XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მიმოხილვა
19-05-2018
XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მიმოხილვა
XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე - ამ პერიოდის დასავლეთი საქართველო შეიძლება დასახელდეს ფეოდალური ანარქიის ყველაზე ძნელად წარმოსადგენ მაგალითად. რეალურად ეს არის მეფე-მთავართა ურთიერთბრძოლის ისტორია.

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან სამეფო ტახტზე უკვე არა მხოლოდ ბაგრატიონები, არამედ დადიანები, გურიელები, აბაშიძეები და ზოგიერთი სხვა გვარის დიდებულებიც კი ადიოდნენ (მათ შორის ჭუჭუნაშვილი, ბაგრატიონთა ნათესავი; ასევე ლიპარტიანი, თუმცა ლიპარტიანობა მაშინ არა გვარს, არამედ სამეგრელოს მთავრის უმაღლესი მოხელის ტიტულს გამოხატავდა). 1660 წლიდან 1720 წლამდე
იმერეთში მეფე 30-ჯერ შეიცვალა (ამათგან 7 მოკლეს). ასეთი არასტაბილურობა პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ზნეობრივ-მორალურ დაქვეითებას.

დაუსრულებელი შინაომების კვალდაკვალ, შეირყა სარწმუნოება, მოიშალა მეურნეობა, მოსახლეობა გაჩანაგდა ტყვეთა სყიდვით. ამ მეორედ მოსვლაში მეფეებისა და დიდებულების ერთადერთი საზრუნავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იყო ტახტის, გავლენისა თუ ქონების შენარჩუნება. ამ
მიზნით ისინი ჯერ მოყვრდებოდნენ, შემდეგ კი მაინც ხოცავდნენ ერთმანეთს: მამა-შვილი, სიძე-სიმამრი, ბიძა-ძმისშვილი... ყოველგვარი ზღვარი წაშლილიყო. ეს გახლდათ ტოტალური, საუკუნოვანი დაცემა.
1605 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე გიორგი III კონსტანტინეს ძე ავიდა.

1611 წელს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი გახდა.
ეს ის დადიანია, რომელსაც შემდგომ გურია ემორჩილებოდა და აფხაზეთის მთავრები ხარკს უხდიდნენ, მოკავშირეობას კი ქართლის მეფე როსტომ-ხანი უწევდა. ძლევამოსილმა და თავგასულმა მთავარმა თავის პირველ ცოლს, სეტემან შერვაშიძის ქალს, ღალატისთვის ცხვირი მოაჭრა და ისე გააგდო, ხოლო მასთან შეძენილი ორი ვაჟი მოაწამვლინა; მოხუც ბიძას, სამეგრელოს ყოფილ მმართველ გიორგი ლიპარტიანს კი მესამე ცოლი, ახალგაზრდა ნესტან-დარეჯანი (ჭილაძის ასული) წაართვა. შერვაშიძეს შემდეგ სამფლობელოც აუოხრა, შეურაცხყოფილ ლიპარტიანს კი ბოლომდე გაუთხარა საფლავი და მოაკვლევინა.

