბალეტის წინაპარი უფრო ბერძნული კატაპულტია.

შუა საუკუნეების ევროპულ და კერძოდ, ინგლისურ მშვილდოსნობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით იმ ეპოქის ბალადების გმირს, რობინ ჰუდს. შერვუდის ტყის ყაჩაღთა მეთაური, რომელიც მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა, სწორედ მშვილდ-ისრის უბადლო ფლობით იყო განთქმული. არაერთი მხატვრული ნაწარმოების გმირის პროტოტიპის ვინაობა დაუდგენელია, სავარაუდოდ კი რობინ ჰუდი XIV საუკუნის ინგლისში ცხოვრობდა.

მშვილდოსნობა საქართველოში

ცალკე უნდა ითქვას ქართულ მშვილდოსნობაზე. მშვილდ-ისარი ჩვენში უხსოვარი დროიდან იყო გავრცელებული, რაც არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალებით, ზეპირსიტყვიერებით, ლიტერატურული თუ სხვა წერილობითი წყაროებით დასტურდება.

თრიალეთში აღმოჩენილ ძვ.წ. VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია უძველესი კაჟის ბუნიკი, რომელსაც პალეოლითის ხანას მიაკუთვნებენ.

ცნობილი ფრანგი ვაჭარი და მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე (1605-1689) აღწერს, რომ "ქართველები მშვილდ-ისარს ხმარობენ საოცარი სიმარდით და მთელ აზიაში საუკეთესო სახელი აქვთ განთქმული".

საყურადღებოა ძველბერძნულ მითებში მოხსენიებული ამორძალებიც, რომლებიც თქმულებების თანახმად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე, კავკასიაში ცხოვრობდნენ. მითური მებრძოლი ქალები განსაკუთრებით გაწაფულნი მშვილდ-ისრის გამოყენებაში ყოფილან, ხოლო წარმატებით სროლისთვის მარცხენა ძუძუს ბავშვობიდანვე იდაღავდნენ.

ბრძოლის ველიდან სპორტულ ასპარეზზე

ისტორიას არ მოეპოვება წყარო იმის დასადგენად, როდის გაიზუზუნა ბოლოჯერ ისარმა ომში და როდის მოზიდეს მშვილდი პირველად სპორტულ სასროლეთზე. თუმცა მშვილდ-ისრის, როგორც ბრძოლის ველზე ფართოდ გამოსაყენებელი იარაღის მზე, XIX საუკუნეში ჩაესვენა.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მშვილდ-ისრიდან მიზანსა თუ მანძილზე სროლაში ვარჯიში და შესაბამისად, სპორტული ინტერესით შეჯიბრება იმ დღიდან იარსებებდა, რაც ეს იარაღი არსებობს. ამგვარი ასპარეზობები სხვადასხვა ქვეყანაში უხსოვარი დროიდან ეწყობოდა და გამარჯვებულებს მრავალფეროვანი პრიზებით აჯილდოებდნენ.

ცნობილია, რომ 1766 წელს მავანმა ჯენტლმენმა, სახელად ტომას უეირნგმა, ლონდონის ცენტრში, იქ, სადაც დღეს ლესტერ-სკვერია, ისრის მიზანში სროლაში ასპარეზობა გამართა და ზოგიერთები მშვილდოსნობის, როგორც სპორტის სახეობის ჟამთა აღწერას იმ დღიდან აწარმოებენ.

სხვები მიიჩნევენ, რომ სპორტული მშვილდოსნობის პიონერები ბელგიელები არიან, რომლებმაც ჯერ კიდევ 1381 წელს, წმინდა სებასტიანის სახელობის დიდი სამეფოს ნაფიც მშვილდოსანთა საზოგადოება დააარსეს...

რაზეც არ დაობენ, არის ის, რომ პირველი ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 1879 წელს ჩიკაგოში გაიმართა. ხუთი წლის შემდეგ მსგავსი შეჯიბრება უკვე დიდ ბრიტანეთში მოეწყო, 1897 წელს კი პარიზში გაიხსნა პირველი სასროლეთი მშვილდოსნებისთვის.

1900 წელს მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი. 1920 წლის შემდეგ მშვილდოსნებმა ზედიზედ ათი ოლიმპიადა გამოტოვეს, თამაშებში ის 1972 წლიდან კვლავ შეიტანეს.

სპორტული მშვილდოსნობის განვითარების ახალი ეტაპი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 1931 წელს დაფუძნდა საერთაშორისო ფედერაცია. დღეს სპორტის ეს სახეობა მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

მშვილდოსნობას, როგორც სპორტის სახეობას, საქართველოში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მისდევენ. ევროპისა და მსოფლიო ასპარეზზე ქართველ სპორტსმენებს არაერთი წარმატება ჰქონიათ. მათგან გამოსარჩევი ქეთევან ლოსაბერიძის მიღწევაა, რომელმაც 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, 1973 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1980 წელს ქეთევან ლოსაბერიძემ მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალიც აიღო.

გელა უშარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#37