რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია - კვირის პალიტრა

რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია

საქართველო დასაბამიდან მტრისა და მოკეთის გარჩევის გზაჯვარედინზე იდგა. ჩვენი წინაპრები არჩევანს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აკეთებდნენ. მეზობელ ხალხებთან (და მტრებთან) გაწონასწორებული ურთიერთობის დამყარება ყველა ეპოქაში მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა. როცა იარაღი უძლური იყო, ძველად ქართველი პოლიტიკოსები დიპლომატიური მოქმედების გზას ირჩევდნენ და თუ შედეგს ვერ მიაღწევდნენ, ტრაგედიაც არ აყოვნებდა. წყაროებში ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად არის დაცული.

ნაწილი I

"კეთილი დამპყრობელი" მსოფლიო ისტორიაში არ არსებულა და არც დღეს არსებობს. უხსოვარი დროიდან ცივილიზაციაში გაჩნდა დიპლომატია - მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება. ისტორიის ქარტეხილებს ქართველები დიპლომატიითაც უმკლავდებოდნენ. ეს იყო გადარჩენის ერთ-ერთი გზა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს ურიცხვი ჯოჯოხეთური ბეწვის ხიდი გამოატარა. საუკუნეების განმავლობაში მეტ-ნაკლები შორსმჭვრეტელობით ყალიბდებოდა ურთიერთობა გარე სამყაროსთან.

მარათონის ბრძოლიდან მოყოლებული (ძვ.წ. 490 წელი), ქართველური ტომები ფიგურირებენ ძველი მსოფლიოს საომარ ოპერაციებში (მხედველობაში მაქვს ანტიკური ავტორები. მათზე ადრე უცხოელ დამპყრობელთა შესახებ ცნობებს ძველაღმოსავლური წყაროები გვაწვდიან). ისტორიის მამას - ჰეროდოტეს ჩვენი წინაპრები მოხსენიებული ჰყავს ბერძენ-სპარსელთა ომების (ძვ.წ. 500-449) ეპოქიდან, როგორც სპარსეთის არმიის მებრძოლები (თანამედროვე ტერმინოლოგიით - სტრატეგიული პარტნიორები).

საქართველო უხსოვარი დროიდან გარშემორტყმული იყო მტრული ძალებით და მათ თავდასხმებს სისხლის ღვრით უმკლავდებოდა. როცა ძალა არ ჭრიდა, ეძებდნენ გზებს მტრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ეს სულაც არ მიაჩნდათ დამაცირებელ და ღირსების შემლახველ ქმედებად. გულსატკენია, რომ თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები არ იცნობენ იმ ბრძნულ ქმედებებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინათ მიმართავდნენ და რომლებიც სავსებით შეესაბამებოდა იმდროინდელ მსოფლიო სტანდარტებს. თავი მოგვაქვს, რომ ვართ მრავალათასწლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის შვილები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს თურმე ბევრს არ ნიშნავს, მთავარია აზროვნების გათანამედროვება.

ბრძენი ციცერონის სიტყვებს - "ისტორია არის ცხოვრების მასწავლებელი", არ ივიწყებს დღემდე მოღწეული და მეტ-ნაკლები სილაღით მსუნთქავი ყველა ერი. საქართველოს ისტორიის "წმინდა წიგნი" - "ქართლის ცხოვრება" შესანიშნავად გადმოგვცემს ჩვენი წინაპრების დახვეწილ და გონივრულ მოქმედებას მრისხანე დამპყრობლებთან ურთიერთობისას. ხშირად იყო პერიოდები, როცა კოლხ-იბერთა მიწაზე სისხლის გუბეები იდგა.

უხსოვარ დროშიც იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, რომ სადაც მახვილი არ ჭრიდა, ასპარეზი სიტყვას ეთმობოდა. ამ სფეროშიც ერის წინამძღოლები ღირსეულ სიბრძნეს იჩენდნენ სულიერი სიმაღლის შესანარჩუნებლად (ზოგადქართული წინდახედულების ნათელი დადასტურებაა შოთა რუსთაველის სიტყვები: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი"). ითვალისწინებდნენ, რომ დაპირისპირება უხდებოდათ შხამიანი ქვეწარმავალების ურიცხვ გუნდთან და ასე იკვრებოდა საქართველოს "ფარი და მახვილი".

