ცხავატური მეთუნეობა - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - კვირის პალიტრა

ცხავატური მეთუნეობა - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ცხავატურ მეთუნეობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს უკვე დაევალა ამ ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

მეთუნეობა და კონკრეტულად მექვევრეობა სოფელ ცხავატში საუკუნეების განმავლობაში კარგად იყო განვითარებული. ცხავატური ჭურჭელი განთქმული იყო და აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ სოფელსა თუ ქალაქში, მთაში თუ ბარში იყიდებოდა.

ცხავატში განვითარებული იყო ტერასული მეურნეობა. ადგილობრივები ვაზსა თუ სხვა კულტურებს მესხეთისა თუ ატენის ხეობის მსგავსად ტერასებზე ახარებდნენ. ცხავატელი მექვევრეები დიდი ზომის ქვევრებს არ ამზადებდნენ. აქ, ძირითადად, ქოცოები და მათზე ოდნავ მოზრდილი ქვევრები მზადდებოდა, ხოლო დიდი ზომის ქვევრები ქსნის ხეობაში იმერეთიდან შემოჰქონდათ.

სპეციალისტების თქმით, ცხავატური ქვევრი რადიკალურად განსხვავდებოდა საქართველოს დანარჩენ კუთხეებში დამზადებულებისგან. გამოირჩეოდა როგორც ფორმით, ისე დამზადების ტექნოლოგიით. ცხავატური ქვევრი ერთადერთია, რომლის დამზადებაც იწყებოდა და სრულდებოდა მეთუნის "მორგვზე", ხოლო გარედან წერნაგით ხატავდნენ.

ასევე, ერთობ განსხვავებული ფორმა ჰქონდა ცხავატურ ქოცოს, რომელიც გამოირჩეოდა პატარა ქუსლით, შესამჩნევად ვიწრო მუცლითა და ჭარბად განიერი ყელ-პირით.

აღსანიშნავია, რომ ცხავატში მექვევრეობას, როგორც მეთუნეობის ცალკე, დამოუკიდებელ დარგს, თითქმის არ უარსებია. ცხავატელი მეთუნე, საქართველოს სხვა კუთხის მეთუნეებისგან განსხვავებით, ყველა პროდუქტს - ქვევრს, აგურს, კრამიტს, ჭურჭელსა თუ თონეს თავადვე ამზადებდა.

ჟურნალი "ისტორიანი",#89