1613 წელს გიორგი III-მ კახეთისა და ქართლის მეფეები - თეიმურაზ I და ლუარსაბ II შეიფარა. შაჰ-აბასმა იმერეთის მეფეს მათი გაცემა მოსთხოვა: "ჩვენი ყმანი თქვენთან მოსრულანო, გამოგვიგზავნეთო, თორადა ჯარს გამოგიძახებთო", - წერს ფარსადან გორგიჯანიძე. "ქართლის ცხოვრების გაგრძელების" მიხედვით კი სპარსეთის მრისხანე მბრძანებელი გიორგი მეფეს ამის სანაცვლოდ "მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა" ავსებას ჰპირდებოდა. მაგრამ გიორგი III, ჯერ ერთი, განსაცდელში ჩავარდნილი სტუმრების გაცემას არ აპირებდა, და მეორე, მან კარგად იცოდა, რომ შაჰის მუქარა უსაფუძვლო იყო - იმერეთზე გალაშქრება ხომ 1612 წლის სტამბოლის ზავის დარღვევასა და ოსმალეთთან ომის განახლებას ნიშნავდა. აბას I იძულებული გახდა, იმერელი გვირგვინოსნის ელჩების - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს მალაქიასა და ლევან აბაშიძის პირით შემოთვლილი უარი მიეღო და ჯავრი ისევ კახეთზე ეყარა.
 მარიამ დადიანი. დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი
გიორგი III-ის არამყარმა მდგომარეობამ (იგულისხმება ძლიერი ფეოდალების თვითნებობა) აუცილებლობად აქცია მოკავშირეთა შეძენა სამეფოს შიგნით. ამის მეტ-ნაკლებად საიმედო საშუალებას დინასტიური ქორწინებები წარმოადგენდა. 1618 წელს, თეიმურაზ I-ის ინიციატივით, გიორგი მეფის ვაჟმა ალექსანდრემ ცოლად შეირთო მამია II გურიელის ასული თამარი, მაგრამ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გააუარესა - დედოფალი "ცილწამებულ იქმნა მემრუშედ" და ალექსანდრემ ის შვილითურთ სასახლიდან გაუშვა (ანუ მემკვიდრის, ბაგრატის წარმომავლობა მას საეჭვოდ მიაჩნდა). მამია გურიელმა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, პირად შეურაცხყოფად მიიღო და ის ამჯერად ლევან დადიანს დაუმოყვრდა (დადიანის და მარიამი მამიას შვილს - სვიმონს მიათხოვეს).

მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებს გიორგი III-ის მიერ დევნილი თავადი პაატა წულუკიძეც შეუერთდა და ამ ბანაკის ლიდერმა - სამეგრელოს მთავარმა დაიწყო ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომი დასავლეთ საქართველოში ერთპიროვნული ბატონობისთვის.

1623 წელს გიორგი III-მ ოდიშის დალაშქვრა გადაწყვიტა, მაგრამ დადიანმა დაასწრო და ოდიშარ-აფხაზ-ჯიქთა ლაშქრით იმერეთში შეიჭრა. გოჭოურის ბრძოლაში, ქუთაისის მახლობლად, მეფემ მძიმე მარცხი იწვნია. ლევან II-მ "შეიპყრნა მრავალნი წარჩინებულნი და მდაბიურნი, აღიღო ალაფი და იავარი" (ისტორიკოსის სიტყვით, ოდიშის მთავარმა უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - მეფის დიდებულებს თავი ფულით დაახსნევინა). მისი პოლიტიკური პირველობა დასავლეთ საქართველოში აშკარა გახდა.

ამის შემდეგ "მპყრობელი იმერეთისა გიორგი და დადიანი შურად ედგნენ ერთმანეთსა და იყო ხდომა და შური ურთიერთას, აოხრებდნენ ქვეყანასა ურთიერთას" ("ქართლის ცხოვრების გაგრძელება").
სიმონ გურიელი
ურჩი მთავრის წინააღმდეგ თანამოაზრეების ძებნაში გიორგი III-მ ურთიერთობა დაამყარა გიორგი სააკაძესთან (დიდი მოურავი მას ალექსანდრე ბატონიშვილის ქართლ-კახეთში გამეფებას სთავაზობდა, რაც საქართველოს გაერთიანებას ნიშნავდა) და 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლაში ჯარიც მიაშველა, მაგრამ სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადავიდა, იმერეთის მეფემ კი ისევ თეიმურაზ I-თან - ბაზალეთის ტრაგედიაში "გამარჯვებულთან" დაახლოება გადაწყვიტა (თეიმურაზის ბრძანებით ტყვე იმერლებს მაშინ თითო ყური დააჭრეს). ქართლ-კახეთის მეფესაც მოკავშირე ჰაერივით სჭირდებოდა და, ამდენად, 1631 წელს თეიმურაზმა თავისი ასული დარეჯანი (ზურაბ ერისთავის ქვრივი. არაგვის ერისთავი მეფე-სიმამრმა საფურცლეში ნადიმზე მოაკვლევინა) ალექსანდრე გიორგის ძეზე დააქორწინა.

