პირველი ქართული მხატვრული ფილმი 100 წლისაა - ალექსანდრე წუწუნავას გამოუქვეყნებელი ფოტო - კვირის პალიტრა

პირველი ქართული მხატვრული ფილმი 100 წლისაა - ალექსანდრე წუწუნავას გამოუქვეყნებელი ფოტო

2018 ქართული მხატვრული კინოს საიუბილეო წელია. სწორედ ერთი საუკუნის წინ დაასრულა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ პირველი მხატვრული ფილმის, (მუნჯი/დრამა) "ქრისტინეს" გადაღება ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

ფილმში ერთი ლამაზი სოფლელი გოგოს ტრაგედიაა ასახული და მაყურებლის თანაგრძნობა და სიყვარულიც დაიმსახურა. მართალია, ფილმი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ ყოფილა, მაგრამ რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ სწორედ ამ ფილმით დაუდო სათავე ქართული მხატვრული კინოს ისტორიას... წლეულს ამ ფილმის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება.

"ქრისტინეს" გადაღებისა და მისი შემოქმედებითი კოლექტივის შესახებ საგულისხმო მასალები ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლის არქივში. მათ შორისაა ფილმის რეჟისორისა და სცენარის ავტორის ალექსანდრე წუწუნავას ახალგაზრდობის დროინდელი (გადაღებულია 1912 წელს) ექსკლუზიური ფოტო, რომელსაც პირველად ჟურნალ "ისტორიანში" ვაქვეყნებთ.

ალექსანდრე წუწუნავა

ფილმში ქრისტინეს როლს თეატრის მსახიობი ანტონინა აბელიშვილი ასრულებდა. ასევე მონაწილეობდნენ შემდგომში ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც იყვნენ ცეცილია წუწუნავა და ვასო აბაშიძე. აქვე გთავაზობთ კადრს პირველი ქართული მხატვრული ფილმიდან "ქრისტინე".

გიორგი კალანდია

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი", #88