ფარსმან II

ხოლო როცა ფარისა და მახვილის ჰარმონიული შეხამება ირღვეოდა, წინა პლანზე გამოდიოდა შემთხვევით პირთა ნება, რაც ერის ინტერესებს დაცვის ნაცვლად აზიანებდა. როგორც წესი, ძველი ქართველები ამგვარ ვითარებას წარმატებით ართმევდნენ თავს, მაგრამ გამონაკლისებიც ხდებოდა, რომელთა შესახებ მატიანეები მოგვითხრობენ. მთლიანობაში, ქართულ წყაროებში თანამიმდევრულად არის ასახული სხვადასხვა ეპოქაში გამოვლენილი ცვლილებები საშინაო და საგარეო საკითხებში.

* * *

ქართული სახელმწიფოებრიობისა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის მესაძირკვლედ ეროვნული მატიანეები ერთხმად ასახელებენ ფარნავაზს. ლეონტი მროველის თხზულებაში "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" გადმოცემულია ლეგენდარული მეფის დიპლომატიური სრულყოფის სიმაღლე.

ფარნავაზი იყო გვაროვნული წყობილების რღვევის ზღვარზე მდგომი ქართველური ტომების ყველაზე გამოკვეთილი წინამძღოლი, რომელმაც გააერთიანა ტომობრივი დაქუცმაცებულობის იდეით მოაზროვნე პირველი ქართველები. ძალაუფლება ფარნავაზმა ბრძოლით მოიპოვა.

ებრძოდა წინამორბედს, აზონს, რომელიც უცხო ძალის მხარდაჭერით ბატონობდა ქართლზე. მომავალი გვირგვინოსნის მრავალმხრივობა ლეგენდარული გადმოცემების გვერდით, რეალური ფაქტორების სწორ ორიენტირებაში გამოვლინდა. მემატიანე გვაუწყებს, რომ ტახტისთვის ბრძოლის წინ ფარნავაზმა მოკავშირეთა ძლიერი გუნდი შეადგინა, რაც გამარჯვების წინა პირობა გახდა (ეგრისის ერისთავი ქუჯი, ჩრდილოეთკავკასიელი ტომები), უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიცვლებოდა დამოკიდებულება დანარჩენ ერისთავებთანაც, როცა ქვეყნის უპირველეს მიზნად ერთიანი სახელმწიფოს მოწყობა დაისახა.

ფარნავაზი თავიდანვე დიდი ყურადღებით ეკიდებოდა დინასტიური ქორწინების საკითხებს. ამაზე მეტყველებს მისი დაქორწინება კავკასიელ დურძუკთა ასულზე. ეგრისთან კავშირის განმტკიცების მიზნით, თავისი ერთი და ცოლად შერთო უერთგულეს თანამებრძოლს ერისთავ ქუჯის.

ვიდრე ბრძოლას დაიწყებდა, ფარნავაზმა აზონის ბანაკში განხეთქილება შეიტანა. ლეონტი მროველი წერს, ბრძოლის წინ, "ჰრომნი ათასნი მხედარნი... აზონისაგან მოერთნეს ფარნავაზს", რამაც მისი რიგები კიდევ უფრო გააძლიერა.

ფარნავაზის დიპლომატიური შორსმჭვრეტელობის დაგვირგვინებას წარმოადგენდა კავშირის დამყარება იმდროინდელი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოსთან, სელევკიდების აზიურ იმპერიასთან.

ამ გზით მას საშუალება ეძლეოდა, დაპირისპირებოდა უცხო ძალის ხელშეწყობით ქართლში გაბატონებულ აზონსა და მის მოკავშირეებს. ლეონტი მროველის თანახმად, "ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს".