ამასობაში კი (1625 წ.) მამია გურიელი საკუთარმა შვილმა სვიმონმა მოკლა, ლევან II-ის წინააღმდეგ კი შეთქმულება მოეწყო, რა დროსაც მთავარი მსუბუქად დაჭრეს. დადიანმა სასტიკად დასაჯა მისი ყველა მონაწილე - უმცროს ძმა იესეს თვალები დასთხარა, დააბრმავა სიძეც, მამის მკვლელი სვიმონ II გურიელი, რომელსაც ცოლ-შვილი წაართვა და ბერად აღკვეცა (იგი იერუსალიმში გაემგზავრა და ღრმა მოხუცებულობამდე იქ ცხოვრობდა). გურიის სამთავროს ტახტზე, ვახუშტის ცნობით, ქაიხოსრო I გურიელი (ვახტანგ I გურიელის ვაჟი) დასვა, ევროპული და რუსული წყაროების თანახმად კი - მამია II-ის ძმა, დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი მალაქია. ამ სვლით დადიანმა გურია თავისი გავლენის ქვეშ სრულად მოაქცია და აფხაზეთზე კონტროლიც გააძლიერა (შეთქმულებაში შერვაშიძის მონაწილეობით განრისხებულმა მისი სამთავრო კიდევ ერთხელ დაარბია და მრავალი ტყვეც წამოასხა).
მეფე თეიმურაზ I. დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი
როგორც ვხედავთ, ოდიშის მთავარმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მიუხედავად ამისა, გიორგი III-ისა და თეიმურაზ I-ის პოლიტიკური დაკავშირების, ირან-ოსმალეთის მიერ ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზის ცნობისა და იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეების დამოყვრების შემდეგ, ლევან დადიანი იძულებული გახდა, შერიგებოდა (რა თქმა უნდა, დროებით) თავის "ბატონს" და მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო თეიმურაზ I-ის მოწყობილ ლაშქრობაში განჯა-ყარაბაღის მიმართულებით.

მდგომარეობა მკვეთრად მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი III-მ მოკავშირე დაკარგა თეიმურაზის სახით და ქართლის ტახტზე შაჰისგან ზურგგამაგრებული როსტომ ბაგრატიონი ავიდა. 1633 წლის მიწურულს იმერეთის მეფე თავს დაესხა საჩხეიძოში დაბანაკებულ ლევან დადიანს, რომელიც ქართლიდან სამოყვროდ წამოსულ ძვირფას სტუმარს, როსტომ-ხანს მოელოდა. გიორგი მეფეს უნდოდა, ხელი შეეშალა ურჩი მთავრისა და ქართლის ვალის ამ მისთვის სახიფათო დამოყვრებისთვის (68 წლის როსტომი დადიანის დას, სვიმონ გურიელის ნაცოლარს, მარიამს ირთავდა). ბაღდადში გამართულ ბრძოლაში იმერეთის მეფეს მისმა ყმებმა - მიქელაძეებმა უღალატეს და გიორგი III ტყვედ ჩავარდა. დადიანმა იგი ციხეში გამოჰკეტა.

ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში დაყოვნება არ შეიძლებოდა და ალექსანდრე III სასწრაფოდ აკურთხეს იმერეთის მეფედ. დატყვევებული მეფე-მამის გამოხსნა მან მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო დიდი გამოსასყიდის - ძვირფასეულობისა და ყმა-მამულების გაღებით. გიორგი III 1639 წელს გარდაიცვალა.
ოსმალეთის მთავრობა კი უკმაყოფილო იყო ვასალის - ლევან დადიანის პოლიტიკით, რომელიც მიმართული იყო დასავლეთ საქართველოში ერთმმართველობის დამყარებისკენ. დამპყრობლებს, რა თქმა უნდა, ურთიერთმოქიშპე და დასუსტებულ პოლიტიკურ ერთეულებად დაშლილ ქვეყანაში უფრო ადვილად შეეძლოთ ფეხის მოკიდება. ამიტომაც იყო, რომ, ალექსანდრე III-ისგან 4.700 პიასტრის მიღების შემდეგ, მათ ოდიშის მთავარს უბრძანეს, იმერეთს დახსნოდა. დადიანმა სიუზერენის ბრძანება არაფრად ჩააგდო და მეფის სამფლობელოს კვლავ სისტემატურად არბევდა.

