"ბოლშევიკური დიდმოურავიანი" - კვირის პალიტრა

"ბოლშევიკური დიდმოურავიანი"

შალვა ამირეჯიბი (1887-1943) გახლდათ პოეტი, პუბლიცისტი და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერთაგანი. სამი წლის განმავლობაში ისმენდა ლექციებს ვენის უნივერსიტეტში. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ აქტიურად ედგა მხარში კოტე აფხაზსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ცხოვრობდა უცხოეთში, უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში.

წინამდებარე სტატია "ბოლშევიკური დიდმოურავიანი" დაიბეჭდა გაზეთ "დამოუკიდებელი საქართველოს" 1927 წლის ნოემბრის (#23) ნომერში. იგი წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საერთო ორგანოს. როგორც ვხედავთ, ავტორის წინასწარმეტყველება ქართველ ბოლშევიკ-კომუნისტებში გიორგი სააკაძის კულტის დანერგვის პერსპექტივაზე მომავალში გამართლდა.

სტატია იბეჭდება რამე შესწორების გარეშე.

გურამ ყორანაშვილიჩვენს უდიერად გაიძვერა დროში ისტორია დიდ პატივშია. იგონებენ გრაკხებს, სპარტაკს, მარატსა და სხვებს. ბოლშევიკებმა განსაკუთრებული კალენდარიც კი შემოიღეს. ყველა ყაჩაღს პირი დაბანეს, თმა დავარცხნეს და გუტენბერგი და სტენკა რაზინი, სპინოზა და ემელკა პუგაჩოვი ისტორიაში ერთად შეყარეს. ბედი არა ჰქონდათ მხოლოდ ქართველ ყაჩაღებს. ჩვენს თანამემამულეთა ამ სახელოვანი გუნდიდგან, რამდენადაც მახსოვს, ბოლშევიკურ ისტორიაში, ერთი არსენა ოძელაშვილი მოჰყვა. მაგრამ ჩვენს რუსიყვარია ბოლშევიკებს აქაც კოვზი ნაცარში ჩუვარდათ. არსენა ოძელაშვილი რუსოფობი იყო. თორმეტ ყაზახ-რუსს თოფები მიწით დაუტენა და კუდით ქვა ასროლინა. ასე ამბობს თუ "ქართლის ცხოვრება" არა, ლეგენდა მაინც...

ბედი არა ჰქონდათ ქართველ ყაჩაღებს, მაგრამ ბედი ჰქონდა ზოგ ქართულ ისტორიულ ფიგურას. დღიდგან ბოლშევიკების ჩვენში შემოსვლისა, დიდ პატივში გახდა გიორგი სააკაძის სახელი. რა თქმა უნდა, ამაზედ ბოლშევიკები არც თავის სიტყვებში ლაპარაკობენ, არც წერილებში. გიორგი სააკაძე რომ "პროლეტარული რევოლუციის" ბელადათ არ გამოდგება, ეს ბოლშევიკებმაც იციან. მაგრამ ქართველ ბოლშევიკებს, საერთო ბოლშევიკური სენის გარდა ერთი "ქართული" სენიცა სჭირთ - თავი დიდ პატრიოტებათ მოაქვთ და ამიტომაც უკან, ისტორიაში იხედებიან. ყველა მოღალატეს და ვიგნიდარას ან ვისაც ჩეკაში ხელი მოუწერია, თავი სააკაძედ მოაქვს. "პატარა" წაღალატება ქვეყნისა, იმ იმედით, რომ ასე იქცეოდა "თვით" დიდი მოურავი, პოლიტიკური ზნეობად იქცა და ყველა გამცემი და ჯალათი პატრიოტულ შეღავათს ამაში ხედავს.

ეს გამოჩენილი ისტორიული გვამი, რომლის ბადალსაც ქართული დიდების გამაზვიადებელი პატრიოტები, სხვა ერთა ისტორიაშიც ვერა ხედავენ, მაგრამ, რომელსაც უკვე ჩვენსავე ისტორიაში ჰყავს არანაკლებ სახელოვანი წყება პატივცემული წინაპრებისა - ქართული პატრიოტიზმის მაგალითად არის მიჩნეული. იგონებენ სააკაძეს და, იმავე ბოლშევიკური დეკრეტით, დავით მეფე "აღმაშენებლობითგან" გადაყენებულია, გუნდრუკს უკმევენ პოლიტიკურ წაჯე-უკუჯექობას და მივიწყებულია ნამდვილი ქართული სათნოება, რომელიც ერთი ჰქმნიდა ჩვენს ისტორიას.