ასურასტანის მეფე ანტიოქოსის სამფლობელო ყველაზე ვრცელი იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილ სახელმწიფოთაგან. ის მოიცავდა ცივილიზებული აზიის უმეტეს ნაწილს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან ინდოეთამდე. ქართლის მეფეს ანტიოქოსის ქვეშევრდომობა სჭირდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. იმდროინდელ მსოფლიოში ეს ნორმა იყო. აღმოსავლეთის დინასტიები სამეფო გვირგვინებს სელევკიდების კარიდან იღებდნენ. ბუნებრივია, არც ქართლი წარმოადგენდა გამონაკლისს და მსახურების სანაცვლოდ მიიღო გვირგვინი.

ფარსმან I იხსენიება ბერძნულ წარწერაში სტელაზე, რომელიც 1867 წელს აღმოაჩინეს არმაზციხეში. და შეიცავს ცნობას იმპერატორ ვესპასიანეს მიერ არმაზციხის კედლების გამაგრების შესახებ

"ქართლის ცხოვრების" მონაცემების გათვალისწინებით, ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების მორჩილება ასურასტანის მეფის მიმართ ნომინალური იყო. ანტიკური წყაროები მსგავს ურთიერთობას სელევკიდებსა და ძველ საქართველოს შორის არ ადასტურებენ, მაგრამ მემატიანე ფარნავაზის დროინდელ საქართველოს საერთაშორისო მოვლენების კონტექსტში განიხილავდა და მას ეპოქის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევდა.

ლეონტი მროველის მსჯელობა მიმართულია ფარნავაზის დიპლომატიური შორსმჭვრეტელობის ნათელყოფისკენ. ქართლის სამეფოს ფუძემდებელმა ანტიოქოსის წინაშე ქედის მოხრით მიაღწია სანუკვარი სიგელის მოპოვებას, რომელიც მას უთანაბრებდა სელევკიდების სამეფო კარზე "აკრედიტებული" აზიის დინასტიების დაწინაურებულ კატეგორიას.

ასეთი სიგელი იმ დროისთვის დიდი გამარჯვება იყო. ამიტომაც მიიჩნევს "ქართლის ცხოვრების" ავტორი ფარნავაზს პირველ მეფედ "ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი". მისი გონივრული დიპლომატია, მისი ქმედებები სიმბოლური წინასწარხედვით არის დატვირთული. მემატიანის რწმუნებით, ფარნავაზმა შექმნა სახელმწიფო იმ საზღვრებში, რომელმაც მიიღო საქართველოს სახელწოდება. მანვე განსაზღვრა მტრები და მოკეთეები. მის უდიდეს დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ქვეყნის აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც წინდახედული დიპლომატიური ნაბიჯი უძღოდა.

სელევკიდების ტახტის ნომინალური ქვეშევრდომობა იყო შეუვალი ფარი წვრილ ურდოებთან დაპირისპირებისას. ნებაყოფლობითი "მორჩილების" შედეგი იყო "განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმხნითა და სიქუელითა". ლეონტი მროველის დახატული ფარნავაზი ზეადამიანური ღირსებებით შეიმკო და მისი დიპლომატიური "მორჩილება" ოდნავადაც არ ამცირებს პირველი მეფის სახელსა და დიდებას.

ეროვნული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ფარნავაზით იწყება საქართველოს ხელშესახები რეალობა (მითური გმირი ფანტასტიკური წარმოდგენებიდან გამოდის და იკავებს უპირველეს ადგილს ეროვნული ისტორიის მესაძირკვლეთა შორის. (თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის სულისკვეთება რომ გავითვალისწინოთ, მეფე ფარნავაზი და მისი მემკვიდრეები, რომლებიც სელევკიდებს "მონებდნენ", სამშობლოს მოღალატეებად უნდა გამოვაცხადოთ, რადგან უბრძოლველად უხრიდნენ ქედს აზიის მპყრობელებს. სინამდვილეში ეს მორჩილება იყო მეზობლებთან უპირატესობის სიგელი და თავდაცვის საუკეთესო საშუალება. აღნიშნული დიპლომატიური წინდახედულება წარმოადგენდა ერის გადარჩენის საშუალებას, რომლის დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა).

* * *

ჩვენი ერის ძველი ისტორიიდან სამწუხაროდ ბევრი ისეთი ფაქტიც არის შემორჩენილი, რომელიც წყევლასავით მოჰყვება კოლხ-იბერთა საკმაოდ შეუთანხმებელ და ერთიანობის დამანგრეველ იდეას.

