"მოხუცი და ზღვა" ატაკამას უდაბნოში - კვირის პალიტრა

"მოხუცი და ზღვა" ატაკამას უდაბნოში

ჩილეში, ატაკამას უდაბნოში კლდის მხატვრობის უნიკალურ ნიმუშებს მიაკვლიეს.

ისკუნას ხეობაში 328 ნახატი ნახეს. მათზე ზღვის ცხოველები, მონადირეები და მეთევზეები არიან გამოსახული. ნახატები ფორთოხლისფერი ან მუქი წითელია. ძირითადი საღებავი რკინის ოქსიდია, მინერალური პიგმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც სახის მოსახატადაც იყენებენ. ნახატები რთული ტექნიკით შესრულებული არ არის. ძირითადად, ეს არის კონტურები და სილუეტები, რომლებიც მთლიანად გაფერადებულია.

ახალაღმოჩენილი მხატვრობის ყველაზე საინტერესო ნაწილი ნადირობის სცენებია. ამ სიუჟეტებში ადამიანები ტივებზე დგანან, ვეშაპებისა და თევზებისკენ კი ხაზებია მიმართული. ჩანს, უძველესი მხატვრები ბარჯს ასე გამოსახავდნენ.

ცხოველები დახატულია დიდი ყურადღებით, მათი ანატომიური აგებულების გათვალისწინებით, ხოლო ადამიანები პირიქით - სქემატურად.

საინტერესოა, რომ ნადავლი მნიშვნელოვნად მეტია მონადირეებზე. ამას გარდა, მონადირეები ძირითადად მარტონი არიან - დიდ თევზთან ან ვეშაპთან ერთი ნავია, რომელშიც ერთი მონადირეა. მკვლევართა აზრით, ეს მიუთითებს, რომ ზღვის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობდნენ ან თევზაობდნენ და არა კოლექტიურად.

იმით, რომ ნახატებზე ზღვის ცხოველები ზომით გაცილებით აღემატებოდნენ მონადირეებს, მხატვარს სურდა ეჩვენებინა, ვინ უფრო ძლიერია ამ სცენაში. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზღვაზე მხოლოდ საზოგადოების ერთეული წევრები ნადირობდნენ, მათი შრომა კი უაღრესად დაფასებული იყო.

ახალაღმოჩენილი კედლის მხატვრობის თარიღთან დაკავშირებით ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა. რადიოკარბონული მეთოდით დადგინდა, რომ მხატვრობა თითქმის 8 ათასი წლისაა, თუმცა ეს საბოლოო შედეგი არ არის და შესაძლოა, ისინი შედარებით გვიანდელი აღმოჩნდეს.

მომზადებულია cambridge.org-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#89