ასეთი ისტორიული შედარება ბოლშვიკებისთვის ხელსაყრელია. პიროვნულად ფილიპე მახარაძე ისე ჰგავს სააკაძეს, როგორც ხარი იუპიტერს. შულავერის პროკლამაცია, რომელზედაც მას ხელი უწერია, არც ტაშისკარის გამარჯვებაა, არც მარაბდის ომი. უფრო ნაკლებ წარმოსადგენია, რომ მახარაძემაც ისე ამოჟლიტოს რუსის ჯარი, როგორც სააკაძემ სპარსული. როგორცა ხედავთ, შესადარებელი არაფერია.

განსხვავება პიროვნებათა შორის დიდია, არც ჩვენი საუკუნე ჰგავს სააკაძის საუკუნეს. მაგრამ არსებობს მსგავსება ფაქტებს შორის. ბოლშევიკებმაც ისე მოიყვანეს რუსის ჯარი საქართველოში, როგორც, ამ სამი საუკუნის წინეთ, სააკაძემ სპარსული. აი, რატომ სჭირიათ ისტორია, რაში ხედავენ "შეღავათს" და რატომ არ გადააბან ამ კაცთან თავისი სახელიც, მით უმეტეს, რომ სააკაძის შესახებ საქართველო აგერ სამი საუკუნეა სცდება და ზოგი რომ მოღალატეს უძახის, ზოგს უებრო პატრიოტი ჰგონია. ამას გარდა, ამქვეყნად საბოლოო არაფერია და ერთ დღეს "პროლეტარულმა რევოლუციამაც" თქვენი ჭირი უნდა წაიღოს.

ბოლშევიკურ სამეფოში როგორღაც ყველაფერი აირია და ძაღლი პატრონს ვეღარა სცნობს. ტროცკი სტალინს ეომება, მახარაძე - ცინცაძეს, უკრაინა მოსკოვს, ევროპა - ბოლშევიზმს. მსოფლიო შარაზედ გადმოთრეულმა ხარის ფაშვმა, ერთი დღეც არის, უნდა დაიძახოს და ნაწლავები გარეთ გამოვლენ. ვინ დაუშლის ქართველ დარდიმანდებს დოინჯი შემოირტყან, ამ დიდ ქართლელ აზნაურს გვერდში ამოუდგნენ და თანაც გვითხრან: სამი საუკუნეა სააკაძის პატრიოტიზმზედ კამათობთ, არა გნებავთ, ახლა ჩვენ პატრიოტიზმზედ იკამათოთ. თუ საქმე აზნაურობაშია, აზნაურები ჩვენც ბევრი გვირევიაო?! განა რომ ნაცნობი სურათია! საქართველო არა ერთხელ მდგარა ასეთი ამოცანის წინაშე და რამდენი უბრიყვებიათ ხალხი ამ პატრიოტიზმის სახელით!

ყოველივე ამას აშკარა შანტაჟის სუნი უდის და ზოგიერთი პრინციპი ზნეობისა და მამულიშვილობისა გადასინჯული უნდა იქნას. საჭიროა ისტორიაში ჩახედვა. საჭიროა სააკაძის დანახვაც. სფინქსად არ მოსულა ეს კაცი ჩვენს წარსულში. და სიკვდილითაც იმნაირად მოკვდა, რომ საიდუმლო თან არაფერი წაუღია. მისი საქციელი ორ აზრს არ უნდა იწვევდეს და გაუგებრობა, მის სახელთან გადაბმული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დაუდევრობის ბრალი იქნება. ვინ იყო გიორგი სააკაძე?

სააკაძე იყო უტყუარი სამხედრო ნიჭი, ახოვანი და იმ მღელვარე დროის ყველა წარმტაცი ფერებით აყვავილებული დიდი ფიგურა, ჭკვიანი, მაგრამ უფრო ხშირად შემცდარი, რომელმაც საქართველოს გამარჯვების სიტკბოც აგემა, მაგრამ უფრო ბევრი შავი დღე გაუთენა. თუ მაშინდელ ქართველობას, ზოგჯერაც არის, მოსწონდა იგი, იმიტომ რომ ეს კაცი მართლა გამბედავი პიროვნება იყო. თავის პოლიტიკურ კომბინაციებში შაჰაბასს ეყრდნობოდა, მაგრამ ზოგჯერ მის წინააღმდეგაც მიდიოდა და მიჰყავდა ქართველობაც. ამ გამბედაობას არაფერი აქვს საერთო იმ ქართულ ბოლშევიკურ ლაჩრობასთან, რომელსაც საქართველოში ხეირიანი ბოლშევიკური ოპოზიციაც ვერ მოუწყვია. ასეთი თავმოყვარეობის ხალხს, სააკაძე ფეხსაც არ გაუშვერდა, რომ მისთვის ქალამანი შეეხსნათ.

