კალიგულას "ოქროს გემები" ტბის ძირას - კვირის პალიტრა

კალიგულას "ოქროს გემები" ტბის ძირას

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალქვეშა არქეოლოგიური აღმოჩენა იყო კალიგულას ორი უზარმაზარი ხომალდის ამოღება ნემის ტბის ფსკერიდან.

რომის სამხრეთით, 30 კილომეტრში მდებარე ნემის ტბა ვულკანურ ქვაბულში წარმოიქმნა. მისი ფართობი 1,63 კვკმ-ია, მაქსიმალური სიღრმე - 33 მეტრი, ჩაფლულია ტყეში და მისი სახელწოდებაც ლათინურად კორომს ნიშნავს. ნემის ტბის მიდამოები ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზით. ვარაუდობენ, რომ ამიტომაც აირჩია კალიგულამ ეს ადგილი გასართობი მდიდრული ხომალდების ასაგებად. ისინი იმპერატორის მკვლელობის შემდეგ გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს ჩაძირეს.

უძველეს დროში რეგიონში მრავალ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, ანტიკურ პერიოდში კი ნემის ტბა ქალღმერთ დიანას დაუკავშირეს, წყლის ზედაპირსაც "დიანას სარკე" უწოდეს.

რომაელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუსი აღწერს კედრის ხისგან აგებულ ორ უდიდეს ბრტყელ ხომალდს, რომლებიც შემკული იყო მდიდრული ქანდაკებებით, იისფერი აბრეშუმის იალქნებით, ძვირფასი აბაზანებით, მოზაიკით დაფარული იატაკით, ფანჯრებისა და კარების ჩარჩოები კი ბრინჯაოსგან იყო დამზადებული. ხომალდებზე ასევე იყო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და ენით აუწერელი სილამაზის სამკაულები.

ამას გარდა, ხომალდებზე იყო გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები - ტყვიის მილების გამოყენებით, დგუშიანი ტუმბოები გემებს ცხელი და გამდინარე ცივი წყლით ამარაგებდნენ. ცალკე იყო სასმელი წყლის მილსადენი. მთელი ეს "სანტექნიკა" მოგვიანებით დაიკარგა და მხოლოდ შუა საუკუნეებში "აღმოაჩინეს" კვლავ.

ხომალდების ნაწილებს შემოახვიეს დატენიანებული ქსოვილები, რომლებიც გაჯერებული იყო ფისით, გამხსნელებითა და ფორმალინითაც კი, ხეტყის დაშლის შესაჩერებლად

ტბის ფსკერზე კალიგულას გემების არსებობის შესახებ საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი. 1444 წელს კარდინალმა პროსპერო კოლონამ დააპირა მათი ამოღება, თუმცა უშედეგოდ. 1827 წელს გემების ამოღება ვინმე ანესიო ფუსკონიმ სცადა - მოტივტივე დიდი პლატფორმა ააგო, თუმცა ამოღების მცდელობისას რამდენიმე გვარლი გაწყდა. ფუსკონი უფრო მტკიცე გვარლების მოსაძიებლად გაეშურა, დაბრუნებულს კი პლატფორმის ნაცვლად მოსახლეობის მიერ მისგან დამზადებული ღვინის კასრები დახვდა...

1880-იან წლებში ნემის ტბაზე ექსპედიცია მოაწყო ბრიტანეთის ელჩმა იტალიაში, რა დროსაც მყვინთავებმა ხომალდები მარმარილოსა და ბრინჯაოს ნივთებისგან "გაათავისუფლეს". ამას გარდა, ადგილობრივი მეთევზეებიც საგანგებო კაუჭებით გამუდმებით ახერხებდნენ ცალკეული არტეფაქტის მოხელთებას, რომელთაც ტურისტები ყიდულობდნენ.

საბოლოოდ, 1928 წელს მუსოლინის ბრძანებით ნემის ტბიდან ტუმბოებით წყლის გადაქაჩვა დაიწყო და 1932 წელს ფსკერზე ორი შესანიშნავად შენახული ხომალდი გამოჩნდა. ერთი ხომალდის სიგრძე 73, სიგანე კი 24 მეტრი იყო, მეორის სიგრძე-სიგანე კი 70 და 20 მეტრი. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მცურავ დიანას ტაძარს წარმოადგენდა, დიდი ხომალდი კი - მცურავ სასახლეს.

ნემის ტბა რომიდან 30-მდე კილომეტრშია

გაირკვა, რომ დიდ გემზე მენიჩბეები ჰყავდათ, მომცრო კი მხოლოდ ბარჟის პრინციპით მოძრაობდა. გემები ნაპირზე საგანგებოდ აგებული რკინიგზით ამოიტანეს და კონსერვაციის შემდეგ სპეციალურ მუზეუმში მოათავსეს. თუმცა, 1944 წელს, მეორე მსოფლიოს ომის დროს, მუზეუმიცა და გემებიც ხანძარმა გაანადგურა. დღეს მუზეუმი კვლავ ღიაა, ოღონდ იქ უკვე ხომალდების შედარებით მცირე მაკეტები დევს.

მომზადებულია rarehistoricalphotos.com--ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#88