"ქართლის ცხოვრების" თანახმად, ფარნავაზის მეფობის შესახებ ქართველები ლოცულობდნენ, მაგრამ მდგომარეობა ელვის უსწრაფესად შეიცვალა. "მოკუდა ფარნავაზ... და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ". და მოხდა ამბავი, რამაც ფარნავაზისადმი აღვლენილი ხოტბა არარაობად აქცია. ლეონტი მროველი წერს, "მას ყამსა ზრახვა ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: "არა კეთილ არს ჩუენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისუენებთ".

ანტონინუს პიუსს რომში, მარსის ველზე მარკუს ავრელიუსმა და ლუციუს ვერუსმა 161 წელს სვეტი დაუდგეს, როგორც მამობილსა და წინამორბედს. ჩვენამდე მხოლოდ კვარცხლბეკმა მოაღწია, რომელზეც სვეტი იდგა (XVII საუკუნეში შეცდომით დაასკვნეს, რომ სვეტი მარკუსს ავრელიუსის სახელზე იყო აღმართული)

მემატიანის უწყებით, "ქართლის ერისთავთა ზრახვამ" სრული ფიასკო განიცადა (საურმაგმა დაუნდობლად ამოძირკვა განდგომის მსურველთა დასაყრდენი და "დაამდაბლნა" ორპირი "ქართლოსიანნი"), მაგრამ ავის მზრახველმა ერისთავებმა შთამომავლობას დაუტოვეს ორგულობის მაგალითი, რომელიც ძვ.წ. III საუკუნიდან მოკიდებული, წყევლასავით ჰკიდია საქართველოს თავზე. ერისთავთა ბოროტი სიტყვები "არა კეთილ არს ჩუენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა", მოგვყვება და გვაცლის ერთიანობის სულთქმას. ეს იყო ქართველ დიდებულთა ერთი დიდი ნაწილის განუყრელი თანამგზავრი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ნარეკლიან გზაზე.

ფარნავაზის ბრძნული ნაბიჯი წარმოადგენდა ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების უშეცდომო ქმედებას. როცა ამგვარ შორსმჭვრეტელობას ივიწყებდნენ, კოლხ-იბერია გადამთიელთა უმოწყალო თარეშის არენად იქცეოდა. ამგვარი ფაქტები მრავლად არის დაცული ქართულ მატიანეებში თუ უცხოურ წერილობით წყაროებში. ძველი ქართველი ერისკაცების ერთი ნაწილი გონებას ანიჭებდა უპირატესობას და თვისტომებს თვითლიკვიდაციისგან იცავდა (ეს არ ნიშნავდა, რომ მტერთან შებმას გაურბოდნენ, მაგრამ ცდილობდნენ, ნაკლები სისხლი დაეღვარათ).

ასეთი გამონათებები რომ არა, ქართველებს იგივე ელოდა, რაც თავს დაატყდა ჩვენს მრავალ მეზობელს, რომლებიც საუკუნეების წინ ამოიშალნენ მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. რადგან ვარსებობთ, ხმალთან ერთად, გონებრივმა სიმწიფემ (შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც) გადაგვარჩინა. ეს სიმწიფე მოეთხოვება XXI საუკუნის წინამძღოლებსაც.

* * *

ქართველი მეფეების ღირსეული ქმედებები თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ახ.წ. I-II საუკუნეებში. ამ კუთხით საყურადღებოა ფარსმან I-ისა და ფარსმან II-ის შესახებ შემორჩენილი ანტიკური ავტორების (კორნელიუს ტაციტუსის, დიონ კასიუსის) ფრაგმენტები. ორივე მოხერხებულობით აღწევდა სადავო საკითხების მოგვარებას რომის იმპერიასა და პართიასთან (ამ მეფეთა დიპლომატია ცალკე განხილვასაც იმსახურებს). წყაროებში ხაზგასმულია ქართლის მეფეთა სიახლოვე რომთან, რომლის შედეგიც იყო იბერი უფლისწულის, ფარსმან I-ის ძმის, მითრიდატეს გამეფება სომხეთში. ეს ფაქტი, რომელიც დადასტურებული აქვს კორნელიუს ტაციტუსს, მეტყველებს, რომ იმპერატორი ტიბერიუსი სრულფასოვან მოკავშირედ განიხილავდა.