ვითარება კიდევ უფრო გართულდა თეიმურაზ I-ის საბოლოო დამარცხებისა და დადიანის ძლიერი მოკავშირის - როსტომის გამარჯვების შემდეგ. განსაცდელში ჩავარდნილმა თეიმურაზმა არანაკლებ განსაცდელში მყოფ ალექსანდრეს შეაფარა თავი.
იმერეთის მეფის მძიმე მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს სოფელ ფხოტრერის ეკლესიის ხატის წარწერა, რომელშიც ლევან დადიანი თავს იწონებს: "ჩუენ მივედით და სოფია წმიდის საყდარი მეთოფეებით აევსო და გაემაგრებინა. უყავით ღამით იერიში და საყდარი წავართვით...
მამია II გურიელი. დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი
ჯებირს გარეთ ორი დიდი ქვის პალატი იყო ძველითგან ნაშენები... სოფია წმიდის საყდართანა დიდი ზარბაზანი მივიტანეთ და იქიდაღმა დავუწყეთ სროლა და ცემა იმ ქვის სახლებსა, და დავამტრიეთ ზარბაზნებითა, და მრავალი კაცი შიგ მდგომნი დავხოცენით... მეფემ გამოაშველა ლაშქარი... საკვირველი ომი შეიქნა, მრავალი კაცი დაიხოცა იქითაცა და აქეთაცა... სასახლის ქვის სახლებს დავუწყეთ ზარბაზნებითა სროლა და ცემა... გაუსივეთ ლაშქარი გაღმა ქუთაისის ქალაქსა, დავსწვით და მოვაოხრეთ, მრავალი ვიშოვეთ, და წამოვედით გამარჯვებული".

ერთ კვირაში დადიანმა კვლავ გაილაშქრა მეფეზე და, მისივე სიტყვებით, ხუთჯერ მეტი ალაფი იშოვა და ტყვეები წამოასხა. თებერვალში ოდიშარებმა "დაუწვავი და აუოხრებელი არ დააგდეს რა... ქუთაის ციხიდაღმა მეფე და სრულ იმერელი ლაშქარი შეყრილი თვალით გვიმზერდნენ, მისის თემისა და ქვეყნის ამოწყვეტას ხედავდა, იმდენი სანაშოვარის ტყვეების ჟღივილი ყურით ესმოდა, მაგრამ ციხიდაღმა თავი არ გამოყვეს და ვერცარა დაგვაკლეს, ასე შევარცხვინეთ და წამოვედით ოდიშს გამარჯვებული" (იხ. ექვთიმე თაყაიშვილის "ემიგრანტული ნაშრომები", დაბრუნება, II, თბ., 1991, გვ.: 467-469).
განსაკუთრებით ცუდი ჟამი მაშინ დაუდგა იმერეთის მეფეს, როცა მისი უმცროსი ძმა, დადიანის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მამუკა ბატონიშვილი ერთ-ერთი შეტაკებისას (1647 წ.) ტყვედ ჩავარდა. მის გამოსახსნელად ალექსანდრემ ერთადერთი ვაჟი ბაგრატი თავგასულ ფეოდალს მძევლად გაუგზავნა, მაგრამ ოდიშის მთავარმა არც მეფისწული გამოუშვა თავისი სასახლიდან და არც მეფის ძმა - ციხიდან.
მეფე როსტომი. დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი
შეჭირვებულმა ალექსანდრემ, თეიმურაზის გავლენით, ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან და ელჩები რამდენჯერმე (1649, 1651, 1656) გაგზავნა. ალექსი რომანოვს იგი დადიანის წინააღმდეგ დახმარებას სთხოვდა. საპასუხო ელჩობა მოსკოვიდან 1650 წლის ზაფხულში ჩამოვიდა, მომდევნო წლის 9 ოქტომბერს კი იმერეთის მეფემ და მისმა დარბაზმა ხელი მოაწერეს რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს, მაგრამ ამას, როგორც ყოველთვის, რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

(დასასრული მომდევნო ნომერში)
იაგო ჭაავა
ჟურნალი "ისტორიანი",#88
lasha
20 მაისი 2018 13:30
უტრაკიგულესი პერიოდიი ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში