იერუსალიმის ქალაქისთავის წერილების საბეჭდავი 27 საუკუნისაა - კვირის პალიტრა

იერუსალიმის ქალაქისთავის წერილების საბეჭდავი 27 საუკუნისაა

"არქეოლოგიურმა მონაპოვარმა ბიბლიაში მოყვანილი ორი ცნობა დაადასტურა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც იერუსალიმის ისტორიისთვის, ასევე, ბიბლიაში დაცული ცნობების საისტორიო კვლევებში გამოყენების სანდოობის თვალსაზრისითაც", - ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი უმნიშვნელოვანეს აღმოჩენაზე გვესაუბრა.

"იერუსალიმის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, 2017 წელს ისრაელელმა არქეოლოგებმა საბეჭდავებისა და კეცზე დატოვებული მათი ანაბეჭდების იშვიათი კოლექცია იპოვეს. ისინი იუდეველთა სამეფოს დროინდელი, დიდი ისტორიული ღირებულების მქონე არტეფაქტებია. ეს საბეჭდავები გამოიყენებოდა წერილების დასალუქად. ყველაზე ადრეული პერიოდის საბეჭდავებზე მხოლოდ გამოსახულებებია დატანილი, ხოლო საბეჭდავების იმ ნაწილს, რომელიც ძ.წ. 700-დან ა.წ. 586 წლამდე პერიოდით თარიღდება, ახლავს საბეჭდავის მფლობელთა სახელები, ძველებრაული დამწერლობით შესრულებული.

საბეჭდავების პოვნა ადასტურებს, რომ იერუსალიმი, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი. ეს მოსაზრება 2018 წლის 1-ელ იანვარს აღმოჩენილმა თიხის კეცის მიერ შემონახულმა ანაბეჭდმაც დაადასტურა: კვლავ იერუსალიმის ძველ ქალაქში, დასავლეთი კედლის მახლობლად, არქეოლოგებმა 2700 წლის წინანდელი, მცირე ზომის წრიული ფორმის კეცი აღმოაჩინეს, რომელზეც საბეჭდავის ანაბეჭდია. კეცზე გამოსახულების მისაღებად, სველი თიხის ფირფიტას ბეჭედი დაარტყეს და შემდეგ გამოწვეს. ფიქრობენ, რომ კეცი გზავნილზე იყო მიმაგრებული ან სულაც სუვენირს წარმოადგენდა.

მასზე გამოსახულია პირისპირ მდგომი ორი მამაკაცი, რომელთაც მუხლებამდე დაშვებული ზოლიანი სამოსი აცვიათ. გამოსახულებას ახლავს წარწერა: "[ეკუთვნის] ქალაქისთავს". აქამდე მხოლოდ ბიბლიიდან ვიცოდით, რომ 2700 წლის წინ იერუსალიმს ქალაქისთავი ჰყავდა. ეს ცნობა მეოთხე მეფეთას 23:8-სა და ნეშტთას 34:8-შია დაცული: ა) "და დაანგრია [მეფე იოშიამ] კარიბჭის გორაკები, ერთი ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ". ბ) "თავისი ღმერთის სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქისთავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე".

არქეოლოგიურმა მონაპოვარმა დაადასტურა ბიბლიის ზემოთ მოყვანილი ორი ცნობა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც იერუსალიმის ისტორიისთვის, ისე ბიბლიაში დაცული ცნობების საისტორიო კვლევებში გამოყენების სანდოობის თვალსაზრისითაც. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ შლომიტ ვეკსლერ-ბდოლას აზრით, ძველი იერუსალიმის დასავლეთი გორაკის ფერდობზე იერუსალიმის თავისა და სხვა მოხელეების საბეჭდავების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია პირველი ტაძრის პერიოდში მაღალი რანგის მოხელეებით იყო დასახლებული.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#88