ქართული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ფარსმან II-ის წარმატებული ელჩობა რომში, იმპერატორ ანტონინუს პიუსის კარზე იმპერატორის კეთილგანწყობის დადასტურებას წარმოადგენდა იბერიის მეფის ძეგლის აღმართვა ომის ღმერთის, მარსის მოედანზე. ფარსმანის მეფური პატივით მიღება რომში ძველი ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმატება იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ვიზიტი იძულებითი იყო, მაგრამ სასურველი შედეგებით დამთავრდა. ჩვენს წინაპრებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ ძლიერ ძალასთან ომის ნაცვლად მოლაპარაკება გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იყო (თუმცა, ეს ნაბიჯი ყოველთვის არ ამართლებდა).

ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისმა სარდლებმა, ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, იმპერია გაინაწილეს. წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები, რომელთა შორის ყველაზე დიდი სელევკიდების სამეფო იყო, სარდალ სელევკოს I ნიკატორის მიერ დაარსებული (რუკაზე მოცემულია ყვითლად, ძვ.წ. 820 მდგომარეობით)

ეროვნული მატიანე "ქართლის ცხოვრება" სახელმძღვანელოდაც გამოდგება. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ჩვენი წინაპრები გაცილებით უფრო გონივრულად განიხილავდნენ მტერ-მოყვარესთან მისვლა-მოსვლას, ვიდრე თანამედროვე პოლიტიკოსები. ძველი საქართველოს ბედის მჭედლები ფიქრობდნენ მომავალზე, მათი ქმედება ზოგჯერ აღწევდა მიზანს, ზოგჯერ ისტორიის ჩარხი მაინც უკუღმა დატრიალდებოდა.

ამის მიუხედავად, ერმა ყოფნა-არყოფნის მრავალი ბეწვის ხიდი და ლაბირინთი გამოიარა. აღმოჩნდა, რომ XXI საუკუნემდე მოღწევა ბევრს არაფერს ნიშნავს. ადამიანი ისეთივე მოვლენებისა და ინტერესების ტყვეობაში იმყოფება დღესაც, რომელშიც იმყოფებოდა ქრისტეს შობამდე.

თუ სტრაბონის გადმოცემას სარწმუნოდ მივიჩნევთ, იბერიაში არსებობდა გაბატონებული ფენის უმაღლესი კატეგორია ქურუმთა სახით, რომლის ფუნქციებში, კულტის მსახურებასთან ერთად, მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება შედიოდა. ცხადია, ქურუმები რიგითი ადამიანებისგან განსხვავდებოდნენ ცოდნითა და განათლებით. სტრაბონის ცნობებიდანვე ჩანს, რომ იბერები საგარეო ურთიერთობის მოგვარებას გამორჩეული მონაცემების პირებს ანდობდნენ, რაც მოწესრიგებულ სახელმწიფო წყობაზე მეტყველებს. ბერძენი გეოგრაფისა და ისტორიკოსის მსჯელობიდან ჩანს, რომ ფარნავაზიანები "მოციქულებად" შემთხვევით პირებს არ ამწესებდნენ, რაც წარმატების მიღწევის მეტ შანსს ქმნიდა.

"მოციქულთა" საქმიანობა შედეგით ფასდებოდა. ფარნავაზის ქვეყანას დიპლომატიის შორსმხედველობის მეტი უნარი მოეთხოვება. ჩვენი წინაპრები, როცა ქვეყნის ინტერესები მოითხოვდა, მართალია იძულებით, მაგრამ მაინც, ქედს იხრიდნენ დამპყრობლების წინაშე და ქვეყანა კატასტროფიდან გამოჰყავდათ. ეს იყო გადარჩენის გზა და ამ გზამ გამოაღწევინა ქართველობას უსასტიკესი აგრესორების კლანჭებიდან. ქება-დიდების ღირსნი არიან ადამიანები, რომლებიც ერს უძღოდნენ ხმლითა და გონებით.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

გრანი ქავთარია

პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#88