ამ მხრივ სააკაძე მათი ფარდი არ არის, და მიუხედავათ ამისა, სააკაძის ფასი პატრიოტისა დიდი არ არის. სააკაძე, პირიქით, საყურადღებოა, როგორც პიროვნება, ვისთვისაც ერი, სამშობლო დაჩრდილული იყო საკუთარი სულის გააფთრებული მეობით. ასეთები იყვნენ ალკიბიადესი ძველ საბერძნეთში და კორიოლანუსი - რომში. მაგრამ არც საბერძნეთში და არც რომში ისინი პატრიოტებათ არ ითვლებოდნენ. როგორ უცქერის ქართველი ხალხი სააკაძეს? არის ერთი გარემოება, ფრიად საყურადღებო და მაჩვენებელი იმისა, თუ რა აზრისა არის მაზედ ქართველი ერი.

ქართველობა სდუმს სააკაძეზედ. ის არ მოჰყვა ხალხურ თქმულებაში. მე არ გამიგონია არც ერთი ხალხური ლექსი მაზედ. ნამდვილ ეროვნულ გმირებს და წასაბაძ მაგალითებს ხალხის მეხსიერება და მეტადრე ქართული, ასე არ ექცევა. ან არა და, უნდა ვიფიქროთ, რომ ხალხური თქმულება რომელიმე ისტორიულ პირზედ გვიანა ჩნდება და საყურადღებოა, რომ სააკაძეზე იგი ბოლშევიკურ დროს ჩნდება.

სააკაძე არ მოჰყვა არც ჩვენ სიტყვა-კაზმულ მწერლობაში. მე სახეში მაქვს წმინდა ლიტერატურა და არა ის ქართული თხზულებები, რომლებიც სააკაძის ახლო დროს დაიწერენ და უფრო ისტორიულ ამბებს წარმოადგენენ, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებთ. ილია ჭავჭავაძემ შეაქო დიმიტრი თავდადებული, აკაკი წერეთელმა თორნიკე ერისთავი, ბაგრატ დიდი და ცოტნე დადიანი.

გიორგი სააკაძის ძეგლი თბილისში

სააკაძე ვერ მოჰყვა გრიგოლ ორბელიანის პოემაშიც, სადაც ამ უბადლო ქართველმა თამადამ ყველა დიდი ქართველის სადღეგრძელო დასცალა. და პირიქით, ან. ფურცელაძის და ალ. შანშიაშვილის დრამები, სააკაძის ცხოვრებაზედ დაწერილნი, ყველა ქართულ ნაწარმოებზედ სუსტნი იმიტომ გამოდგნენ, რომ სააკაძის პიროვნებას პატრიოტულის საზომით მიუდგნენ. ეჭვიც არ არის, რომ ბერძენი ტრაღიკოსნი, ასე მიუდგომელნი ადამიანის ხასიათის ასახვაში, ან ინგლისელი შექსპირი, სააკაძეზედ ჩინებულ ტრაღედიას დასწერდა, მაგრამ პატრიოტული ლირიკისათვის ან დრამისათვის არ გამოადგება.

ძველის სუნი უდის ამ შედარებას. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის, სამი საუკუნე გავიდა! - და როგორა ჰგავს ჩვენი დღეების ამბავს! ოცდა ექვსი მაისი ის უდიდესი ისტორიული დღე იყო, რომელსაც ქართული სული და ხორცი მთლად უნდა გადაეხალისებინა. მაგრამ ძველმა რეციდივმა ისევ იჩინა თავი. ვიღაცები ისევ გაიქცნენ - ამ ხელად რუსეთში - და უცხო ჯარები მოიყვანეს. ვინ არიან ისინი - მართლა სააკაძენი და კიდევ სხვანი, რომელთა სახელები მრავლობისა გამო, სჯობიან დავიდუმოთ? ადამიანები ერთმანეთს არასოდეს სავსებით არა ჰგვანან და დღევანდელი სააკაძენი გაცილებით უგულო, უჭკუო და ოხერი ხალხია! ქართველმა ერმა არ მიიღო დიდი მოურავის ღალატი, ის ვერ მიიღებს ვერც იმ რუსის მოურავების ღალატს. რაკი ისტორია განმეორდა, მისი მსჯავრიც უნდა განმეორდეს!

შალვა ამირეჯიბი, 1927 წ.

ჟურნალი "ისტორიანი",#88